მთავარი,სიახლეები

როგორ იქცა საქართველო „ჰასკების ჯოჯოხეთად“

03.07.2020 • 15620
როგორ იქცა საქართველო „ჰასკების ჯოჯოხეთად“

„ძლივს დადის, მანქანებს უვარდება, მგონი ბრმაა“; „გზის პირას ვნახე საგურამოს ტყესთან, ჯიშიანი გვინდაო რომ იძახით, რატომ აგდებთ მაშინ გარეთ?“; „ძალიან კეთილი და საყვარელია, აშკარად დაკარგულია ან გამოგდებული, იქნებ ვინმემ იჩუქოთ“ – ასეთ პოსტებს ხშირად წერენ ფეისბუქზე, დაკარგული ძაღლებისა და ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფებში. სამივე პოსტი ჰასკებზეა. ქუჩაში ნაპოვნი ჰასკების შესახებ გაცილებით მეტ ცნობას და ფოტოებს წააწყდებით სოციალურ ქსელში. რატომაა ქუჩაში ამდენი ჰასკი, როცა ადამიანები თავიდან დიდი ენთუზიაზმით იძენენ „ლამაზ, ცისფერთვალა“ ძაღლს?

  • რატომ გარბიან ჰასკები

ციმბირული ჰასკის სამშობლო ჩრდილოეთია, ყინვა და თოვლით დაფარული სივრცეები მისთვის ბუნებრივი გარემოა. ამ ჯიშის ძაღლებმა საქართველოში ე.წ. „მომღიმარი სახისა“ და ცისფერი თვალების გამო არაერთი ადამიანის ყურადღება მიიქციეს. ჰასკი თავდაპირველად ძვირადღირებული ჯიში იყო, თუმცა წლების განმავლობაში, უკონტროლო მოშენების შედეგად ამ ჯიშის ძაღლის ლეკვები გაიაფდა, ხოლო თბილისსა და ბათუმში უკვე არაერთ ჰასკის შეხვდებით ყურზე სანიშნე ნომრით, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლი ქუჩისაა, არავინ ზრუნავს მასზე და  საჭირო აცრები მუნიციპალიტეტმა ჩაუტარა.

თბილისში მდებარე ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ჰასკებისთვის საქართველოს კლიმატი არასასურველია:

„+30 გრადუსი და საქართველო ჰასკისთვის ჯოჯოხეთია. ბინასა და პატარა ეზოში ის ენერგიას ვერ ხარჯავს, წარმოიდგინეთ, ამ საოცარად ენერგიულ  ძაღლებს ჩრდილოეთში მარხილებში აბამენ. შეუძლიათ დიდი მანძილის გარბენა. ჩვენს კლიმატს ვერ უძლებს ჰასკი, იბნევა და ცდილობს გაქცევით უშველოს თავს. ვფიქრობ პანდემია ქუჩის ჰასკების მომრავლებასთან არაფერ შუაშია, ზოგადად ცუდი პირობებიდან ყველაზე უფრო გამქცევი ძაღლია ჰასკი, მაგრამ სად გარბიან საბრალოები, თვითონაც არ იციან“ – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

ჰასკები რომ ბათუმის ქუჩებშიც გამოჩნდნენ, ამას გვიდასტურებენ ბათუმის ცხოველთა თავშესაფარშიც. არის შემთხვევები, როცა ჰასკის ლეკვი იზრდება, მეტი ვარჯიში, სირბილი და სივრცე სჭირდება, მეპატრონეს კი, რომელმაც  ჰასკი გარეგნობის გამო შეიძინა, აღარ სურს მისი მოვლა და ქუჩაში ტოვებს. ერთი თვის წინ „ბათუმელებსაც“ დაუკავშირდნენ ტელეფონზე კითხვით – „ჰასკის ვეღარ ვუვლი და სად ჩავაბარო?“

ქუჩაში მცხოვრები ჰასკი. ფოტო ჯგუფიდან: ოთხი თათი და მე

  • „მოდური“ და „სეზონური“ ძაღლები

ცხოველთა უფლებების დამცველი, თინათინ ჭავჭანიძე გვეუბნება, რომ სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სხვადასხვა ჯიშის ძაღლია „მოდაში“, რომელიც უკონტროლო მომრავლების შედეგად იაფდება და საბოლოოდ ქუჩაში ხვდება. მისი აზრით, სწორედ ამ მოდის მსხვერპლად იქცა ჰასკი საქართველოში.

„ჯერ ლაბრადორებს უშვებდნენ ქუჩაში, რაღაც დროის შემდეგ კოკერსპანიელებს, იორკშირულ ტერიერებსაც კი შეხვდებით. ვხედავთ, რომ მთავარი დამნაშავე არის ადამიანი – უპასუხისმგებლობის გამო, მაგრამ კანონის მიღების გარეშე ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ თავშესაფრები ვერ გვიშველის, თუ პოპულაციის გამრავლება არ გაკონტროლდება და არ მოხდება ძაღლების აღრიცხვა-დაჩიპვა, უნდა დაწესდეს ჯარიმები ძაღლის ქუჩაში გაგდებისთვის, ეს ყველაფერი არის კანონპროექტში, რომელიც შევადგინეთ, მაგრამ არ მიიღეს“ – ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

მისი თქმით, დიდ პრობლემას ქმნიან მონადირეებიც, რომლებსაც ხშირად მხოლოდ სანადირო სეზონისთვის აჰყავთ ძაღლები, სეზონის დასასრულს კი მათ ხშირად აგდებენ ქუჩაში.

„მონადირეები ძირითადად გართობისთვის კლავენ, შესაბამისად არც ძაღლების გაგდება უჭირთ ქუჩაში. მიზეზი ბევრია: ძაღლი დაბერდა, ვერ ინადირა კარგად, სეზონი დამთავრდა, აღარ სჭირდებათ და ა.შ. მონადირეთა კავშირში რამდენიმე ათასი ადამიანია გაერთიანებული, წარმოიდგინეთ ყოველ მათგანს ნადირობის სეზონზე თითო ძაღლი მაინც აჰყავს, რომელთა ბედიც მერე გაურკვეველია“ – ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

მისი თქმით ძაღლების თავშესაფრები და იქ მათი სტერილიზაცია, მერე კი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან თბილისში მაგალითად, რაიონებიდანაც ჩამოჰყავთ ძაღლები და ტოვებენ, შესაბამისად თუ თავშესაფარში ასტერილებენ დავუშვათ 10 ძაღლს, პარალელურად ჩამოყვანილი ერთი, გაუსტერილებელი აჩენს წელიწადში საშუალოდ ათს.

სქრინი ჯგუფიდან „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“. ფოტოების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ძაღლი თავშესაფრიდან გაჩუდა

  • უკონტროლოდ ძაღლების გამრავლება ბევრ მიუსაფარ ძაღლს ნიშნავს

საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებულ ქვეყნებში ძაღლების მოშენება-გამრავლება და გაყიდვა ყველას არ შეუძლია. განვითარებულ ქვეყნებში კანონი არეგულირებს, თუ რა ჯიშის ძაღლების მოშენება და გაყიდვაა ნებადართული. ძაღლის ყიდვის ან თავშესაფრიდან აყვანის მსურველს სხვადასხვა საბუთის წარდგენა სჭირდება, მათ შორის ჯანმრთელობის ცნობა და ფსიქოტესტი. თუ ძაღლის ან ლეკვის მსურველმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, მას არ აძლევენ უფლებას იყიდოს ძაღლი.

როგორც თამაზ ელიზბარაშვილი გვეუბნება, პრობლემაა ძაღლთსაშენებისა და ძაღლების კლუბების მიერ პოპულაციის უკონტროლოდ გამრავლებაც, რაც კერძო პირებისთვის სარფიანი შემოსავალია და ზრდის ქუჩის მიუსაფარ ძაღლთა რაოდენობას. 

„ევროპასა და ამერიკაში ძაღლების ქუჩაში გაგდება აზრადაც არავის მოუვა. დანიშნულები არიან და სკანერით უცებ ირკვევა ვისია, ამისთვის 5000 ევროა საშუალოდ ჯარიმა. 18 წელია თავშესაფარი მაქვს. არ მახსოვს ტურისტული სეზონი, უცხოელებს არ წაეყვანოთ საქართველოდან მიუსაფარი ძაღლები, ეცოდებათ და მიჰყავთ, ჩვენ დოკუმენტაციის მომზადებაში ვეხმარებით ხოლმე.

ხშირად მეკითხებიან უცხოელები, როგორ დაგვემართა, რომ აქამდე არ გვაქვს კანონი, რომელიც მიუსაფარი ძაღლების რაოდენობას შეამცირებდა ქუჩაში და ვუხსნი მათ, რომ შინაური ცხოველების თემა ჩვენი პარლამენტისთვის პრიორიტეტი არ არის, კანონპროექტი გვაქვს და თაროზეა შემოდებული“ – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.                                                   

_____________

ამავე თემაზე: 

„რატომ უნდა ვაჭამო, რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას?“ – უფროსები, ბავშვები და ცხოველები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: