მთავარი,სიახლეები

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – 78 წლის ქალმა პარლამენტსაც უჩივლა

03.07.2020
არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – 78 წლის ქალმა პარლამენტსაც უჩივლა

„უკვე მეოთხე წელია ველი სასამართლოს გადაწყვეტილებას და შედეგი არაა,“ – ამბობს 78 წლის ციალა პერტია, რომელიც 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვს. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია. ქონებას ახლა გარდაცვლილი კაცის ძმისშვილი ითხოვს.

ციალა პერტიას შესახებ „ბათუმელები“ 2017 წელს წერდა, მაშინ იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა. სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ახლა ციალა პერტია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა იმსჯელოს, რამდენად კონსტიტუციურია, როცა კანონი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებას უკავშირებს.

„უზენაესი ახლა რეალურად ელოდება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, ამიტომ გაჭიანურდა პროცესი. საკონსტიტუციომ 2019 წლის 28 მაისს მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად… გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით დიდმანიძემ, რომელიც ციალა პერტიას ინტერესებს იცავს.

ადვოკატი ამ კუთხით ევროსასამართლოს პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და, მაგალითად, გვაჩვენა „კორინი ნიდერლანდების წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნულია, რომ „ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ასევე ის, რომ დე-ფაქტო ოჯახური კავშირები იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ…“

„ამის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, 2016 წელს მიიჩნია, რომ ეს პრეცედენტი სამართლებრივად არ არის ვარგისი, ვინაიდან ქორწინების რეგისტრაციის გარეშე მემკვიდრეობის წარმოშობას სამოქალაქო კოდექსი გამორიცხავს,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით დიდმანიძე.

ადვოკატმა საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ 2018 წელს მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ფაქტობრივი თანაცხოვრება გაითვალისწინა.

„…სასამართლომ გადაწყვეტილება დააყრდნო იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ მიუხედავად იმისა, მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კონკრეტულ პირთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა იმის უპირობო საფუძველს, რომ მოსარჩელე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მ.ნ-ს მეუღლე და ოჯახის წევრი იყო. დავა ეხებოდა კომპენსაციის მიღებას,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით დიდმანიძე.

ციალა პერტია ამბობს, რომ ბინიდან მის გამოსახლებას ვერ შეძლებენ, ვიდრე სასამართლოს ყველა ინსტანციაში საქმის განხილვა არ დასრულდება, მაგრამ მას გამოსახლებით ხშირად ემუქრებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: