Batumelebi | „რატომ უნდა ვაჭამო, რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას?“ – უფროსები, ბავშვები და ცხოველები „რატომ უნდა ვაჭამო, რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას?“ – უფროსები, ბავშვები და ცხოველები – Batumelebi

„რატომ უნდა ვაჭამო, რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას?“ – უფროსები, ბავშვები და ცხოველები

„მამამ მითხრა, მოკალი ჩიტი და შევჭამოთ“, – ეს სიტყვები ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, როცა ცხოველების და ზოგად, ცოცხალი არსებების მიმართ ემპათიაზე ვესაუბრებოდი“- გვითხრა ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, თინათინ ჭავჭანიძემ. მას „ბათუმელები“ ესაუბრა განათლების სისტემის ნაკლზე და საზოგადოებაზე, რომელიც ცხოველების მიმართ სისასტიკეს პრობლემად არ აღიქვამს. 2008-2011 წლებში თინათინ ჭავჭანიძე კოლეგებთან ერთად ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამას – „გავიცნოთ ჩვენი მეგობრები“ დევნილ მოსწავლეებთან. ამ პროგრამის მიზანი იყო ბავშვებში ემპათიის განვითარება შინაური ცხოველების მიმართ.

თინათინ ჭავჭანიძე: წლების წინ, ნორვეგიის დევნილთა საბჭო დევნილი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებდა, სადაც ჩვენი ორგანიზაციაც იყო ჩართული და ჩვენ ამ ბავშვებს ემპათიას სწორედ შინაური ცხოველების მიმართ მოპყრობის მაგალითზე ვასწავლიდით.

ომგამოვლილი ბავშვები ისედაც ტრავმირებული იყვნენ, თუმცა მძიმე იყო ისიც, რომ მათ დევნილობის შემდეგად არ დახვდათ ემპათიური გარემო.  ბავშვები, ვისაც ვხვდებოდით, სრულიად გულგრილ და დუხჭირ გარემოში იზრდებოდნენ, სადაც მაგალითად, ჩიტზე ნადირობა ჩვეულებრივი რამ იყო. ერთ-ერთი ბავშვი ამბობდა, – „მამა მითხრა, მოკალი ჩიტი და შევჭამოთ“, – ეს უკვე ნიშნავს,  რომ ეს არ იყო ნადირობა გართობისთვის, ეს მათ გამოკვებისთვის სჭირდებოდათ.  გარემოში, სადაც ეს ბავშვები იზრდებოდნენ, ჩაგვრა იყო სრულიად ჩვეულებრივი ამბავი.

  • ოჯახებს გულისხმობს თუ ზოგადად, გარემოს?

ორივეს. ერთ-ერთი სკოლაში, სადაც ეს ბავშვები დადიოდნენ, დირექტორს ადგილის გამოყოფა ვთხოვეთ, რომ ბავშვებთან მუშაობა შეგვძლებოდა. იცით რა გვითხრა? – „მე აქედან რა?“ სიკეთე-მეთქი, მეტი რა უნდა მეთქვა. ამის შემდეგ მითხრა, მე ამათგან (დევნილ ბავშვებს გულისხმობდა), ვირთხების მეტი არაფერი მინახავსო.

ერთ სკოლაში, კლასში რომ შევედით, მასწავლებელმა მიმართა ბავშვებს – „დევნილებმა ხელი ასწიეთ“,  არადა ჩვენი მიზანი საერთოდ არ იყო მათი გამოყოფა. პირველ მერხზე  ბავშვმა მკითხა – „სვანი დევნილია?“  ბავშვები ვერ არკვევდნენ რა სჭირდათ და დამატებით კიდევ მათი მარგინალიზაცია და დაყოფა მიდიოდა დევნილებად, სვანებად და რა ვიცი კიდევ რა. დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ იყო სრულიად მიუღებელი.

ბავშვები ამბობდნენ, რომ მასწავლებელი მათ ეძახდა „დებილებს“, უკან დაგვსვა და გვლანძღავსო. ზრდასრულებზეა აქ საუბარი. მათზე, ვინც უნდა ასწავლოს ბავშვებს ემპათია, სიყვარული, დაჩაგრულის დაცვა.

  • ცხოველებთან დაკავშირებით რას ფიქრობდნენ ბავშვები?

პირველად რასაც გვიყვებოდნენ, მხოლოდ ნეგატიური მოგონებები იყო. ერთი იხსენებდა, რომ მისმა ბიძაშვილმა კნუტები ტომარაში ჩაყარა და კედელზე ახეთქა. თუმცა ჩვენი ტრენინგების შედეგი აშკარად თვალნათელი იყო და ბავშვების დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა ცხოველების მიმართ. ისინი ცდილობდნენ მშობლებთან, მეზობლებთანაც  ესაუბრათ ამაზე და მათი დამოკიდებულებაც შეეცვალათ. თავიდან უკვირდათ, თუ რატომ ველაპარაკებოდით ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაზე, რატომ ვისმენდით მათგანაც ამბებს, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ცნობიერება შეიცვალა. სხვადასხვა თამაშით ვცდილობდით, თვითონ ბავშვებს აეხსნათ, რას გრძნობდნენ ისინი მსხვერპლის როლში.

  • მშობლებისგან არ ესმოდათ ცხოველების მიმართ ემპათიაზე, მზრუნველობაზე?

იცით, ეს ბავშვები იმდენად მოკლებული იყვნენ მზრუნველობას და სითბოს, რომ როცა გვხვდებოდნენ, გვეხუტებოდნენ და უხაროდათ შეხვედრა. ერთმა მშობელმა გვითხრა, მამამისი ცემს [ბავშვს] და მაინც ვერ გააგებინა რამე, მხოლოდ თქვენი სჯერაო.

მე არ ვამბობ, რომ ყველა მათგანი ცხოველთა დამცველი გამოვიდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა გვიყვებოდნენ – „ლეკვი ვიპოვეთ, ვაჭამეთ, მოვუარეთ“.

  • თქვენ საუბრობთ სიღარიბეზე და ბავშვების მიმართ არატოლერანტულ გარემოზე. გარემო, რომელიც ბავშვების მიმართ გულგრილია, ასეთივეა ცხოველების მიმართაც?

სიდუხჭირე ერთ-ერთი ნაწილია სამყაროსთან დაპირისპირების, მაგრამ ვისაც ამის პრობლემა არ აქვს, არც ის ფიქრობს ემპათიაზე.  დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში ბავშვების მიმართ არის, რომ საკვებს აძლევს, აცმევს, უხდის თანხას განათლებაში და მორჩა. ის რომ ბავშვი ადამიანია და რაღაც შეიძლება აწუხებდეს, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ დიდები. შესაბამისად, არც ცხოველების მიმართ არ აქვთ ემპათია.

აი, ახლა ვარ დაბა სიონში და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ აგრესიას ავლენენ ადამიანები ქუჩაში მყოფი ძაღლების მიმართ. „რატომ უნდა ვაჭამო?“, „რატომ მოდიან, რატომ გვაწუხებენ?“ – იძახიან.

აქ ქუჩის ძაღლის ზედსართავი არის „ცოფიანი“ და უნდა გეშინოდეს, უნდა ურტყამდე ან გაურბოდე. დამოკიდებულებაა ასეთი – რა სარგებელი აქვს ძაღლს ან კატას, კვერცხს ხომ არ დებს, ხომ არ იწველება?  სრულიად მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს მათ მიმართ. ცხოველების როლი გარემოში და ადამიანებთან ურთიერთობაში საერთოდ უგულებელყოფილია.

ადამიანებს ხშირად არ ესმით, რომ ცხოველი არის ცოცხალი არსება და მასაც ტკივა. რომ ცხოველი უნდა იყოს დაცული ტკივილისგან, წყურვილისგან, სტრესისგან,  სხვათაშორის, ეს არც პარლამენტარებს ესმით.

  • რას ამბობენ პარლამენტარები?

როცა პარლამენტში განიხილავდნენ კანონპროექტს შინაური ცხოველების კეთილდღეობის შესახებ, კითხულობდნენ – „რას ნიშნავს კეთილდღეობა?“ ეს ერეოდათ ფუფუნებაში. როცა ვუხსნიდით, რომ კეთილდღეობა ნიშნავს, რომ ცხოველი დაცული უნდა იყოს შიმშილისგან, წყურვილისგან,  ჭრილობებისგან და დაავადებებისგან, რომ ეს არის მათი ჯანმრთელობის დაცვა, საცხოვრებელი გარემოს გამოყოფა და მენტალური სტრესისგან, წამებისგან დაცვა, ვერ იგებდნენ.  ეგონათ, რომ „როლექსის“ საათზეა საუბარი.  არ ესმით, რომ ცხოველიც შეიძლება განიცდიდეს მენტალურ სტრესს. ხუციშვილმა გვითხრა, ძაღლების კეთილდღეობის პროექტს მთელი პარლამენტი დასცინისო.

  • ცხოველების წამების შესახებ ხომ მიიღეს კანონი?

დიახ, თუმცა „კეთილდღეობა“ მაინც ამოიღეს კანონიდან და არც წამებაა დაკონკრეტებული.

  • განათლების სამინისტროს რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ?

ამ პროექტის გაგრძელება კიდევ გვინდოდა, მე მგონი არ დაგვიტოვებია განათლების არცერთი მინისტრი რომ არ შეგვეთავაზებინა, თუმცა პასუხი იყო გულგრილობა.

მარგველაშვილის მინისტრობის დროს მხოლოდ ერთი ადამიანი დაინტერესდა ამ პროექტით და შემდეგ ისიც გაჩუმდა. ლია გიგაურს ვესაუბრე, მინისტრის მოადგილე რომ იყო. ვუხსნიდი, როგორ აძლიერებდა ეს პროექტი ბავშვებში ცხოველების მიმართ ემპათიას და ზოგადად, როგორ ამცირებდა აგრესიას. მითხრა, რომ რაც სკოლებში მანდატურები შევიდნენ, აგრესია აღარ არის ბავშვებშიო. ეს ნიშნავს, რომ აგრესია სკოლის გარეთ გავიდა-მეთქი. მხრები აიჩეჩა და წავიდა.

  • თვითონ განათლების სისტემა რამდენად ორიენტირებულია იგივე ემპათიის გაძლიერებაზე დაუცველის, ჩაგრულის მიმართ, ან ცოცხალი გარემოს მიმართ?

ის, რომ განათლების სისტემაში მყოფი ადამიანები სკოლის როლს ვერ ხედავენ ამ საკითხში, ეს უკვე ჩანს. ერთ-ერთმა მინისტრმა გვითხრა, ცხოველები პრიორიტეტად არ ითვლებაო. არც კი უღრმავდებიან იმას, რომ როცა ემპათიაზე ვსაუბრობთ, აქ სწორედ აგრესიის მართვაზეა საუბარი.  რომ გარემო მხოლოდ ასფალტი, სკოლა და სახლი არ არის, არამედ ჩიტი, ძაღლი, კატა, ხე და ა.შ.  გარემოსგან სრულიად დაცლილია დღევანდელი რეალობა, გამოყოფილია და აღიქმება აშკარად მტრულად.

„ყვავები დაგვესხნენო“ – თბილისში იძახდნენ. კი არ დაესხნენ, თავიანთ შვილებს იცავდნენ. სწორედ ამას ვასწავლიდით ბავშვებს, რომ პატარა რომ იყო, დედა ხომ დაგიცავს საფრთხისგან, ასეა ცხოველიც. ეს ადვილად ესმით ბავშვებს, დიდებს კი არ ესმით.

  • რამდენიმე დღის წინ, როცა ფეისბუკში ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ დააგლეჯინა მოზარდმა ნაგაზს პატარა ძაღლი, საზოგადოება ძალიან აგრესიული იყო მოზარდის მიმართ. წერდნენ, რომ მოზარდი ამ ძაღლივით უნდა აწამო. ეს რას ნიშნავს?

შემდეგ ხსნიდნენ, რომ ეს ემოციურობით მოუვიდათ, თუმცა მე, პირადად, მსგავს რამეს ვერანაირი ემოციურობის დროს ვერ დავწერ. ძაღლის დაცვა არ ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებას და პირიქით.

გახსოვთ ალბათ თბილისში ძაღლების ჩხუბის ჩემპიონატი ტარდებოდა, ეს არის სასტიკი გართობა და კრიმინალი. პოლიციით დავადექით თავზე და იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ, თუმცა პოლიციაც კი ისე გვიყურებდა როგორც დამნაშავეებს, რომლებმაც ასეთი სანახაობა ჩავშალეთ. ბავშვები ჰყავდათ მოყვანილი და მღვდელიც იყო მოსული დიდი ძაღლით. აი, აქედან მოდის აგრესია და ბავშვი მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც ხედავს.

ამიტომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ძაღლს ან კატას არ უნდა დაუშავოს რადგან რადგან ცოცხალია და სტკივა.

________________

ფოტოზე: თინათინ ჭავჭანიძე. ნათელა გრიგალაშვილის ფოტო 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com