მთავარი,სიახლეები

როდის იქნება შუქი გომისმთაზე

02.07.2020 • 2860
როდის იქნება შუქი გომისმთაზე

კურორტ გომისმთაზე შუქი ჯერ კიდევ არ არის. ელექტროენერგიის მიწოდების სისტემის მოწყობა აქ ორი წლის წინ დაიწყო. ადამიანები, რომლებიც გომისმთაზე ზაფხულობით ადიან, ამბობენ, რომ ზოგიერთ უბანში ბოძებიც არის და ელექტროგადამცემი ხაზებიც, თუმცა გაურკვეველია, როგორ უნდა მიიყვანონ ელექტროენერგია სახლებამდე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ აქ კანონით რეგისტრირებული საკუთრება არავის აქვს, რის გამოც ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ შუქის სახლებში შეყვანაზე უარს ამბობს.

გომისმთას 31 მარტს მიანიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა საკურორტო დასახლების სტატუსი, თუმცა საკუთრების რეგისტრაციის პროცესი არ დაწყებულა. გარდა ამისა, ამ კურორტზე დასახლების ნაწილი ოზურგეთს ეკუთვნის, ნაწილი – ქობულეთს, ნაწილი – შუახევს, ელექტროენერგიის ქსელი კი, კურორტის ყველა დასახლებისთვის შუახევის მუნიციპალიტეტს მოუწყვია.

„ჯერ არ ვიცით, რა სტატუსი ექნება იმ ნაწილს, რომელიც შუახევს ეკუთვნის… ყველა უბანი ცალკეა, მაგრამ მთლიანად კურორტის დაახლოებით 50 პროცენტი შუახეველები არიან, ამიტომ ჩვენ ყველა უბნამდე მიგვყავს ელექტროენერგია. ჩვენ უკლებლივ ყველა უბანი მოვიცავით, განურჩევლად იმისა, რომელ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის უბანი, თუმცა ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე.

შუახევის მერიაში გვითხრეს, რომ დაახლოებით 100 ოჯახი უკვე ჩართულია ქსელში და წელს სექტემბრის ბოლომდე თითქმის ყველა ოჯახს ექნება გომისმთაზე შუქი. დაქსელვის სამუშაოებს შუახევის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული „ქსელმშენი“ ასრულებს.

ომარ ტაკიძე განმარტავს, რომ თუკი ელექტროენერგია უბნამდე უკვე მიყვანილია, ამის შემდეგ მოქალაქე შუახევის მერიის მიერ დაქირავებულ ელექტრომექანიკოსებს უნდა დაუკავშირდეს, რომლებიც უფასოდ  მოემსახურებიან ადამიანებს.

„ისინი დაეხმარებიან მოქალაქეებს ხარისხიან დაერთებაში… თუ საჭირო გახდა, სხვა რესურსიც გამოიძებნება.  ჩვენ გვაქვს საუბრები ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებთან,“ – დასძინა ომარ ტაკიძემ.

რაც შეეხება შუქის გადასახადს, შუახევის მერის მოადგილის თქმით, ისევე როგორც სხვა მთებში, გომისმთაზეც მოქალაქეები ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდიან, ვიდრე ისინი მესაკუთრეები არ გახდებიან და აქ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მრიცხველებს არ დაამონტაჟებს.

„გვყავს პასუხისმგებელი ადამიანები, ძირითადად ეს მექანიკოსები არიან, რომლებიც ზრუნავენ თანხის ამოღებაზე… ზოგს 10 ლარი უწევს თვეში გადახდა, ზოგს – 30 ლარი, გააჩნია, ვის რა აქვს სახლში… ამ თანხას შემდეგ ჩვენ ვურიცხავთ ენერგოკომპანიას, რომელიც ელექტროენერგიას გვაწვდის,“ – გვითხრა ომარ ტაკიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: