განათლება,მთავარი,სიახლეები

თვითშეფასება სავალდებულოა სპეცმასწალებლისთვის, სხვებისთვის – არა

02.07.2020 • 3259
თვითშეფასება სავალდებულოა სპეცმასწალებლისთვის, სხვებისთვის – არა

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, სპეციალურმა მასწავლებელმა კარიერული წინსვლისთვის უნდა გააკეთოს თვითშეფასება, რომლის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთება პროფესიული საჭიროებები და დადგინდება პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა.

სქემის მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს სკოლის დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან განიხილავს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს და ადგენს ახალ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას.

ახალი სქემით, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებია:

[checklist]

  • პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი;
  • უფროსი სპეციალური მასწავლებელი;
  • წამყვანი სპეციალური მასწავლებელი:
  • სენსორული დარღვევების მიმართულებით – მხედველობის ან სმენის დარღვევის სპეციალიზაცია;
  • ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების მიმართულებით სპეციალიზაცია;
  • მრავლობითი დარღვევების მიმართულებით სპეციალიზაცია.

[/checklist]

სხვა პედაგოგებისგან განსხვავებით, სპეციალურ მასწავლებელს შესაძლოა ჰქონდეს „პრაქტიკოსი“ მასწავლებლის სტატუსი, ეს ყველაზე დაბალი სტატუსია ამ მიმართულებაში, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსი იქნება – „წამყვანი“.

სპეციალურ მასწავლებელს სტატუსი „უფროსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული.

ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული.

ასევე,  სპეციალურ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა, უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

წამყვანი და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

„წამყვანის“ სტატუსი იმ შემთხვევაში ენიჭება სპეციალურ მასწავლებელს, თუ მას აქვს დოქტორის ხარისხი სპეციალურ განათლებაში და ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

„უფროსი“ სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც დასაქმებულია უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე წარდგენილი პირი.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა

განსკუთრებულ შემთხვევად, მთავრობის დადგენილების მიხედვით, მიიჩნევა  პედაგოგის „ღვაწლი, გამოცდილება და მიღწევები“.

რა არის მასწავლებლის შეფასების მიზანი?

  • სქემის მიხედვით, თვითშეფასება საჭიროა მასწავლებლის პროფესიული  კომპეტენციების დასადგენად,
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის გაძლიერებისთვის;
  • მასწავლებლის შეფასება ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობას, ობიექტურობას, ვალიდობას, თანასწორობას, სანდოობას, გამჭვირვალობას.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა 26 ივლისს დამტკიცდა. 30 ივლისს, კი დამტკიცდა ახალი, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

__________________________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/სპეცმასწავლებელი გაკვეთილზე.

 

ამავე თემაზე:

დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: