რა შეზღუდვები მოიხსნება? – მთავრობის პასუხი 6 შეკითხვაზე

საქართველოს მთავრობა 5 მაისიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებსა და მათზე პასუხებს აქვეყნებს.

  • რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნება 5 მაისიდან?

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:

ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

  • ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?

არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

  • დასაშვებია თუ არა ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?

არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

  • დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?

არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

  • ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?

დიახ.

  • ავტოტექმომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?

დიახ.

___________________

შეგახსენებთ, ძალაში რჩება კომენდანტის საათი, კვლავ ჩაკეტილია თბილისი და რუსთავი.

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 108 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 24 მოქალაქე დააჯარიმეს.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/449160/

 

მთავარი ფოტო: შსს

„ვიწყებთ პოსტვირუსულ განვითარებაზე ფიქრს“ – რას უპირებს ტურიზმს აჭარის მთავრობა

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა არ იციან, როდის დაიწყებს ვირუსის გავრცელება კლებას, აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ „პოსტვირუსულ განვითარებაზე დაიწყეს ფიქრი“. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დაახლოებით სამი თვის გასვლის მიუხედავად, რეგიონში, სადაც ტურიზმი წამყვანი სექტორია, არავის დაუთვლია, ვის რა ზარალი მიადგა.

„ჩვენ ვიწყებთ პოსტივირუსულ განვითარებაზე ფიქრს…“ – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ დღეს, 4 მაისს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე არ გაჟღერებულა, რა გამოწვევები აქვს ახლა ტურიზმის სექტორს და რით შეიძლება მას მთავრობა დაეხმაროს. შეხვედრაზე მხოლოდ ის თქვეს, რომ მონაცემების შეგროვება და დამუშავებაა საჭირო.

„27 სასტუმროს, სადაც საკარანტინო სივრცე იყო მოწყობილი, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა…“ – აღნიშნა შეხვედრაზე თინა ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მას მთავრობის თავმჯდომარემ კონკრეტული მონაცემების შეგროვება დაავალა და შემდეგ ჰკითხა: „რამდენმა ისარგებლა ტურიზმის სექტორიდან საგრანტო პროგრამით, არის ეს ცნობილი თქვენთვის?“

„კონკრეტული მონაცემები ჩემთვის უცნობია,“ – უპასუხა თინათინ ზოიძემ თორნიკე რიჟვაძეს.

რატომ არ შეგროვდა ეს მონაცემები აქამდე და რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდემია არის ყველასთვის უცნობი ფენომენი, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდით და პირველი ფრონტი იყო ამ ვირუსთან ბრძოლა. პირველი ღონისძიებები ემსახურებოდა იმას, რომ კომპანიები დაგვეცვა გადახდისუუნარობისგან, შენარჩუნებულიყო სამუშაო ადგილები. შემდეგი ამოცანაა, რომ დავიწყოთ ჩვენ ეკონომიკის აღდგენა და ტურიზმის გადარჩენა.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო კარგად შევისწავლოთ ის პრობლემები, რომლებიც ტურიზმის სექტორში მომუშავე როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს აწუხებთ, მათ შორის, გიდებს და სხვა თვითდასაქმებულ ადამიანებს. როგორც კი ეს ინფორმაცია გვექნება დამუშავებული და ანალიტიკურად იქნება შესაძლებელი ჩვენ დამატებითი ღონისძიებები გავატაროთ, ეს აუცილებლად იქნება გატარებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ კი თქვა, რომ მთავრობას დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში ექნება ეს მონაცემები. მინისტრი შიდა ტურიზმის გაძლიერებაზე ამყარებს იმედს.

„ჩვენ აუცილებლად გვექნება ინიციატივები, რომლებიც იქნება მიმართული თითოეულ სექტორთან მიმართებით, ეს იქნება საოჯახო ტიპის სასტუმროები, სასტუმროები, სხვადასხვა კვების ობიექტი თუ გიდები. შემდეგ ბიუჯეტის კორექტირებისას უკვე შევძლებთ, რომ ეს საჭიროებები სრულად ავსახოთ,“ – უთხრა ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებს.

ბათუმის ბაზარში ქათმისა და ყველის სექციები მალე გაიხსნება

„უახლოეს დღეებში ვაპირებთ ბაზრის შენობაში გავხსნათ ქათმისა და ყველის სექციები. ახლა ვამზადებთ სექციებს, დახლებს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც სავალდებულოა ბაზრის ფუნქციონირებისთვის. ვგეგმავთ დანარჩენი სექციებიც გავხსნათ ეტაპობრივად“, – გვითხრეს დღეს, 4 მაისს, ბათუმის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში.

არსებული რეგულაციებით, დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, შეზღუდვების მოხსნის სამთავრობო გეგმის მიხედვით, მეხუთე ეტაპზე, ანუ 2020 წლის 21 ივნისის შემდეგ უნდა გაიხსნას. თუ მანამდე რამე არ შეიცვალა, მეხუთე ეტაპზე ბაზრებთან ერთად გაიხსნება ასევე ყველა ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები [ადგილზე მომსახურებით].

ბაზრის ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს, ბაზრის გახსნის შემთხვევაში, მოუწევთ იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც გაცემულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ნახეთ რა რეკომენდაციებია უშუალოდ აგრარული ბაზრებისთვის, მოვაჭრე პერსონალისა და მომხმარებლისთვის.

ამ რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო იქნება.

[toggle title=”რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის:“] ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

  • მიუხედავად იმისა, აგრარული ბაზარი განთავსებულია დახურულ თუ ღია სივრცეში, ახალი კორონავირუსით ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;
  • დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება;
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;
  • უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა;
  • უზრუნველოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანისა და საპირფარეშოს არსებობა. უნდა ხდებოდეს მათი დასუფთავება/დეზინფიცირება, ხელსაბანი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით;
  • როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია (COVID-19)მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით,) და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით;
  • არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე პერსონალი, თუ გამოკითხვით დადგინდება, რომ: მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში; ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან; მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით); აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.); მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს, კერძოდ: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.
  • უზრუნველყონ მომხარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მეტრ მანძილზე;
  • სავაჭრო სივრცის ფართობის მიხედვით განსაზღვრონ და არეგულირონ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა შეზღუდული რაოდენობა;
  • არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი/მყიდველი, პირბადის გარეშე და რომელსაც ხელები დაცული არ ექნება ერთჯერადი ხელთათმანით ან ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით;
  • უზრუნველყოს მოვაჭრე პერსონალის და მომხმარებლის/მყიდველის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, სათანადო აღნიშვნით (COVID-19)წარწერით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • სავაჭრო პავილიონებსა და ვიტრინებში, სადაც ხდება ხორცისა და რძის ნაწარმის რეალიზაცია, დაცული უნდა იქნეს შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმები;
  • ბაზრის ტერიტორიაზე სატვირთო და მსუბუქი მანქანის შესვლისათვის განახორციელონ მათი რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება;
  • იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ტერიტორიის მცირე სივრციდან გამომდინარე ვერ ხერხდება ყველა მოვაჭრის ერთდროულად განთავსება, ბაზრის დირექციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი და გაიმიჯნოს სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობა დღეების მონაცვლეობით (COVID-19), მაგლითად, ერთ დღეს განთავსდეს მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, მომდევნო დღეს ხორცი, ყველი და ა.შ).[/toggle]

 

[toggle title=”მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებები:“]აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალი ვალდებულია:

  • სამუშაო პროცესი განახორციელოს ამ რეკომენდაციების და ბიზნესოპერატორის მითითებების შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილზე დაიცვას ჰიგიენის წესები;
  • მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს, შეხებას და სხვა;
  • არ გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს;
  • მოერიდონ თავშეყრას, დაიცვან რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია არანაკლებ 2 მ-სა;
  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც აწვდით ან/და მიუთითებთ ბიზნესოპერატორი
    დამსაქმებელი;
  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
  • სამუშაო ადგილზე არ გამოიყენონ სამკაულები, ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩატარებისათვის;
  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარონ დამატებით აუცილებლად: საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ; დახველების ან დაცემინების შემდეგ; საპირფარეშოთი სარგებლობამდე და შემდეგ;
  • საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალონ;
  • გამოიყენონ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებენ ხელების დაბანას და გაშრობას.
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდონ
    ურნაში/კონტეინერში;
  • მოერიდონ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრონ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება; უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა.[/toggle]

 

[toggle title=”მომხმარებლის/მყიდველის ვალდებულებები:“]

  • აგრარულ ბაზარში მომხმარებელი/მყიდველი ვალდებულია იმოქმედოს ამ რეკომენდაციების და ბიზნესოპერატორის მითითებების შესაბამისად;
  • აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით;
  • დაიცვან სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა;
  • სურსათთან შეხება განახორციელოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით;
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი;
  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი ან ერთჯერადი პლასტიკის პარკი განათავსონ შესაბამის ურნაში/კონტეინერში.[/toggle]

 

27 აპრილიდან ბათუმის ღია აგრარული ბაზრობები და თევზის ბაზარი ამუშავდა. აგრარული [ე.წ. ბონის] ბაზარი კი, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნაწილობრივ [მხოლოდ ეზოს ტერიტორია] გაიხსნა.

რა ხდებოდა ბათუმის აგრარულ ბაზარში და ბაზრობებზე, შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

დღეს, 4 მაისს, პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ 5 მაისიდან სამშენებლო სფეროში მომუშავე ყველა კომპანიას მუშაობის განახლება შეუძლია. ასევე, იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სამშენებლო მასალების წარმოებით.

5 მაისიდან ნებადარული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

 

მთავარი ფოტო: თერმოსკრინინგი ბათუმის აგრარული ბაზრის შესასვლელში

 

აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი – „ვებსკოლა“ იწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს, აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი „ვებსკოლა“ უნდა დაიწყოს.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება.

„ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს. ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიოჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით,  მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

ბათუმში ჩატარებული 200-მდე ტესტის პასუხი უარყოფითია – covid19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში 200-მდე ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„აჭარის რეგიონში გვყავს სულ 32 გამოჯანმრთელებული პირი. ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“ 23 პირი მკურნალობს და ერთი პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას,“- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით სულ 36 შემთხვევაა აღრიცხული და ამ დრომდე ჩაკეტილია ქობულეთის სამი სოფელი, თუმცა ამ სოფლებში მყოფ პირებს მოეხსნათ იზოლაცია, გარდა ბოლო ორ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირებისა, რომელთა რაოდენობა არის 16 ადამიანი“.

ნიჟარაძის თქმით, ცხელების კლინიკაში ჰოსპიტალიზებულია 29 ადამიანი და დღის განმავლობაში ცნობილი იქნება მათი კვლევის შედეგები.

„რისკის ჯგუფების ტესტირება ისევ მიმდინარეობს და მათ შორის იქნებიან თავშესაფარში მყოფი ადამიანებიც. ასევე, საკარანტინე სივრცეში დასაქმებული პერსონალი,“- ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ხვალიდან ბათუმი და ქუთაისი გაიხსნება, თბილისი და რუსთავი – ჯერჯერობით არა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში, თუმცა გახარია აღნიშნავს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლოა ეს ქალაქებიც გაიხსნას:

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში და ეს არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში.

თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია იმედი გვქონდეს, კვირის ბოლომდე ეს საკითხი თბილისსა და რუსთავზეც დადებითად გადაწყდება,“ – თქვა გახარიამ.

ქალაქების გახსნის მიუხედავად, ძალაში რჩება კომენდანტის საათი, ანუ, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

ასევე, ძალაში ჩება რეკომენდაციები და წესები, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილებას შეეხება. მაგალითად, აკრძალულია, მძღოლის ჩათვლით 3 პირზე მეტის ყოფნა მსუბუქ ავტომანქანაში. ამასთან, მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.

5 მაისიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას განაახლებს – გახარია

დღეს, 4 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან, 5 მაისიდან, სამშენებლო სფეროში მომუშავე ყველა კომპანიას მუშაობის განახლება შეუძლია. ასევე, იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით.

„ყველა ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამშენებლო ბიზნესთან, ხვალიდან მუშაობას შეძლებენ. თუმცა შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს მუშაობას.

მოვუწოდებთ თითოეულ კომპანიას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ ვალდებულებებს,  რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,“-  განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ხვალიდან ანუ 5 მაისიდან ნებადარული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

შეყვარებულის ნახვა, ქუჩაში სეირნობა – დღეიდან იტალიაში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება

დღეიდან, 4 მაისიდან, იტალიაში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება და ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნებას ეტაპობრივად დაიწყებს.

მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის დეკრეტის  თანახმად 4 მაისიდან იტალიელებს შეეძლებათ დატოვონ საკუთარი სახლები და ქუჩაში ან პარკში თავისუფლად გავიდნენ. ისეირნონ, ირბინონ და ივარჯიშონ.

ნათესავებს შეუძლიათ ერთმანეთი მოინახულონ, ერთმანეთის ნახვის უფლება აქვთ შეყვარებულებსაც, თუმცა ისევ აკრძალულია მეგობრების შეკრება.

ნებადართულია ქორწინებაც, მაგრამ ქორწილს სიძე-პატარძლის გარდა, მხოლოდ მეჯვარეები უნდა დაესწრონ. მოქალაქეებს უფლება აქვთ დაკრძალვის რიტუალის ჩატარების. თუმცა აქაც აკრძალვაა, გასვენებაში 15 ადამიანზე მეტი ვერ მივა.

4 მაისიდან მუშაობას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  ასევე დასაშვები გახდა საცხოვრებელ რეგიონში გადაადგილება ავტომანქანით, მაგრამ ისევ აკრძალულია რეგიონს გარეთ მოგზაურობა. მაგალითად, თუ მოქალაქე რომში ცხოვრობს, მილანში ან ფლორენციაში ვერ წავა.

ყველა მოქალაქე ვალდებულია საჯარო ადგილებში ატაროს ნიღაბი. მაგალითად, ნიღბის გარეშე ვერ ავა მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვერ შევა სუპერმარკეტში ან აფთიაქში.

ნებადართული ხდება ეკონომიკური საქმიანობაც. ასეულობით საწარმოს შეეძლება მუშაობა განაახლოს.

მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის დეკრეტი – DPCM ავალდებულებს ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს სუნთქვის პრობლემა ან 37.5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დარჩეს სახლში.

 

„რომ არ გვიჭირდეს, ამ თხის ფერმაში რა გვინდა“ – ოჯახები ბათუმში საკვებს ითხოვენ [ვიდეო]

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, ყოფილი რძის ქარხნის ტერიტორიაზე, 21 ოჯახი ცხოვრობს. ოჯახები ქარხნის შენობაში 4 წლის წინ თვითნებურად შესახლდნენ. პანდემიის დაწყებამდე აქ მცხოვრებთა უმეტესობა დასაქმებული იყო, მაგრამ ახლა ყველა უმუშევარია. მოქალაქეები ამბობენ, რომ თითქმის ორთვიანმა უმუშევრობამ ისინი უსახსროდ დატოვა – პროდუქტების ყიდვაც კი აღარ შეუძლიათ.

„ზოგი  ქემალფაშაში მუშაობდა გამყიდველად მაღაზიაში, ზოგი მშენებლობაზე, ზოგი საქორწინო დარბაზში დამლაგებლად, მამაკაცები თურქეთში გადადიოდნენ და რაღაც სამუშაოებს ასრულებდნენ. ახლა  ყველა ვართ უმუშევარი. ვის არ მივმართეთ, მაგრამ არავინ არ დაგვეხმარა. არც სამუშაო გვაქვს და არც ფული, რომ  საჭმელი მაინც ვიყიდოთ. შევალ ფეისბუქზე, გატენილია ეს ფეისბუქი, ამას ვეხმარებით, იმას ვეხმარებით. ჩვენთან არავის არაფერი მოუტანია,“ –  ამბობს გელა აბაშიძე.

გულფერ ბასილაძე პენსიონერია. ორი წელია ისიც, როგორც თავად ამბობს, „თხების ფერმაში“ ცხოვრობს. მისი ორივე შვილი ახლა უმუშევარია. ქალის თქმით, პროდუქტები გაუთავდათ, მაგრამ საჭმლის ყიდვისთვის ფული არ აქვთ.

„გვიჭირს, რომ არ გვიჭირდეს, ამ თხის ფერმაში რა გვინდა. ქირა ვერ გადავიხადე. საქორწინო დარბაზში ვმუშაობდი. დავრჩი უმუშევარი. ჩემი მეუღლე თურქეთში დადიოდა, ჩაისა და თხილს  კრეფდა, ახლა ვერ გადადის,“ – ამბობს მზევინარ აბაშიძე.

აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ ხელისუფლების ყურადღება შეიძლება ვერც მომავლში მიიქციონ და შიმშილის პირისპირ აღმოჩნდნენ.

მეწარმეებმა აკრძალული საქმიანობის გასაგრძელებლად განაცხადი უნდა შეავსონ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მთავრობის #181 დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი, საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს ელექტრონული რეგისტრაციის ფორმის შესავსებად.

განაცხადის ფორმის [ინსპექტირების ეტაპი] შევსება შესაძლებელია ამ ბმულზე

იმ მეწარმეებს, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის ფორმის ხელმეორედ შევსება აღარ სჭირდებათ და მათი განაცხადი პრიორიტეტულად განიხილება.

„მეწარმე სუბიექტი ინსპექტირებას მხოლოდ რეგისტრაციის ფორმის შევსების შემდეგ გაივლის. ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რამდენად აქვს მეწარმე სუბიექტს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინების შესრულების შესაძლებლობა.

ინსპექტირების დადებითი შედეგები შესათანხმებლად წარედგინება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის ოპერატიული მართვის შტაბს.

საბოლოო გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა,“ – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/446293/

ხულოში ავარიის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა

გოდერძის უღელტეხილზე უბედური შემთხვევის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა. კაცი ტრაქტორს მართავდა, როდესაც ის ხევში გადაიჩეხა. ადგილზე მისულ სასწრაფოს და სამაშველო სამსახურს ის გარდაცვლილი დახვდა.

გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეებში ცხოვრობდა. ის გოდერძის უღელტეხილზე გზის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდა.

„ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჩაეძინა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ კახაძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ პაქსაძეებში.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ბათუმში ზღვაში ბანაობენ და პლაჟზე ირუჯებიან [ფოტო]

ბათუმში ზღვაში  ბანაობის “სეზონი გაიხსნა”.  პლაჟზე ხალხმრავლობაა. ზღვაში ბანაობენ როგორც ბავშვები, ისე უფროსი ასაკის ადამიანები.

დღეს, 3 მაისს, ბათუმში 17 გრადუსი სითბოა.  ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

ბათუმის სანაპირო დღეს. 3.05.2020 ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმის სანაპირო დღეს. 3.05.2020 ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმის სანაპირო დღეს. 3.05.2020 ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმის სანაპირო დღეს. 3.05.2020 ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმის სანაპირო დღეს. 3.05.2020 ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გაერო: არქტიკის თავზე მარტში გაჩენილი ოზონის რეკორდულად დიდი ხვრელი უკვე დახურულია

არქტიკის თავზე ოზონის შრის შემცირებამ მარტში რეკორდულ დონეს მიაღწია, უდიდესს 2011 წლის შემდეგ, მაგრამ ხვრელი უკვე დახურულია – ინფორმაციას ამის შესახებ  გაეროს მსოფლიო მეტეროლოგიური ორგანიზაცია (World Meteorological Organization (WMO)) ავრცელებს. 

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია განმარტავს, რომ ამ გაზაფხულზე, ოზონის ფენის შემცირებამ არქტიკის დიდ ნაწილებზე უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ოზონის შრის შემცირება კი ნიშნავს იმ ფარის შემცირებას, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე დონისგან იცავს  დედამიწაზე სიცოცხლეს. ეს გამოიწვია ატმოსფეროში ოზონის გამანადგურებელი ნივთიერებების დაყოვნებამ და ძალიან ცივმა ზამთარმა სტრატოსფეროში (ატმოსფეროს ფენა 10 კმ და 50 კმ-ზე ზღვის დონიდან).

ამ ორი ფაქტორის კომბინაციამ ოზონის შრე იმაზე მეტად შეამცირა, ვიდრე ეს 2011 წელს მოხდა. ახლა ვითარება ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა – ოზონის ხვრელი დაკეტილია”, – განაცხადა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კლერ ნულისმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

კითხვაზე, ითამაშა თუ არა რაიმე როლი ამ მოვლენაში პანდემიის დროს დაბინძურების შემცირებამ, კლერ ნულისმა უპასუხა, რომ “ეს სრულებით არ უკავშირდება covid 19-ს” – წერს Reuters-ი. 

“სტრატოსფეროში ტემპერატურის მატებამ გამოიწვია ატმოსფეროს ქვედა ფენებიდა ოზონით მდიდარი ჰაერის ადინება, რის შედეგადაც დაიხურა ოზონის ხვრელი”, – წერია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

მძიმეა ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა, შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა „მედინაში“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

„18 წლის ახალგაზრდა იმყოფება რეანიმაციის დეპარტამენტში მრავლობითი მოტეხილობით. მისი მდგომარეობა მძიმეა“, – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

რაც შეეხება მეორე დაშავებულ ახალგაზრდა კაცს, „მედინაში“ გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამზადებენ საოპერაციოდ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” ონლაინდისკუსიას მართავს

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს 2020 წელს მსოფლიო პანდემიის ფონზე აღნიშნავს.   დღეს, 3 მაისს, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” ონლაინდისკუსიას მართავს.

გადადით ლინკზე  და მოუსმინეთ დისკუსიას.

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და მთიან აჭარაში ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 17-22 გრადუსი სითბო,
  • მთაში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი,
  • ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსი.

ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 5 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 6 და 7 მაისს კი, დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

18 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 3 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 6 205 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 18 მილიონ 615 ათას ლარს გადააჭარბა.

დაჯარიმებულთა სტატისტიკა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 789  პირი დააჯარიმა.

აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 527, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო – 207, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 39 და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 16 პირი.

ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის აღებული გვაქვს ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 ათასი ლარი.

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის -15 000 ლარის ოდენობით.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ამ თემაზე:

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

საქართველოდან უცხოელთა გაძევების პროცედურები შეჩერებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1-ლი მაისის ბრძანებით, შეჩერდა საქართველოდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გაძევების პროცედურები. ეს პროცედურები შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის ვადით და განახლდება ამ მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ის მუხლები/პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს:

  • უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების მიზნით სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენას [შეჩერებული პუნქტები: უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.];
  • საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე [შეჩერებული პუნქტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.];
  • საქართველოდან გასაძევებელი უცხოელისათვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა [შეჩერებული პუნქტი: გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გასაძევებელ უცხოელს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე.];
  • სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის დინება [შეჩერებული მუხლი: „საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით ეძლევა უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ განსაზღვრული გონივრული ვადა – 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო];
  • შეჩერდა ასევე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება [ამ მუხლით, „უცხოელზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოწმობა გაიცემა განმეორებით, იმავე ვადით. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ უცხოელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად.“.

აღნიშნული არ ვრცელდება საქართველოდან გაძევების მიზნით შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებულ უცხოელებზე.

ამასთან, უცხოელის დაკავება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში:

  • თუ ვერ ხერხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე; თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
  • ასევე,  თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ან იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ქვეყნიდან გასაძევებელი იმ უცხოელისთვის, რომელსაც 2020 წლის 14 მარტამდე არ ამოწურვია ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, ამ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

იმ პირისთვის კი, რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის ამოწურული ჰქონდა საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და არ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში აქვს საქართველოში დარჩენის უფლება უცხოელს, რომელმაც ქვეყანა ვერ დატოვა

ბათუმში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა – კორონავირუსი

კორონავირუსისგან ბათუმში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ვირუსი აღარ აქვთ.

“მოვამზადებთ და ცოტახანში გავწერთ,”- უთხრა “ბათუმელებს” კლინიკა “მედალფას” აჭარა-გურიის რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ.

3 მაისის მონაცემებით, აჭარაში სულ 33 პირია ვირუსისგან განკურნებული. კლინიკა “მედალფაში” რჩება 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში აჭარიდან  372 პირს  ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე.  ყველა პირის პასუხი უარყოფითია. გამოკვლეულებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 589-ს მიაღწია. 3 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში 215 შეადგინა.

საქართველოში გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული. Stop Cov.ge-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 066 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 528 პირია.

„ასეთი რამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც კი არ მომხდარა“ – გოგი გვახარია აჭარის მაუწყებელზე

დღეს, 2 მაისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა – EMC-მა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე ონლაინდისკუსია გამართა. დისკუსიის მიზანი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესების პოლიტიკური და მედიაკონტექსტის შეფასება იყო.

დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი კინომცოდნე გოგი გვახარია იყო. გთავაზობთ მისი ონლაინგამოსვლის ერთ მონაკვეთს.

გოგი გვახარია:

“დღეს მოთხოვნილება არის გაზრდილი იმ ჟურნალისტებზე, რომლებსაც შეუძლიათ პროპაგანდის კეთება. რომლებიც დაუფლებულნი არიან პროპაგანდის ტექნიკას. რეჟიმს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ტექნიკა არ იცვლება არცერთი რეჟიმის დროს.  თუ ჟურნალისტი ფლობს ამ ტექნიკას და რაც მთავარია  არ რცხვენია იმის, რომ ფლობს და მუშაობს ამ ტექნიკით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი რეჟიმის დროს იმუშავებს ის. ამ ჟურნალისტებზე მოთხოვნილება არის, განსაკუთრებით არის არჩევნების წინ. ახლა ვართ ზუსტად არჩევნების წინ. ამიტომ, ჩემი აზრით ბუნებრივიცაა ის რაც ხდება და გრძელდება ახლაც აჭარის მაუწყებელში.

მე არ მიკვირს რაც ხდება სატელევიზიო მედიაში და კონკრეტულად აჭარის მაუწყებელში. სრულიად მოსალოდნელი იყო ეს. როგორც კი ნათია კაპანაძეს თანამდებობა დაატოვებინეს. მაშინ რადიო „თავისუფლებამ“ აღარ გააგრძელა ჩვენი პროგრამა. მე ვიცი რომ აჭარის ტელევიზიაში ბევრს ეწყინა და გული დაწყდა. გვირეკავდნენ, გვეკითხებოდნენ, რატომ ვთქვით უარი პროგრამის გაგრძელებაზე. უბრალოდ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ახალი მენეჯმენტი ამ ჩვენს გადაცემას ეთერში არ დატოვებდა. ცხადია თვალს ვადევნებდით დირექტორის არჩევნებს და ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში აბსოლუტურად დავრწმუნდით, როდესაც ბატონი კოხრეიძე დირექტორის გახდა. იმიტომ, რომ ეს ბატონი კოხრეიძე სწორედ ის ადამიანის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო როდესაც „წითელი ზონა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა დახურა, ისევე როგორც სალომე ასათიანის გადაცემა დახურეს. იმხანად, როდესაც ნათია კაპანაძემ თანამშრომლობა შემოგვთავაზა და ეს გადაწყვეტილება მან დირექტორად არჩევისთანავე მიიღო, ზუსტად ვიცით რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტის რეაქცია იყო მკვეთრად უარყოფითი.

შეგიძლიათ ჰკითხოთ მას [ნათია კაპანაძეს], რას მოითხოვდნენ მისგან, როგორ შეუზღუდეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წვდომა არქივებში. შეიძლება ითქვას უბრალოდ დასაჯეს მაშინ.

მაგრამ ნათია კაპანაძემ ბოლომდე გამოიჩინა პრინციპულობა და ახლა მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას მადლობა.

ამას პირველად ვამბობ დღეს, იმ პერიოდში ჩვენ სხვა ტელევიზიებისგანაც გვქონდა შემოთავაზება. შემოთავაზება გვქონდა „რუსთავი 2“ -სგანაც. ჩემთვის იყო ძალიან პრინციპული საკითხი, რომ გადაცემა გასულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ძალიან მომწონდა თავიდანვე ნათია კაპანაძის დაწყებული რეფორმები.

ბევრი დამეთანხმება ალბათ რომ აჭარის ტელევიზია მაშინ გახდა ისეთი, როგორიც უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. გარდა იმისა რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა მართლა ხალხის ტელევიზია, ეს იყო ღირებულებებზე აგებული ტელევიზია. უბრალო მაყურებლის ინტერსები იყო ამ ტელევიზიაში გათვალისწინებული. შემთხვევითი არაა რომ ნათია სულ ამას ამბობდა – ვმუშაობთ საზოგადოებისთვის.

ბევრი ვარიანტი წარმოვიდგინე, მაგრამ ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ კარგ ტელევიზიასთან ბრძოლა, მისი გადაქცევა ხელისუფლების რუპორად, როგორც ახლა ხდება,  რიგითი თანამშრომლების უფლებების დარღვევის  ხარჯზე მოხდებოდა.

ეს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც კი არ მომხდარა ასე. ასე უხეშად, ასე რადიკალურად, მე ვიტყოდი ასე ვულგარულადაც კი, როგორც მოხდა აჭარის ტელევიზიაში”.

 

ვისაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ მიექანება

ავტორი: ესმა გუმბერიძე

რუსეთი ავტორიტარიზმისკენ რომ მიექანება, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ არის ხალხი, ვისაც არ უნდა ამის დაჯერება. უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს ეს, ფაქტებით უნდა ავხსნათ. სახელმწიფოს კონსტიტუცია საჯარო განცხადებაა იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. როგორც წესი, კონსტიტუცია უფრო ხედვაა, ერთგვარი იდეალი, პრაქტიკა კი კიდევ უფრო მძიმე არის ხოლმე. კონსტიტუციაში ისეთ რამეს არ ჩაწერ, რაც არ გინდა, ყველამ რომ გაიგოს და გაგკიცხოს. ამიტომ კონსტიტუციის შეფასება გვაჩვენებს, მინიმუმ რა პრობლემები ექნება ამა თუ იმ ქვეყანას.

რუსეთი თავს დემოკრატიულ სახელმწიფოს უწოდებს. ეს კონსტიტუციის პირველივე წინადადებებში წერია, თუმცა ის, რაც შემდეგ მუხლებშია, ამ ხმამაღალ განაცხადს პირდაპირ გამორიცხავს. ხშირად ღირებულებების დასაცავად მათ ხმამაღლა დეკლარირებაზე უფრო მნიშვნელოვანია დაცვის რეალური მექანიზმების შექმნა, დეკლარირებულის აღსრულების ხელშემწყობი წესების შემუშავება.

ამ სტატიაში ავღწერ რუსეთის კონსტიტუციაში არსებულ ავტორიტარიზმის განმაპირობებელ ყველაზე თვალსაჩინო ნორმებს, იმას, რისი შემჩნევაც შესაძლებელი იქნებოდა სამართლის ბაკალავრისთვის ერთ ღამეში კონსტიტუციის ორჯერ წაკითხვით, სამეცნიერო კვლევების, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების, განცხადებების, სასამართლო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების კონსტიტუციების გაცნობისა და შედარებითი სიღრმისეული ანალიზის გარეშე. დემოკრატიის პირდაპირ გამომრიცხავ დებულებათა მიმოხილვის გარდა, გაგაცნობთ რამდენიმე ნეიტრალურ დაკვირვებასაც, ანალიზისა და შეფასების გარეშე, რომელთა მიმართაც კონკრეტული პოზიცია არ მაქვს. აღვწერ იმას, რაც ზედაპირზევე დევს. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უამრავი მომენტი გამომეპარა.

  • ეს პირდაპირ ავტორიტარიზმს არ ეხება, თუმცა საქართველოსთვის საინტერესო ფაქტად ჩავთვალე: 67-ე მუხლის თანახმად, რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ქონებაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის საკუთრებაში იყო, სამართალმემკვიდრეობას რუსეთი ახორციელებს.
  • მუხ.3.2. მიხედვით ხელისუფლების წყარო ხალხია, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მოქალაქეებს არ აქვთ. ამავე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, არავის შეუძლია ხელისუფლების მისაკუთრება, მაგრამ ახლანდელ პრეზიდენტს რატომღაც მისცეს უფლება, 2036 წლამდე იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე.
  • რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და ხელს უწყობს მსოფლიოში სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის გატარებას. მოკლედ თავისი საგარეო პოლიტიკით ის თავისივე კონსტიტუციას არღვევს.
  • მუხ. 7 სიტყვა „ინვალიდი“ (invalid: ლათინურად უსარგებლო, უმოქმედო) ჯერ კიდევ პირდაპირ ქვეყნის მთავარ კანონში უწერიათ.
  • 2 ამ მუხლის თანახმად, სიკვდილით დასჯა სრულ გაუქმებამდე შესაძლოა წესდებოდეს ფედერალური კანონმდებლობით. სიკვდილით დასჯა რუსეთის კონსტიტუციით პირდაპირ რომ არ არის აკრძალული, ძალიან გამიკვირდა. რუსეთი ხომ ევროპის საბჭოს წევრია. თანაც წელს მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმა მიმდინარეობს. მე სწორედ ახლა მისაღებ ვარიანტს განვიხილავ. გასაკვირია, რომ სხვა ცვლილებებს სიკვდილით დასჯის აკრძალვაც არ მიაყოლეს და არ შეიტანეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მისი შემოღების და დამკვიდრების შესაძლებლობის ბოლომდე გამორიცხვა არ სურთ.
  • 2 მიმოწერის და პირადი საიდუმლოების უფლების შეზღუდვა შესაძლოა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ რა შემთხვევაში, მითითებული არაა, თუნდაც ფართო მიზანი, როგორიც შეიძლება იყოს მძიმე დანაშაულის თავიდან აცილება ან გამოძიება. ეს რაღაცა შემთხვევაში მაინც გამორიცხავდა მოსამართლის თვითნებობას. მით უმეტეს, რომ მოსამართლეთა დიდ ნაწილს, როგორც შემდგომში ვნახავთ, პრეზიდენტი ან პირდაპირ ნიშნავს ან დიდ გავლენას ახდენს მათ დანიშვნა-გადაყენებაზე.
  • 3. ამ და ადამიანის უფლებების სხვა მრავალ მუხლში უფლების შეზღუდვის საგამონაკლისო შემთხვევათა ჩამონათვალში შეზღუდვათა დაწესების კრიტერიუმად არ არის მითითებული, რომ შეზღუდვა აუცილებელი, საჭირო და სასარგებლო უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს ფორმულირება ნიშნავს, რომ გამოყენებულ უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლებად შემზღუდველი წესი, რაც შეიძლება, ნაკლები დროით.
  • 67–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს ისტორიული სიმართლის დაცვას. „სამშობლოს დაცვისას ხალხის ღვაწლის დაკნინება დაუშვებელია“. აი ეს უკანასკნელი დებულება კი წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს ამავე კონსტიტუციაში გაწერილ ცენზურის აკრძალვასთან. კონკრეტული ისტორიული ფაქტებისა და პროცესების საკრალიზაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ისტორიასთან დაკავშირებული დისკუსიის თავისუფლებას.
  • 2 რუსეთის პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელსაც ოდესმე ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც მთლიანად ან რომლის ნაწილიც მიღებულ იქნა რუსეთის შემადგენლობაში. ესეც აწ უკვე ოკუპირებული ყირიმისა და, ვინ იცის, კიდევ პოტენციურად დასაპყრობი რომელი ქვეყნების მკვიდრთათვის განკუთვნილი საკენკია, რომ თეორიულად მათაც შეეძლებათ ტერიტორიით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტობა.
  • 3.1 ეს მუხლი პუტინს აძლევს საშუალებას, იყოს პრეზიდენტი 2036 წლამდე. ამ მუხლის მიხედვით პრეზიდენტი აირჩევა 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე პირს შეუძლია არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. თუმცა აქვეა შენიშვნაც, რომ ვადების ათვლა არ ვრცელდება მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაზე. პირს, რომელიც ამჟამად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, უფლება ექნება კენჭი იყაროს მიმდინარე ვადის გასვლის შემდეგ და ის პირველ ვადად ჩაეთვლება. არ ვიცი, ნუთუ შიშობენ, რომ შემდეგი 16 წლის განმავლობაში 140 მილიონიან ქვეყანაში ამ ერთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესაბამის კადრს ვერ იპოვიან? აკი ძალაუფლების მითვისება კანონით ისჯებაო?
  • 81–ე მუხლი პრეზიდენტს არც კომერციულ საქმიანობას უკრძალავს, არადა სახელმწიფო დუმის (ფედერალური კრების ქვედა პალატაა) დეპუტატებს ეს აკრძალვა კონსტიტუციის 97.3 მუხლით აქვთ დაწესებული.
  • პრეზიდენტი დასამტკიცებლად ფედერალურ კრებას (საკანონმდებლო ორგანოს) წარუდგენს ცენტრალური ბანკის (ჩვენი ეროვნული ბანკის ანალოგია) საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა, მათი მოადგილეების, ასევე მოსამართლეთა კანდიდატურებს და თავისით ნიშნავს და ათავისუფლებს ყველა სხვა სასამართლოს თავმჯდომარეებსა და მოსამართლეებს; ფედერალურ საბჭოსთან (ფედერალური კრების ზედა პალატა) კონსულტაციის გავლით ნიშნავს და ათავისუფლებს მთავარ პროკურორს, მის მოადგილეს, ფედერაციის სუბიექტთა, ასევე სამხედრო პროკურორებს და თავისი ნებით ნიშნავს და ათავისუფლებს სხვა დანარჩენ პროკურორებს. აქვე წარუდგენს ფედერალურ საბჭოს გადასაყენებელ მოსამართლეთა სიებს. ყოველივე ეს იმის ფონზე, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით არც პარტიული საქმიანობა ეკრძალება (არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე კონსტიტუციით პრეზიდენტი სახელდება სახელმწიფოს მეთაურად და მთავარ აღმასრულებლად). სახელმწიფო დუმას და ფედერაციის საბჭოს წარუდგენს გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილისა და აუდიტორთა ნახევრის კანდიდატურებს. ფედერალურ კრებას, რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი ნებით არ შეუძლია ზემოთჩამოთვლილ თანამდებობებზე პირთა კანდიდატურების განსაზღვრაც კი. პრეზიდენტი დასამტკიცებლად ვის წარუდგენს? იმათ, ვინც მას აწყობს. აქვე ვიტყვი, რომ რუსეთის კონსტიტუციის პირველივე მუხლები (მაგ. მე–10) მოითხოვს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, თუმცა პრეზიდენტი მოსამართლესაც რომ ნიშნავს, მინისტრსაც, პროკურორსაც, აუდიტორსაც, რომლის მოვალეობაც ისევ მთავრობის/აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ თანხების ხარჯვაზე კონტროლია, თან როგორც შემდგომ ვნახავთ, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში (ფედერალურ საბჭოში) 30-მდე სენატორის დანიშვნის უფლებაც აქვს, ხელისუფლების დანაწილებაზე, გაწონასწორობასა და ურთიერთგადამოწმებაზე საუბარი აღარაა.
  • 85-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი განიხილავს და მედიატორობს დავებს ფედერალურ და რეგიონულ სახელმწიფო ორგანოთა შორის. დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში მას შეუძლია, ის განსახილველად გადასცეს სასამართლოს. 85.2 მუხლით პრეზიდენტს უფლება აქვს, შეაჩეროს ფედერაციის სუბიექტთა აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტების მოქმედება, თუკი ისინი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას შესაბამისი სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე (ანუ პრაქტიკულად პრეზიდენტს სასამართლო განჩინების გამოტანის უფლება აქვს).
  • 1 პრეზიდენტი, რომელსაც ამოეწურება ვადა ან რომელიც ვადამდე ადრე შეწყვეტს უფლებამოსილების განხორციელებას საკუთარი განცხადებით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის გამო, ხელშეუხებელია. 93–ე მუხლის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტისთვისაც კი იმუნიტეტის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის წარდგინებითა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ მის ქმედებებში იკვეთება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ან სხვა მძიმე დანაშაული. კორუფციისა და ნეპოტიზმის ზოგიერთი შემთხვევა, მაგალითად, შესაძლოა, მძიმე დანაშაულად არ კვალიფიცირდებოდეს, შესაბამისად მათი ჩადენის შემთხვევაშიც კი ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, დაუსჯელი დარჩეს. უმაღლესი თანამდებობის პირთა იმუნიტეტი/ხელშეუხებლობა დემოკრატიულ სახელმწიფოებში ემსახურება მათ მიერ მოვალეობათა შეუფერხებლად შესრულების მიზანს; რომ არ იყოს მარტივი სამართლებრივი გადატრიალების მოწყობა, მაგ. არჩევითი თანამდებობის პირთა დაკავება, რათა არ ხდებოდეს დანიშნულ ძალოვანთა მიერ პირდაპირ სამუშაო კაბინეტიდან, გასამართლება და დასჯა. ამ დროს დიდია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩეულ თანამდებობის პირთა ძალოვან სტრუქტურათა მიერ დაშინების რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს იმუნიტეტი. და ვადის ამოწურვის ან გადადგომის შემთხვევაში რაღაა ხელშეუხებლობის მიზეზი, თანაც ასეთი უპირობო? მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციით ყოფილ პარლამენტარსაც არ შეიძლება მოეთხოვოს პასუხისმგებლობა პარლამენტში ყოფნისას მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა გამო, ასევე არ შეიძლება მოეთხოვოს, გასცეს ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც პარლამენტარს, გაანდეს. მაგრამ ეს ემსახურება კონკრეტულ ინტერესს, რომ ყოფილ პარლამენტართა დევნა არ დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით, მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა გამო და იმისთვის, რომ სხვათა უფლებები იყოს დაცული, ვინც დეპუტატს გაანდო კონფიდენციალური ინფორმაცია იმ იმედით, რომ ის მას არ გასცემს. პრეზიდენტისთვის მის მიერ თანამდებობის დასრულების შემდეგ ზოგადი/ბლანკეტური ხელშეუხებლობის მინიჭება დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობასა და მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობას სცემენ პატივს, ყოვლად გაუმართლებელია.
  • ფედერაციის საბჭოში სენატორის პოზიციას ავტომატურად იკავებს ყოფილი პრეზიდენტი. პრეზიდენტს ასევე აქვს უფლება, მიანიჭოს სენატორის წოდება არაუმეტეს 30 პირს, მათგან მაქსიმუმ 7-ს – სამუდამოდ.
  • 104-ე მუხლი საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას არ ანიჭებს მოქალაქეებს, 134–ე მუხლი კი არც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივის უფლებას აძლევთ მოქალაქეთა ჯგუფებს.
  • თუკი პრეზიდენტი მიიჩნევს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არაკონსტიტუციურად, მას შემდეგ, რაც ვეტო დაიძლევა, მას აქვს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონი არ ამოქმედდება. ეს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩევით კოლეგიალურ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებს. გამოდის, რომ პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა კანონმდებლებს ძალიან გაუჭირდებათ, თუნდ ისინი უფრო მეტნი არიან რაოდენობრივად (პარლამენტი ხომ დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის გამომხატველი ორგანოა).
  • თუკი სახელმწიფო დუმა 3–ჯერ უარყოფს პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ მთავრობის თავმჯდომარის, ასევე რამდენიმე მინისტრის კანდიდატურას, პრეზიდენტი თავად ნიშნავს მთავრობის თავმჯდომარეს. ასევე აქვს უფლება, დაითხოვოს დუმა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. აქვე ვიტყვი, რომ დუმის დეპუტატთა არჩევის წესი კონსტიტუციაში გაწერილი არაა. (მაჟორიტარული თუ პროპორციული. 96.2 მუხლი მიუთითებს, რომ დუმის წევრთა არჩევისა და ფედერაციის საბჭოს დაკომპლექტების წესს ფედერალური კანონმდებლობა განსაზღვრავს).
  • დუმის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის ზედიზედ ორჯერ გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს მთავრობა ან დუმა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. 117.4 მთავრობის თავმჯდომარეს (იგივე პრემიერ–მინისტრია) უფლება აქვს, დუმის (საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატა) წინაშე დასვას მთავრობის უნდობლობის საკითხი. თუკი დუმა მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს მთავრობა ან სახელმწიფო დუმა. ანუ მთავრობის წევრთა უმრავლესობის კანდიდატურებს პრეზიდენტი წარადგენს, რითიც პარლამენტს უზღუდავს არჩევანს, მერე თუ არ დაამტკიცებენ – პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს. პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობით რომ უცხადებს დუმა უნდობლობას მთავრობას, აქაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეუძლია. დათხოვნის ამხელა საფრთხის წინაშე რომელი საპარლამენტო შემადგენლობის უმრავლესობა იქნება ისეთი გამბედავი, რომ პრეზიდენტის ნებას აღუდგეს წინ?
  • 5.ბ საკონსტიტუციო სასამართლო ფედერალური კანონმდებლობის საფუძველზე განიხილავს საერთაშორისო ორგანიზაციათა და სასამართლოთა, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. ეს ნორმა პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთისადმი საერთაშორისო მექანიზმთა ქმედითობას. საერთაშორისო სასამართლოს, არბიტრაჟსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანოებისადმი მიმართვის უფლება მოქალაქეებს ხომ მხოლოდ ყველა შიდა ეროვნული სამართლებრივი მექანიზმის ამოწურვის შემდეგ აქვთ. ანუ თუ აღმოჩნდა, რომ ქვეყნის შიგნით სამართალს ვერ პოულობ, მიმართავ საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებს შენი უფლებების დასაცავად, მაგრამ შემდეგ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ მაინც არ აღსრულდება – მათ ჯერ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს. მაშ რაღა აზრი აქვს საერთაშორისო სტრუქტურისადმი მიმართვას? ბარემ ისევ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოთი მოუწევს მის მოქალაქეს უფლების დასაცავ მექანიზმთა ამოწურვა. საერთაშორისო მექანიზმი იმისთვის არსებობს, რომ ცუდად მომუშავე შიდა ეროვნული სასამართლო სისტემის მიერ დარღვეული ადამიანის უფლებები დაიცვას და თუ ამგვარ დაცვას მაინც შიდა დამოწმება სჭირდება პრობლემური სისტემის მიერ, ეს აზრს კარგავს.
  • რუსეთის საკმაოდ ვრცელი კონსტიტუციაში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე, ბავშვების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე (მუხ. 67.4), ტრადიციული ოჯახური ღირებულებებს დაცვაზე (მუხ. 114.1.ბ) და მისთ. გასაკვირია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობათა/მუნიციპალიტეტთა მოწყობაზე საკმაოდ ცოტა რამაა ნათქვამი. მაგ. არ არის გაწერილი მუნიციპალური საკანონმდებლო ორგანოების (რასაც ჩვენთან საკრებულო ეწოდება) დაკომპლექტების წესი. რუსეთის კონსტიტუცია იცნობს ფედერაციაში შემავალი რეგიონების (ფედერაციის სუბიექტების) მრავალრიცხოვან სტატუსებს (რესპუბლიკა, მხარე, ფედერალური მნიშვნელობისა და დანიშნულების ქალაქი, ოლქი, ავტონომიური ოლქი, ავტონომიური რაიონი/უბანი). ამ სტატუსთან ჩამონათვალი მოცემულია 66–ე და მე–5 მუხლებში. 65–ე მუხლიდან ჩანს, რომ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი სუბიექტი შეიძლება შედიოდეს სხვა სუბიექტის შემადგენლობაში. თუმცა დეტალურად ეს მიმართებები კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული. უბრალოდ მითითებაა, რომ მსგავს სუბიექტთა შორის ურთიერთობა, კომპეტენციათა გამიჯვნა რეგულირდება მათ შორის დადებული შეთანხმებით. კონსტიტუციაში ასეთი სიტყვაძუნწობა ფედერალური მოწყობის დეტალებთან დაკავშირებით ამ მოწყობას არაგანჭვრეტადს ხდის. არათანმიმდევრულობა შეინიშნება სუვერენიტეტის ცნების გამოყენებასთან მიმართებაშიც. 67–ე მუხლის მე–2 ნაწილში წერია, რომ რუსეთი სუვერენულ უფლებებს ახორციელებს, მათ შორის კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაშიც. აქ სიტყვას „სუვერენული“ ის გაგება აქვს, რაც საყოველთაოდაა ცნობილი, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ფლობს ძალაუფლებას, როგორც მის შიდა მართვასთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებითაც. კონსტიტუციის მე–2 განყოფილების 1–ლ მუხლში კი რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებსაც „სუვერენული“ ეწოდება. ამ რესპუბლიკებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ თავიანთი საგარეო ურთიერთობების რუსეთისგან დამოუკიდებლად წარმართვის უფლება. ესეც ამ კონსტიტუციის არაგანჭვრეტადობასა და ერთგვარ ტყუილზეც მიგვანიშნებს. ე.წ „სამხრეთ ოსეთსაც“ სთავაზობდნენ რეფერენდუმის ჩატარებას კითხვით, სურთ თუ არა „დამოუკიდებლობა და რუსეთთან მიერთება“. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მეორე ცნება ურთიერთგამომრიცხავია. არ შეიძლება, თან სუვერენული/დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და თან სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდე.
  • ანექსირებული/ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობის სიამაყესაც უყრის ეს კონსტიტუცია ერთგვარ საკენკს. 65–ე მუხლის თანახმად, სევასტოპოლი, მოსკოვთან და სანკტ-პეტერბურგთან ერთად, იწოდება ფედერალური მნიშვნელობის ქალაქად. კიდევ ერთი – ქალაქს ძველი სახელი სანკტ-პეტერბურგი კი დაუბრუნდა, მაგრამ მის შემოგარენს ისევ ლენინგრადის ოლქი ეწოდება ამავე 65–ე მუხლის თანახმად.
  • აღსანიშნავია, რომ რუსეთის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს, მთავრობისა და ფედერალური კრების წევრს, ფედერაციის სუბიექტის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს (მაგ. გუბერნატორი), ომბუდსმენს, მოსამართლეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს და მაღალი თანამდებობის სხვა რამდენიმე პირს ეკრძალებათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ან იქ მუდმივი ბინადრობის ნებართვის ქონა. ასევე რუსეთის საზღვრებს მიღმა არსებულ ბანკებში ანაბრების ქონა ან ძვირფასეულობის შენახვა. ამ შეზღუდვათა მიზანი თანამდებობის პირთა უცხოურ გავლენებისგან განთავისუფლება უნდა იყოს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემაც, პროკურატურაც, აუდიტის სამსახურიც, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველმყოფი ცენტრალური ბანკიც პრაქტიკულად ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის, ხელშია მოქცეული, ფინანსების უცხო ქვეყნებში გატანის აკრძალვა, მოხელეთა დავალდებულება, ანაბრები ისევ ქვეყნის შიგნით მდებარე ბანკებს მიანდონ, გაზრდის მათს დამოკიდებულებას ძალაუფლების მქონე პრეზიდენტზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის კონსტიტუციით განსაზღვრული წესები დემოკრატიას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ამ წყობილებას მაინც ეწოდება დემოკრატია. შეიძლება, ეს შეგნებულადაცაა გაკეთებული, ადამიანებს დემოკრატიაზე გული რომ აუცრუვდეთ – თქვან, არ ვარგაო. ნიჰილიზმის ფონზე კი რეჟიმის უფრო გატოტალიტარულებაც მარტივი იქნება და გადიქტატორებაც. უკვე საკმარისად მოიპოვებიან რუსეთში საბჭოთა კავშირის დაბრუნების მქადაგებლები, „გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღების“ მეხოტბეები (დემოკრატია კი სისწრაფეს ვერ უზრუნველყოფს, რადგანაც დემოკრატიულ წყობილებაში გადაწყვეტილების მიღება უფრო ძნელია, უფრო მეტი ადამიანის ხელში უნდა გაიაროს). ეს სტატიაც იმას ემსახურება, რომ უკეთ დავინახოთ, თუ როგორ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. ისტორიულად ცნობილია, რომ დამპყრობელი იმპერიები საგარეო ექსპანსიის დაწყებამდე ცდილობდნენ, ქვეყნის შიგნით დაეთრგუნათ რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი ელემენტები. რუსეთის კონსტიტუცია კი ქმნის ძალაუფლების მონოპოლიზაციისთვის წინაპირობებსა და ნიადაგს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებით, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების აღმასრულებლისადმი დაქვემდებარებით.

[toggle title=”ბმული”]კონსტიტუციის ტექსტი, რომელსაც ვეყრდნობოდი სტატიის დაწერისას, განთავსებულია ამ ბმულზე: https://www.vedomosti.ru/society/articles/2020/03/10/824662-konstitutsiya-polnii-tekst-popravkami?fbclid=IwAR2CheUeFRc1oPGXIgPx1kikZPBzgNanCkId2wVUmwveCj8IbnWpLpvents[/toggle]

____

ავტორის შესახებ: იურისტი ესმა გუმბერიძე არის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 

ესმა გუმბერიძე

 

როგორ მართავს პოლიციის ყოფილი უფროსი მერიის ა(ა)იპ-ის

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან საჯარო სივრცეში ერთხელ გამოჩნდა, ისიც საკრებულოს იმ სხდომაზე, როცა მისი სამსახურის საჯარიმო ოქმების ფორმები დაამტკიცეს. მანამდე მასთან გასაუბრება ბევრჯერ ვცადეთ – მისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ აპირებდა ახალი სამსახურის ფორმირებას, თუმცა უშედეგოდ. ურეხის პოლიციის ყოფილი უფროსი, საჯაროობაზე კანონით დადგენილ მოთხოვნებს პრაქტიკულად უგულებელყოფს, არადა ორგანიზაციის ბიუჯეტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, 3,5 მილიონ ლარამდეა.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომელსაც არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს, 176 პირია დასაქმებული. ახალი საზედამხედველო ა(ა)იპის შექმნის ინფორმაციის დაანონსებისთანავე, ბათუმის მერიაში თქვეს, რომ აქ გაერთიანდებოდა მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. გარდა ამისა, „ეფექტური მუშაობისთვის“ საჭირო იქნებოდა სპეციალისტების დამატებაც.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ იკითხა, რამდენი შტატის დამატება დასჭირდებოდა მერიას ახალი ა(ა)იპისთვის [იმ ადგილების გარდა, რასაც მერიაში, საზედამხედველო სამსახურებში უკვე დასაქმებული პირები შეავსებდნენ], როგორ შეარჩევდა მერი ამ პირებს, კონკურსით თუ კონკურსის გარეშე? თუმცა, მერიამ ვერც ა(ა)იპ-ის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაჟღერების და ვერც მისი დამტკიცების შემდეგ ვერ დაასახელა ციფრები, თუ რამდენი ახალი შტატი დასჭირდებოდა.

ინფორმაციის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, ინსპექციაში ბათუმის მერიიდან 138 პირი გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ინსპექციაში 176 პირი მუშაობს, ამათგან 66 პირი ხელშეკრულებითაა აყვანილი.

ახალი აიპის ბიუჯეტი 3 მილიონ 400 ათასი ლარია, აქედან ორ მილიონამდე ლარი ხელფასების ნაწილში გაითვალისწინეს.

ახალი აიპი აერთიანებს ადმინისტრაციას ოთხი განყოფილებით და სამ სამსახურს თავიანთი განყოფილებებით. დირექტორს მართვაში სამი მოადგილე ნოშრევან საგინაძე, თენგო მესხიძე და ბესო ცეცხლაძე ეხმარებიან. დირექტორის ხელფასი 2900 ლარია, მოადგილეების ხელფასების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

ცოტა ხნის წინ არჩილ კონცელიძეს ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია [აქამდე მას ამის ვალდებულება არ ჰქონდა]. დეკლარაციის მიხედვით, ის არ ფლობს ბინას ან სახლს საკუთრებაში და სხვა რაიმე სახის ქონებას. მან დეკლარაციაში ჩაწერა მხოლოდ 2019 წელს შეძენილი ავტომანქანის შესახებ, რომელიც 9500 დოლარად შეუძენია.

თუმცა, დეკლარაციაში ჩანს, რომ არჩილ კონცელიძის დედას ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე აჩუქეს 549 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი და 130 კვადრატული მეტრი სარდაფი იმავე მისამართზე.

მთავარი ფოტო: არჩილ კონცელიძე – მარჯვნიდან პირველი

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

EMC-ის ონლაინდისკუსია აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე

„აჭარის მაუწყებელი – პოლიტიკური და მედია კონტექსტი“ – ამ თემაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC დღეს, 2 მაისს, დისკუსიას მართავს.

დისკუსია ლაივ ეთერში ამ წუთებში [19:10] EMC-ის ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს.

მომხსენებლები არიან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, კინომცოდნე გოგი გვახარია და მედიამკვლევარი ლაშა ქავთარაძე.

დისკუსიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე.

„აბა, მინისტრმა რომ თქვა, ფქვილი 51 ლარიო“ – რა ღირს პურის ფქვილი ბათუმში

„პურის ფქვილი 58 ლარი ღირს, 3-4 ლარით გაძვირდა… 51 ლარი მხოლოდ ერთი ფირმის პურის ფქვილი ღირს, „კარმენი“ ჰქვია, მაგრამ არ გვაქვს, არავის არ აქვს, ვერ ნახავთ…“ – გვითხრეს ბათუმის ავტოსადგურთან ახლოს სავაჭრო ჯიხურებში, სადაც ტრადიციულად პურის ფქვილი ქალაქში ყველაზე იაფად იყიდება. აქ უკვე ყველა მყიდველს აღიზიანებს 51-ლარიან პურის ფქვილზე საუბარი, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრისგან დასახელებულ 51 ლარს მოვაჭრეებს აქ იშვიათად გამოჩენილი ყველა კლიენტი იხსენებს.

პურის ფქვილის ერთი ტომარა რომ 51 ლარი უნდა ღირდეს, ეს დაპირება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გასულ კვირას, უფრო ზუსტად კი 23 აპრილს გასცა. ამ დროისთვის მთავრობას უკვე გამოყოფილი ჰქონდა სუბსიდია იმისთვის, რომ ხორბლის იმპორტიორებს ფასი შეენარჩუნებინათ. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პურიც არ უნდა გაძვირდეს, რადგან პურის მცხობელ კომპანიებს ბუნებრივი აირი 10 თეთრით გაუიაფეს.

„51 ლარი ღირს მარტო „კარმენი“, თუ იყიდი გორში, ან მარნეულში… აქ ჩამოტანის ფასი ემატება და 53 ლარად იყიდება,“ – განმარტავენ მოვაჭრეები. ზოგიერთი მოვაჭრე ამბობს, რომ „კარმენი“დაბალი ხარისხის ფქვილია და ამიტომაც მას მყიდველი არ ჰყავს, მეორე ნაწილი გვარწმუნებს, „კარმენი“ ფურნეს ფქვილიაო.

„არ არის მყიდველი, აი, გამოჩნდა ვინმე, ამდენს რომ გესაუბრებით? ხალხი სოფლიდან ვერ ჩამოდის. პურის ფქვილს ძირითადად სოფლებში ყიდულობენ, თორემ ქალაქში ვინ აცხობს პურს?“ – კითხულობს ზვიად დიასამიძე.

ერთი ტომარა პურის ფქვილი ბათუმის ავტოსადგურთან საშუალოდ 56-58 ლარი ღირს, საუკეთესო ხარისხის, რასაც მოვაჭრეები „ექსტრა ფქვილს“, ან „ნამცხვრის ფქვილს ეძახიან“ – 60 ლარი ღირს. მოვაჭრეების თქმით, პურის ფქვილის ფასი პანდემიის დაწყებამდე გაძვირდა და მას შემდეგ აღარ გაიაფებულა.

მთავრობამ 24 მარტს გამოაცხადა, რომ ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო – ამ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამავე თემაზე:

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

საქართველოს 5 მოქალაქე ბოსნია და ჰერცეგოვინადან სამშობლოში ბრუნდება – საგარეო

იმისთვის, რომ საქართველოს ხუთი მოქალაქე ბოსნია და ჰერცეგოვინადან საქართველოში დაბრუნებულიყო, მათ ხუთი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა მოუწიათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს 5 მოქალაქე ქალაქ გრუდეში იმყოფებოდა, საიდანაც ბოსნია და ჰერცეგოვინას მიერ დაწესებული მკაცრი საკარანტინო  შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეების ქვეყნიდან გამოყვანა ანკარაში საქართველოს საელჩოს დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ანკარაში საქართველოს საელჩომ, რომელიც ასევე აკრედიტებულია ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოსნიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საჭირო სპეციალური ნებართვის მოპოვება.

ამ ნებართვის მოპოვების შემდეგ მოქალაქეები ქალაქ გრუდედან სერბეთის საზღვრამდე მივიდნენ. სერბეთიდან საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უზრუნველყო მოქალაქეების ტრანსპორტირება და შესაბამისი ნებართვების მოპოვება უნგრეთის საზღვრამდე გადაადგილებისთვის.

შემდეგ უნგრეთში საქართველოს საელჩომ მოქალაქეები გადაიყვანა ავსტრიაში, ქალაქ ვენაში. 1-ელ მაისს ხუთივე მოქალაქე ვენიდან ავიარეისით გაფრინდა ბელორუსში, მინსკში. მინსკიდან კი ერევანში. ერევნიდან ისინი სომხეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული დერეფნის საშუალებით დააბრუნეს სამშობლოში.

აჭარაში გამოკვლეული 382 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარიდან 382 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. მათგანც არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 2 მაისს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ მიაწოდა.

„ჯერჯერობით სიტუაცია გვაქვს სტაბილური და ვიმედოვნებთ ახალი შემთხვევები გვექნება მინიმალური და ერთეული შემთხვევები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ გვაქვს კარგი სიტუაცია, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემდგომი განვითარების პროგნოზი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში სულ 4300 მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და მათ შორის დაახლოებით 1000 იყო სამედიცინო პესონალის წარმომადგენელი

„მიმდინარეობს რისკის ჯგუფების ტესტირება და ეს პირველ რიგში გახლავთ სამედიცინო პერსონალი. აუცილებლად ჩავერთვებით თავშესაფრის მობინადრეებისა და პერსონალის ტესტირებაში. ასევე საკარანტინე სივრცეში დასაქმებული პერსონალის ტესტირებაში.

მომდევნო  პერიოდში მიზნობრივი ჯგუფების მოცულობა გაიზრდება და შესაბამისად ტესტირების რაოდენობაც იქნება გაზრდილი,“ – განმარტა ნინო ნიჟარაძემ.

2 მაისის მდგომარეობით ბათუმში  კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

2 მაისის დილის მონაცემებით ცხელების კლინიკებში ჯამურად არის 40 პირია მოთავსებული და  დღის განმავლობაში მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

აჭარაში სულ 31 ადამიანი განიკურნა ვირუსისგან.

ნიგერიაში 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია.

ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა.

ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი აღარ აქვს, კლინიკიდან ვერ წერენ

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი მეორე საკონტროლო კვლევით არ უდასტურდება, კლინიკიდან ვერ წერენ.

როგორც ჟურნალისტებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განმარტა, პირს სხვა ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც ის კლინიკაში რჩება.

გვყავს მძიმე პაციენტი, რომელსაც მეორადი საკონტროლო კვლევით კორონავირუსი არ უდასტურდება. თუმცა მას აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები და ისეთი კლინიკური გამოხატულება, რაც არ აძლევს ექიმებს საშუალებას, რომ განკურნებულში გაიყვანონ და კლინიკიდან გაწერონ. ამიტომ ის ამ ნარჩენი მოვლენების გამო განაგრძობს კლინიკაში მკურნალობას,“ –  განმარტა ნინო ნიჟარაძემ.

2 მაისის მდგომარეობით ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

2 მაისის დილის მონაცემებით, ბათუმში, ცხელების კლინიკებში ჯამურად 40 პირია მოთავსებული და  მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღის განმავლობაში ელიან.

აჭარაში სულ 31 ადამიანი განიკურნა ვირუსისგან.

საქართველოში კორონავირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა. ბოლო 24 საათში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქვეყანაში კორონავირუსით ადამიანი იღუპება.

2 მაისის 11:20 საათის მონაცემებით საათის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 582-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 207, გარდაცვლილია 8, დანარჩენები კი განაგრძობენ მკურნალობას.

როდის დასრულდება პანდემია? – გერმანელი მეცნიერების პროგნოზები

როდის დასრულდება პანდემია? – გერმანულმა გამოცემა  „დოიჩე ველემ“ თავი მოუყარა გერმანიის ცნობილი მეცნიერების, ეპიდემიოლოგებისა და მათემატიკოსების მოსაზრებებს ამ თემაზე.

ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ ერთი წლის განმავლობაში საჭირო იქნება კარანტინის ამა თუ იმ  შეზღუდვის შენარჩუნება პანდემიის შესაჩერებლად.

„ვშიშობ, რომ ნიღბების ტარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა – ამაში პირველ რიგში სხვებთან ურთიერთობისას დისტანციის დაცვას ვგულისხმობ, ალბათ, მთელი წლის განმავლობაში მოგვიწევს“, – განაცხადა ცნობილმა ვირუსოლოგმა, ალექსანდრე კეკულემ, სამედიცინო მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ჰალლე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში 22 აპრილს გერმანულ ZDF- თან ინტერვიუში.

პანდემიაზე შედარებით სწრაფი გამარჯვების მთავარ ფაქტორად მეცნიერები ვაქცინის დამზადებას ასახელებენ. ავტორიტეტული ვირუსოლოგი, ქრისტიან დროსტენი, რომელიც ბერლინის ყველაზე ძველი და ევროპის ყველაზე დიდი, „შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორია, იმედოვნებს, რომ ერთი წლის შემდეგ ვაქცინა გამოჩნდება საჭირო რაოდენობით.

„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მეცნიერების იმედი და ველოდოთ, რომ მომავალ წელს ერთი ან რამდენიმე ვაქცინით [რომლებზეც ახლა ერთდროულად მუშაობენ] მოვამარაგებთ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს“, – განაცხადა დროსტენმა 24 აპრილს, ავსტრიულ ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში.

„შესაძლოა, სეზონის ეფექტმა მოგვცეს საშუალება ზაფხული გავიაროთ უსაფრთხოდ, შემსუბუქებული შეზღუდვებით“, – თქვა იმავე ინტერვიუში დროსტენმა. მისივე თქმით, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ზაფხული იყოს თბილი და მშრალი, მეორე მხრივ კი – ადამიანები პასუხისმგებლობით მოეკიდონ შესაძლო ახალ რეგულაციებს და სოციალური კონტაქტები შეძლებისდაგვარად შედგეს ღია სივრცეში და არა შენობებში.

ამასთან, სცენარის ამ ვარიანტის გაგრძელება არც ისე პოზიტიურია. „კოლექტიური იმუნიტეტი ისევ დაბალი იქნება, იმუნოლოგიურად „გულუბრყვილო“ მოსახლეობით შევალთ ინფიცირების ზამთრის ტალღაში. ეს საშიში იქნებოდა“, – გვაფრთხილებს ექსპერტი. ასეთ შემთხვევაში ადამიანები მზად უნდა იყვნენ ზამთარში სერიოზული შეზღუდვების ხელმეორედ შემოღებისთვის.

ნაკლები ოპტიმიზმით საუბრობს ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე  კიდევ ერთი ცნობილი ვირუსოლოგი, ვირუსილოგიისა და აივ/შიდსის კვლევების ფაკულტეტის პროფესორი ბონის უნივერსიტეტიდან, ჰენდრიკ შთრეკი.

„ნებისმიერი წინასწარმეტყველება იმაზე, რომ ჩვენ გვექნება ვაქცინა, არასერიოზულია, რადგან ეს, უბრალოდ, არ ვიცით. არსებობს მრავალი ვირუსი, რომელთა წინააღმდეგაც წლებია უშედეგოდ ვეძებთ ვაქცინას“, – განაცხადა მან ZDF-თან ინტერვიუში. შთრეკმა მაგალითად მოიყვანა ისეთი ვირუსები, როგორიცაა შიდსი და C ჰეპატიტი.

რამდენ ხანს იქნება კორონავირუსი კაცობრიობის პრობლემა, თუ ვაქცინა არ იქნება? აქ პროფესორი მიუთითებს პარადოქსზე: რაც უფრო წარმატებით შევაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.

გერმანიაში პანდემიის დასრულების მათემატიკურ მოდელირებაზე ერთდროულად მუშაობს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის ინსტიტუტი და იულიხის კვლევითი ცენტრი, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი სუპერძლიერი კომპიუტერია. მეცნიერების ჯგუფმა უკვე წარმოადგინა მუშაობის პირველი შედეგები. შედეგებში არ არის მოცემული მზა პასუხი პანდემიის დასრულების კონკრეტულ თარიღზე, რადგან კვლევაში განხილულია საკარანტინო შეზღუდვებისა და მათი მოხსნის სხვადასხვა ვარიანტი.

მაგრამ თუ შევაჯამებთ მათემატიკური მოდელირების შუალედურ შედეგებს, ვნახავთ, რომ „მოდელირებული სცენარებიდან არც ერთი არ იძლევა იმედს, რომ კრიზისის სწრაფად დაძლევა იქნება შესაძლებელი“, – უთხრა „დოიჩე ველეს“ მარია ბარბაროსამ, ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელიც პროექტზე მუშაობს.

ერთ-ერთი მოდელში მოცემულია საკარანტინო შეზღუდვების თანდათან და ნაწილობრივ მოხსნა გერმანიაში. მათ შორის, სკოლებისა და უნივერსიტეტების, მაღაზიებისა და რესტორნების ნაწილის გახსნა მაისის დასაწყისში, ხოლო ივნისში – მუშაობის განახლება ოფისებსა და სპორტული დაწესებულებების უმრავლესობაში, გაძლიერებული ტესტირებისა და ინფიცირებულთა იზოლაციის ფონზე. გათვლა აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევაში ინფიცირებული პირების რაოდენობა პიკს ნოემბრის ბოლოს მიაღწევს და გერმანიაში SARS-CoV-2, სავარაუდოდ, ერთდროულად 1,3 მლნ ადამიანს დაუდასტურდება.

სხვა სცენარი გულისხმობს შეზღუდვების თანდათან, მაგრამ სრულ მოხსნას. ასეთ შემთხვევაში პიკი გერმანიაში დადგება აგვისტოს ან სექტემბრის ბოლოს [ეს დამოკიდებულია რამდენად სწრაფად მოიხსნება შეზღუდვები], ხოლო ერთდროულად ინფიცირებულთა რაოდენობა 6,3-7,2 მილიონს მიაღწევს.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვები გერმანიაში გაგრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში, მათემატიკური მოდელირების პროგნოზის თანახმად, ქვეყანაში ეპიდემიის განმავლობაში იქნებოდა 550 ათასი ინფიცირებული და 14 ათასი გარდაცვალების შემთხვევა.

ასევე, არის რამდენიმე მოდელი, რომელიც შეზღუდვების გახანგრძლივების ეფექტურობას უკეთ აჩვენებს. თუ კი გერმანიაში არ შემოიღებდნენ არანაირ შეზღუდვას, ეპიდემიის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებული იქნებოდა 32 მლნ, ხოლო უფრო მკაცრი შეზღუდვების შემთხვევაში – დაახლოებით 361 000 ადამიანი.

პირველი მაისის მდგომარეობით, გერმანიაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 161 173 შემთხვევა, გარდაიცვალა 6 518 ადამიანი, განიკურნა – 123 500.

_____________

მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მასალაზე დაყრდნობით.

ფოტო: ქრისტიან დროსტენი. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CLEMENS BILAN

მარტში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 58.6%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით

ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 58.6 პროცენტით შემცირდა. ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

2020 წლის მარტში რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლებით გამოირჩეოდა რუსეთი (66.5 პროცენტი), აზერბაიჯანი (62.9 პროცენტი) და სომხეთი (61.1 პროცენტი).

„ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრები ჩაკეტა. ამ სიტუაციამ, ბუნებრივია, იმოქმედა საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა რაოდენობაზე“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ამავე მიმოხილვის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების  დიდი კლება აღინიშნა გერმანიიდან (-45.7 პროცენტი), იტალიიდან (-77.7 პროცენტი) და ლატვიიდან (-42.8 პროცენტი) შემოსული ვიზიტორების მხრივ. ხოლო ესტონეთიდან მოიმატა ვიზიტორთა რაოდენობამ 23.3 პროცენტით. ზოგადად, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის ყველა ქვეყნიდან შემცირებულია.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად სპეციფიკურ გეგმას ამზადებს. ამის შესახებ მან ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, გეგმა ამჟამად შემუშავების პროცესშია.

ამ თემაზე:

რა პროგრამები არ განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით აჭარაში – Covid-19

“სოფელი შეივსო” – რა შეცვალა დიდაჭარაში COVID-19-მა [ვიდეო]

ნოდარ მელაძე ზემოაჭარაში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. სოფლის ცენტრში მაღაზია აქვს და ვაჭრობს. კორონავირუსმა და მისმა თანმხლებმა აკრძალვებმა ის თან გაახარა და თან დაამწუხრა.

უხარია იმიტომ, რომ მისი სოფელი ხალხით გაივსო. „კორონავირუსამდე დაცლილი იყო სოფელი, ახლა კი ყველა სახლში შუქი ანთია და ყველა სახლიდან კვამლი ამოდის“, – გვიყვება ნოდარ მელაძე.

მას სხვა წუხილიც აქვს და ეს სურსათზე გაზრდილი ფასებია: თავის პატარა მაღაზიას ბათუმიდან ამარაგებს. ბათუმში, საბითუმოებმა პროდუქციის ფასი გაზარდეს, შესაბამისად, ფასნამატის დადება უწევს მასაც.

„ძალიან გვიკვდება გული მოსახლეობას, იმიტომ, რომ ყურადღებას არ გვაქცევს ჩვენი მთავრობა იმდენად, რამდენადაც საჭიროა. რას ვგულისხმობ – საბითუმოებმა დრო იხელთეს და აუტანელი ფასები დაამატეს. ხალხი ცოდოა. ისედაც ნაკლები შემოსავალი აქვს ხალხს. „ოპტაოის“ რომ ეძახიან ბათუმში ხომ იცით? იქ რომ 19 ლარში ზეთი ვიყიდე ბათუმში ჩასულმა, აქ ერთი ლარი არ დავამატო?  5 ლიტრა ზეთი 20 ლარი რომ ეღირება, როგორ გინდა იცხოვრო? ყველა ძირითად პროდუქტს მოემატა ფასი,“ – ამბობს ნოდარ მელაძე.

დიდაჭარის მცხოვრები ხელისუფლებას სთხოვს ფასების საკითხით დაინტერესდეს.

 

ბათუმში 5 პაციენტს კორონავირუსი აღარ აქვს, 40 პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში COVID19-ით ინფიცირებულ 5 პაციენტს მეორედ, გადასამოწმებლად ჩაუტარდა კვლევა და ხუთივეს ანალიზის პასუხი უარყოფითია, მათ COVID19 არ აქვთ.

სამინისტროს ინფორმაციით, მათი კლინიკიდან გაწერის საკითხი დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყდება.

დღეს აჭარაში 40 საეჭვო შემთხვევაზე იქნა აღებული ანალიზი, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია, არც ერთ პირს COVID19 არ დაუდასტურდა.

_____________

NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

საქართველოში 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან – ახალი მონაცემები

პირველი მაისის მონაცემებით, საქართველოში 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დღეს 23-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 566 შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, გარდაიცვალა – 6.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 548

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Kiko Huesca

ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში, 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს

ევროპარლამენტის შენობაში, ბრიუსელში, 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს, რომელთა უმრავლესობაც ბელგიაში, კორონავირუსის პანდემიისას, კარანტინის პირობებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა.

BBC-ის ცნობით, ევროპარლამენტის ოფისი მათთვის ოთხშაბათიდან, 29 აპრილიდანაა ღია.

ოფისები საძინებლებად იქცა. თითო ოთახში ერთი ან ორი ქალი ცხოვრობს. მათ ამარაგებენ საკვებით, მედიკამენტებით და უწევენ სამედიცინო დახმარებას.

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში განთავსებულ ევროპარლამენტის შენობაში ძალადობის მხვერპლი ქალების განთავსების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პანდემიის გამო ქვეყანაში დაიხურა მსხვერპლთა თავშესაფრების უმეტესობაი, მოძალადეებთან ერთად ერთ ჭერქვეშ იზოლირებულ მსხვერპლ ქალებს კი ხშირად უწევდათ ძალადობისგან თავდასაღწევად სახლიდან გასვლა და ქუჩაში ყოფნა.

ბრიუსელის მთავრობა ზოგადად უსახლკაროებს დროებით საცხოვრებელს სთავაზობს ასევე სასტუმროებშიც, პანდემიის დროს.

ევროპარლამენტის შენობა ახლა ძირითადად ცარიელია, სხდომებზე მხოლოდ ევროპარლამენტის რამდენიმე ძირითადი წევრი მიდის, სხვები კი ვიდეოზარებით ერთვებიან.

შენობა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, ევროპის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

პანდემიის პირობებში ევროპარლამენტის შენობის სამზარეულოში ახლა 1000-მდე სხვადასხვა კერძი მზადდება ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უსახლკაროებს ამარაგებენ და ეხმარებიან.

Exit mobile version