განათლება,მთავარი,სიახლეები

ვინ აუნაზღაურებს მასწავლებლებს დამატებით საათებს, თუკი სექტემბერში კლასები გაიყოფა

03.07.2020 •
ვინ აუნაზღაურებს მასწავლებლებს დამატებით საათებს, თუკი სექტემბერში კლასები გაიყოფა

განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს სკოლის შენობებში სწავლის განახლების ვერსიებს განიხილავს. ყველაზე აქტიურად განიხილება შერეული მოდელი, რაც გულისხმობს მოსწავლეების სკოლაში დღეგამოშვებით ყოფნას. ასევე საუბარია იმაზე, რომ სკოლის შენობებში გაკვეთილი მხოლოდ I-II კლასელებს ჩაუტარდეთ, უფროსკლასელები კვირაში 2 ან 3 დღით დაესწრებიან გაკვეთილებს, დანარჩენი დღეები კი სწავლას დისტანციურად, ონლაინ გააგრძელებენ.

„ბათუმელები“ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა და მათ ჰკითხა, როგორია სკოლების მზაობა ამ ვერსიებიდან რომელიმეს მისაღებად, შეძლებენ თუ ვერა სკოლები კლასში მოსწავლეების განთავსებას დისტანციის დაცვით?

როგორც საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუკი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია იქნება, რომ საკლასო ოთახში მოსწავლეები მინიმუმ 1 მეტრის ან 1.50 დისტანციით განთავსდნენ, მაშინ ეს დიდკონტიგეტიანი კლასების დაყოფას გამოიწვევს, რისი  საშუალებაც სკოლებს არ აქვთ.

„ჩვენ არ გვაქვს კლასების გაყოფის საშუალება და საერთოდ, არც გვიფიქრია კლასების დაყოფაზე, სად უნდა წავიყვანოთ განაყოფი? აქ ინფრასტრუქტურის პრობლემაა“, – ამბობს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩი თამთა კვარაცხელია.

კლასების გაყოფის შემთხვევაში, დგება მასწავლებლების დამატებითი ანაზღაურების საკითხიც, რადგან იმ შემთხვევაში თუ, ვთქვათ, გაიყოფა ერთი პირველი კლასი, მასწავლებლის შრომა გაორმაგდება. შესაბამისად, უნდა გაორმაგდეს მასწავლებლის ანაზღაურებაც.

„დამატებით ანაზღაურებაზე საერთოდ არ მიფიქრია, არ ვიცი“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.

მასწავლებლისთვის დამატებითი ანაზღაურების გაცემა, კლასების გაყოფის შემთხვევაში, არც ბათუმის პირველ საჯარო სკოლას შეუძლია. სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს, რომ  ისინი გამოცდების ეროვნული ცენტრის პრაქტიკას გაიზიარებენ და მერხებს დამცავი ფარებით აღჭურვავენ.

„მირჩევნია სკოლა აღვჭურვო შესაბამისად და დამცავი ფარები დავამონტაჟო მერხებზე, ვიდრე ზედმეტი საათები ავანაზღაუროთ. ეს ჩვენი გადასაწყვეტი მაინც არ არის, რადგან ვაუჩერი, რომელსაც სკოლა იღებს, დამატებითი საათების ანაზღაურებისთვის საკმარისი არ იქნება“, – ამბობს ნატალია ზოიძე.

იგი ამბობს, რომ საკლასო ოთახები არ გადაუზომიათ, თუმცა შერეული მოდელის არჩევის შემთხვევაში, დიდი ზომის საკლასო ოთახებში განათავსებენ მერხებს და შეეცდებიან მერხებს შორის  ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან.

ჩაქვის #2 სკოლის დირექტორი, ბადრი დავითაძე ამბობს, რომ სკოლაში სულ 205 მოსწავლე ჰყავს, უმეტეს კლასებში – 17 ან ცოტა მეტი მოსწავლე. „ორი კლასია, სადაც 26 და 30-მდე ბავშვი ზის და თუ რეკომენდაციებში ვერ ჩაჯდა ეს რაოდენობა, მაშინ ამ კლასის გაყოფა მოგვიწევს. თუმცა, დამატებით ჩატარებულ საათებს სკოლა ვერ აუნაზღაურებს მასწავლებელს“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ერთი კლასის გაყოფის შემთხვევაში სკოლას 6 500 ლარი დასჭირდება, ორი კლასისთვის კი 12 ათას ლარზე მეტი იქნება საჭირო. „ეს თანხა სულ რჩება სკოლას და მაშინ გამოდის, სხვას ვერაფერს ვეღარ შეიძენს სკოლა, ვერც სადეზინფექციო საშუალებებს“, – ამბობს ბადრი დავითაძე.

დირექტორი მომხრეა, რომ სექტემბერში სწავლა სკოლის შენობებში სრულად განახლდეს, თუმცა ნაწილობრივ განახლების შემთხვევაში, შესაძლოა შაბათი დღეც გამოიყენონ.

„დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ძალიან გაუჭირდათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ უნდა ისწავლონ სკოლის შენობებში, უფროსკლასელებს კი კვირაში 2-ჯერ მაინც ჩაუტარდეთ გაკვეთილი“, – გვეუბნება ის.

ქობულეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე ამბობს, რომ „სწავლა დისტანციური იქნება თუ შენობაში, სკოლა ორივე ვარიანტს თავს გაართმევს“.

„ჩვენი სკოლა „მილენიუმმა“ გაარემონტა და პატარა საკლასო ოთახები არ არის. დაახლოებით 50 კვადრატია ყველა ოთახი, ამიტომ მოსწავლეების დისტანციურად განლაგებას შევძლებთ“, – ამბობს ცივაძე.

მისი თქმით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სკოლის შენობაში. „კლასში ისინი უკეთ აღიქვამენ მასწავლებელს. სახლში სწავლა უფრო უჭირთ, მაშინ მშობელი უნდა დაუჯდეს და ასწავლოს. სხვა კლასები ერთ დღეს მოვლენ სკოლაში და მეორე დღეს ექნებათ ონლაინგაკვეთილი“, – ამბობს ცივაძე.

წელს ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში 120 პირველკლასელი ეყოლებათ, 8 მოსწავლე კი რუსულ სექტორში იქნება. ამის მიუხედავად, დირექტორი ამბობს, რომ  „სკოლა ორ ცვლაშიც ჩვეულებრივად იმუშავებს“.

იმ შემთხვევაში, თუკი ჯანდაცვის რეკომენდაციები მაინც დააყენებს კლასების დაყოფის წინაშე, დირექტორი ამბობს, რომ მასწავლებლების დამატებითი ანაზღაურების საკითხი აუცილებლად დადგება. „თუ მასწავლებელი დაიტვირთება ორმაგად, ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი“, – ამბობს ის, თუმცა ეს საკითხი, მისივე თქმით, განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია და ამ დეტალებზე სამინისტროს რეკომენდაციებს დაელოდებიან.

რაც შეეხება კლასების საკითხს, მაგალითად, თამთა კვარაცხელია არ არის მომხრე, რომ საკლასო ოთახში მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის განახლდეს სწავლება. „არა მგონია ეს სწორი იყოს. მე-11 კლასელმა რა ქნას, რომელსაც სჭირდება მაქსიმალურად მიიღოს ცოდნა, რადგან ამთავრებს სკოლას და უნდა, რომ მაქსიმალურად ბევრი მიიღოს“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.  მისი თქმით, ეს საკითხი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს მასწავლებლებთან და ერთად იმსჯელებენ, როცა აგვისტოში სკოლაში დაბრუნდებიან.

ნატალია მგელაძის აზრით კი,  მნიშვნელოვანია, გარკვეულ საგნებში გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარდეს. „შევეცდებით, რომ წინ წამოვწიოთ ისეთი საგნები, სადაც მასწავლებლის უშუალო ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და ის 3 დღე, როცა, ვთქვათ, მოსწავლე მოვა სკოლაში ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ან მათემატიკა ჩავუსვათ ცხრილში.

პარალელურად ამაზეც დავიწყეთ ფიქრი გაკვეთილების ცხრილი როგორ უნდა შედგეს და იმაზეც, როგორ გავაძლიეროთ მასწავლებლები. სამთვიანმა პერიოდმა გვიჩვენა რა მიმართულებით გვჭირდება გაუმჯობესება. იგივე TEAMS-ს, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ დისტანციური სწავლების პერიოდში, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, რომლის ათვისებაც ბოლომდე ვერ მოასწრეს მასწავლებლებმა და გვინდა ამ პროგრამის პოტენციალი სრულად ამოვწუროთ“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

რა ფორმით განახლდება სექტემბერში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი, ამის თაობაზე განათლების სამინისტროს ოფიციალურ რეკომენდაციებს სკოლები აგვისტოში ელოდებიან.

_________________________________________________

მთავარი ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელების“ არქივი

ამავე თემაზე:

სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: