მთავარი,სიახლეები

„ხელფასი შემცირდა“ – ბათუმის წყლის თანამშრომლების აქცია და დირექტორის პასუხი

02.07.2020 • 2384
„ხელფასი შემცირდა“ – ბათუმის წყლის თანამშრომლების აქცია და დირექტორის პასუხი

„ჩვენი ხელფასები დაახლოებით 400 ლარით შემცირდა, ღამით მუშაობა ისევ გვიწევს, ზეგანაკვეთურს კი აღარ გვიხდიან,“ – ამ მიზეზით საპროტესტო აქციას ბათუმის მერიასთან დღეს, 2 ივლისს, შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები მართავენ. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ჟურნალისტებთან ბევრი იმალება, ზოგი იმ ხის ძირას დგას, ზოგი აგერაა… არავის უნდა სამსახურის დაკარგვა, მაგრამ რა გვექნა? ასე მუშაობა აღარ შეიძლებოდა. დღეს შესვენების მერე სამსახურში აღარ დავბრუნდით, იმედი გვაქვს, რომ მერიიდან შეგვხდება ვინმე,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.

ნური ტუღუში: „მშრომელი ადამიანი უნდა დაფასდეს, ამას მოვითხოვთ ჩვენ. ზემოდან არ უნდა გვიყურებდნენ… გვეუბნებიან, კრიზისია, კრიზისიაო… თუ ეს ასეა, მათთვის არ არის ეს კრიზისი?… ვისთვის და უფროსობისთვის“.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ 24-საათიანი სამუშაო განრიგი აქვთ და ხშირად ღამითაც უწევთ მუშაობა.

„ბოლო სამი თვე აღარ დაუმატებიათ რამე… ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ადმინისტრაციისგან პასუხის მიღება, მაგრამ ეს არ მოხერხდა,“ – გვითხრა როინ ავჯიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა გვაჩვენეს „ბათუმის წყლის“ ის ოთახიც სამსახურში, სადაც მათ ზოგჯერ მუშაობა ღამით უწევთ.

„დააკვირდით, გარეთ თოვლია, ფანჯარას მინებიც კი არ აქვს, აქ ღამე ყოფნა – არ ვიცი,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

ოთახი „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებისთვის

„ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და ვერ მოვუწყობთ აქ მოსასვენებელ ოთახებს. ეს ნიშნავს, რომ გამომყავს ღამით თანამშრომელი და ხელფასს ვუხდი იმაში, რომ იწვეს და იძინოს… აქ დევს სავარძელი და მოსასვენებელი დივანი, ფანჯარა შესაძლოა იმტვრევა და რემონტდება,“ – გვიპასუხა მარიკა გვიანიძემ, იგი შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორია. „ბათუმის წყალი“ მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა.

მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ჩვეულებრივად უხდის და იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახლა საპროტესტო აქციაზე დგანან, პანდემიის გამო არ გაუცია პრემია.

„თქვენ თუ რომელიმე თანამშრომელი მოგცემთ თანხმობას, მე მოგაწვდით მათ ხელშეკრულებას და ხელფასის ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციასაც… ჩვენ არ გაგვიცია პრემია მარტსა და ივნისში. კვარტალურად გაიცემა პრემია და მე ისე გავაკეთე, რომ ისინი ხელფასის 100 პროცენტით პრემიას იღებდნენ კვარტალში ერთხელ, ზოგჯერ ზემდგომებზეც მაღალი ანაზღაურება გამოსდიოდათ,“ – გვითხრა მარიკა გვიანიძემ.

„ჩვენი ზარალი იყო სერიოზული,“ – ამბობს მარიკა გვიანიძე, თუმცა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს მან უარი თქვა ციფრების დაკონკრეტებაზე – რა ოდენობის შემოსავალი დაკარგა „ბათუმის წყალმა“. მარიკა გვიანიძის თქმით, კერძო და საჯარო უწყებები მუშაობის შეჩერების დროს წყლის გადასახადს აღარ იხდიდნენ.

მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ პრემია არც მას აუღია. „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა არ გვითხრა, რამდენია მისი ხელფასი.

„ეს პირადი ინფორმაციაა, ასეა ეს,“ – დაგვემშვიდობა მარიკა გვიანიძე.

მარიკა გვიანიძე, როგორც თანამდებობის პირი, ავსებს ქონებრივ დეკლარაციას. 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მარიკა გვიანიძის შრომის ანაზღაურება 2018 წლის 11 სექტემბრიდან [როცა იგი ამ პოზიციაზე დანიშნეს] ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 21 087 ლარი გამოვიდა. ამ მონაცემების მიხედვით, მარიკა გვიანიძის ხელფასი თვეში მინიმუმ 5 ათასი ლარია.

ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი „ბათუმის წყლის“ თანამშრომლების აქციიდან: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: