ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გადაიკეტება თუ არა ბათუმი-ხულოს მაგისტრალი ავტობანის მშენებლობის გამო მახვილაურთან

03.07.2020
გადაიკეტება თუ არა ბათუმი-ხულოს მაგისტრალი ავტობანის მშენებლობის გამო მახვილაურთან

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებლების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ავტობანის მშენებლობის გამო დროებით ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი უნდა გადაიკეტოს. ეს მაგისტრალი ფაქტობრივად ერთადერთი გზაა, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებს ბათუმთან აკავშირებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ავტომაგისტრალზე ისედაც საცობებია განსაკუთრებით დილა-საღამოს და მისი გადაკეტვის შემთხვევაში სერიოზული პრობლემა იქნება იმ მონაკვეთზე, რომელსაც დროებით ალტერნატიულ გზად განიხილავენ. „ეს „ალტერნატიული გზა“ არის გაცილებით ვიწრო, მოუწესრიგებელი და გადის სამრეწველო ზონაში. თან არც ის ვიცით, როდის და რა პერიოდით გადაიკეტება ცენტრალური მაგისტრალი“, – ამბობს მოსახლეობა.

მახვილაურის დასახლებაში, ხალვაშის გამზირზე ხიდი უნდა აშენდეს, რომლითაც ბათუმის შემოვლითი გზა ამ გამზირზე გადაივლის.

გადაიკეტება თუ არა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ხალვაშის გამზირზე ხიდის მშენებლობის გამო? – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მაგისტრალის გადაკეტვა არ იგეგმება.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ კომპანიაში კი გვითხრეს, რომ უახლოეს ერთ-ორ თვეში ავტომაგისტრალი არ გადაიკეტება: „როცა ხიდის მშენებლობა დაიწყება, გამოჩნდება საჭირო იქნება თუ არა გადაკეტვა. შესაძლოა ხიდი ისე აშენდეს, რომ პარალელურად ხალვაშის გამზირზე ტრანსპორტმა იმოძრაოს“.

ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადა გადაიწევს.

დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი ვერ დაუსახელეს.

„გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ. ამ დროისთვისაც მობილიზებულია თურქეთის მხარეს საჭირო ტექნიკა და საზღვრის გახსნას ელოდებიან“, – გვითხრეს მაშინ დეპარტამენტში.

ამ თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

 

მთავარი ფოტო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი. ადგილი სადაც ავტობანის სახიდე გადასასვლელი უნდა აშენდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: