მთავარი,სიახლეები

„გახსენით თურქეთთან საზღვარი,“ – გიგი უგულავა გახარიას მიმართავს

04.07.2020
„გახსენით თურქეთთან საზღვარი,“ – გიგი უგულავა გახარიას მიმართავს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს თურქეთთან საზღვარი გახსნას. გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი სისტემა უნდა დანერგოს, რაც ტრაილერის  მძღოლებთან მიმართებაში აქვს და საზღვარზე შემომსვლელი ყველა პირი შეამოწმოს.

„უკვე წლებია ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. მე ვსაუბრობ ათიათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ჩაის  სეზონი თითქმის გასულია. აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ერთი ჩვენი თანამოქალაქე დაახლოებით რვიდან ათი ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს ჩვენ უნდა დავუჯეროთ პირველ რიგში ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი, მანამ სანამ დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ მექანიზმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი თანამოქალაქე და თანაცხოვრება კოვიდთან, რასაც ჩვენი ეპიდემიოლოგები მოგვიწოდებენ, სწორედ ამას ნიშნავს. უნდა ვიმუშაოთ და ამავე დროს  დავიცვათ წესები. ჩვენი მოვალეობაა მივცეთ ადამიანებს მუშაობის საშუალება თუნდაც თურქეთში,“ – განაცხადა გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე.

გიგი უგულავა ამ ბრიფინგით 3 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გახარიამ თქვა რომ ჯერ არ აპირებენ სახმელეთო საზღვრების გახსნას არცერთ ქვეყანასთან.

ამავე თემაზე:

როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი? – აქცია სარფში [ფოტო, ვიდეო]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: