მთავარი,სიახლეები

გომისმთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

26.06.2020 • 3442
გომისმთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ გომისმთასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 20 კილომეტრი გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 23 837 700 ლარია გამოყოფილი.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ 12+300-ზე, ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე შესასვლელი ჭიშკართან და მთავრდება გომის მთის საკურორტო დასახლებაში მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ.

პროექტით დაგეგმილია ამ მონაკვეთზე გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების [მილების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების] შეკეთება და ახლების მოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების ახლიდან მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი ჯიბეების და მოსაცდელების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა.

„საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის მოწყობა უზრუნველყოფს ავტომობილების, ფეხით მოსიარულე ტურისტების და სეზონური დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტულ მოძრაობას,“ – აღნიშნულია პროექტში.

გომისმთამდე მისასვლელი სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთები / ფოტო პროექტიდან

არსებული გზის აღწერა პროექტიდან:

სარეაბილიტაციო მონაკვეთი განთავსებულია დაუსახლებელ, ციცაბოფერდებიან და ხშირი ფოთლოვანი ტყით დაფარულ ტერიტორიაზე. არსებული გზის მიწის ვაკისის სიგანე დასაწყისში შეადგენს 8-9 მ-ს, მოხრეშილი სავალი ნაწილის სიგანე – 5.5-6 მ-ს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის უკვე მე-13-ე კმ-დან პრაქტიკულად ტრასის ბოლომდე მიწის ვაკისის სიგანე მცირდება 6.0-6.5 მ-მდე, მოხრეშილი სავალი ნაწილი გრძელდება მხოლოდ 24-ე კმ-მდე, ხოლო შემდეგ არსებული გზა მოუხრეშავია.

არსებული გზის ტექნიკური პარამეტრები, არსებული წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები და სხვა ხელოვნური ნაგებობები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

სარეაბილიტაციო გზის კმ 12+300 – კმ 16+500 მონაკვეთი განთავსებულია მდ. ბჟუჟის მარჯვენა მხარეს, მთის ციცაბო ფერდზე მოწყობილ თაროზე, ხოლო შემდეგ ტრასის ბოლომდე გზა შორდება მდ. ბჟუჟის ხეობას, გადადის-რა ლოკალური წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ ციცაბო ფერდზე და უშუალოდ ქედის თავზეც.

ტრასის ბოლოს კმ 29+600-დან არსებული გზა გადის გომის მთის საკურორტო ზონის პლატოზე, სადაც ტყის მასივი უკვე აღარ არის და რელიეფი დაფარულია საზაფხულო საძოვრებით და მინდვრებით. გომის მთის საკურორტო ზონის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2034 მ-ს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის კმ 12+300 – კმ კმ 13+750 განთავსებულია ხშირი ფოთლოვანი ტყით დაფარულ, მთის ციცაბო ფერდებზე მოწყობილ კლდოვან თაროზე. მიწის ვაკისი მდგრადია, ხელოვნური ნაგებობები ძირითადად ამორტიზებულია. სავალი ნაწილი ხრეშოვანია.“

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 26 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება, სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე.

ამასთან, არ უნდა ჩაიკეტოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი – პირიქით.

კონტრაქტორმა კომპანიამ, სხვა ვალდებულებებთან ერთად, უნდა აიღოს ინერტული მასალების მოპოვების ლიცენზია ან მასალები შეიძინოს ლიცენზირებული მომწოდებლისაგან; ასევე, აიღოს ასფალტის ქარხნის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, თუ ასფალტს აწარმოებს თავად ან შეიძინოს ასფალტის ქარხნიდან, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ნებართვა.

ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2020 წლის 22 ივლისს და მთავრდება 27 ივლისს.

გომისმთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

გომისმთას სტატუსი ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით მიენიჭა [ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა]. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“.

გომისმთის მიმდებარედ სახლები წლებია მოქალაქეებს იმ ტერიტორიაზეც აქვთ, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კონკრეტულად კი, ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებშია. ვრცლად ნახეთ ბმულზე: გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს

ამავე თემაზე:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: