ბათუმში 215 ბავშვი ჯანდაცვის მომსახურების გარეშეა დარჩენილი

ბათუმში 215 ბავშვი მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ბათუმის მერიის ორივე პროგრამა, რომლითაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები სარგებლობენ, ასევე ადრეული განვითარების პროგრამა, შეჩერებულია.

„ბათუმელებს“ აუტისტური სპექტრის ქცევითი თერაპევტი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ზუსტი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა ბავშვებთან.

სპეციალისტის თქმით, ამ დრომდე მხოლოდ არაოფიციალურ ინფორმაციას ფლობენ იმის თაობაზე, რომ თუკი სპეციალისტები ბავშვებთან არ იმუშავებენ, ვერც ანაზღაურებას მიიღებენ.

„როგორ გვითხრეს, მერია ეუბნება სამედიცინო ცენტრებს, რომ არ გაანაღდებს ვაუჩერებს, თუ სახლში არ მივაკითხავთ ბავშვებს და წინააღმდეგი არიან დისტანციური მომსახურების. შემდეგ მოვისმინეთ ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს პროგრამის განმახორციელებელი კლინიკები მანიპულირებენ თანამშრომელთა ხელფასებით“, – გვითხრა სპეციალისტმა, რომლის სახელსა და გვარს, მისი სურვილიდან გამომდინარე, არ ვწერთ.

სპეციალისტის თქმით, ამის გამო ბავშვები რამდენიმე თვეა ვერ იღებენ მომსახურებას. „აუტიზმის პროგრამაში არის 15 სამუშაო საათი, ადრეული განვითარების პროგრამაში – 8 სამუშაო საათი. ფაქტობრივად, ერთი სრული კურსი ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს ჩაუვარდათ. მერია კი იმ შემთხვევაში იძლევა ვაუჩერს, თუ სრული კურსი ჩატარდება“, – ამბობს აუტისტური სპექტრის ქცევითი თერაპევტი.

რატომ ამბობს უარს ბათუმის მერია სპეციალისტების მუშაობაზე და აანაზღაურებენ თუ არა გამოტოვებულ კურსებს? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილებას მივმართეთ.

როგორც ამ განყოფილების უფროსმა მარინა რუხაძემ გვითხრა, ისინი არ არიან წინააღმდეგი პროგრამის განხორციელება დაიწყოს დისტანციურად, მაგრამ ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებოდნენ.

„აუტისტური სპექტრისა და ადრეული განვითარების პროგრამები არ მუშაობს, თუმცა მაისიდან ვაპირებთ დისტანციურზე გადასვლას. ამისთვის გვჭირდება საკრებულოს ნებართვა, რომ პროგრამაში შევიდეს ცვლილება“, – გვითხრა მარინა რუხაძემ.

მისი თქმით, იყო საუბარი იმაზეც, რომ პროგრამაში ჩართულ სპეციალისტებს სახლებში გაეგრძელებინათ ბავშვებთან მუშაობა, სრული ეკიპირებით, თუმცა ამაზე ოჯახებმა უარი თქვეს კარანტინიდან გამომდინარე.

„სრულფასოვანი, ბუნებრივია, ვერ იქნება დისტანციური ფორმით მომსახურება, რადგან ამის პრაქტიკა არ არსებობდა. მით უმეტეს, აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობა სპეციფიკურია, მაგრამ პროგრამის ჩაგდებას ნამდვილად სჯობს. მენტალური განვითარების ცენტრს დავუკავშირდით, სწორედ მათ გატესტეს  დისტანციური სწავლება და მაისიდან დავიწყებთ. ფაქტობრივად, ეს იქნება მშობლების გადამზადება, რადგან მათ უნდა ისწავლონ ბავშვებთან მუშაობის მეთოდები და ამაში მათ ქცევითი თერაპიის სპეციალისტები დაეხმარებიან“.

როგორც მარინა რუხაძე ამბობს, სპეციალისტების ანაზღაურება ვაუჩერზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვაუჩერი იყოს გამოყენებული ბენეფიციარის მიერ.

„სწორედ ამიტომ გვინდა შევიდეს პროგრამაში ცვლილება, რადგან თუ კურსი არ ექნებათ ჩატარებული, ისე ავანსის სახით დაფინანსებას ვერ მივცემთ“, – ამბობს მარინა რუხაძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა უფრო ადრე ცვლილება, მარინა რუხაძე განმარტავს, რომ ისინი ელოდნენ როგორც დისტანციური მუშაობის გატესტვას, ასევე ჯანმოს რეკომენდაციებს, რომელიც აპრილში მოვიდა.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში ბათუმში ათი კლინიკაა ჩართული.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ბიძინა ივანიშვილი tiktok-ზე ბერასთან ერთად გამოჩნდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საჯაროდ არ გამოჩენილა, სოციალურ ქსელ tiktok-ში, ბერა ივანიშვილის ვიდეოში გამოჩნდა.

ბერამ დღეს, 21 აპრილს, საღამოს, გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით – „საიდუმლო მისალმება მამასთან“, რომელშიც ჩანს როგორ ესალმებიან ერთმანეთს ბერა და ბიძინა ივანიშვილი.

ვიდეო, სავარაუდოდ, შეკვეთილშია გადაღებული.

@bera_nanukaSecret handshake with my father ??♬ original sound – bera_nanuka

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 აპრილს ივანიშვილს „უნიკალური დაზღვევა“ უწოდა. ასე გამოეხმაურა  გახარია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას STOPCOV ფონდში 100 მილიონის ლარის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ კოროავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ივანიშვილის ბაღისთვის ხეების ამოთხრისა და ტრანსპორტირების პროცესი არ შეფერხებულა. „ტვ პირველის“ ცნობით, 24 მარტს ხობის სოფელ ქარიატიდან გადაიტანეს მრავალწლოვანი ჭადრები ივანიშვილის ბაღისთვის.

აჭარის ტელევიზიის წამყვანი ფეისბუქზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ეთერიდან მოხსნეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა.

როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს.

„მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს.
ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება.

ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ.

მერე ვნახოთ“, – დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუქზე.

თეონა თურმანიძის განმარტებით, საკითხი ეხება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის აკრიტიკებდა დირექტორის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ვებგვერდთან დაკავშირებით.

„ვწერდი, რომ არაობიექტურად და არადემოკრატიულად ვითარდება მოვლენები და დირექტორი თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს და იქ ერთგვარ მოწოდებასავით მქონდა ნათქვამი, რომ თუ ასე უნდა გაგრძელდეს, მაშინ საერთოდ მოითხოვეთ ამ ვების დახურვა-მეთქი.  ჩათვალა, რომ ეს იყო მაუწყებლის იმიჯის შემლახავი განცხადება“, – ამბობს თეონა თურმანიძე.

აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი ვებგვერდს აღარ ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც მას ტელევიზიის დირექტორმა ამ კონკრეტული სამსახურის შეცვლილი დებულება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, ონლაინსამსახური ახალ ამბებს ვეღარ გაავრცელებს და ამისთვის ცალკე რედაქტორი იმუშავებს.

თეონა თურმანიძის თქმით, თანამშრომელთა ქცევის წესი, რაც თავისი შინაარსით ჟურნალისტს ფეისბუქზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას უზღუდავს, მენეჯმენტმა ორი დღის წინ ატვირთა მაუწყებლის ვებგვერდზე ისე, რომ ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენია.

თეონა თურმანიძე ამბობს იმასაც, რომ მოკვლევა ორ დღეში უნდა დასრულდეს, ხოლო ამის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი თეონა თურმანიძის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს, ჟურნალისტი აპირებს სასამართლოს მიმართოს.

თეონა თურმანიძე ერთ-ერთია მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებდნენ ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პოლიტიკის ცვლილებაზე საუბრობდნენ.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის გადაყვანა ქუთაისის არარსებულ ბიუროში, მანამდე კი ტელევიზიიდან საინფორმაციოს უფროსი, უფროსის მოადგილე და ტელეწამყვანი დაითხოვეს ან საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოაშორეს. ყველა ეს ჟურნალისტი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის პოლიტიკას აფასებდა, როგორც მაუწყებლობის პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.

_____________________

ამავე თემაზე: 

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების იმედად შეზღუდვების შემსუბუქება მცდარია – ცერცვაძე

21 აპრილს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განიხილა, თუ რატომ არის მცდარი COVID 19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების გამო მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება ან სულაც მოხსნა.

„შეთავაზება ადვილია და როცა შენ ხარ პასუხისმგებელი და შენ მუშაობ ამ მოდელზე, გაცილებით ძნელია.

განვიხილოთ შემოთავაზებული მეთოდები, რომელთაგან ზოგიერთი საინტერესოა. ძირითადად ორ მოდელს გვთავაზობენ:

მკაცრი შეზღუდვები – რომელსაც მიმართავს ევროპის და ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა (გარკვეულწილად ჩვენც ამ ქვეყნების სიას მივეკუთვნებით). მკაცრი შეზღუდვები მიმართულია იმისკენ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ავადმყოფთა და გარდაცვალებათა სიხშირე.

და მეორე ლიბერალური პოლიტიკა – მოვხსნათ მკაცრი შეზღუდვები, გავხსნათ ეკონომიკა, ეს ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანა გამოვიდეს ეკონომიკური რეცესიიდან და მოქალაქეების პასუხისმგებლობის იმედზე ვიყოთ, რომ ისინი თვითონ დაიცავენ, ნაწილობრივ მაინც, უსაფრთხოების წესებს.

ასეთი ქვეყნები მიდიან იმაზე, რომ გავრცელდეს ინფექცია, მაგრამ ეს არ იქნება ტრაგედია, რადგან ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან გამოვა და მერე რა, რომ ინფექცია გავრცელდება, რაღაც რაოდენობა სამწუხაროდ დაიღუპება, მაგრამ დანარჩენები შეიძენენ იმუნიტეტს და ქვეყანა გახდება იმუნური, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც ატარებენ მკაცრ ზომებს, მართალია, შეაჩერებენ ეპიდემიას, მაგრამ მუდმივად იქნებიან ეპიდემიის განახლების შიშის ქვეშ,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი აზრით, მსხვერპლი, რომელიც ჯოგური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად უნდა გაიწიოს, ძალიან დიდი იქნება და სწორედ ამიტომ არის მცდარი შეზღუდვების მოხსნა იმის იმედად, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იმუნიტეტს გამოიმუშავებს:

„მეორე მოდელი მხოლოდ მოჩვენებით არის მომხიბვლელი. თქვენ უშვებთ, რომ იყოს ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, როგორც ეს ინგლისშია, შვედეთშია, მაგრამ ქვეყანა იყოს ღია და არ იყოს შეზღუდვები (თუმცა გარკვეული შეზღუდვები იქაც არის). ამ გზამ კატეგორიულად არ გაამართლა ინგლისში და ქვეყანაში ამ ვირუსით სიკვდილიანობა 13%-ია. შემთხვევათა რაოდენობა ძალიან მაღალია და ინგლისი, ახლა, დაგვიანებით გადავიდა მკაცრ ზომებზე, როცა გერმანიამ, მაგალითად, დაიწყო მკაცრი ზომების შემსუბუქება იმიტომ, რომ მიაღწია ამ შეზღუდვებით გარკვეულ შედეგს.

ასევე შვედეთი, ეს მართლაც მაღალი კულტურის ქვეყანა, ისეთი ორგანიზებული მოსახლეობით, რომელიც ყველა მითითებას ასრულებს – ალაპარაკდა უკვე, რომ გადავიდეს საგანგებო ზომებზე, იმიტომ, რომ არ გაამართლა ამ ლიბერალურმა მეთოდმა“.

ცერცვაძით თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობამ შეიძინოს ჯოგური იმუნიტეტი, საჭიროა მისი 2/3 მაინც დაავადდეს ამ ვირუსით.

„რამდენიმე ათასი თუ შეიძენს იმუნიტეტს, ეს არაფერი იქნება, მოსახლეობის მეტმა ნაწილმა უნდა შეიძინოს იმუნიტეტი, მეტმა ნაწილმა უნდა გადაიტანოს ეს დაავადება, ამას რა შედეგი მოჰყვება?! მართალია, ეს დაავადება 80%-ში მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ 20%-ში ხომ მიმდინარეობს უფრო მძიმედ, 5%-ში ხომ მიმდინარეობს კრიტიკულად?!

წარმოიდგინეთ, ახლა ინგლისში რომ მართლა ბოლომდე გაეშვათ მთავრობის ის ინიციატივა და 50 მილიონი ადამიანი ავად გამხდარიყო, ეს ინგლისში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის სიკვდილი იქნებოდა.  რამდენად ღირს 5 მილიონი ადამიანის სიკვდილი იმად, რომ დანარჩენ მოსახლეობას ჰქონდეს იმუნიტეტი? ცხადია, რომ ეს მცდარზე მცდარი აზრია!

იგივე ხდება შვედეთში.

„მე სულაც არ გახლავართ მთავრობის აპოლოგეტი, მაგრამ მე ვამართლებ ჩვენი მთავრობის პოლიტიკას ამ საკითხში… საჭიროა მივმართოთ მკაცრ ზომებს, რაც უფრო მეტად შევიწუხებთ თავს და მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებს, მით უფრო ჩქარა მოვხსნით შეზღუდვებს.

ოპონენტებს ვეტყვი – მუდმივად არ ვიქნებით ამ ვირუსის განახლების შიშის ქვეშ, იმიტომ, რომ ყველა ეპიდემიას ახასიათებს გარკვეული ციკლურობა, გარკვეული დროის მერე ისინი მიდიან დაღმავალი გზით და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ რომ შევაჩერებთ ეპიდემიას, თუნდაც მკაცრი საგანგებო ზომებით, ჩვენ გადავიტანთ იმ პიკის პერიოდს ნაკლები დანაკარგით,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში ამ სემესტრში აღარ განახლდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, რის გამოც სასწავლო პროცესი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სკოლის შენობებში აღარ განახლდება.

მთავრობის თავდაპირველი განკარგულებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 22 აპრილამდე იყო შეჩერებული. თუმცა, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რადგან საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, შესაბამისად, ვერც სკოლებში განახლდება სწავლება. „სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად და ასე გაგრძელდება“ – გვეუბნებიან სამინისტროში.

როგორც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა,  საქართველო ახლა კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა და შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში იქნება.

სკოლები ონლაინსწავლების რეჟიმში მარტის დასაწყისში გადავიდნენ. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ტელესკოლის გაკვეთილებით, რომელიც 30 მარტიდან პირველი არხის ეთერით გადაიცემა.

საქართველოს საგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო წელი ტრადიციულად 15 სექტემბერს იწყება. რომ არა პანდემია, სკოლებში ზაფხულის არდადეგები პირველკლასელებისთვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 27 მაისს უნდა დაწყებულიყო, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის კი  20 მაისს.

სახელმწიფომ „ფრონტერას“ არბიტრაჟში დავა მოუგო – ნავთობისა და გაზის კორპორაცია

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კომპანია „ფრონტერას“ საარბიტრაჟო დავა მოუგეს – ინფორმაციას ამის შესახებ კორპორაცია ავრცელებს.

უცხოური კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს სახელმწიფო კომპანიისგან და სააგენტოსგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, დავა კი ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობდა, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 15 იანვარს მიმართეს.

„2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორეს მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

სხვა საკითხებთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.

გადაწყვეტილების მიხედვით, „ფრონტერას“ დაევალა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამჟამად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებსა და კონტრაქტით მინიჭებული სხვა უფლებების განხორციელების საკითხებს განიხილავენ,“ – აღნიშნულია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორპორაცია და სააგენტო ამერიკულ კომპანია „ფრონტერას“ ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა. უცხოური კომპანია კი შეგებებულ სარჩელში მიუთითებდა, რომ კორპორაციისა და სააგენტოს მიერ ამავე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაზარალდა.

ამ თემაზე ვცლად:

ფრონტერა საქართველოს $3,5 მილიარდის ანაზღაურებას სთხოვს – დავა ჰააგაში

 

მთავარი ფოტო: მირზაანის ველი / ფოტო: fronteraresources

„ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა“ – რატომ სურს ლავროვს სავაჭრო წარმომადგენლობა 

„ეს იქნება ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ… არა მგონია, მთავრობამ ეს გააკეთოს, ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა,“ – ასე აფასებს ვალერი ჩეჩელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღეს გაკეთებულ შეთავაზებას სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში და ამჟამად „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.

ვალერი ჩეჩელაშვილი განმარტავს, რომ სავაჭრო წარმომადგენლების გახსნა მოძველებული მეთოდია და მას მაშინ იყენებდნენ, როცა საგარეო ვაჭრობაზე მონოპოლია იყო დამყარებული.

„ახლა არავითარი ფუნქციონალური დატვირთვა სავაჭრო წარმომადგენლობას არ ექნება, რადგან სახელმწიფო არ არეგულირებს ვაჭრობას და იგი ხორციელდება კერძო კომპანიების მიერ. ამის გაკეთება ახლა იქნება ანაქრონიზმი და უაზრობა. ეს არის რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება, მათი მთავარი ქვაკუთხედი საქართველოსთან მიმართებაში არის ის, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვალერი ჩეჩელაშვილმა.

_____

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა სახელმწიფო მედიამ – „ტასსმა“ დღეს, 21 აპრილს, გაავრცელა.

მედიის ცნობით, ლავროვი აღნიშნავს, რომ ასეთი შეთავაზება ქართული მხარისგან უნდა წამოვიდეს.

„მზად ვიქნებით, დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ, რადგანაც ჩვენ არ ვყოფილვართ მათი შეწყვეტის ინიციატორები. ალბათ, უნდა დაველოდოთ ქართველი კოლეგები როდის შეუდგებიან ამ საკითხის განხილვას. სავაჭრო წარმომადგენლობებიც ითვალისწინებს გარკვეული შეთანხმებების არსებობას. არ ვფიქრობ, რომ ეს უცებ შემატებს რაღაც უპირატესობას, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, ნამდვილად განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას“, – აცხადებს ლავროვი.

 

 

 

რატომ ვამბობ, რომ მომავალი 3 კვირა კრიტიკულია – გამყრელიძის განმარტება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მომავალი 3 კვირა მნიშვნელოვანია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. მან დღეს, 21 აპრილს, ბრიფინგზე განმარტა, რა არის ამის მიზეზი:

„რატომ ვამბობ სამ კვირას? ამაზე ხშირად მეკითხებიან. ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როცა ჩვენ ვეღარ გავედით პირველ წყაროზე.

შიდა გავრცელების შემდეგ, მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ პერიოდად. დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირაში, ამიტომ აპრილის ბოლოდან მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა.

ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეებში – დავრჩეთ სახლში – ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 21 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 22 მაისის ჩათვლით გეგმავს, მთავრობამ პრეზიდენტს უკვე მიმართა.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე ისევ აკრძალულია.

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება – მთავრობა

„დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე,“ – განაცხადა დღეს, 21 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, საქართველო ახლა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა და შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში იქნება.

„უნდა გავაგრძელოთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიურად გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას მოვაყოლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ გახსნის ფაზა. ეს ფაზაც უნდა იყოს ეტაპობრივად დაგეგმილი.

27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

________________________

მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს წარადგენს

საქართველოს მთავრობის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას ორ ეტაპად პარასკევს, 24 აპრილს, წარადგენს:

„ეს იქნება  მიზნობრივი სოციალური და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა“.

მისივე ინფორმაციით, მთავრობამ შეძლო კრიზის პირობებში 3 მილიარდზე მეტი დოლარის, როგორც საერთაშორისო დახმარების მობილიზება დონორებიდან.

მთავრობის პრესსპიკერმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა ასევე ეკონომიკის სექტორში პრობლემების დაძლევის მიზნით მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულ ნაბიჯებზე. ასეთ გადაწყვეტილებებად მან კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, საშემოსავლო და სხვა ეკონომიკური გადასახადების, ასევე, საბანკო სესხების გადავადება დაასახელა.

ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მთავრობა 24 აპრილს წარადგენს ასევე საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ასევე, „ეკონომიკის გახსნის გეგმას“.

დღესვე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 27 აპრილამდე ისევ აკრძალულია.

ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე ისევ აკრძალულია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა არ გაუქმებულა.

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ეტაპობრივად, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება.

ამასთან, 22 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა.

ავტომობილებით გადაადგილება საქართველოს მთავრობამ 16 აპრილს აკრძალა. 17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით  არის დასაშვები.

შპს „სტადიონმა“ საცურაო აუზისა და ყინულის არენის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვიტა

შპს „სტადიონის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 27 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „სტადიონსა“ და „Westincor Limited“-ს შორის გაფორმებული იქნა N14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა N27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ახალი საცურაო აუზისა და ყინულის დარბაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის შესახებ.

 შპს ,,სტადიონის”დირექტორის ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებისა, Westincor Limited“-მა არც ხელშეკრულებით დადგენილ და არც დამატებით მიცემულ ვადაში  არ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.

ჯაბა სურმანიძის განცხადებით შექმნილ სიტუაციას შეუძლებელია ჰქონოდა დაუსრულებლად განგრძობადი ხასიათი და 2020 წლის 01 აპრილიდან შპს „სტადიონმა“,,ვესტინკორ ლიმიტედთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად შპს „სტადიონი“-ს მიერ  გამოთხოვილი იქნა საავანსო გადახდის ფარგლებში საბანკო გარანტია და დაბრუნებული იქნა ავანსად გაცემული 3 998 000,48 აშშ დოლარი.

შპს „სტადიონი“ სამომავლოდ გეგმავს  გამოაცხადოს ტენდერი ახალი საცურაო აუზისა და ყინულის დარბაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის შესახებ, რათა დროულად და სრულფასოვნად აშენდეს აღნიშნული ობიექტები.

ერთიანობის გარეშე უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს – ჯანმო

„ჩვენ პირველი დღიდანვე ვაფრთხილებდით ყველას, რომ ეს არის ბოროტება, რომელსაც ყველა უნდა ებრძოლოს.

პრობლემის მოგვარების გზა, რასაც გთავაზობთ, არის ნაციონალური ერთობა და გლობალური სოლიდარობა, ამის გარეშე, გვერწმუნეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. …ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ვირუსი განვითარებულ ქვეყნებს, მდიდარ ერებსაც გააკვირვებდა. და ასეც მოხდა.

მოდით, შევაჩეროთ დამატებითი ტრაგედიები, გავერთიანდეთ“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა გუშინ, 20 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

გებრეისუსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მმართველი პარტიისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ არ გამოიყენონ ვირუსი შიდა დაპირისპირებებისთვის და ქულების დასაწერად.

„ეს ძალიან საშიშია, ეს ცეცხლთან თამაშივითაა. გთხოვთ, იმუშავეთ ერთად, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთობა და გლობალური სოლიდარობა…  ბზარები ხალხებსა და პარტიებს შორის, ეს  პოლიტიკური პრობლემაა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ პანდემიის განვითარებას” – აღნიშნა მან.

ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ გასულ საუკუნეში მომხდარ პანდემიასთან შედარებით, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ახლა კაცობრიობას უპირატესობა აქვს:

„ახლა ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, ჩვენ არ ვართ იმავე სიტუაციაში. არ უნდა შეგვეშინდეს, თავდაჯერებული უნდა ვიყოთ, რომ ვირუსს საპასუხო დარტყმას მივაყენებთ. თუ გვექნება ეროვნული ერთობა და გლობალური სოლიდარობა, თუ ვირუსს მივიღებთ, როგორც კაცობრიობის საერთო მტერს და გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს, რა თქმა უნდა, იმის გააზრებით, რომ ეს სრულიად ახალი და ძალიან საშიში ვირუსია, ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ბრძოლა,“ – განაცხადა მან.

ჯანმო არაფერს მალავს – ტედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა აშშ-ს ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ ჯანმოს არანაირი საიდუმლო არ აქვს:

„ინფორმაციის მიღების პირველი დღიდან ორგანიზაციას არაფერი დაუმალავს არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც აშშ-სთვის. არ არსებობს საიდუმლო ჯანმოში. რაიმეს საიდუმლოდ შენახვა საფრთხის შემცველია, რადგან ეს ჯანმრთელობის თემაა, ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დაუყოვნებლივ“.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება შეუჩერა და განაცხადა, რომ ჯანმომ დროულად არ გაავრცელა გაფრთხილება ახალი კორონავირუსის საშიშროების შესახებ და ბევრი შეცდომა დაუშვა COVID-19-თან ბრძოლაში.

„ჩვენ ჯანმოში ინფორმაციას ვიღებთ რიცხვებში – ამდენი ადამიანი დაინფიცირდა ან ამდენი ადამიანი მოკვდა.

ჩვენ არ ვხედავთ ცალკეულ რიცხვებს,  ჩვენ ვხედავთ ინდივიდებს ამ რიცხვების უკან. ვხედავთ ადამიანებს, რადგან ნებისმიერი, ვინც კვდება, არის ვინმეს შვილი, მამა, დედა, ბებია ან ბაბუა. ბევრი ადამიანი კარგავს მისთვის ძვირფას ადამიანს… ამიტომაც ჩვენ არ ვმალავთ არანაირ ინფორმაციას ჯანმოში. როგორც კი რაიმე ინფორმაცია გვაქვს, დაუყოვნებლივ ვავრცელებთ, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, თუნდაც ეს იყოს ერთი სიცოცხლე, რომელსაც დაკარგვის შემდეგ უკან ვერ დააბრუნებ,” – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/443989/

6 სტუდენტი, რომლებიც ხულოში ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან

სტუდენტებმა, რომლებსაც კორონავირუსის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში დაბრუნება მოუხდათ, საქველმოქმედო ფონდი „ხულო“ შექმნეს და სოფლად მცხოვრებ ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან.

მაია რიჟვაძე,  ქეთი ბოლქვაძე,  თამთა აბულაძე, გიორგი რიჟვაძე, ნინია თავართქილაძე და ქეთევან ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან. ექვსივე სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს. ხულოში დაბრუნების შემდეგ ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ – დახმარებოდნენ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ეს.

„ერთ-ერთ მეგობართან ვიყავით შეკრებილი და ვფიქრობდით, ჩვენი ძალებით რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მოგვივიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ფონდი, სადაც ხალხის დახმარებით და ჩვენი ძალებით შევძლებდით ბევრი ოჯახის გახარებას.

ამ ეტაპზე უკვე 12 ოჯახს დავეხმარეთ. თითოეული ოჯახის კალათა 90-ლარიანია. აქციაში ჩაერთო ადგილობრივი ბიზნესიც. მაღაზიები და აფთიაქები ძალიან დაგვეხმარნენ პირველ ეტაპზე. 6 ოჯახის სასურსათო კალათა მოგვცეს ადგილობრივებმა. ასევე, ორი მძღოლია, რომელიც თავიანთი ხარჯებით გვეხმარება და მათ ფულს არ ვუხდით, როდესაც სურსათს ვურიგებთ გაჭირვებულებს,“ – ამბობს მაია რიჟვაძე, საქველმოქმედო ფონდ „ხულოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სტუდენტებს კიდევ ექვსი ოჯახისთვის აქვთ შეძენილი სასურსათო კალათები, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე დღეა ქვეყანაში ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია, ბენეფიციარები კი შორს მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, სტუდენტებს 22 აპრილამდე აქვთ შეჩერებული კალათების დარიგება.

ხულოში მსგავსი ინიციატივა პირველია.

„ამიტომ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, პირველ რიგში იმ ადამიანებთან, ვინც ფულს რიცხავს და შემდეგ იმ ადამიანებთან, ვის გულებსაც ვახარებთ. თავდაპირველად სოციალური სააგენტო გვეხმარებოდა. მერე გავარკვიეთ, რომ სოციალურს ვინც იღებს, ასეთ ოჯახებს სახელმწიფო ისედაც ეხმარება.

ჩვენ სოფლის რწმუნებულების დახმარებით სოფლებში მოვიძიეთ ისეთი ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება არ აქვს, მაგრამ დაბალი შემოსავალი აქვთ და ძალიან უჭირთ. სწორედ ასეთ ადამიანებთან მიგვაქვს სასურსათო კალათები,“ – ამბობს მაია.

რატომ არჩია ხელვაჩაურის მერიამ საზოგადოებასთან საუბარი პრორუსული არხიდან

ხელვაჩაურის მერიამ გაკეთებული საქმეების საზოგადოებისთვის გაცნობა საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესის“ საშუალებით გადაწყვიტა. ეს სააგენტო „მითების დეტექტორმა“ არაერთხელ ამხილა სიძულვილის ენის ტირაჟირებაში, ასევე იმ მასალების მიზანმიმართულად გავრცელებაში, რომელიც კრემლს და რუსულ პროპაგანდას აწყობს.

სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ე.წ. კრემლისტური მედიაორგანიზაციების დაფინანსების რამდენიმე ფაქტი აქამდეც დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს გაუფორმებია კონტრაქტი „მარშალპრესთან“, რისთვისაც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 11 თვის განმავლობაში 2200 ლარი დაიხარჯება.

გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ხელვაჩაურის მერიის მიერ გადაცემულ ნიუსებს, პრესრელიზებს, ანონსებს შეუზღუდავად განათავსებენ ინტერნეტგვერდზე: marshalpress.ge.

„ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ჯგუფური სექსი აკრძალა – მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა,“ – ეს ერთ-ერთი ბოლო ყალბი ინფორმაციაა, რომელსაც „მარშალპრესი“ ევროპის შესახებ ავრცელებს. პანდემიის დროს რუსული პროპაგანდის და კრემლის მედიის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ იმის ჩვენებაა, რომ ევროპა გარყვნილია და კორონავირუსის გავრცელებამ ევროკავშირის ქვეყნების რეალური სახე აჩვენა.

„მარშალპრესის“ მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების ასეთ ფაქტზეც წერდა „მითების დეტექტორი“ – „პოლონეთმა იტალიის დასახმარებლად აფრენილ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა” – ამ სათაურით ინფორმაცია „მარშალპრესმა“ 24 მარტს გამოაქვეყნა. აქვე აღნიშნულია, რომ წყარო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვია. პუშკოვმა ტვიტერზე ამ ყალბი ინფორმაციის შემცველი სტატუსი წაშალა, მაგრამ სააგენტოს მიერ გავრცელებული ყალბი  ინფორმაცია უცვლელი დარჩა.

„მითების დეტექტორის“ მონაცემებით, სტატიების გარდა „მარშალპრესის“ პრესკლუბში პრესკონფერენციებს პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის მომხრე ისეთი პირები ატარებენ, როგორიც არის პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე, პოლიტოლოგი და მედიაკავშირ „ობიექტივის“ მუდმივი რესპონდენტი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

რატომ არჩია ხელვაჩაურის მერიამ თავისი ამბების საზოგადოებისთვის გაცნობა „მარშალპრესის“ საშუალებით? – ვკითხეთ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს.

„…არ მახსოვს, ვისთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. ხომ შეიძლება, რომ არ მახსოვდეს? გავარკვევ ყველაფერს და ხვალ დაგირეკავთ,“ – გვიპასუხა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

დოკუმენტაციის მიხედვით, ჯუმბერ ვარდმანიძეს „მარშალპრესთან“ ხელშეკრულების გაფორმება არჩილ მხეიძემ ურჩია, მერიის მასმედიისა და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა. არჩილ მხეიძემ გვითხრა, რომ მისი ეს არჩევანი  ამ სააგენტოს საიტზე ნიუსების ულიმიტოდ განთავსების საშუალებამ განაპირობა.

არჩილ მხეიძემ „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ მას ამ დრომდე არაფერი სმენია ამ საააგენტოს მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების ან რუსული პროპაგანდის გავრცელების შესახებ. ის დაგვპირდა, რომ ხელმძღვანელებთან ერთად შეისწავლის და განიხილავს ამ საკითხს.

აპრილში „მარშალპრესმა“ ორი ახალი ამბავი გამოაქვეყნა ხელვაჩაურზე, ორივე 9 აპრილსაა გამოქვეყნებული. ერთი ნიუსი აღწერს იმას, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები დაურიგეს, მეორე ამბავი კი, 9 აპრილის მემორიალისთვის პატივის მიგებაა.

ხელვაჩაურის მერია მე-9 სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც marshalpress.ge-თან საინფორმაციო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა წელს. მხოლოდ 9 სახელმწიფო უწყებიდან, რომლებთანაც ამ ეტაპზეა კონტრაქტი გაფორმებული, 19 338 ლარი მიიღო „მარშალპრესმა“.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – ერთი და იმავე პირობით – ულიმიტოდ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ამბების გავრცელების პირობის მიუხედავად, ხელვაჩაურის მერია თვეში „მარშალპრესს“ 200 ლარს გადაუხდის, მაგალითად, დედოფლისწყაროს მერია კი, იმავე სააგენტოს თვეში 165 ლარს მისცემს.

რომიდან საქართველოს 180 მოქალაქე ბრუნდება – მათ შორის არიან ონკოპანციენტებიც

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 21 აპრილს, რომიდან საქართველოში 180 მოქალაქე ჩამოფრინდება.

მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმულები, ორსულები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ამავე რეისით დაბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებული ავიარეისების ფარგლებში საქართველოს მიმართულებით შესრულდა რეისები ვარშავიდან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით საქართველოში სულ 6934 მოქალაქე დაბრუნდა.

ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს საკოორდინაციო საბჭოს დავალებით კომპანია Georgian Airways-ი ახორციელებს. საბჭოსთან შეთანხმებით ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი 199 ევროა.

ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.


მთავარ ფოტოზე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ილუსტრაცია

შეღავათზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა – აპრილის შეღავათზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია

სემეკის ინფორმაციით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა. მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა კი, 2020 წლის 11 მაისია.

მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე შეუძლიათ:

სემეკის ინფორმაციით, მოქალაქეებს შეუძლიათ უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც 11 აპრილამდე უარი უკვე დააფიქსირეს სამივე თვის (მარტი, აპრილი, მაისი) შეღავათებზე.

კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თითოეული თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

„გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა იმ აბონენტს, რომლებიც თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და სარგებლობენ კომუნალური შეღავათებით.

წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი არ დაიფარება იმ მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთაც შეეხოთ კომუნალური სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად უარს ამბობენ შეღავათებით სარგებლობაზე.“ – აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.

ამ თემაზე:

მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ

„არ არის ქილიკის დრო“ – ლევან რატიანი გაიდლაინის თემას ეხმაურება

 

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი: 

_____________________________

„მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ აჟიოტაჟზე, რომელიც სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ეს გახდა გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ.

არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან, ორივე მხარზე სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, გვაზის უხილავი მტერი.

თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის, დარიგების დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ.

რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ რჩევას, გასათვალისწინებელს, მივიღებთ.

ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ექიმებს. მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს.

ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია ინფიცირების დაბალი დონე, დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი“.

_________________________

მარტში იმპორტი და ექსპორტი შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის მარტში იმპრტირებულია 655 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რაც თითქმის 101 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული წლის მარტთან შედარებით.

იმპორტი 2020 წლის მარტში შემცირებულია ამავე წლის თებერვლის თვესთან შედარებითაც – 43,4 მილიონი აშშ დოლარით.

ამ პერიოდისთვის ჯამში, 32,5 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები ღირებულების მანქანები და სატრანსპორტო მოწყობილობები შემოვიდა; მნიშვნელოვნად შემცირდა მინერალური საწვავის, საცხებისა და მათთან დაკავშირებული მასალების იმპორტიც.

საქსტატის მონაცემებით შემცირებულია ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის ოდენობაც.

2020 წლის მარტში საქართველოდან გატანილია 251,9 მილიონი დოლარის საქონელი, რაც 71,5 მილიონი დოლარით ნაკლებია 2019 წლის მარტთან შედარებით.

ექსპორტი 2020 წლის მარტში შემცირებულია ამავე წლის თებერვლის თვესთან შედარებითაც.

მაგალითად, 2020 წლის თებერვლის თვესთან შედარებით მარტში, საქართველოდან გატანილია 35,1 მილიონი დოლარით ნაკლები ღირებულების მანქანები და სატრანსპორტო მოწყობილობები; 13 მილიონით ნაკლები – სამრეწველო საქონელი; 1,2 მილიონი დოლარით ნაკლები – ცხოველური და მცენარეული ზეთები, ცხიმები და ცვილები.

ბათუმში 90 პირის ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

ბათუმში COVID-19-ზე აღებული 90 ლაბორატორიული ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

აჭარიდან კვლევისთვის ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირების კიდევ 50 ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხებიც დღეს, 21 აპრილს, გვიან საღამოს გახდება ცნობილი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 21 აპრილს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა გაიზარდა 520- მდე და ინტენსიურად მიმდინარეობს  მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ქობულეთის კლასტერიდან პირველი პაციენტის კონტაქტირებული პირების თვითიზოლაციის პერიოდი.  ამ  პირებს განმეორებით ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკა და  თუ პასუხები ისევ უარყოფითი იქნება კორონავირუსზე, მათი თვითიზოლაციის პერიოდი დასრულდება.

დღეს, 21 აპრილს, ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებულთა მონაცემები არ გაზრდილა.  რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბათუმში ჯამში 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვითარება სტაბილურია, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რადგან შემდეგი ორი კვირა შესაძლოა იყოს პრობლემური იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ადგილებზე მასიური თავშეყრის შემთხვევები დაფიქსირდა.

„ამ პერიოდში განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია,“ – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

__________________________

ფლექსის პროგრამის შემდეგ ევრო 2000-ის მოსწავლე ონლაინსწავლებაში კარანტინიდან ჩაერთო

მე ვარ ქეთევან ხალვაში, სკოლა ევრო-2000-ის მე-10 ა კლასის მოსწავლე. წინა სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე ფლექსის პროგრამაში და მოვხვდი იმ მოსწავლეთა სიაში, რომლებსაც წილად გვხვდა 2019-2020 სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და იქაურ სკოლებში სწავლა ამერიკელ თანატოლებთან ერთად.

მე ნიუ ჰემპშირის შტატში, ქალაქ ნიუ ბოსტონში ვცხოვრობდი და დავდიოდი ლოკალურ საჯარო სკოლაში – Goffstown High School-ში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი თავისი სიდიდით არ გამოირჩეოდა, სკოლაში 1500-მდე მოსწავლე სწავლობდა (მე-9 – მე-12 კლასები). სკოლის დაწყებისთანავე არ გამჭირვებია ბავშვებთან დაახლოება, რადგან ყველა კომუნიკაბელური აღმოჩნდა. თანატოლებთან ურთიერთობაში ძალიან დამეხმარა სხვადასხვა წრე და სპორტული კლუბი, რომელთა შეკრებებსაც მათთან ერთად ვესწრებოდი. საქართველოსგან განსხვავებით, ბავშვები უმეტესად სპორტით არიან დაკავებულნი, რაშიც მასწავლებლებიც ეხმარებიან იმით, რომ ბევრ დავალებას არ აძლევენ და ითვალისწინებენ მათ ინტერესებს.

განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ამერიკული სკოლა ხელს უწყობს სხვადასხვა ინტერესის მქონე ბავშვებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, აირჩიონ მათთვის სასურველი საგნები. ესპანური, ინგლისური, ბიოლოგია, კულინარია, გეომეტრია, ცეკვა, სივიკი, გეოგრაფია და სოციოლოგია – ეს გახლავთ იმ საგნების ჩამონათვალი, რომლებსაც მე ვსწავლობდი იქ ყოფნის პერიოდში. შეძლებისდაგვარად ვეცადე განსხვავებული საგნები ამერჩია და რაიმე ახალი, საქართველოსგან განსხვავებული საგნები  მესწავლა. ნაცნობ საგნებში საქართველოში ნასწავლი მასალაც გამოვიყენე, რითაც შევძელი ქართულ და ამერიკულ სასკოლო პროგრამას შორის პარალელები გამევლო.

გაკვეთილები დილის რვა საათზე გვეწყებოდა, დღეში 4 გაკვეთილი გვქონდა და თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა  90 წუთს შეადგენდა. საგაკვეთილო პროცესიც ძალიან განსხვავებული იყო: ახალი მასალის განსამტკიცებლად უმეტესად კომპიუტერებსა და ტელეფონებს ვიყენებდით, ხოლო უკვე ნასწავლი მასალის გამოკითხვა ონლაინთამაშების მეშვეობით ხდებოდა. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეების უმეტესობა სპორტის გამო სკოლაში რჩებოდა.

მასპინძელ ოჯახთან ერთად ძირითადად შაბათ-კვირას ვატარებდი დროს, ვინაიდან კვირის განმავლობაში მეც და მასპინძელი ოჯახის ბავშვებიც ძალიან დატვირთულნი ვიყავით.

სამწუხაროდ, მსოფლიოში შექმნილი საერთო სიტუაციის გამო სასწავლო წლის ბოლომდე შეუძლებელი გახდა ჩემი დარჩენა ზემოთ აღნიშნულ სკოლაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში  გატარებულმა დრომ დიდი გამოცდილება შემძინა. იქ  ყოფნამ მთლიანად შეცვალა ჩემი სამომავლო გეგმები, გამხადა თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი.

რამდენიმე დღეა, რაც სამშობლოს დავუბრუნდი და უკვე კარანტინიდან ვერთვები მშობლიური სკოლის ონლაინგაკვეთილებს. მასწავლებლებსა და თანაკლასელებსაც ამ რეჟიმში ვეხმიანები. არადა, ეს შეხვედრა ერთწლიანი დაშორების მერე სულ სხვანაირად წარმომედგინა. იმედს ვიტოვებ, რომ მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს სკოლაში, ჩვენს საკლასო ოთახში.

_____________________________________

ბათუმში 37 პაციენტიდან 1 მართვით სუნთქვაზეა, 4-ს კი ვირუსი აღარ უფიქსირდება

ბათუმში კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში  COVID-19-ით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს და ამ დროისთვის მატება არ არის.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობას პნევმონია აქვს, მათ შორის ერთი რჩება მართვით სუნთქვაზე.  ოთხ პაციენტს კი ვირუსი აღარ უფიქსირდება:

„განმეორებითმა ტესტმაც ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა, თანმდევი გართულებების გამო ისინი რჩებიან საავადმყოფოში და აგრძელებენ მკურნალობას.“

ქვეყნის მასშტაბით დღეს, 21 აპრილს, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გუშინ საღამოსთან შედარებით 6-ით გაიზარდა. შესაბამისად, 21 აპრილის დილის მონაცემებით შემთხვევათა საერთო რაოდენობა არის 408, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95, ხოლო გარდაცვლილი – 4.

ამ დროისთვის კარანტინშია 4 779 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – სულ 402

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 78 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 66 მოქალაქე დააჯარიმეს.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 38 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

შეამოწმე, შეგიძლია თავიდან აირიდო კორონავირუსი? [ტესტი]

შეავსე ტესტი და გაიგე რა შანსი გაქვს თავიდან აირიდო კორონავირუსით დაინფიცირება.

გახსოვდეს, რომ პირბადის, დამცავი ფარის და რეზინის ხელთათმანების სწორად გამოყენება გარეთ გასვლისას, ხელების საპნით დაბანა ხშირად და დეზინფექცია მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს.

საბოლოო პასუხს თქვენს მიერ გაცემული პასუხების მიხედვით ტესტის დასასრულს ნახავთ.


მთავარზე – მარიამ მუთიძის ილუსტრაცია

ბათუმში ხანძრის შედეგად 4 ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

21 აპრილს, დაახლოებით დილის ორ საათზე, ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 300 კვ.მეტრზე იყო მოდებული ბარაკული ტიპის ერთსართულიან სახლში. ხანძრის შედეგად  4 ოჯახის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის ადგილას 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახები ბათუმის მერიამ დააბინავა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გუშინ საღამოსთან შედარებით 6-ით გაიზარდა. შესაბამისად, 21 აპრილის დილის მონაცემებით შემთხვევათა საერთო რაოდენობა არის 408, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95, ხოლო გარდაცვლილი – 4.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია – 4 779 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ 9-ით გაიზარდა.

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – სულ 402

სურსათისა და წამლების მარაგი ამოგვეწურა – მოსახლეობა ქობულეთის ჩაკეტილი სოფლიდან

ქობულეთში, სოფელ გვარაში მცხოვრები რიმა შაინიძე ამბობს, რომ ჩაკეტილ სოფელში მოსახლეობას პროდუქტებისა და წამლების მარაგი ამოეწურა. სოფელი კვირაზე მეტია კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია.

რიმა შაინიძის თქმით, მოსახლეობისთვის სოფლის ჩაკეტვა მოულოდნელი იყო, ამიტომ პროდუქტების მომარაგება ოჯახებმა ვერ მოასწრეს.

„ფქვილის მარაგი მეწურება, წამლები აღარ გვაქვს. ოჯახში ორი პენსიონერი გვყავს, ერთს პერიკარდიტი აქვს და მედიკამენტები მუდმივად სჭირდება. ეს წამლებიც ამოწურული გვაქვს. მეც ხშირად თავი მტკივა და ერთი ცალი გამაყუჩებელიც კი აღარ მაქვს  სახლში,“- გვეუბნება ის.

მისი თქმით, პანდემიის გამო სოფლის ჩაკეტვის შემდეგ სოფელში მხოლოდ ერთხელ შევიდა ბოსტნეულის მანქანა.

„ისიც, ისეთი მაღალი ფასები ჰქონდა ყველაფერს, ვერ მიეკარებოდი. ჩემს ოჯახში დედამთილი მუშაობდა სანიტრად და საავადმყოფოს დაკეტვის შემდეგ ვერც ის ვეღარ მუშაობს. მთელი ოჯახი დედამთილ-მამამთილის პენსიაზე ვართ დამოკიდებული, ჩემს შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება. საიდან მოვიტანოთ ფული, როგორ ვიყიდოთ ასეთი ძვირი პროდუქტი? ან იაფად მაინც შემოიტანონ, ან რაღაცით დაგვეხმარონ,“ – გვითხრა რიმამ.

ისპანის დასახლებაში, როგორც რიმა შაინიძე ამბობს, 27 ოჯახი ცხოვრობს, დასახლება გვარას ცენტრს საკმაოდ მოშორებულია, ამიტომ ცენტრში გასვლას ფეხით ვერ ახერხებენ.

ბოსტნეულის გარდა სოფელში სხვა საჭიროებებზეც საუბრობენ.

„სარეცხი საშუალება, ზეთი, მარგარინიც ხომ გჭირდება ოჯახში. გუშინ რომ გავაპროტესტეთ, მერე მოიტანეს პური.

ცხელს ხაზზე დავრეკე, იქედან მერიაში გადამამისამართეს, მერიამ – რწმუნებულთან, რწმუნებული კი სოფელშიც არ შემოვიდა, სოფლის გადასახვევთან დაიბარა ხალხი. დავწერე განცხადება მერიაში, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა,“ – ამბობს შაინიძე.

ამ სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები იმედო შაინიძეც კრიზისზე საუბრობს:

„მოუმზადებელი ვიყავით. არ ველოდით კარანტინს. დღეს ბიცოლაჩემს ბავშვის საფენები გაუთავდა, ჯარისკაცებმა უთხრეს, ცხელ ხაზზე დარეკეო. იქ კიდევ მერიაში გამისამართებენ და ასე.“

„ბათუმელები“ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძესაც ესაუბრა და ჰკითხა, აწვდიან თუ არა კარანტინში მყოფ სოფლებს სურსათს და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებების ან წამლების მარაგს და ჰქონდა თუ არა ინფორმაცია აღნიშნულ დასახლებაზე.

მირიან ქათამაძე ამბობს, რომ პირველ რიგში, დახმარების პაკეტი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე, ხანდაზმულებსა და შშმ პირებზეა გათვალისწინებული.

„ყველგან შედის მობილური ბაზრები, თუმცა, იყო პრეტენზია იმაზე, რომ მობილური ბაზრების ფასები არის მაღალი. ზოგიერთ პროდუქტზე შეიძლება იყოს ფასი მომატებული, მაგრამ მობილური ბაზრების ფასები 4 ადმინისტრაციულ ერთეულში თითქმის არ აღემატება საბითუმო ფასებს“.

მირიან ქათამაძის თქმით, გვარაში, გარდა მთავრობის სასურსათო კალათებისა, ქობულეთის მერიის მიერ მომზადებული სასურსათო კალათებიც დარიგდა, მაგრამ მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

„შეიძლება არიან ოჯახები, რომლებიც ამ კატეგორიაში არ არიან, მაგრამ შესაძლოა, შემდგომში მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათაც გადაეცეს სასურსათო პაკეტი. იგივე მიმართულება არის აღებული მედიკამენტებზეც,“ – ამბობს მირიან ქათამაძე.

კითხვაზე, როდის შეძლებს თუნდაც შაინიძეების ოჯახი წამლების ან სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტების და ნივთების შეძენას, ქობულეთის მერი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მათ კურიერების და  წარმომადგენლების მეშვეობით უნდა მიიღონ მომსახურება.

„მაგალითად, ამ დასახლებაში გუშინ ვიყავი და პირადად მე მივუტანე რამდენიმე მოსახლეს წამალი. მუხაესტატეს ადმინისტრაციულ ცენტრში განთავსებულია ორი აფთიაქი და იქედან ხდება წამლების მიწოდება“.

კითხვაზე, თუკი ეს მექანიზმი აწყობილია, მაშინ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები თუნდაც წამლების შეძენას, ქათამაძე ამბობს: „არ ვიცი. ჩვენ ძირითადად ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციას ვაგროვებთ, ვამუშავებთ და შემდეგ ვრეაგირებთ. ვინც „ბათუმელებს“ ესაუბრა, ეს ოჯახები ჩანიშნულია და მათი საჭიროებაც შეძლებისდაგვარად  იქნება დაკმაყოფილებული,“ – გვითხრა მან.

ქობულეთის 4 სოფელში [ადმინისტრაციულ ერთეულში] კარანტინი 12 აპრილს გამოცხადდა. ქობულეთს უკავშირდება კორონავირუსის 30-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რის გამოც სოფლებში კარანტინი გამოცხადდა.

“თავი შეიკავეთ სეირნობისგან” – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს

“მოგმართავთ თხოვნით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდოთ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს და თავი შეიკავოთ სეირნობისაგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. გთხოვთ, ამასთანავე დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავთ თქვენი თუ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას,” -ეს განცხადება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ დღეს, 20 აპრილს გაავრცელა.

ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად ბათუმის ბულვარი, ბათუმის პორტი და იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია მასობრივი თავშეყრის ადგილადაა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ ყველა გასართობი ატრაქცია წითელი ლენტით შემოსაზღვრა, მოქალაქეები აკრძალვებს არ ემორჩილებიან.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს და სთხოვს, რომ თავი შეიკავონ და მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება ბულვარის ტერიტორიაზე.

“შექმნილ ვითარებაში თითოეული თქვენგანის მზაობა და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევითა და თანადგომით მალე დავამარცხებთ ვირუსს,” – ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავარი ფოტო: მეათე ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორია დღეს, 20 აპრილს.

თურქეთის 31 ქალაქში ოთხდღიანი კარანტინი გამოცხადდა

დღეს, 20 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა 23 აპრილიდან თურქეთის 31 ქალაქში ოთხდღიანი კარანტინი გამოაცხადა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

კარანტინის დროს მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში გასვლა.

ერდოღანის განცხადებით, ამჯერად კარანტინი უფრო ხანგძლივი იქნება მოახლოებული ეროვნული დღესასწაულის გამო, რომელიც თურქეთში 23 აპრილს აღინიშნება და დასძინა, რომ კარანტინი დასვენების დღეებში, შესაძლოა, რაღაც დროით გახანგძლივდეს.

თურქეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რიცხვმა 86 306-ს მიაღწია. ამგვარად, თურქეთი აზიაში პირველ პოზიციას იკავებს ინფიცირებულთა რაოდენობით. ბოლო მონაცემების თანახმად, 11 976-ს შეადგენს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ და კლინიკები დატოვეს, 1 922 პირი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში რჩება. გარდაიცვალა 2017 ადამიანი.

_____________

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

განა ჩვენ არ გვინდოდა მთელი დღე ოჯახთან ერთად გაგვეტარებინა?! – მოსწავლის მოსაზრება

ავტორი: ლიზა ანთაძე, მოსწავლე 

_________________________

კარგად მახსოვს, 26 თებერვალი იყო, ოთხშაბათი. დღე, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დღე, როცა მივხვდი, რომ ჩემს თავს ხდებოდა ის, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. „არაფერია ადამიანის გონებისთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე ძირეული და უცაბედი ცვლილება“ –  დიახ, მეგობრებო, ეს ჩვენთვის მართლაც უცაბედი და მტკივნეული ცვლილებაა, რომელთან ადაპტაცია საჭირო და მნიშვნელოვანია.

ბავშვობიდან ბევრი რამის მეშინია, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ შიში ადამიანების მიმართ გამიჩნდებოდა. როცა ვხედავ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ერთად მშვიდობის სადღეგრძელოს სვამენ  მაშინ,  როცა სამყარო ლამის თავზე დაგვემხოს; ადამიანს, რომელიც გამოყენებულ პირბადეს ძირს ისე აგდებს, ხელიც არ უკანკალებს; ადამიანს, რომელიც თვითიზოლაციიდან ისე გარბის, თითქოს ამით საკუთარ თავსა  და მის გარშემომყოფებს საფრთხეს არ უქმნიდეს – ვხვდები, რომ ადამიანების მიმართ ნდობა მეკარგება და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს სამყარო ანგარიშს გაგვისწორებს.

ახლა ჩვენ, ადამიანებს, არ ძალგვიძს იმის ატანა, რაზეც ფაქტობრივად ვოცნებობდით. განა ჩვენი ოცნება არ იყო, რომ მთელი დღე სახლში, ოჯახთან ერთად გაგვეტარებინა?! განა ჩვენ არ გვინდოდა განტვირთვა, დასვენება და ენერგიის აღდგენა?! წუწუნი და არსებული  ვითარების  გაკრიტიკება  ჩვენი თანამდევია. ჩვენ მუდამ უკმაყოფილების განცდა გვაქვს, რადგან ვისწრაფვით უფრო დიადი, უნაკლო ვითარებისკენ. ვგონებ, ამ დროს გვავიწყდება, რომ სამყაროში სრულყოფილი არაფერი არ არსებობს.

ყველას და ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, ორივე მხარის მატარებელია. მართალია, მსოფლიო განსაცდელშია, უამრავი ადამიანი დაიღუპა და ამ ყველაფერს ემატება უამრავი უარყოფითი ფაქტორი, მაგრამ, მეორე მხრივ, დედამიწა ისვენებს, ბუნება თავისუფლად სუნთქავს, ვისწავლეთ იმის დაფასება, რაზეც არც კი ვფიქრობდით, ვისწავლეთ თავისუფლების ფასი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და სხვა უამრავი რამ.

ახლა კი ყველაზე ღირებული რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ,  სახლში დარჩენაა. ალბათ, არავის არასდროს არ მოსვლია აზრად, რომ სახლში ყოფნით მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე იქნებოდა. სწორედ ახლაა ის დრო, როცა ჩვენ, ადამიანებს,  გვჭირდება მეტი სიყვარულის გაზიარება, მეტი გვერდში დგომა, მეტი დადებითი ემოცია, რათა შევძლოთ ამ ვირუსზე გამარჯვება. ეს ბედნიერებასა და უბედურებას შორის გამყოფი ხაზია. ხაზი, რომელზეც ახლა 7 მილიარდზე მეტი ადამიანი დგას; ხაზი, რომელსაც ნელ-ნელა შლიან ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, ფარმაცევტები, კონსულტანტები, მასწავლებლები და ჩვენ, ყველა, თითოეული მოქალაქე.

წარმოვიდგინოთ, რომ ეს გამოცდაა. გამოცდა სამოქალაქო პასუხისმგებლობისა, რომლითაც მთელი მსოფლიო საზრდოობს; სიყვარულის, რომლის გარეშე სამყარო უფერული ხდება; მეგობრობის, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას; და ბოლოს, ყველა ლაღი ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას სიფერადის ელფერს ჰმატებს.

ჩვენი ვალია, რომ ეს გამოცდა წარმატებით და, რაც მთავარია, ბედნიერად გადავლახოთ. ჩვენ ამას შევძლებთ, რა თქმა უნდა, შევძლებთ სიყვარულის გაზიარებით, ურთიერთპატივისცემით, დისტანციითა  და კეთილი ნებით.

მეგობრებო, დარჩით სახლში, იზრუნეთ მომავალზე და იყავით პასუხისმგებლიანი მოქალაქეები!

_______

 

რა ეტაპზეა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეუფერხებლად გრძელდება. პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს ანგისის დასახლებაში. 2020 წლის ბილომდე კი ახალი ქსელის მოწყობა უნდა დასრულდეს ჯავახიშვილის ქუჩასა და მდინარე მეჯინისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე.

ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებების შიდა ქსელები უკვე დაერთებულია ახალ ცენტრალურ სისტემაზე, ანუ, ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე. შესაბამისად, ქალაქის კანალიზაცია უკვე ადლიის გამწმენდი ნაგებობის გარეშე ზღვაში აღარ ჩაედინება.

„ჯავახიშვილის ქუჩიდან მეჯინისწყლამდე მონაკვეთიც ჩართულია ახალ ცენტრალურ ქსელში, თუმცა, არსებული სისტემა [შიდა ქსელი] არის მოძველებული და ხდება მისი განახლება. სამუშაოები და დაერთებების დიდი ნაწილი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიქმნა რაიმე სახის პრობლემა“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

რაც შეეხება მახინჯაურს, მწვანე კონცხსა და სხვა შემოერთებულ ტერიტორიებს, აქ საკანალიზაციო ქსელი პროექტის მეხუთე ფაზაში უნდა მოეწყოს.

„უკვე გამოცხადებულია საერთშორისო ტენდერი კონსულტანტი კომპანიის შესარჩევად, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სატენდერო პროცედურები გადაიწია დროში. შერჩეული კონსულტანტი მოამზადებს წყალანირების პროექტს, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება ტენდერი უკვე მშენებელი კომპანიის გამოსავლენად. პროექტის ავტორი კონსულტანტი კომპანია კი, შემდგომში, მშენებლობის პროცესსაც გაუწევს ზედამხედველობას“ – გვითხრა ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის ვიცე-მერმა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ ხდება, ამ შემთხვევაში, ბათუმის საავადმყოფოებიდან კანალიზაციის ჩაშვება ცენტრალურ ქსელში.

ჯაბა ტუღუშის თქმით, ასეთ ობიექტებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი გამწმენდი და არის ზღვრული ნორმები – თუ რა ქიმიური შემცველობის მქონე მოხმარებული წყალი შეიძლება ჩაიშვას ცენტრალური წყალარინების სისტემაში.

მისივე თქმით, მაგალითად, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს აქვს ასეთი გამწმენდი, იქ იწმინდება ჯერ საკანალიზაციო წყლები და შემდეგ ჩადის ცენტრალურ სისტემაში. ეს კიდევ იწმინდება ადლიის ნაგებობაზე და ამის შემდეგ ჩადის ზღვაში.

მერიის შპს „ბათუმის წყლის“ [რომელიც ოპერირებას უწევს წყალარინების სისტემას და ადლიის გამწმენდ ნაგებობას] ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების მიმდებარედ ყველგან განთავსებულია ინდივიდუალური სპეციალური ჭები, სადაც გროვდება კანალიზაციის წყალი და ის გადაიტუმბება ცენტრალურ სისტემაში.

„წითელი ხაზის შიგნით, ანუ, ამა თუ იმ კლინიკის შიდა ტერიტორიაზე და შენობაში რა ხდება, ამაზე პასუხისმგებელი „ბათუმის წყალი“ ვერ იქნება. გარე პერიმეტრზე განთავსებული ჭებიდან კი, საკანალიზაციო წყალს ვტუმბავთ ადლიის გამწმენდ ნაგებობაში და იქ სამჯერადი გაწმენდის შემდეგ – რითაც ყველანაირი ბაქტერია ნადგურდება – ამ წყალს ვუშვებთ ზღვაში, 40 მეტრ სიღრმეში“ – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

_________________

აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ აქვთ მტკიცებულება, რომ „COVID-19-ს შეუძლია გადარჩეს წყალში ან ჩამდინარე წყლებში [კანალიზაციაში]. ამ პირობებში, დიდი ალბათობით ვირუსი გახდება უმოქმედო ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა, არაკონვერტირებული ადამიანის ვირუსები, რომლებსაც წყლით გადადებაც ახასიათებთ [ადენოვირუსები, ნეროვირუსები, როტავირუსები და ა ჰეპატიტი]“.

ამ თემაზე:

საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა და სასმელი წყალი? – ახალი კორონავირუსი

მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი [ცენტრში] და ადლიის გამწმენდი სადგური [მარჯვნივ] / ფოტო: „ბათუმელები“

აღებულია საკვების ნიმუში – სურსათის სააგენტო კარანტინში ადამიანების მოწამვლის შესახებ

„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნედლეულის ნიმუშები, რომლის პასუხებიც უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი“ – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან, სადაც ბათუმში, საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შემთხვევას სწავლობენ.

შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი. სასტუმრო სხვა რესტორნიდან იღებდა კვების მომსახურებას.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახური მყისიერად გავიდა ადგილზე და ჩაატარა ინსპექტირება როგორც სასტუმროში, ასევე კვების ობიექტში, საიდანაც მარაგდებოდა სასტუმრო მზა საკვებით. ინსპექტირებისას დარღვევები არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საკარანტინო ობიექტებში სურსათის მომარაგების კონტროლს,“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს, დანარჩენის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქი იყო.

____________

ფოტოზე: საკვები კარანტინში. ფოტო არ უკავშირდება აღნიშნულ შემთხვევას. 

ამავე თემაზე: 

კარანტინში 45 ადამიანი მოიწამლა ბათუმში

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – სულ 402

20 აპრილის [19:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 402 შემთხვევა. დილის მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა.

ინფიცირებული 402 პირიდან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 503

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინში 45 ადამიანი მოიწამლა ბათუმში

ბათუმში, კარანტინში მყოფი 45 პირი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. სასტუმროს მზა საკვებით ერთ-ერთი კვების ობიექტი ამარაგებდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს, დანარჩენის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქი იყო.

ამ 45 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა და მათმა ნაწილმა სასტუმრო უკვე დატოვა.

შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დღის ბოლომდე მოგვაწვდიან იმის შესახებ, თუ რა გაირკვა ბათუმში, საკარანტინე სივრცეში მყოფი ადამიანების საკვებით ინტოქსიკაცაციის შესახებ.

20 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4 782 ადამიანი იმყოფება. ამასთან, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა არის 402, მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 პირი, გარდაიცვალა – 4. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 503 პირი. 

„ჭირი“ – ქართული ანიმაციური ფილმი, რომელსაც კანის კინოფესტივალის გრანპრი აქვს

ერთ დღეს ფერად ქალაქში აჩრდილი გამოჩნდება და თანდათან ადამიანებს, სახლებს, ქალაქის ქუჩებს ფერს უკარგავს – ამის შესახებ გვიამბობს ქართული ანიმაციური ფილმი „ჭირი“, რომელმაც 1984 წელს კანის კინოფეტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მიიღო, როგორც ფესტივალის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა.

კადრი ანიმაციური ფილმიდან „ჭირი“

„ჭირის“ რეჟისორი დავით თაყაიშვილია. მას საქართველოში უფრო იცნობენ ანიმაციური ფილმებით „ბაბილინა“, „ბატი ტასიკო“ და „ოჯახი“ –  ამბავი პატარა ლეკვზე, რომელიც სახლში მოწყენილი ელოდება ბავშვების დაბრუნებას.

რეჟისორ დავით თაყაიშვილის შესახებ ინტერნეტში მცირე ბიოგრაფიულ ცნობას იპოვით, სადაც აღნიშნულია, რომ იგი 1959 წლის 13 აპრილს დაიბადა, 1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი და კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ მულტგაერთიანებაში მუშაობდა, იყო საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი, 1984 წელს კი კანის კინოფესტივალზე მისმა ანიმაციურმა ფილმმა ,,ჭირი“ – გრანპრი – „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.

დავით თაყაიშვილი 1989 წელს, 30 წლისა გარდაიცვალა. ამავე წელს,  ჟურნალ „კინოში“ გამოქვეყნდა მი შესახებ  – „დაგვიანებული წერილი“, რომელშიც რეჟისორი „ჭირზე“ საუბრობდა:

„ჭირი“ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შესრულებული ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დათო სიხარულიძემ წამიკითხა სცენარი, რომელმაც დამაინტერესა მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეით – სამყარო ისეთი მრავალფეროვანია, რომ დაუშვებელია მხოლოდ ერთი ფერის გამეფება. მუშაობის პროცესში სცენარი გადამუშავდა და მიიღო უფრო მკვეთრი სოციალური ხასიათი. ქალაქი, ხალხი, გარემო, უფრო რეალური გახდა. ყავისფერიც ფილმში მოგვიანებით შევიტანეთ (სცენარის მიხედვით ქალაქში შემძვრალი ბაცილა ყველაფერს უფეროდ, თეთრად ღებავდა).“

დავით თაყაიშვილი. ფოტო: geocinema.ge

„ოქროს პალმის რტოს“ მფლობელ ქართველ რეჟისორზე ვერ იპოვით ინტერნეტში ვერც ფოტომასალას. იძებნება მხოლოდ ერთი, პასპორტის ფოტო და ასევე, 1984 წლის კანის კინოფესტივალის ბროშურაში დაბეჭდილი მისი სახელი ვიმ ვენდერსისა და ბერტრან ტავერნიეს გვერდით. ვენდერსის ფილმმა „პარიზი, ტეხასი“ იმავე წელს მიიღო კანის ფესტივალის მთავარი პრიზი, ბერტრან ტავერნიეს სურათი კი, „კვირადღე სოფელში“ – საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა.

ფილმის დამდგმელი მხატვარი დავით სიხარულიძეა. იგი „კვირის პალიტრასთან“ იხსენებს, რომ „ჭირ­ზე“ მუ­შა­ო­ბი­სას ჯგუფს „გოს­ფილ­მი­დან“ დაურეკეს – ეს ან­ტი­საბ­ჭო­თა ფილ­მი რად გინ­დათ, დე­ბი­უ­ტით მო­მა­ვალს რა­ტომ იფუ­ჭებ­თო.

„ჭირის“ ნახვა იუთუბზე შეგიძლიათ:

Exit mobile version