მთავარი,სიახლეები

ბათუმში 215 ბავშვი ჯანდაცვის მომსახურების გარეშეა დარჩენილი

21.04.2020 • 1519
ბათუმში 215 ბავშვი ჯანდაცვის მომსახურების გარეშეა დარჩენილი

ბათუმში 215 ბავშვი მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ბათუმის მერიის ორივე პროგრამა, რომლითაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები სარგებლობენ, ასევე ადრეული განვითარების პროგრამა, შეჩერებულია.

„ბათუმელებს“ აუტისტური სპექტრის ქცევითი თერაპევტი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ზუსტი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა ბავშვებთან.

სპეციალისტის თქმით, ამ დრომდე მხოლოდ არაოფიციალურ ინფორმაციას ფლობენ იმის თაობაზე, რომ თუკი სპეციალისტები ბავშვებთან არ იმუშავებენ, ვერც ანაზღაურებას მიიღებენ.

„როგორ გვითხრეს, მერია ეუბნება სამედიცინო ცენტრებს, რომ არ გაანაღდებს ვაუჩერებს, თუ სახლში არ მივაკითხავთ ბავშვებს და წინააღმდეგი არიან დისტანციური მომსახურების. შემდეგ მოვისმინეთ ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს პროგრამის განმახორციელებელი კლინიკები მანიპულირებენ თანამშრომელთა ხელფასებით“, – გვითხრა სპეციალისტმა, რომლის სახელსა და გვარს, მისი სურვილიდან გამომდინარე, არ ვწერთ.

სპეციალისტის თქმით, ამის გამო ბავშვები რამდენიმე თვეა ვერ იღებენ მომსახურებას. „აუტიზმის პროგრამაში არის 15 სამუშაო საათი, ადრეული განვითარების პროგრამაში – 8 სამუშაო საათი. ფაქტობრივად, ერთი სრული კურსი ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს ჩაუვარდათ. მერია კი იმ შემთხვევაში იძლევა ვაუჩერს, თუ სრული კურსი ჩატარდება“, – ამბობს აუტისტური სპექტრის ქცევითი თერაპევტი.

რატომ ამბობს უარს ბათუმის მერია სპეციალისტების მუშაობაზე და აანაზღაურებენ თუ არა გამოტოვებულ კურსებს? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილებას მივმართეთ.

როგორც ამ განყოფილების უფროსმა მარინა რუხაძემ გვითხრა, ისინი არ არიან წინააღმდეგი პროგრამის განხორციელება დაიწყოს დისტანციურად, მაგრამ ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებოდნენ.

„აუტისტური სპექტრისა და ადრეული განვითარების პროგრამები არ მუშაობს, თუმცა მაისიდან ვაპირებთ დისტანციურზე გადასვლას. ამისთვის გვჭირდება საკრებულოს ნებართვა, რომ პროგრამაში შევიდეს ცვლილება“, – გვითხრა მარინა რუხაძემ.

მისი თქმით, იყო საუბარი იმაზეც, რომ პროგრამაში ჩართულ სპეციალისტებს სახლებში გაეგრძელებინათ ბავშვებთან მუშაობა, სრული ეკიპირებით, თუმცა ამაზე ოჯახებმა უარი თქვეს კარანტინიდან გამომდინარე.

„სრულფასოვანი, ბუნებრივია, ვერ იქნება დისტანციური ფორმით მომსახურება, რადგან ამის პრაქტიკა არ არსებობდა. მით უმეტეს, აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობა სპეციფიკურია, მაგრამ პროგრამის ჩაგდებას ნამდვილად სჯობს. მენტალური განვითარების ცენტრს დავუკავშირდით, სწორედ მათ გატესტეს  დისტანციური სწავლება და მაისიდან დავიწყებთ. ფაქტობრივად, ეს იქნება მშობლების გადამზადება, რადგან მათ უნდა ისწავლონ ბავშვებთან მუშაობის მეთოდები და ამაში მათ ქცევითი თერაპიის სპეციალისტები დაეხმარებიან“.

როგორც მარინა რუხაძე ამბობს, სპეციალისტების ანაზღაურება ვაუჩერზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვაუჩერი იყოს გამოყენებული ბენეფიციარის მიერ.

„სწორედ ამიტომ გვინდა შევიდეს პროგრამაში ცვლილება, რადგან თუ კურსი არ ექნებათ ჩატარებული, ისე ავანსის სახით დაფინანსებას ვერ მივცემთ“, – ამბობს მარინა რუხაძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა უფრო ადრე ცვლილება, მარინა რუხაძე განმარტავს, რომ ისინი ელოდნენ როგორც დისტანციური მუშაობის გატესტვას, ასევე ჯანმოს რეკომენდაციებს, რომელიც აპრილში მოვიდა.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში ბათუმში ათი კლინიკაა ჩართული.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: