Batumelebi | სურსათისა და წამლების მარაგი ამოგვეწურა – მოსახლეობა ქობულეთის ჩაკეტილი სოფლიდან სურსათისა და წამლების მარაგი ამოგვეწურა – მოსახლეობა ქობულეთის ჩაკეტილი სოფლიდან – Batumelebi
RU | GE  

სურსათისა და წამლების მარაგი ამოგვეწურა – მოსახლეობა ქობულეთის ჩაკეტილი სოფლიდან

ქობულეთში, სოფელ გვარაში მცხოვრები რიმა შაინიძე ამბობს, რომ ჩაკეტილ სოფელში მოსახლეობას პროდუქტებისა და წამლების მარაგი ამოეწურა. სოფელი კვირაზე მეტია კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია.

რიმა შაინიძის თქმით, მოსახლეობისთვის სოფლის ჩაკეტვა მოულოდნელი იყო, ამიტომ პროდუქტების მომარაგება ოჯახებმა ვერ მოასწრეს.

„ფქვილის მარაგი მეწურება, წამლები აღარ გვაქვს. ოჯახში ორი პენსიონერი გვყავს, ერთს პერიკარდიტი აქვს და მედიკამენტები მუდმივად სჭირდება. ეს წამლებიც ამოწურული გვაქვს. მეც ხშირად თავი მტკივა და ერთი ცალი გამაყუჩებელიც კი აღარ მაქვს  სახლში,“- გვეუბნება ის.

მისი თქმით, პანდემიის გამო სოფლის ჩაკეტვის შემდეგ სოფელში მხოლოდ ერთხელ შევიდა ბოსტნეულის მანქანა.

„ისიც, ისეთი მაღალი ფასები ჰქონდა ყველაფერს, ვერ მიეკარებოდი. ჩემს ოჯახში დედამთილი მუშაობდა სანიტრად და საავადმყოფოს დაკეტვის შემდეგ ვერც ის ვეღარ მუშაობს. მთელი ოჯახი დედამთილ-მამამთილის პენსიაზე ვართ დამოკიდებული, ჩემს შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება. საიდან მოვიტანოთ ფული, როგორ ვიყიდოთ ასეთი ძვირი პროდუქტი? ან იაფად მაინც შემოიტანონ, ან რაღაცით დაგვეხმარონ,“ – გვითხრა რიმამ.

ისპანის დასახლებაში, როგორც რიმა შაინიძე ამბობს, 27 ოჯახი ცხოვრობს, დასახლება გვარას ცენტრს საკმაოდ მოშორებულია, ამიტომ ცენტრში გასვლას ფეხით ვერ ახერხებენ.

ბოსტნეულის გარდა სოფელში სხვა საჭიროებებზეც საუბრობენ.

„სარეცხი საშუალება, ზეთი, მარგარინიც ხომ გჭირდება ოჯახში. გუშინ რომ გავაპროტესტეთ, მერე მოიტანეს პური.

ცხელს ხაზზე დავრეკე, იქედან მერიაში გადამამისამართეს, მერიამ – რწმუნებულთან, რწმუნებული კი სოფელშიც არ შემოვიდა, სოფლის გადასახვევთან დაიბარა ხალხი. დავწერე განცხადება მერიაში, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა,“ – ამბობს შაინიძე.

ამ სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები იმედო შაინიძეც კრიზისზე საუბრობს:

„მოუმზადებელი ვიყავით. არ ველოდით კარანტინს. დღეს ბიცოლაჩემს ბავშვის საფენები გაუთავდა, ჯარისკაცებმა უთხრეს, ცხელ ხაზზე დარეკეო. იქ კიდევ მერიაში გამისამართებენ და ასე.“

„ბათუმელები“ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძესაც ესაუბრა და ჰკითხა, აწვდიან თუ არა კარანტინში მყოფ სოფლებს სურსათს და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებების ან წამლების მარაგს და ჰქონდა თუ არა ინფორმაცია აღნიშნულ დასახლებაზე.

მირიან ქათამაძე ამბობს, რომ პირველ რიგში, დახმარების პაკეტი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე, ხანდაზმულებსა და შშმ პირებზეა გათვალისწინებული.

„ყველგან შედის მობილური ბაზრები, თუმცა, იყო პრეტენზია იმაზე, რომ მობილური ბაზრების ფასები არის მაღალი. ზოგიერთ პროდუქტზე შეიძლება იყოს ფასი მომატებული, მაგრამ მობილური ბაზრების ფასები 4 ადმინისტრაციულ ერთეულში თითქმის არ აღემატება საბითუმო ფასებს“.

მირიან ქათამაძის თქმით, გვარაში, გარდა მთავრობის სასურსათო კალათებისა, ქობულეთის მერიის მიერ მომზადებული სასურსათო კალათებიც დარიგდა, მაგრამ მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

„შეიძლება არიან ოჯახები, რომლებიც ამ კატეგორიაში არ არიან, მაგრამ შესაძლოა, შემდგომში მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათაც გადაეცეს სასურსათო პაკეტი. იგივე მიმართულება არის აღებული მედიკამენტებზეც,“ – ამბობს მირიან ქათამაძე.

კითხვაზე, როდის შეძლებს თუნდაც შაინიძეების ოჯახი წამლების ან სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტების და ნივთების შეძენას, ქობულეთის მერი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მათ კურიერების და  წარმომადგენლების მეშვეობით უნდა მიიღონ მომსახურება.

„მაგალითად, ამ დასახლებაში გუშინ ვიყავი და პირადად მე მივუტანე რამდენიმე მოსახლეს წამალი. მუხაესტატეს ადმინისტრაციულ ცენტრში განთავსებულია ორი აფთიაქი და იქედან ხდება წამლების მიწოდება“.

კითხვაზე, თუკი ეს მექანიზმი აწყობილია, მაშინ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები თუნდაც წამლების შეძენას, ქათამაძე ამბობს: „არ ვიცი. ჩვენ ძირითადად ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციას ვაგროვებთ, ვამუშავებთ და შემდეგ ვრეაგირებთ. ვინც „ბათუმელებს“ ესაუბრა, ეს ოჯახები ჩანიშნულია და მათი საჭიროებაც შეძლებისდაგვარად  იქნება დაკმაყოფილებული,“ – გვითხრა მან.

ქობულეთის 4 სოფელში [ადმინისტრაციულ ერთეულში] კარანტინი 12 აპრილს გამოცხადდა. ქობულეთს უკავშირდება კორონავირუსის 30-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რის გამოც სოფლებში კარანტინი გამოცხადდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com