საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის პირბადეებს ყიდულობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 4 680 000 სამედიცინო პირბადეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სახელმწიფოს 1 146 600 ლარად სთავაზობს, ხოლო ამავე რაოდენობის არასამედიცინო პირბადეს – 950 ათას 40 ლარად. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ არის მითითებული, ნიღბები სამედიცინო უნდა იყოს თუ არასამედიცინო.
დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერი, ზოგადად, ნიღბების შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული 1 მილიონ 170 ათასი ლარით. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, ამიტომ ჯერ უცნობია გაიმარჯვებს თუ არა კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“. ამასთან, ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ჯერ უცნობია მონაწილეობს თუ არა მასში სხვა პრეტენდენტ[ებ]ი.
რომელ პირბადეზე შეაჩერებს არჩევანს შესყიდვების სააგენტო? – ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ სატენდერო კომისიაში ზოგადი პასუხი გაგვცეს, რომ „პრეტენდენტის შემოთავაზებაზე იმსჯელებს კომისია და გადაწყვეტილება აისახება შესაბამის ოქმში“.
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სააგენტოს Faceguard-ის პირბადეებს სთავაზობს, რომელსაც თავად აწარმოებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პირბადეების Faceguard-ის საწარმო 2020 წლის აპრილში„საპარტნიორო ფონდისა“ და TBC ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა.
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსისგან“ სხვადასხვა სახის 185 455 ლარის პირბადეები უკვე შეისყიდეს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა [საქართველოს ეროვნულმა ბანკმა – 10 600 ლარის პირბადე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა – 1 575 ლარის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა – 172 000 ლარის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა – 1 280 ლარის პირბადე].
შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექს“-ის წილების 90%-ს დავით მიმინოშვილი, ხოლო 10%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, რომელიც სახელმწიფო ფონდია; ფონდმა ეს წილი საჩუქრად მიიღო.
„პროექტის სრული კონცეფცია „საპარტნიორო ფონდმა“ შეიმუშავა და ჩინურ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებასაც ფონდი აწარმოებდა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, იყო სირთულეები, გაძნელებული იყო ტრანსპორტირება, ასევე ჩინეთიდან იქ არსებული სიტუაციის გამო აკრძალული იყო დანადგარებისა და ნედლეულის მიწოდება. ხოლო „საპარტნიორო ფონდის“ ჩინეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებთან მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა, ჩინეთიდან ეპიდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარების პირობებში, გამონაკლისის დაშვება და მოკლე დროში საქართველოში დანადგარებისა და ნედლეულის ჩამოტანა. ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის კომპანიამ „საპარტნიორო ფონდს“ 10 %-იანი წილი გადასცა,“ – განაცხადა „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა. ფონდის განცხადებით კი, მას ამ პროექტში ფინანსური თანამონაწილეობა არ მიუღია.
ახალდაფუძნებული კომპანია და 100 000 ევროდ გაყიდული 50%
შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა 3 თვის წინ, 2020 წლის 2 აპრილს დააფუძნეს და მეორე დღესვე დაარეგისტრირეს. პარტნიორთა წილები კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად: ზაალ იაკობიძე – 50% და დავით მიმინოშვილი – 50%. ახალი კომპანიის იურიდიულ მისამართად კი, სხვა კომპანიის [„ოაზისი 9“ – რომლის პარტნიორებიც თავად არიან] საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართი მიუთითეს.
დოკუმენტების მიხედვით, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექს“-ის დაფუძნებიდან 20 დღეში – 2020 წლის 22 აპრილს, ზაალ იაკობიძემ კუთვნილი წილი 100 ათას ევროდ [ექვივალენტი ლარში] მიჰყიდა დავით მიმინოშვილს, რომელიც კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ „ნასყიდობის ფასის გადახდა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით“.
კომპანიის 10% საჩუქრად „საპარტნიორო ფონდს“
ამ გარიგებიდან 6 დღეში, 2020 წლის 28 აპრილს, დავით მიმინოშვილმა „საპარტნიორო ფონდს“ შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ წილის 10% აჩუქა.
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც „საპარტნიორო ფონდიც“ ეთანხმება – მიმინოშვილს ეკისრება ვალდებულება 2 წლის განმავლობაში შეისყიდოს ეს წილი „ამ გადაწყვეტილების კონფიდენციალურ ვერსიაში მითითებულ ფასად“.
„საპარტნიორო ფონდს“ კი არ აქვს უფლება მესამე პირებზე გაასხვისოს კუთვნილი წილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამაზე არსებობს დამფუძნებლის თანხმობა, ან ის არ ასრულებს ვალდებულებას ამ წილის შესყიდვაზე.
წილის 10%-ის ჩუქება საჯარო რეესტრში 30 აპრილს დარეგისტრირდა, ამონაწერში კი ვალდებულებებიც ჩაიწერა. მეორე დღეს, 1-ელ მაისს, საჯარო რეესტრს „საპარტნიორო ფონდმა“ ამ ვალდებულებების შესახებ ჩანაწერის წაშლა მოსთხოვა:
„მოგმართავთ სს „საპარტნიორო ფონდის“ (ფონდი) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი. სამწუხაროდ 30 აპრილს დაშვებულია ხარვეზი, რომელიც გთხოვთ გამოასწოროთ. კერძოდ:
1. ვალდებულების ნაწილში დაფიქსირებულია ფონდის ვალდებულება დ. მიმინოშვილის მიმართ, რაც არ გახლავთ მართებული, ვინაიდან:
ა) პარტნიორის გადაწყვეტილების 2.1 პუნქტი ითვალისწინებს დ. მიმინოშვილის ვალდებულებას და არა ფონდის ვალდებულებას. ის, რომ დ. მიმინოშვილი ვალდებულია შეისყიდოს ფონდის წილი, არ გულისხმობს ფონდის ვალდებულებას გაყიდოს ეს წილი;
ბ) 2.3 პუნქტში მითითებული პირობა არ წარმოადგენს ვალდებულების გრაფაში დასაფიქსირებელ საკითხს, ვინაიდან მაგ ლოგიკით პარტნიორის ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც წესდებაში ფიქსირდება (პირველი უარის თქმის უფლება და ა.შ.) უნდა ფიქსირდებოდეს ვალდებულების გრაფაში;
გ) განმცხადებელს არ მოუთხოვია ვალდებულების გრაფაში რამის დაფიქსირება და ამას არც ფონდი დათანხმებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოასწოროთ ხარვეზი და წაშალოთ ვალდებულების გრაფაში არსებული ჩანაწერი“, – აღნიშნული იყო საჯარო რეესტრში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ შეტანილ განცხადებაში.
რეესტრმა არსებული ჩანაწერი წაშალა. განცხადების შეტანიდან მეორე დღეს, 2020 წლის 1-ელ მაისს, საჯარო რეესტრიდან ახალ ამონაწერში ვალდებულების გრაფა ცარიელია.
დავით მიმინოშვილი წილებს არაერთ კომპანიაში ფლობს, მათ შორის: შპს „ოაზისი 9“, შპს „ბემონი“, შპს „ვესტ პოინტი“, შპს „სენტა პეტროლიუმი“, შპს „სენტა ინსპექტირების ცენტრი“, შპს „პროფერთი გრუპ Property Group“.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოში სამედიცინო პირბადეების წარმოების ხაზის გამართვა და პირბადეების წარმოება, რისთვისაც 6 600 000 აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა. „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ფონდმა თავისი განცხადება სააგენტოდან გამოიხმო.
საპარტნიორო ფონდის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო და ფონდმა იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა პროექტის 100%-ით დასაფინანსებლად“. შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდმა“, მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა“
კერძო ინვესტორების შესახებ ფონდის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი, თუმცა იმ დღეებში საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ შეიძენდა. ამ პირბადეების საქართველოში წარმოება კი შპს „რესპირატორმა“ დაიწყო. სახელმწიფო ამ კომპანიასაც დაეხმარა.
ამ თემაზე:
სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს