ქართველი-თურქი მოსწავლე: „ჩვენ ერთნი ვართ განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა“

ჩემი სახელია ჰავილ დენიზ, ვარ 18 წლის. დავიბადე ბათუმში, გავიზარდე აქვე. ჩემი ოჯახი მულტიკულტურულია. მამა წარმოშობით თურქია. ჩემი გვარი დენიზ – თურქულად ზღვას ნიშნავს. დედა ქართველია, ბელარუსში დაიბადა. მყავს და, ის ჩემზე ორი წლით პატარაა და მისი სახელია მელექ, ანუ ანგელოზი.

მიყვარს ცეკვა, სიმღერა, ცხოველები, ფოტოგრაფია. ალბათ კორონას ეპიდემიასაც ნიღბიანი სურათებით გავიხსენებთ. მშობლები მეუბნებიან, რომ ყოველთვის უნდა მქონდეს საკუთარი თავის რწმენა და არასდროს დავნებდე.

განათლება

ახლა სკოლა პროგრესში ვსწავლობ. დისტანციურად, ისევე, როგორც ყველა ჩემი თანატოლი. ვარ აბიტურიენტი. მიყვარს უცხო ენების შესწავლა – ვსაუბრობ თურქულ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. ვცდილობ, ასევე, ვისწავლო გერმანული და რუსული. ჩემი სკოლა ამაში ხელს მიწყობს, ყველა ენა გაძლიერებულად ისწავლება. მასწავლებლებიც ძალიან კომპეტენტურები და კვალიფიციურები არიან. უცხო ენები მეხმარება მოგზაურობისას, სხვა ეროვნების ადამიანებთან კომუნიკაციაში, მათი კულტურის უკეთ გაცნობაში, ასევე გამომადგება კარიერაში და ბიზნესში. ჩვენ სკოლაში მოქმედებს ამერიკული აკადემია, რომლის დამთავრების შემდეგაც მოსწავლეებს შეუძლიათ აიღონ  ამერიკული სკოლის დიპლომი.

პროფესია

მინდა ვისწავლო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.  მინდა წარმატებული დიპლომატი გავხდე.

საერთაშორისო ურთიერთობები პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი კომპლექსური დარგია. ის მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ საკითხებს. გვეხმარება ურთიერთობის დამყარებაში სხვადასხვა ქვეყანასთან და ასევე წარმატებული სავაჭრო პოლიტიკის განხორციელებაში. მრავალმხრიობის გამო ავირჩიე მე ეს  პროფესია. ვფიქრობ, დამეხმარება: ენების გაუმჯობესებაში, ანალიტიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარებაში, ასევე  პოლიტიკური და გლობალური საკითხების კარგად გაგებაში. ეს ფაკულტეტი მომავალში არამარტო ერთი განხრით დასაქმებაში შემიწყობს ხელს, არამედ სხვადასხვა მიმართულებითაც.

პანდემია

ვადევნებ თვალყურს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. ჩემი აზრით, ეს მოვლენა თავის დროზე მკაცრი ზომების არ მიღების გამო გაუარესდა. ასევე მნიშვნელოვანია მიღებული ზომების ხალხის მიერ გათვალისწინება და მათი დაცვა. თუმცა საქართველო კარგად უმკლავდება.

კორონამდე ცხოვრება  ჩვეულებრივი ტემპით გრძელდებოდა, მაგრამ უეცრად გამოჩნდა ვირუსი, რომელიც არ ვიცით ხელოვნურად არის შექმნილი ადამიანის მიერ, თუ ბუნებრივად და ადამიანი, უბრალოდ, გავრცელების წყაროდ იქცა. მას  მოჰყვა თან ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, დაიხურა თავშეყრის ადგილები. მაგალითად, განათლების მხრივ დაიხურა სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები და სწავლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე.

მოსახლეობის უმრავლესობა დარჩა სამსახურის გარეშე.

პოზიტიური ხედვა

მანქანების და ქარხნების  გაჩერების გამო შემცირდა გამონაბოლქვი და ბუნებამ “ამოისუნთქა”, გალამაზდა.

კორონამ დაგვანახა კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ადამიანები, ჩვენ, ყველანი ერთნი ვართ განურჩევლად სქესის, რჯულის, ასაკისა და ეროვნებისა. მე მჯერა,  ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და როგორც სხვა ძველი ეპიდემიები და პანდემიები, ასევე დავძლევთ ამ ვითარებასაც. „ძალა ერთობაშია“ და ჩვენ დავამარცხებთ მას! ყველაფერი უბრალოდ დროს, თანადგომას, მოთმინებას და შრომას მოითხოვს.

კარგი განწყობა

სკოლა პროგრესში მომწონს თითქმის ყველაფერი. სახელს შეესაბამება და ქმნის პროგრესულ გარემოს, ზრდის პროგრესულ თაობას. განსაკუთრებით მომწონს კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, ასევე ის, რომ ჩემს სკოლაში არიან სხვადასხვა ეროვნების მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, რაც მეხმარება უცხო ენის გაუმჯობესებაში. ყველანი თავს ვგრძნობთ ძალიან კომფორტულად.

ოცნება

მიყვარს კერძების მომზადება და სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის გაცნობა. ახლა დაინტერესებული ვარ აღმოსავლური სამზარეულოთი. მომავალში კი მსურს, ვიმოგზაურო და  უკეთ გავეცნო სხვადასხვა კულტურასა და მათ სამზარეულოს.

დეფიციტი რომ არ შეიქმნას, 5 მილიონის ტესტები და სხვა მასალებია საჭირო – NCDC

„საქართველოში ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარების მიზნით, საჭიროა გამარტივებული შესყიდვით მოხდეს ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის საჭირო რეაგენტების, ტესტების, სახარჯი მასალების დეფიციტის აცილება და ცენტრის ლაბორატორიებთან ერთად ქვეყნის სხვა ლაბორატორიების შესაბამისი ჩართულობაც“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის წერილში, რომლითაც მან, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 7 მაისს მიმართა.

„საქართველოში მიმდინარე ეპიდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებული ადამიანების დროული გამოვლენა და მათზე ზედამხედველობის დაწესება, რისი განხორციელებაც მხოლოდ დიდი რაოდენობის ლაბორატორიული კვლევების ჩატარების გზით არის შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ინფექცია არის ძალიან სწრაფად გავრცელებადი, ამიტომ იქმნება საშიშროება, რომ ეპიდზედამხედველობისა და ცენტრზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების დროულად განუხორციელებლობის შემთხვევაში, ქვეყანას შეექმნება ლაბორატორიული მომსახურების დეფიციტი, რაც შეაფერხებს ეპიდემიის მართვას და ქვეყანა ვერ შეძლებს ეპიდემიის შეჩერებას, რაც გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს“, – აღნიშნულია ამირან გამყრელიძის წერილში.

მოწოდების ვადები დამოკიდებულია მოთხოვნილი პროდუქციის სახეობასა და მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულ გეგმა-გრაფიკზე. შესაბამისად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ოპტიმალურ ვადად ითვლება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე.

რეაგენტების, ტესტებისა და სახარჯი მასალების შესაძენად ამ შემთხვევაში 5 051 556 ლარია საჭირო.

7 მაისის 20:00 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის სულ 615 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან გამოჯანმრთელდა 275. კარანტინის რეჟიმში 4 948 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 491.

 

მთავარი ფოტო: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

„კლანი იმდენად გაძლიერდა, რომ სხდომებსაც კი არ ატარებს“ – ჯანეზაშვილი

„მოსამართლეების დისციპლინურ სამართალწარმოებაზე საბჭოს ბოლო სხდომა 2019 წლის მარტში ჩატარდა… პირი, რომელსაც აქვს სხდომის მოწვევის უფლებამოსილება, არის იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც წელიწადზე მეტია სხდომას არ იწვევს…“ – წერს ფეისბუქში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. იგი  მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარს ეხმაურება.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და მას დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა უჩივის. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლე სხდომის დროს სოციალური ქსელით ერთობოდა და ექსპერტების დაკითხვას არ მოუსმინა.

ადვოკატის საჩივარი, ისევე როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, მოსამართლის წინააღმდეგ თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უნდა შეისწავლოს. ინსპექტორი დასკვნას იუსტიციის საბჭოს უგზავნის, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყოს თუ არა დისციპლინური დევნა კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრები ხშირად შედის, თუმცა საბჭოს უკვე ერთ წელზე მეტია  – გასული წლის მარტის შემდეგ, არც ერთი მოსამართლის წინააღმდეგ საქმე არ განუხილავს.

„…ეს არის იმის დემონსტრირება, რომ სასამართლო კლანს საერთოდ არ ადარდებს ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძის, რომელიც ამ სხდომას არ ნიშნავს. გამოდის, რომ მოსამართლემ, შეურაცხყოფა რომ მიაყენოს მხარეებს, ან დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენოს, ან საქმის განხილვის ვადები დაარღვის და ასე შემდეგ, არავინ ამაზე რეაგირებას არ ახდენს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უკვე დაიწყო წინასწარი მოკვლევა. ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილია.

„წინა ინსპექტორი იყო ქეთევან ცინცაძე,“ – პარალელს ავლებს ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ აზნაურაშვილიც კლანის წევრია. – „ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და გახდა იმიტომ, რომ ის მოსამართლეების მხრიდან სამოსამართლეო ეთიკის დარღვევებზე თვალს ხუჭავდა, მაგალითად, მე პირადად მივმართე სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ 2018 წელს, როცა ის რეგულარულად არღვევდა ეთიკას…“

რატომ არ ჩატარდა 2019 წლის მარტიდან ამ დრომდე მოსამართლეთა დისციპლინური საქმისწარმოების განხილვის სხდომა? – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში „სამწუხარო“ უწოდეს ამ ფაქტს და განმარტეს, რომ სხვა საქმეებით იყვნენ დატვირთული, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევით.

„სამწუხაროდ, დატვირთულობის გამო ვერ შედგა ეს სხდომა… ვერ გეტყვით, როდის იქნება შემდეგი სხდომა,“ – გვითხრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში.

„როგორც კი ეს კლანი გაძლიერდა და უფრო მეტი გარანტიები მიიღეს, მათი ანგარიშვალდებულების ხარისხი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვიდა. კლანი არის იმდენად თავისუფალი, რომ სხდომების ჩატარების ვალდებულებას არც კი გრძნობს – თვეში ერთი დღის გამონახვა შეიძლებოდა, მაგრამ მათ ხალხის წუხილი არ აინტერესებთ,“ – აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს კანონით განსაზღვრული, რა ვადაში უნდა განიხილოს მოსამართლის წინააღმდეგ საქმე. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში ინსპექტორი დასკვნებს ამზადებს, თუმცა ის ინსპექტორის კომპიუტერშივე რჩება და საქმე დღის სინათლეს ვერ პოულობს – ის საბჭოს წევრებისთვისაც გაუგებარი რჩება.

ნაზი ჯანეზაშვილის დაკვირვებით, ეს ბოლო პერიოდის ტენდენციაა, როცა საბჭო მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრებს საერთოდ აღარ განიხილავს – წლების წინ არაერთ შემთხვევაში „ურჩი მოსამართლეების“ წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაუწყიათ.

ნაზი ჯანეზაშვილი კიდევ ერთ დეტალს შენიშნავს – ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ვის წინააღმდეგაც საჩივრით მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წლების წინ სასამართლო კლანის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურასთან – მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა. ნიკოლოზ მარსაგიშვილი უვადო მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს.

„…გასაუბრების დროს მან დასძინა, რომ 13 წლის წინ ერთად მუშაობდნენ მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. წლების განმავლობაში ის იყო გორის სასამართლოს თავმჯდომარე. ეს ყველაფერი კი, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან შემთხვევით არ ინიშნებიან მოსამართლეები ამ სისტემაში,“ – დასძინა ნაზი ჯანეზაშვილმა „ბათუმელებთან“.

330 მოსწავლე აჭარიდან ერთ ჯგუფში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელთა მიზანიც მედიაწიგნიერება და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაა, აჭარის რეგიონში – ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 330 მოსწავლე გაწევრიანდა.

სალომე ფუტკარაძე – ონლაინკურსის კოორდინატორი:

“პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინტერნეტთან წვდომა ყველა მოსწავლისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ინფორმაციის ადრესატამდე მიტანაში აჭარის განათლების სამინისტროს დახმარება დაგვჭირდა. რეგისტრაციის გავლა 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-18 წლის მოსწავლეებს შეეძლოთ”.

ჯგუფის წევრები ეტაპობრივად იღებენ ინფორმაციას, პრეზენტაციების, სტატიების, ვიდეო/ფოტო და სხვა ელექტრონული მასალებით. თითოეული მასალის გაცნობის შემდეგ, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, დასვან კითხვები და შეასრულონ სავარჯიშოები განსახილველ თემატიკაზე.

სასწავლო მასალაში შემავალი თემები ძირითადად მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების და პერსონალური ინფორმაციის დაცვას მოიცავს. პარალელურ რეჟიმში, ასევე ვაწვდით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეხება.

პროექტის მიმდინარეობის პროცესში უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია შემდეგ თემებზე: ყალბი ამბები და მათი ამოცნობის ხერხები, როგორ ვრცელდება და ვინ ავრცელებს მათ სოციალურ ქსელებში, ვინ არიან ტროლები და ბოტები? როგორ მუშაობენ ისინი, მათი ამოცნობის ხერხები, პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

დასკვნით ეტაპზე ვიქტორინის შედეგად, თითოეულ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 3 გამარჯვებული გამოვლინდება. 4 გამარჯვებულს ხულოდან და 3 გამარჯვებულს შუახევიდან, „აჭარისწყალი ჯორჯია“ დააფინანსებს, 3 გამარჯვებულს ქედის მუნიციპალიტეტიდან კი – „ბი ჯი თრეიდი“.

სოფო ქარცივაძე – ონლაინკურსის კოორდინატორი:

სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ გათამამებული დამატებითი აქტივობებით, რაც მათ პიროვნულ განვითარებაში დაეხმარებოდა. ვერ იღებენ მონაწილეობას მოხალისეობრივ საქმიანობებში, რადგან არ აქვთ მსგავსი აქტივობების შესახებ ინფორმაცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უფრო მეტად არიან მონდომებულები და ჩართულები, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ოჯახის წევრებს და სკოლაში მეგობრებს. ეს კი უფრო ზრდის მედიაწიგნიერების დონეს და ინფორმირებულობას.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დისტანციურად ონლაინპლატფორმებზე მუშაობს. ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის კამპანიასთან ბრძოლის მიმართულებით ორგანიზაციის პროექტს მხარს უჭერს ფონდი – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). პროექტის მიზანია, მოქალაქეთა ინფორმირების ხარისხის გაუმჯობესება და მედიაწიგნიერების დონის ამაღლება.

„რა ვქნა, რა დავიფიცო“ – სულიკო თებიძე ენმ-ის ანტიკრიზისულ პროექტზე

„რაზე დავიფიცო, რა გავაკეთო? – მზად ვარ, ნებისმიერი საქმიანი წინადადება მივიღო, მაგრამ მათ მიერ დაყენებული ინიციატივები, ყველა იყო არაკანონიერი, ადრეც ჰქონდათ. ნებისმიერმა იურისტმა შემიფასოს, რომ მე არაკანონიერად მოვიქეცი, დავწერ განცხადებას და წავალ, მართლა გეუბნებით. არ გავაკეთებ არაკანონიერს ამ ასაკში, გამორიცხულია“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ.

საქმე ეხება საკრებულოს ოპოზიციის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ხვალ, 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილონ, იმ შემთხვევაში, თუ ეს სხდომა შედგა. საკრებულოს თავმჯდომარე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ კოლეგებთან მას მხოლოდ კონსტრუქციული თანამშრომლობა უნდა, თუმცა ისინი ამაზე „არ მოდიან“: „მათ მხოლოდ ხმაური უნდათ“.

ხვალინდელი სხდომა ბათუმის საკრებულოს ისტორიაში მის გამართვამდეც კი, უჩვეულო და უპრეცედენტოა, რამდენიმე  მიზეზის გამო.

პირველი ისაა, რომ სხდომა საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჩაუნიშნია და მისი გამართვის ინიციატორი, ასევე გადაწყვეტილების მიმღებიც, ფრაქცია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ოპოზიცია ბათუმის ანტიკრიზისული გეგმის საკუთარი პროექტის დღის წესრიგში შეტანას და მის განხილვას წინა სხდომაზეც ითხოვდა, თუმცა საკრებულომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო.

შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ ფრაქციამ, პროექტის განხილვის მიზნით, რიგგარეშე სხდომის გამართვა ოფიციალურად მოითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა არ დანიშნა. სულიკო თებიძე მიიჩნევს, რომ ის, რასაც მისი კოლეგები ითხოვენ, ანტიკონსტიტუციურია:

„გააჩნია საკითხს, ისეთ საკითხს იხილავს, რომლის განხილვაც საკრებულოს სხდომაზე არაკანონიერია“.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმა საბიუჯეტო ცვლილებებს ითვალისწინებს, რისი განხილვაც მხოლოდ მერიის წარდგენითაა შესაძლებელი:

„თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულო არ არის უფლებამოსილი, აღმასრულებელ ორგანოს დაავალოს ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება. მათ თავისუფლად შეეძლოთ ეთანამშრომლათ მერიასთან, როგორც მე, პირადად, ვთანამშრომლობ ყველასთან, ოღონდ ვინმემ რაიმე წინადადება მოიტანოს. მათ ეს წინადადებები არ მოუტანიათ, ეს გააკეთეს ხმაურისთვის. დილით შემოაგდეს, რომ ეხმაურათ. შემდეგ დაიხურეს ქუდი და წავიდნენ“.

ეს ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომაა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე არ დაესწრება და ამის შესახებ წინასწარ ვიცით: „მე არ ვესწრები“, ამბობს სულიკო თებიძე და იმასაც ვარაუდობს, რომ სხდომას არც „ოცნების“ უმრავლესობა დაესწრება: „მგონი არა. მე ვერავის ვერ დავავალებ შენ დაესწარი, შენ არა-მეთქი“.

უჩვეულოა, რომ ეს არის საკრებულოს პირველი სხდომა, რომლის შესაძლო ჩაშლის ალბათობას ამავე საკრებულოს მიერ გავრცელებული განცხადება უშვებს.

„მოცემულ შემთხვევაში საკრებულოს თითოეული წევრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულო უფლებამოსილი იქნება განიხილოს წარმოდგენილი ინიციატივა, თუ სხდომას დაესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა (13 წევრი)“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ენმ-ის ფრაქციის მიერ სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით საკრებულომ გაავრცელა.

კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ სხდომას არ დაესწრება საკრებულოს თავმჯდომარე, სხდომას უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში, სხდომაზე დამსწრე საკრებულოს უხუცესი წევრი.

სათუოა, შეძლებს თუ არა ენმ-ს ფრაქცია საკრებულოს 13 წევრის შეკრებას სხდომის გასამართად.

23-წევრიან საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში საკრებულოს ოთხი წევრია გაერთიანებული, 12 წევრია „ოცნების“ უმრავლესობის ფრაქციაში. „ოცნების“  პოზიციებს იზიარებენ ფრაქცია „მრეწველები“ და „კონსერვატორებიც“ [სულ ექვსი წევრი]. პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით, თუ „ოცნება“ გადაწყვეტს, ოპონენტების მიერ ჩანიშნული სხდომა ქვორუმის არარსებობის მიზეზით ჩაშალოს, ამ გადაწყვეტილებას ეს ორი ფრაქციაც შეუერთდება. რჩება კიდევ ერთი – 3-წევრიანი დამოუკიდებელი ფრაქცია, რომლის მხარდაჭერა სხდომის გასამართად საკმარისი არ იქნება.

მთავარი ფოტო: ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე და საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

“ზაოდი” – ომში დაღუპულთა მემორიალზე იტალიაში ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი მიაწერეს

იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა  მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.

„ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა,“ – წერს ალესიო ვალენტე.

მერი წერს, რომ უკვე აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას და ქუჩის კამერებით იმ ადამიანების პოვნა სთხოვა, რომლებმაც მემორიალზე წარწერა დატოვეს.

„ვიმედოვნებ პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ.

იმედია ესმით რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება,“ – წერს გრავინა ინ პულიას მერი.

მერის პოსტს გამოეხმაურნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში ბოდიშს იხდიან ვანდალიზმის გამო და წარწერის წაშლაში იტალიელებს დახმარებას სთავაზობენ.

„ვის დააბრალებს კრიზისს ამომრჩეველი – ვირუსს თუ ხელისუფლების პოლიტიკას?“ – ინტერვიუ

„ახლა მთავარია, არჩევნებამდე ყურადღების ცენტრში რამდენად დარჩება პანდემია…. ხელისუფლებისთვის პანდემია იყო ციდან მოსული დახმარება პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია. იგი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გაზრდილი რეიტინგი არჩევნებამდე შეინარჩუნოს იმ შემთხვევაში, თუკი პანდემია მთავარ თემად დარჩება, მაგრამ ხელისუფლება კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებს.

რა ტიპის არჩევნები გველის, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ საგანგებო ვითარებაა? რა შანსებს აძლევს პანდემია მმართველ პოლიტიკურ გუნდს და რას – ოპოზიციას? – „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.

  • ბატონო გია, თუკი საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება ფორმალურადაც შეუძლებელია, რა სახის არჩევნებს მივიღებთ, თქვენ რა საფრთხეს ხედავთ? 

კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან გარკვეული დრო უნდა გავიდეს და შემდეგ ტარდება არჩევნები. ცხადია, საარჩევნო კამპანია უნდა ჩატარდეს და ეს არ გამოვა საგანგებო მდგომარეობის დროს. საქართველოში მაინც საარჩევნო კამპანია, ძირითადად, ხურდება ბოლო ორ თვეში, გავლენას სწორედ ეს ბოლო ორი თვე ახდენს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე. იგულისხმება ის ამომრჩეველი, ვისზედაც მოქმედებს ეს კამპანია. ცხადია, არსებობს ამომრჩეველი, რომელსაც კამპანიამდეც დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი აზრი, ვის მისცემს ხმას… შესაბამისად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, რომ, აი, საარჩევნო კამპანიის გარეშე ჩატარდება არჩევნები.

  • ამ ვითარებაში ხელისუფლების მოქმედება, მათ შორის, სოციალური დახმარებები, რამდენად აღიქმება, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი?

რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ხელისუფლებისთვის პანდემია იყო ციდან მოსული დახმარება პოლიტიკური თვალსაზრისით. კრიზისული ვითარება, ზოგადად, წაადგება ხოლმე ხელისუფლებას. კრიზისის დროს საზოგადოებას უნდა, რომ ვიღაცის გარშემო გაერთიანდეს და თუ ხელისუფლება აშკარა შეცდომებს არ უშვებს და მას არ ბრალდება ამ კრიზისის დროს რაღაც მოვლენათა განვითარება, ჩვეულებრივ, ხელისუფლების რეიტინგი მაღლა იწევს. საზოგადოება ახლაც მთლიანად გადართულია პანდემიაზე. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად სხვა თემები უკანა პლანზეა გადასული. ოპოზიციას სალაპარაკო ნაკლებად აქვს. რომც ჰქონდეს სალაპარაკო, ნაკლები ყურადღება ექცევა ნებისმიერ სხვა თემას. ეს ვითარება, რა თქმა უნდა, მომგებიანია ხელისუფლებისთვის. ხელისუფლება ცდილობს, რომ ის ხეირი, რომელიც მან ნახა ამ კრიზისული ვითარებიდან, რაც შეიძლება დიდხანს გაჰყვეს.

  • პარალელურად ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. გამორიცხავთ, რომ ამ ვითარებაში  ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაც შეიძლება გაიზარდოს? 

პანდემია ამ ეტაპზე მომგებიანია ხელისუფლებისთვის და ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს პოპულარობა მმართველ პოლიტიკურ გუნდს გაჰყვეს არჩევნებამდე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეპიდემიის თემა ცოტა უკანა პლანზე გადაინაცვლებს და ადამიანები უფრო იფიქრებენ ეკონომიკურ შედეგებზე. ახლა მთავარია, რამდენად დააბრალებს მოსახლეობა ამ კრიზისს ხელისუფლებას, როცა ვიცით, რომ ეპიდემიით არის გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი.

  • რამდენად გაუჩნდება ხელისუფლებას „ლეგიტიმური“ საშუალებები, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველი მოისყიდოს? 

ეს მოხდა კიდეც, როცა ივანიშვილმა დადო 100 მილიონი, მაგრამ იმდენად კრიზისულია ვითარება, რომ ოპოზიციამაც ვერ გაბედა, ამისთვის დაერქმია ამომრჩევლის მოსყიდვა. ფაქტობრივად, ეს კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამას, რადგან ის არის მმართველი პარტიის ლიდერი, ხალხს ფულს ჩუქნის და ეს არის მოსყიდვა იმის მიუხედავად, რომ კამპანია ჯერ დაწყებული არ არის. ამომჩევლისთვის ეფექტის მოხდენა ბიძინა ივანიშვილს მხედველობაში ჰქონდა.

როცა მოახლოვდება არჩევნები, ხელისუფლებას ერთგვარი საფუძველი ექნება, რომ სხვადასხვანაირი სოციალური დახმარება გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად და შედარებით ძნელი იქნება ის, რომ ამას ამომრჩევლის მოსყიდვა დაარქვა.

  • რამდენად იმუშავებს მოსყიდვა, თუკი ადამიანები დაინახავენ სისტემურ პრობლემებს, მაგალითად, სოციალური მიმართულებით ან სასამართლოს და მედიის თავისუფლების კიდევ მეტად გაუარესებას… 

ჩემი აზრით, სასამართლოს და მედიის პრობლემა, სამწუხაროდ, არ არის მნიშვნელოვანი მასობრივი აუდიტორიისთვის. მაინც მთავარი თემა იქნება ეკონომიკური ვითარება და ის, თუ ვის დააბრალებს ამ კრიზისს ამომრჩეველი: ვირუსს თუ ხელისუფლების პოლიტიკას. ძალიან რთულია წინასწარ ამის განსაზღვრა, როგორ მოტრიალდება ეს ამომრჩევლის ცნობიერებაში. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ეკონომიკური უკმაყოფილება ნეგატიურად აისახოს ხელისუფლების პოპულარობაზე.

  • რა ხდება ოპოზიციურ პარტიებში, რა შანსები აქვთ მათ ამ პანდემიის დროს?

არა მგონია, პანდემიამ თავისთავად რაიმე თვალსაზრისით გაზარდოს ოპოზიციის შანსი… ჯერჯერობით ძირითადად ასე ითვლება, რომ ხელისუფლების პოლიტიკა წარმატებულია პანდემიის მიმართ. შესაბამისად, პანდემიიდან ოპოზიციამ რაღაც ქულები დაიწეროს, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუკი ადამიანთა ცნობიერებაში პანდემიის პრობლემას დაჩრდილავს ეკონომიკური პრობლემები, მაშინ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შანსი აქვს. ამ შემთხვევაში ოპოზიციას ექნება სრული საფუძველი, რომ გააქტიურდეს.

  • რამდენიმე დღის წინ ფეისბუქმა წაშალა რამდენიმე სამთავრობო, ასევე ანტისამთავრობო გვერდი. სოციალური მედია არის საარჩევნო ბრძოლის ერთ-ერთი გზა. ფეისბუქგვერდების წაშლა რამდენად შეცვლის პოლიტიკური თამაშის წესებს? 

არა მგონია, რომ ამ ყალბი გვერდების წაშლას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ფეისბუქი ამას შლის. ადამიანებმა იციან, რომ ბევრი ყალბი ექაუნთია და ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად იქცევა სოციალურ მედიაში, მაგრამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის განაგრძობს ამ საქმიანობას. ბატონმა ყანდიაშვილმაც პრაქტიკულად ეს გვითხრა, ახალ გვერდებს შექმნიან და იმავე მეთოდებს გამოიყენებენ. ფეისბუქმა შეიძლება მესამედაც წაუშალოს ეს გვერდები, მაგრამ ისევ ისე იმუშავებენ, რადგან ფეისბუქს მხოლოდ წაშლა შეუძლია. არსებითად, ეს თამაშის წესებს ვერ შეცვლის.

  • მინდა გკითხოთ რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზეც, რომელიც ამჯერად პანდემიის თემას იყენებს – „კორონავირუსმა გამოააშკარავა ევროკავშირის სახე“, ვირუსი „ამერიკელებმა ხელოვნურად შექმნეს“ და ასე შემდეგ. რა გავლენა ექნება რუსულ პროპაგანდას ამ არჩევნებზე, თქვენი დაკვირვებით? 

ჯერჯერობით არ ჩანს რუსული პროპაგანდის გაძლიერება და ეს არ არის ახალი ხილი. გასაგებია, რომ ახლა უფრო აქტიურად იყენებენ პანდემიის თემატიკას, ადრე სხვა თემები ჰქონდათ, მაგრამ რადიკალური გავლენა ამას არ აქვს.  თუ გავზომავთ ამ გავლენას ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის რიცხვებში, ეს მხარდაჭერა არ შემცირებულა, არ ვიცი, ახლა პანდემიის თემატიკა თუ რამეს შეცვლის, თუმცა არ ველი, რომ რუსული პროპაგანდის ეფექტურობა გაიზარდოს. მათ ჰყავთ საკუთარი მრევლი, რომელიც ისედაც არის. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიმხრონ თავიანთი  იდეოლოგიისკენ და უარყოფითად განაწყონ პროდასავლური პარტიების, ზოგადად – დასავლეთის მიმართ. ამ პროპაგანდის შედეგად ჩამოყალიბდა მყარი სეგმენტი მოსახლეობისა, რომელიც უფრო თამამად და ღიად გამოხატავს თავის ანტიდასავლურ პოზიციებს, მაგრამ რაღაცნაირად ამ სეგმენტის გარეთ, ჯერჯერობით ასე ჩანს, ვერ გადის ამ პროპაგანდის ეფექტი.

  • რამდენად დიდია დღეს იმის საფრთხე, რომ შემდეგი არჩევნებით საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო შესუსტდეს? 

არის ამის საფრთხე, ზოგადად. პანდემია არ უწყობს ხელს და ის არ არის კარგი დემოკრატიისთვის, გარდა იმისა, რომ ხალხი ავად ხდება, კვდება, ამას არ ვგულისხმობ. მოკლევადიან პერსპექტივაში პანდემია საფრთხეების შემცველია დემოკრატიისთვის და საქართველოც არის ამის მაგალითი. ალბათობა იმისა, რომ ჩვენ პროგრესი არ გვქონდეს დემოკრატიული თვალსაზრისით, ამას ზრდის პანდემიის ეფექტი. განვმეორდები: მთავარია, რამდენად დარჩება პანდემია ყურადღების ცენტრში.

ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

დღეს, 7 მაისს, ბათუმში, კლინიკა “მედალფადან” ორ პაციენტს გაწერენ, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს. მთლიანობაში, აჭარაში 40 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

კლინიკაში კი მკურნალობას 15 ინფიცირებული აგრძელებს.

აჭარაში ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 7 მაისის 18:00 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის სულ 615 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან გამოჯანმრთელდა 275. კარანტინის რეჟიმში 4 948 პირი რჩება,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი  – 491.

 

კვლევები, რომლებიც მოწევას წარმოაჩენენ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია – WHO

„კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

„თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია.

თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზრდება თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოშიც. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია – ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს,“- ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

ამ საკითხებს ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს თავმჯდომარის, დოქტორ ადრიანა ბლანკოს განცხადება, რომელიც 4 მაისს გამოქვეყნდა.

ამავე წყაროს ცნობით, თამბაქოს ინდუსტრია მაქსიმალურად იყენებს COVID19-ის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, რომ გაზარდოს საკუთარი ბრენდების წარმატება, აფინანსებენ კვლევებს და ცდილობენ მოწევა და ნიკოტინი წარმოაჩინონ COVID19-სგან თავის დასაცავ საშუალებად.

„28 აპრილს Bath-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაავრცელეს საფრანგეთში გამოქვეყნებული იმ ორი საკამათო კვლევის, რომლებმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებსა და, ზოგადად, საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია, მიმოხილვა. კვლევებით ირწმუნებოდნენ, რომ თითქოს მოწევამ ან ნიკოტინის შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება შეამცირონ COVID19-ის რისკი. კვლევის ფართოდ გავრცელებამ უბიძგა ადამიანებს, დაეწყოთ მოწევა, ეყიდათ ნიკოტინის პროდუქტები და ბოროტად გამოეყენებინათ ნიკოტინი.

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებათა ბაზა სწრაფად იცვლება, წინამდებარე მიმოხილვა აღნიშნავს, რომ ამ კვლევების მიგნებები არათანმიმდევრულია და მწეველობასა და COVID-19-ს შორის კვლევით აღწერილი კავშირი სრულიად შეუსაბამოა უკვე არსებულ მტკიცებულებათა ვრცელ ჩამონათვალთან. იგი ასევე შეუსაბამოა ინფექციის წარმოშობისა და გავრცელების ფართოდ ცნობილ და აღიარებულ მექანიზმთან. გარდა ამისა, რაც მთავარია, მიმოხილვა აჩვენებს, რომ მეორე ნაშრომის მთავარ ავტორს Jean-Pierre Changeux-ს ხანგრძლივი კავშირი აქვს თამბაქოს ინდუსტრიასთან,“- ნათქვამია ამავე წყაროში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ადამიანებს, არ შეიძინონ ნიკოტინის პროდუქტები.

„კვლევებმა გამოიწვია შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების გაშუქება ფართო სპექტრის მედიასაშუალებებში სათაურებით: „მწეველები ოთხჯერ ნაკლებად განიცდიან covid19-ით დაინფიცირების რისკს“, „გეხმარება თუ არა ნიკოტინი ახალი კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, რაც მიანიშნებს, რომ თითქოს მწეველობამ და ნიკოტინის მოხმარებამ შეიძლება შეამციროს covid19-ით ინფიცირების რისკი.

შედეგად, მივიღეთ სახიფათო გაურკვევლობა. საფრანგეთის მთავრობამ გააკეთა სპეციალური განცხადება და შემდეგში ნიკოტინის შემცველი პროდუქტების რეალიზაციის შეზღუდვის განკარგულება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ნიკოტინის შემცველი პროდუქტების პანიკური ყიდვა და არასწორი გამოყენება. ირანის თამბაქოს საწინააღმდეგო ასოციაციის განცხადების თანახმად, ეს ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა ქვეყანაში, სადაც COVID19-ისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია. ორგანიზაცია იუწყება, რომ არამწეველი ადამიანები იწყებენ მოწევას იმ რწმენით, რომ დაიცვან თავი COVID19-სგან. თამბაქოს ინდუსტრია კი, როგორც მწარმოებლები, ასევე საცალო მოვაჭრეები, ამ ფონზე ზრდიან ფასებს სიგარეტებსა და ნიკოტინის შემცველ სხვა პროდუქტებზე.

დღემდე არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მწეველებს აქვთ კორონავირუსის მძიმე გართულებებისა და ნეგატიური გამოსავლის მაღალი რისკი,“ – განაცხადა ტომ ჰირდმა, University of Bath-ის მკვლევარმა და STOP-ის პარტნიორმა. „ამიტომ ახლა მოწევისთვის თავის დანებების ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი მიზეზია.“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით და მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველია.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული მთლიანი ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი დაახლოებით 825 მილიონ ლარს უტოლდება (მშპ-ს 2.43%)

თორნიკე რიჟვაძე პლაჟზე „რბილი ზედამხედველობის“ შესახებ – covid 19

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნება და აქ ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხო გარემოს შესთავაზებენ – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პერმიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. დღევანდელ სხდომაზე  ტურიზმის გახსნის გეგმა წარადგინეს.

სხდომას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც. სხდომის დასრულების შემდეგა ჟურნალისტებმა კითხვები მასაც დაუსვეს.

ერთ-ერთი  შეკითხვა პლაჟზე დისტანცირების შესახებ იყო, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით „რბილ ზედამხედველობას“ განახორციელებს.

„ეპიდემიოლოგების მოსაზრების მიხედვით, ზღვის წყალი არ არის ინფიცირების გადამტანი და ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება დისტანციის დაცვას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად შეეცდებიან ამის დაცვას და, რა თქმა უნდა, რბილი ზედამხეველობის ნაწილში ამას დავაკვირდებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გარდაიცვალა Grup Yorum-ის წევრი, რომელიც 323-დღიანი შიმშილობის შემდეგ კლინიკაში მოათავსეს

დღეს, 7 მაისს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა Grup Yorum-ის წევრი, ბასგიტარისტი იბრაჰიმ გიოქჩექი. მან 5 მაისს 323-ე დღეს შეწყვიტა შიმშილი, რის შემდეგაც ის საავამდყოფოში მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა.

ჯგუფმა კონცერტის უფლების მოთხოვნით სტამბოლის სამმართველოში განაცხადი შეიტანა, თუმცა იბრაჰიმი პასუხს ვეღარ მოესწრო.

სოციალურ ქსელში დაახლოებით ერთი საათის წინ გამოქვეყნდა ჯგუფის კომენტარიც:

ჩვენ ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საავამდყოფოში იბრაჰიმ გიოქჩექი დაიღუპა. მადლობა ადამიანებს, ყველას, ვისი გულიც ჩვენთვის ძგერს.

3 აპრილს დაიღუპა ჯგუფის წევრი ჰელინ ბოლექი, რომელიც 288 დღე შიმშილობდა გიოქჩექთან ერთად. მათი მოთხოვნები იყო:

  • შეწყდეს სტამბოლში მდებარე იდილის კულტურის ცენტრის პოლიციის მხრიდან დარბევა და დატერორება
  • ამოიღონ Grup YORUM-ის წევრები ძებნილთა სიიდან
  • გაუქმდეს აკრძალვები ჯგუფის კონცერტებზე
  • შეწყდეს ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესები
  • გათავისუფლდეს ჯგუფის ყველა წევრი, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში არიან

სააგენტო ბიანეტის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული 2017-2018 წლებში სტამბოლში მდებარე იდილის კულტურის ცენტრი პოლიციამ 6-ჯერ დაარბია. აქ Grup Yorum-ის წევრებს რეპეტიციები ჰქონდათ. პოლიციამ რეიდების დროს დაამტვრია მუსიკალური ინსტრუმენტები, დააზიანა ჩანაწერები.

თურქეთში Grup Yorum-ის წევრმა შიმშილობა 323-ე დღეს შეწყვიტა – ჯგუფი კონცერტის უფლებას ითხოვს

 

ხვალიდან ქობულეთის ჩაკეტილი სოფლები გაიხსნება – რიჟვაძე

დღეს, 7 მაისს, თბილისში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ქობულეთის მიმართულებით შეზღუდვები მოიხსნება.

„უკვე ერთი კვირაა აჭარაში აღარ გვიფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები, ამიტომ, ჩვენ პრაქტიკულად ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქობულეთის ოთხი სოფელი 12 აპრილის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია. 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში, ამ დრომდე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

გიდებს ხელისუფლება ჯერ არაფერს სთავაზობს – მათთვის მუზეუმები იქნება უფასო 

„გიდები, რომლებიც საკმაოდ დიდ პროდუქტს ქმნიდნენ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში, მათთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, ჩვენ ვამუშავებთ ცალკე პროგრამას, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, ახლა ეს პრობლემაც დადგა და მათ შორის, უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. ჩვენ გიდებისგან წამოსულ მოთხოვნებს შევუწყობთ ხელს…“ – აღნიშნა დღეს, 7 მაისს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, როცა მან ტურიზმის მხარდაჭერის გეგმა წარმოადგინა.

ნათია თურნავას თქმით, სამინისტრო გიდებს მცირე ბიზნესის პროგრამებში დასაქმებაში დაეხმარება. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როგორ დაეხმარებიან გიდებს ახალი სამუშაო ადგილის მოძიებაში.

„ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, უფასო ვიზიტები ჰქონდეთ მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც მალე გაიხსნება,“ – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/450261/

 

 

1 საათით შემოწმება 14-დღიანი კარანტინის ნაცვლად – როგორ გაკონტროლდება საზღვარი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ლი ივლისიდან მიიღებს. თუმცა მანამდე უნდა გაძლიერდეს საზღვარზე კონტროლი და შემომსვლელი თითოეული ადამიანის შემოწმებას კოვიდზე 1 საათზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს.

„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში, ეს არის საზღვარი. როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი შემომსვლელი თითო ადამიანის. თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა 24-საათიანი და 14-დღიანი კარანტინი, 1 საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა დღეს, 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღემდე საქართველოში კარანტინი 19 ათასმა მოქალაქემ გაიარა. ესენი ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვიდნენ.

ამ თემაზე:

საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ელი ივლისიდან მიიღებს – გახარია

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლეს, საშემოსავლო – გადაუვადეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის სექტორი 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ეს პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ [14:30], მთავრობის სხდომაზე, ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 2020 წლის ბოლომდე.

„ვერ დავპირდებით სრულ ჩამოწერას. სასტუმროებს დავპირდით სესხის სუბსიდირებას და გავაკეთეთ, რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეთავაზებით. გარდა ამისა, ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონამდე ლარი, ხუთი მილიონის სესხის პროცენტის 80 პროცენტს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველო უცხოელ ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს.

„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან  საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები,“ – თქვა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტურიზმი არის ის დარგი, რომელიც პანდემიის შემდეგ პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერის თქმით, მთავრობა იწყებს სექტორალურ მხარდაჭერას და შემდეგი იქნება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და განათლება.

საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ელი ივლისიდან მიიღებს – გახარია

საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ელი ივლისიდან მიიღებს. ამის შესახებ დღეს, 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ელი ივლისიდან  საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან,  ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო  კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები დაწყებულია,“ – თქვა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტურიზმი არის ის დარგი, რომელიც პანდემიის შემდეგ პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამავე თემაზე:

1 საათით შემოწმება 14-დღიანი კარანტინის ნაცვლად – როგორ გაკონტროლდება საზღვარი

11 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა

11 მაისიდან საქართველოში კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, – გაიხსნება მაღაზიებიც, გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებისა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გაიხსნება მაღაზიები, რომლებსაც აქვთ შესასვლელი ქუჩის მხრიდან და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

კომენდანტის საათი შენარჩუნდება.

რა სთხოვა რუსეთმა აშშ-სა და იტალიას დახმარების სანაცვლოდ

„სიყვარულით რუსეთიდან“ — ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული რუსეთის „ჰუმანიტარული დახმარების“ შესახებ დასავლურ მედიაში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. იტალიური და ამერიკული მედიასაშუალებების თანახმად, იტალიას ჰუმანიტარული ტვირთის სანაცვლოდ სანქციების მოხსნაში დახმარება სთხოვეს, ხოლო აშშ-ს — ფულადი კომპენსაცია.

„სანქციების მოხსნაში დახმარება მადლობის ნიშნად”

პირველ მაისს იტალიურმა გამოცემა Linkiesta-მ გამოაქვეყნა სტატია რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის, ლეონიდ სლუცკის მიერ იტალიელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილზე. ეს ინფორმაცია Linkiesta-ზე დაყრდნობით რუსეთში გაავრცელა Current time-მა, რომელიც „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ ტელეპროდუქტია.

Linkiesta-ს ცნობით, იტალიაში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, სერგეი რაზოვმა, სლუცკის წერილი გადასცა იტალიის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის წევრს, ვიტო პეტროჩელის.

ამ წერილში, რომლის ასლსაც აგრეთვე Linkiesta აქვეყნებს, სლუცკი მოუწოდებს კოლეგას: „დავივიწყოთ სანქციების დესტრუქციული პოლიტიკა… დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც თავს დემოკრატიულებს უწოდებენ, დააწესეს სხვადასხვა ტიპის სანქციები მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედზე და არ აპირებენ მათ შესუსტებას კორონავირუსთან ბრძოლის დროსაც კი… მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, გვერდზე გადავდოთ სანქციების დესტრუქციული პოლიტიკა“.

მან აგრეთვე გამოხატა მწუხარება, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩავარდა რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, რომელიც კორონავირუსის გამო რუსეთისა და სხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. ეს რეზოლუცია მაშინ აშშ-თან, ევროკავშირთან, უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად საქართველომაც ჩააგდო. როგორც ცნობილია, ეკონომიკური სანქციები რუსეთს დაუწესეს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, ყირიმის ანექსიის შემდეგ.

ამასთან ერთად, როგორც Linkiesta წერს, სლუცკი თავის წერილში სთხოვს პეტროჩელის, მისი ნათქვამი სხვა იტალიელ სენატორებამდე მიიტანოს და აღნიშნავს, რომ „რუსეთის მშვიდობის ფონდი“ აღმოუჩენს დახმარებას კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყნებს — Linkiesta მიიჩნევს, რომ სლუცკი ამგვარად აკეთებს აქცენტს რუსეთის მიერ მარტში იტალიაში გაგზავნილ დახმარებაზე  და მადლობის ნიშნად ითხოვს მხარდაჭერას.

საუბარია იმ დახმარებაზე, რომლის შესახებაც სხვა იტალიურმა გამოცემამ — La Stampa-მ 25 მარტს სტატია გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, დახმარების 80% პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მოგვიანებით გამოცემა და გამოძიების ავტორიც რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტის მიზანი გახდა — „ნეტგაზეთი“ ამ შემთხვევების შესახებ დეტალურად წერდა 23 აპრილს.

„ფასიანი დახმარება”

იტალიისთვის დახმარების გაგზავნიდან მალევე, 31 მარტს, რუსულმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ცნობა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაუგზავნიდა დახმარებას.

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ეკიპირება (სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები და ა.შ.) დახმარების სახით გაუგზავნა.

თუმცა უკვე 2 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მორგან ორტაგუსის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ-ს რუსეთისგან საჭირო ეკიპირება დახმარების სახით კი არ მიუღია, არამედ შეიძინა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტვირთის ღირებულება აშშ-მა და რუსეთმა თანაბრად გაანაწილეს.

1-ელ მაისს აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელეარხმა, ABC News-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა აშშ-ს დახმარებისთვის 660 000 დოლარი მოსთხოვა.

გარდა ამისა, ABC News-ის თანახმად, არ იყო ბოლომდე ნათელი, რამდენად გამოადგება ჰოსპიტალურ სისტემას ნიუ-იორკში ჩასული ტვირთი. ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ტელეარხი იუწყება, რომ ხელოვნური სუნთქვის 45 ვენტილატორს ელექტრობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მათი მაშინვე გამოყენება შეუძლებელი იყო. რუსეთიდან გამოგზავნილი ვენტილატორები 220 ვოლტზე მუშაობს, მაშინ როცა აშშ-ში ასეთი აპარატების მუშაობა 110 ვოლტზე ხდება.

ამასთან ერთად, რეპორტაჟის თანახმად, დახმარებაში აგრეთვე შედიოდა ეკიპირება, რომელსაც საავადმყოფოებში, როგორც წესი, არ იყენებენ: საომარ პირობებში გამოსაყენებელი აირწინაღები და სახლის პირობებისთვის შექმნილი საწმენდი ხელთათმანები.

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ მოწოდებული ნიღბები იყო M-95 „სახის სრული დამფარავი ფილტრით“, რომლებსაც საომარ პირობებში იყენებენ ქიმიური და ბიოლოგიური აგენტებისგან დასაცავად. აშშ-ში კი ექიმებსა და კორონავირუსთან ბრძოლის ფრონტზე პირველ ხაზზე მყოფ პირებს N-95 რესპირატორი სჭირდებათ, რომელიც სახეს მთლიანად არ ფარავს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ მოწოდებულ საქონელში აგრეთვე იყო 15 000 რესპირატორი, კანის ანტისეპტიკური საშუალების 80 000 შეფუთვა, 30 000 ქირურგიული ხელთათმანი და დაახლოებით 400 000 ერთეული სამედიცინო ტანსაცმელი.

ABC წერს, რომ ისინი დაუკავშირდნენ ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის ოფიციალურ პირებს, თუმცა მასალის გამოქვეყნების მომენტში მათ არ უპასუხეს, იყენებენ თუ არა რუსეთის მიერ გაგზავნილ ეკიპირებას, თუ საწყობში ინახავენ.

ABC News-ის მასალას გამოეხმაურნენ რუსეთშიც. სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსეი ჩეპას აზრით, „კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ნებისმიერი დახმარება სასარგებლოა“, ხოლო „პრეტენზიები რუსეთის დახმარებისადმი, კერძოდ კი ვენტილატორებისადმი, თითიდანაა გამოწოვილი“.

ჩეპას თქმით, „მშიერს შეიძლება პური მისცე, შეიძლება რესტორანში აჭამო. უკანასკნელი, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ პურიც კარგია“, — ციტირებს მას „რია ნოვოსტი“.

პროპაგანდის ანარეკლი საქართველოში და კრემლის მიზანი

რუსული თვითმფრინავის ნიუ იორკში დაშვების შემდეგ ამერიკულ მედიაში  გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც ავტორები აღნიშნავდნენ, რომ კრემლს შეეძლო ამ მოვლენის სათავისოდ — პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება. შესაბამისი მასალა გამოაქვეყნეს The New York Times-მა და The Washington Post-მა.

„კრემლისთვის ტვირთის [აშშ-ში] ჩატანა პროპაგანდისტული გადატრიალება იყო: ეს იყო პუტინის შანსი, ხალხისთვის და სამყაროსთვის ეჩვენებინა, რომ დრო, როცა რუსეთი მსოფლიო არენაზე რამეს ითხოვდა, დიდი ხნის წინ დასრულდა“, — წერს The New York Times-ი.

იტალიის შემთხვევის მსგავსად, რუსულმა სახელმწიფო მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო აშშ-ში გაგზავნილ დახმარებას როგორც ონლაინ, ისე ტელესივრცეში — შესაბამისი შინაარსის გადაცემები თუ სიუჟეტები გაუშვეს ფედერალურ ტელეარხებზე. თემა განიხილეს საინფორმაციო გამოშვებებში, ვლადიმერ სოლოვიოვის შოუში და სხვა გადაცემებში.

„ვეხმარებით ჩინეთს, იტალიას. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ გავიგეთ სერბების თხოვნა დახმარების შესახებ“, — აცხადებს ფედერალური ტელეარხის, „ტვ-ცენტრის წამყვანი“.

„აგერ, მთელი სამხედრო-სატრანსპორტო [თვითმფრინავი] გავგზავნეთ აშშ-ში აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით. არაა აშშ ახლა იმ მდგომარეობაში, რომ [ვინმეს] კარნახობდეს]“, — აღნიშნავს „რენ ტვ-ს“ წამყვანი.

ნანა რაფავა, საქართველოში რუსული პროპაგანდის მკვლევარი „მითების დეტექტორიდან“ ამბობს, რომ რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამერიკულ და იტალიურ დახმარებაზე კრემლთან დაკავშირებულმა ქართულმა მედიასაშუალებებმა ასლებივით გადმოიტანეს.

„საკმარისია, რუსულ პირველწყაროში გაიჟღეროს ინფორმაციამ, შემდეგ ჩვენები ექოსავით ამოსძახებენ, ხანდახან სიტყვებიც კი არ იცვლება, უბრალოდ, თარგმანია. როცა კრიტიკა მოჰყვა იტალიელი ჟურნალისტების მხრიდან რუსულ ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას, კრემლმა ამას აგრესიით უპასუხა, რომ ეს ლიბერალური დასავლეთის მოგონილია, რომ ჩვენი დახმარება კარგი იყო, რაც აგრეთვე აირეკლეს ქართულმა, კრემლის პატარა აქტორებმა, რომ ტყუილად სდებენ რუსეთს ბრალს ცუდი დახმარების მიწოდებაში და ა.შ.“, — აღნიშნავს ნანა რაფავა.

როგორც ის აცხადებს, ადგილი აქვს სხვა ნარატივების გავრცელებასაც, მათ შორის იმას, რომ თითქოს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მიხვდება, რომ მათი რეალური პარტნიორი რუსეთია.

“იგივე რუსული დახმარებაც არ იყო მიზნობრივი, ვერ იყენებდნენ ვერაფერში, მიუხედავად ამისა, დღემდე გრძელდება ამ მესიჯების გაჟღერება იგივე ქართულ „სპუტნიკში“, თუ როგორი ქველმოქმედია რუსეთი”.

მისივე თქმით , შემოდის სხვა ნარატივებიც, თუ “როგორ შეიცვლება სამომავლოდ პოლიტიკური კონიუნქტიურა”:

“ესპანეთი და იტალია, ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კორონავირუსისგან, მიხვდებიან, ვინ არის მათი რეალური პარტნიორი. წინა კვირას იყო სტატია, სადაც ეწერა, რომ გერმანიაში შემდეგ არჩევნებზე ის პარტია კი არ გაიმარჯვებს, რომელიც პროდასავლურია, არამედ ის, რომელიც მეტ წინააღმდეგობას გაუწევს ბრიუსელს და ევროკავშირის ცენტრალურ ორგანოებს“.

რაფავას თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაც ამ ყველაფრის ერთ-ერთი ნაწილია:

„[სანქციების მოხსნის თემაც] ამ ყველაფრის ერთ-ერთი განტოტებაა. სანქციების მოხსნის ნარატივი შემოდის, მაგრამ იცით, ალბათ, რომ ეს საკითხი არც განიხილება.

გაეროს სხდომაზეც დააყენეს ეს საკითხი და, ბუნებრივია, ჩავარდა. ამას კიდევ ცალკე კამპანია მოჰყვა, რომ გაეროს, დასავლეთს და მის პარტნიორებს აინტერესებთ პოლიტიკური ქულების დაწერა და არა კორონავირუსის კრიზისის დროს ქვეყნების დახმარება, მათ შორის რუსეთის, რომელიც ზარალდება”, – ამბობს რაფავა.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი ჰუმანიტარული დახმარების თემას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ის მიიჩნევს, რომ  რუსეთის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთში სანქციებთან დაკავშირებით წინააღმდეგობის დათესვა იყო. ასევე რუსეთს სურდა ეჩვენებინა, რომ საკუთარი პრობლემების მიუხედავად, სხვას მაინც ეხმარება:

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს რუსეთი ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და აქ ორი მნიშვნელოვანი მიზანი იყო: სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ევროპაში ერთიანობის შერყევა, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის დათესვა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ რუსეთი არის ძალა, რომელსაც შეუძლია ევროპის ქვეყნების დახმარება მაშინ, როცა საკუთარ ქვეყანას ასეთი პრობლემები ჰქონდა”.

აქუბარდია აგრეთვე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პანდემიის დროს გამოჩენილი „რუსეთის რეალური სახე რეალისტურად იყოს აღქმული“:

„რაც შეეხება ამ მოქმედებების წარმატების შანსს, რუსეთი, როგორც წესი, მოქმედებს ტაქტიკური კუთხით, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ნებისმიერ შანსს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. ამ დრომდე ამ მცდელობებს არ ჰქონია შანსი და დასავლეთი არის ერთიანი ყირიმის ანექსიასთან მიმართებაში და მიუხედავად რუსეთის არაერთი მცდელობისა და სისუსტეების გამოყენების მცდელობისა, დასავლეთი იცავს ერთიანობას ყირიმის პოზიციის ირგვლივ, თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის, რომ  რუსეთის რეალური სახე, რომელიც პანდემიის დროსაც გამოჩნდა, იყოს რეალისტურად აღქმული.

[რუსეთს] წარმატება ამ დრომდე არ ჰქონია ევროპაში სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ გააგრძელებს დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკით დაპირისპირებას და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნების პოლიტიკურ ელიტასა და ლიდერებზე“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

ასწლოვანი ყორეები სოფლიდან, რომლის ნაწილიც იტბორება – ფოტორეპორტაჟი

მარადიდი ნიგალის ხეობის ერთ-ერთი უძველესი ქართული სოფელია მდინარე ჭოროხის პირას.  ისტორიული სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზემო მარადიდი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ქვემო მარადიდი კი – საქართველოს. სოფელში უმეტესი ეზოები ქვის ყორეებით არის შემოსაზღვრული.

სოფელი მარადიდი ფოტო: გურამ მურვანიძე
სოფელში ზუსტად არ იციან, როდის აშენდა ეს ყორეები, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ას წელზე მეტის უნდა იყოს.  ფოტო: გურამ მურვანიძე
ზოგან ყორეს დაშლა აქვს დაწყებული. ფოტო: გურამ მურვანიძე
სოფელი მარადიდი. კერძო პირის სახლი და ნალია. ფოტო: გურამ მურვანიძე
ეს ტერიტორია სავარაუდოდ დაიტბორება. ხეობაში კირნათი ჰესის აშენების შემდეგ, სოფლის ნაწილი უკვე დაიტბორა. მდინარე ჭოროხი ამ მონაკვეთში  ნელ-ნელა იმატებს, ახლა უკვე სოფლის გზას მიუახლოვდა. ფოტო: გურამ მურვანიძე
სოფელში ლაზური არქიტექტურით ნაშენ სახლებსაც შეხვდებით ფოტო: გურამ მურვანიძე
ხის ნალია, სოფელი მარადიდი ფოტო: გურამ მურვანიძე

RMG Gold-ი საყდრისში ციანიდის მზა წყალხსნარის მიმღებ კვანძს მოაწყობს

კომპანია RMG Gold-ი საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე ნატრიუმის ციანიდის შემრევი უბნის რეკონსტრუქციას და ნატრიუმის ციანიდის 18%-იანი მზა წყალხსნარის მიმღები კვანძის მოწყობას გეგმავს. მზა წყალხსნარის მიწოდება კი დაგეგმილია „რუსთავის აზოტის“ სუფთა ციანმარილების წარმოებიდან, ავტოცისტერნებით.

კომპანია ასეთ წყალხსნარს, რაც ოქროსშემცველი კვარციტული გროვების გამოტუტვის ტექნოლოგიური ციკლის ნაწილია, ადგილზეც ამზადებს.

„საწარმოს მოქმედი ტექნოლოგიური პროცესი ითვალისწინებს ნატრიუმის ციანიდის წყალხსნარის მომზადებას სპეციალურ შემრევ კვანძზე, სადაც ხდება ნატრიუმის ციანიდის (100% NaCN) შერევა წყალთან 0.05%-ანი წყალხსნარის მისაღებად. დაგეგმილი საქმიანობის შედეგად გროვული გამოტუტვის პროცესში დამატებით ჩართული იქნება მზა ციანიდის 18%-იანი წყალხსნარის მიმღები განსხვავებული ტექნოლოგიური კვანძი, აღნიშნული არ გამოიწვევს საწარმოს ექსპლუატაციის პირობების და მისი წარმადობის შეცვლას… პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შემცირდეს საწარმოო უბანზე ენერგორესურსების და წყალხსნარის მომზადებისთვის საჭირო დროის ხარჯი უკვე მზა წყალხსნარის გამოყენების გზით, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას და მის მართვას“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ნატრიუმის ციანიდის 18%-იანი მზა წყალხსნარით დატვირთული ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი იქნება: „რუსთავის აზოტი“ – ფონიჭალა – მარნეული – ბოლნისი – საყდრისი [კაზრეთი]. ცალმხრივი გზის სიგრძე – 107 კმ.

კომპანიის მიერ სამინისტროში 1-ელ მაისს წარდგენილი სკრინინგის განცხადებაზე საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქმისწარმოება 2020 წლის 4 მაისს დაიწყო. სკრინინგის პროცედურა განსაზღვრავს დაგეგმილი საქმიანობიდან გამომდინარე გზშ-ის ჩატარების საჭიროებას.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საჯარო განხილვა არ გაიმართება და დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ უშუალოდ სამინისტროს 2020 წლის 15 მაისამდე წარუდგინონ [ან ელ. ფოსტით: eia@mepa.gov.ge].

რა შემთხვევაში და როგორი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მზა წყალხსნარის მიმღები პუნქტის მოწყობამ, აღწერილია სკრინინგის განცხადებაში.

„ნატრიუმის ციანიდის წყალხსნარის მიღების და გაცემის პროცესი ქმნის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიშ გარემოებებს, რისთვისაც მკაცრად იქნება დაცული საწარმოში დადგენილი ციანიდის მოპყრობასა და მართვასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების პროცედურები, რომელსაც გაცნობილი იქნება ყველა მომუშავე პერსონალი. მუდმივად გაკონტროლდება ინდივიდუალური დაცვის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით და გამაფრთხილებელი ნიშნებით“, – აცხადებს კომპანია.

[toggle title=”გარემოზე ზემოქმედების შეფასება სრულად ნახეთ აქ:“]

RMG Gold-ის სკრინინგის განცხადებიდან:

ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები

ნატრიუმის ციანიდის მზა წყალხსნარის მიმღები კვანძი მოეწყობა საყდრისის გროვული გამოტუტვის უბნის საწარმოო ტერიტორიაზე თითქმის იგივე ადგილზე, სადაც განთავსებულია მოქმედი ციანხსნარის შემრევი რეზერვუარი ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე ნეგატიური ზემოქმედების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ციანიდის წყალხსნარის გადატუმბვისას მისი შემთხვევითი დაღვრა.

პოტენციურ დამაბინძურებელ წყაროებს წარმოადგენს შემამჭიდროვებელი ტუმბოებსა და საკვალთებზე ცისტერნებზე მისაერთებელი ქუროები, დრეკადი არმირებული ჩამოსატვირთი მილი და საკუთრივ საცავი, სადაც ინახება ა/ნ 18%-იანი წყალხსნარი.

ჩვეულებრივ სამუშაო პირობებში დაბინძურების ადგილებზე შესაძლებელია გაჩნდეს ნაღვენთი წვეთების სახით, ან/და ნამის სახით, საცავიდან ხსნარის მასიური დაღვრა შესაძლებელია განსაკუთრებულ ტექნოგენურ ზემოქმედებისას, რომელიც გამოიწვევს საცავის ნაწილობრივ ან მთლიან რღვევას.

აღნიშნული რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, წყალხსნარის მიმღები კვანძი ითვალისწინებს დაღვრის საწინააღმდეგო და სადრენაჟე სისტემის მოწყობას, როგორც უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მიმღებ ბაქანზე, ასევე წყალხსნარის გადატუმბვის და მიმღები საცავების პერიმეტრზე, რაც სრულად უზრუნველყოფს დაღვრის 110% მოცულობის ლოკალიზებას და მის მიმართვას საწარმოო ბასეინების სისტემაში.

ამასთან, მომუშავე პერსონალი გაცნობილი იქნება წარმოების კონტროლის პროცედურებს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ტექნოლოგიური რეჟიმის ნორმები და პროცესის პარამეტრები, გათვალისწინებული იქნება გადატუმბვის პროცესში მოქმედი აგრეგატების (შემადგენელი
დეტალების) დაზიანების რისკები და მათი აღმოფხვრის მეთოდები.

ამდენად, კვანძის ექსპლუატაციისას შემთხვევით დაღვრილი წყალხსნარი მთლიანად ჩაიღვენთება სადრენაჟო სისტემაში, ხოლო მნიშვნელოვანი ავარიული სიტუაციების დროს საჭირო ღონისძიებები და პროცედურები დეტალურად გაწერილია კომპანიის ავარიული სიტუაციების მართვის გეგმაში.

ციანიდის წყალხსნარის გამოყენებისას ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე შესაძლო ზემოქმედების კონტროლის მიზნით, საწარმოო ტერიტორიის პერიმეტრზე დაწესებულია წყლის ხარისხის სისტემატიური ლაბორატორიული კვლევები კომპანიის გარემოსდაცვითი
მონიტორინგის (თვითმონიტორინგის) გეგმის შესაბამისად.

ატმოსფერული ჰაერი

ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოების ეტაპზე მოსალოდნელი არ არის მტვრის წარმოქმნა, რადგან სამშენებლო სამუშაოები არ ითვალისწინებს მიწის საექსკავაციო სამუშაოებს, განხორციელდება მხოლოდ რკინა-ბეტონის ქვეშის მოწყობა და მზა რკინის კონსტრუქციების მონტაჟი.

იმის გათვალისწინებით, რომ უახლოესი დასახლებული პუნქტი ტერიტორიიდან დაშორებულია 4 კმ-ზე მეტი მანძილით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას ადგილი არ ექნება ხმაურის ზენორმირებულ გავრცელებას და ზემოქმედებას მოსახლეობაზე.

სამუშაოების შესრულებისას დაცული იქნება მანქანების, სამშენებლო ტექნიკა და სხვა ხმაურგამომწვევი დანადგარების ტექნიკური პარამეტრები და უსაფრთხოების ნორმები.

გროვული გამოტუტვის პროცესში გამოყენებული იქნება 0.06 %-ანი ციანიდის ხსნარი, ამდენად ექსპლუატაციის ეტაპზე ციანდის აორთქლებისას ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმებში იქნება. ამასთან, ნატრიუმის ციანიდი ღია სივრცეში სწრაფად ნეიტრალდება მზის სხივებით, ხოლო მადანზე ციანიდის წყალხსნარის დასხურებისას ჯანმრთელობისთვის მავნე ციანწყალბადი, რომ არ წარმოიშვას მადნის გროვებს აქვს მჟავატუტოვანი ბალანსი – 7.4 ამის მისაღწევად წარმოება იყენებს კაუსტიკურ სოდას და კირს. ამ პირობებში ციანიდი მუდმივად რჩება გროვებში და არ ორთქლდება.

კვანძის ტერიტორიაზე ჰაერში ციანწყალბადის (HCN) შედარებით მაღალი კონცენტრაცია შეიძლება დაფიქსირდეს უშუალოდ მისი მიწოდებისა და შეგროვების ადგილზე – საცავზე.

ჩვეულებრივ გროვებზე დასხურების ადგილებში ჰაერში ციანიდის კონცენტრაცია 03-04 მილიგრამია 1 მ3-ში (ადამიანზე ციანიდის ზემოქმედების მგრძნობელობა ჰაერში შეადგენს 4.7 მილიგრამს) იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან (4 კმ) მოსალოდნელი არ არის მავნე ნივთიერებების გავრცელება.

ვინაიდან, ციანიდის მზა წყალხსნარის მიმღები კვანძი წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის სტაციონარულ წყაროს, კომპანია განახორციელებს ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი“-ს ცვლილებას დადგენილი წესით.

პროცესის მომსახურე პერსონალი აღჭურვილი იქნება სპეციალური ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ხოლო ატმოსფერულ ჰაერში ციანწყალბადის (HCN) კონცენტრაციის გაზომვა იწარმოებს კომპანიის გარემოსდაცვითი მონიტორინგის (თვითმონიტორინგის) გეგმის
შესაბამისად.

ნიადაგი

სამონტაჟო სამუშაოების ეტაპზე: კვანძის მოწყობის სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია საწარმოო ტერიტორიაზე, სადაც არ არის ნიადაგი და ბეტონის საფარი მოეწყობა უშუალოდ მყარი ქანებით დატკეპნილ ზედაპირზე, რაც გამორიცხავს სამუშაოების ეტაპზე ნიადაგზე ნეგატიურ ზემოქმედებას.

სამონტაჟო სამუშაოებს პროცესში. ნიადაგის/გრუნტის დაბინძურების ძირითადი წყაროები შეიძლება იყოს მყარი და თხევადი ნარჩენების არასწორი მართვა და გამოყენებული ტექნიკიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვა.

აღნიშნულის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით სამუშაო პროცესში დაცული იქნება ნარჩენების შეგროვება და მართვა, ხოლო გამოყენებული ავტოტრანსპორტის და ინსტრუმენტების ტექნიკური გამართულობა მკაცრად გაკონტროლდება.

შემთხვევითი დაღვრისას დაუყოვნებლივ გატარდება დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა-რემედიაციის ღონისძიებები.

ექსპლუატაციის ეტაპზე ნიადაგზე ნეგატიური ზემოქმედება მოსალოდნელი შეიძლება იყოს ციანიდის წყალხსნარის შემთხვევითი დაღვრის შედეგად, რაც მინიმუმამდე იქნება შემცირებული მიმღები კვანძის მეორადი ლოკალიზების საშუალებებით. ამასთან, შემთხვევით გრუნტში მოხვედრილი მეორადი ციანიდი მომაკვდინებელი არ არის. დაღვრის შემთხვევაში მისი მარტივად განეიტრალება მოხდება მჟავით ან/და ქლორით.

ბიომრავალფეროვნება და ლანდშაფტი

კვანძის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება საწარმოო იმ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია მსგავსი კონსტრუქციის ინფრასტრუქტურა და ახალი კვანძის მოწყობა ვიზუალურად მნიშვნელოვნად არ შეცვლის არსებულ გარემოს.

ასევე, სამონტაჟო სამუშაოები ვერ იქონიებს მავნე ზეგავლენას ბიომრავალფეროვნებაზე, რადგან საპროექტო ტერიტორია მოქცეულია საწარმოო ტექნოლოგიური კვანძების არეალში. ექსპლუატაციის ეტაპზე ციანიდის წყალხსნარის კვანძი მიუწვდომელი იქნება მცირე ცხოველებისა და ფრინველებისთვის, კერძოდ კონსტრუქცია შემოღობილი იქნება ბეტონის და მავთულის მესერით, ხოლო ციანიდის წყალხსნარის მართვის აუზებზე ფრინველთა მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ფრინველთა დასაფრთხობი მოწყობილობები.

ნარჩენების მართვა

ციანიდის მზა წყალხსნარის კვანძის მოწყობის შედეგად მოსალოდნელია სახიფათო ნარჩენის ციანიდის შესაფუთი მასალების (ბიგბეგები) მოცულობის შემცირება.

პროექტი არ გამოიწვევს დამატებით სხვა სახის ნარჩენების წარმოქმნას და შესაბამისად ნარჩენების მართვა განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის შესაბამისად.

უსაფრთხოება

ნატრიუმის ციანიდის წყალხსნარის მიღების და გაცემის პროცესი ქმნის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიშ გარემოებებს, რისთვისაც მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების
პროცედურები, რომელსაც გაცნობილი იქნება ყველა მომუშავე პერსონალი.

მუდმივად გაკონტროლდება ინდივიდუალური დაცვის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით და გამაფრთხილებელი ნიშნებით.[/toggle]

საყდრისის კომიტეტში სამი წლის წინ აცხადებდნენ, რომ ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა შემაშფოთებელი იყო, ხოლო გარემოზე მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს.

[red_box]ამ თემაზე: RMG Gold-ის დარღვევები, რომლებსაც მალავდნენ[/red_box]

საყდრისს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, 2013 წელს კი მოუხსნეს. კომპანია RMG Gold-იმ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ფლობდა, საყდრისის მაღარო 2014 წელს ააფეთქა და ოქროს მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო.

უფრო ვრცლად საყდრისის შესახებ ნახეთ ბმულზე: კულტურის სამინისტრო აფეთქებული საყდრისის ექსპონატებს ფრანკფურტში გამოფენს

 

მთავარი ფოტო: RMG Gold. ფოტო: საყდრისის კომიტეტი

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
  • მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ხილვადობა 4-10კმ;
  • ტალღის სიმაღლე: 7-12დმ(2-3ბალი), დღის მეორე ნახევრიდან 13-18დმ(4ბალი);,
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +16 გრადუსი.

ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, შაბათ-კვირას, 9 და 10 მაისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი.

 

ბათუმში სურსათის მაღაზია გატეხეს

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, სურსათის მაღაზია გატეხეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა – მფლობელს მაღაზია გატეხილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის და რა ღირებულების პროდუქცია წაიღეს მაღაზიიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

გამოძიება გრძელდება.

ბათუმში ბოლო ერთი კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარაში ბოლო 7 დღის მანძილზე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარიდან კორონავირუსზე 280 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. მათგან ვირუსი არცერთს არ  დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კლინიკა “მედალფაში” 17 პაციენტი რჩება სამკურნალოდ. მთლიანობაში, აჭარაში 38-მდე პაციენტია გამოჯანმრთელებული.

7 მაისის 10:15 საათის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 615, ხოლო გამოჯანმრთელდა 275 ადამიანი.

რუსი მილიარდერი დიმიტრი ბოსოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი მილიარდერი, 52 წლის დიმიტრი ბოსოვი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით მან სიცოცხლე მოსკოვში, საკუთარ სახლში თვითმკვლელობით დაასრულა. ბოსოვი ფორბსის მილიარდერთა სიაში იყო და ფლობდა კომპანიებს “Сибантрацит” და “Востокуголь”.

სააგენტო ინტერფაქსი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მაისის დღესასწაულების პერიოდში ბოსოვი საკუთარ სახლში, ოდინცოვსკის რაიონში, უსოვოს დასახლებაში იყო. ინტერფაქსის წყარო ჰყვება, რომ 5 მაისის საღამოს ბოსოვი ზარებსა და შეტყობინებებს მესინჯერში აღარ პასუხობდა, რის შემდეგაც მას ცოლმა მიაკითხა სახლში და მეუღლე გარდაცვლილი იპოვა.

პირველი დიდი კაპიტალი, BBC-ის ინფორმაციით, რუსმა მილიარდერმა 1990 წელს დააგროვა  ალუმინის ვაჭრობით. ის ამ დროისთვის კრანსნოიარსკის ალუმინის ქარხნის აქციონერი და კომპანია Trans World Commodities-ს რუსეთის წარმომადგენლობის დირექტორი იყო.

ბოსოვი ალუმინის ბიზნესს ჩამოშორდა და 2000-იანი წლებიდან რუსეთსა და საზღვარგარეთ სამრეწველო აქტივების ინვესტიციებით იყო დაკავებული. ამ დროისთვის ის ფლობდა კომპანიას ,,Аллтек”-ს.

ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიების “Сибантрацит” და “Востокуголь” საკონტროლო პაკეტები მილიარდერ ბოსოვის ყველაზე მსხვილი აქტივებია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “Сибантрацит”-ი გენერალური სპონსორია რუსეთში ,,ღამის ჰოკეის ლიგის”, რომელიც პუტინის ინიციატივით შეიქმნა მოყვარული ჰოკეისტებისთვის.

ბოსოვს ეკუთვნის ასევე მოსკოვში ცენტრი “Артплей”, ასახელებდნენ გაზეთ”Ведомости”-ის ინვესტორადაც.

2020 წელს ბოსოვი ფორბსის ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენების სიაში 86-ე ადგილზე მოხვდა, მისი ქონება $1,1 მილიარდია.

ბათუმში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა – covid 19

დღეს, 6 მაისს, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკა „მედალფას“ ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პირები უკვე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში.

ბოლო მონაცემებით, კლინიკაში 17 პაციენტი რჩება სამკურნალოდ. „აქედან ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ორი რეანიმაციაში წევს, თუმცა მართვით სუნთქვაზე არც ერთი არ იმყოფება. რამდენიმე პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მიდის მათთან ადეკვატური მკურნალობა, რამდენიმე კი პასუხს ელოდება, რომ გავწერთ მათ უახლოეს დღეებში“, – ამბობს „მედალფას“ რეგიონული მენეჯერი ლევან ანთაძე.

პაციენტებიდან, რომლებიც დღეს გაწერეს, ერთი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს, მეორე კი – საზღვრის კვეთის შემდეგ.

მთლიანობაში, აჭარაში 38 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

6 მაისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 29-ით არის გაზრდილი.

6 მაისის 20:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 610, ხოლო გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი.

2-25 ათასი ლარი ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის სოფლებში მცირე ბიზნესის დასაწყებად

2 ათასიდან 25 ათასამდე ლარი გრანტის მიღება შეუძლიათ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს მცირე ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასავითარებლად. საგრანტო კონკურსს გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ი აცხადებს. პროექტის პარტნიორი ბათუმის ბიზნესინკუბატორია.

საგრანტო განაცხადის მიხედვით, პროექტი უნდა ეხებოდეს ტურისტული მომსახურების ბიზნესს, მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო სერვისის ბიზნესების აღჭურვას, ასევე მცირე წარმოებას, ხელნაკეთი ნივთების ბიზნესს.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადის მთლიანი ღირებულების მაქსიმუმ 80% დაფინანსდება, თუმცა გრანტი 25 ათას ლარზე მეტი ვერ იქნება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირები კი, პროექტის 85 პროცენტს მიიღებენ გრანტის სახით. მოქალაქის ან იურიდიული პირის მხრიდან თანადაფინანსების უზრუნველყოფა მხოლოდ ფულითაა შესაძლებელი.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალების შესყიდვასთან ან შექმნასთან დაკავშირებულ ხარჯებს და იგი არ შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, ხელფასს ან ქირას. უპირატესობა იმ პროექტებს მიენიჭება, რომელთა ბენეფიციარები  იქნებიან ქალები ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. უპირატესობაა ასევე,  თუკი შეძლებთ მინიმალურ მაჩვენებელზე მეტით თანამონაწილეობას, ან ინოვაციური მიდგომებია გათვალისწინებული, ან ნაკლებად შეიცავს გარემოსთვის ზიანის მიყენების საფრთხეს.

განაცხადების წარდგენა ბიზნესინკუბატორში www.bbi.ge პირველ ივლისამდეა შესაძლებელი.

კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის კულტურის მინისტრი 

რუსეთის კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო interfax-ი ავრცელებს.

ლიუბიმოვას სპიკერის თქმით, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრი სახლიდან მუშაობს და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის.

30 აპრილს კორონავირუსი აღმოაჩნდა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს მიხაილ მიშუსტინს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და მისი მოვალეობის შემსრულებლად იმავე დღეს დაინიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ბელუსოვი.

გარდა ამისა, 1-ელ მაისს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა აგრეთვე მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელი, ვლადიმერ იაკუშევი და მისი მოადგილე დიმიტრი ვოლკოვი – წერს ინტერფაქსი.

 

 

როგორ დავახვნევინოთ მიწა უფასოდ – ნახევარმილიონიანი პროგრამა აჭარაში

აჭარის მთავრობის გეგმით აჭარაში ფერმერებს ჯამში 2 580 ჰექტარი მიწა უფასოდ უნდა დაუხნან. ამისთვის აჭარის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტექნიკით მომსახურებას კი, აგროსერვისცენტრი გამარტივებული წესით შეისყიდის.

ცენტრის ინფორმაციით, „რეგიონის კლიმატური პირობებიდან და რელიეფიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მიწის დამუშავება უნდა განხორციელდეს, არაუგვიანეს 5 ივნისისა. აჭარის რეგიონში არსებული მიწის ფონდიდან 9 000 ჰექტარი არის სახნავი, აქედან სამექანიზაციოდ შერჩეულია 2 580 ჰექტარი მუნიციპალიტეტების მიხედვით“.

ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „მექანიზატორთან“ გაფორმდება მთლიან თანხაზე, თუმცა, ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად დამუშავებული ფართობების მიხედვით – გვითხრეს სერვისცენტრში.

„ყველა ფართობი დაიხვნება მუნიციპალიტეტებში. ფერმერისგან რაიმე მომართვა არ სჭირდება. სოფელში შედის ტრაქტორი, ამის შესახებ ინფორმირებული არიან და მიჰყავთ და ახვნევინებენ. თითოეულ სოფელში მინიმუმ 2 დღე მაინც დარჩება ტექნიკა. მუნიციპალიტეტები გაფრთხილებულია, მერის რწმუნებულები არიან მობილიზებულნი, რომ ყველა მოსახლე აღრიცხონ, რამდენი ფართობი აქვთ, გააფრთხილონ, რომ ეს პროგრამა მუშაობს და ჩართონ ყველა მოქალაქე. ამასთან, ამა თუ იმ მოქალაქეს თუ, ვთქვათ, არ უნდა მიწის დახვნა, არ არის აღრიცხული წინასწარ, მაგრამ შევიდა სოფელში ტრაქტორი და ვთქვათ, მოუნდა მიწის დახვნა, ამ შემთხვევაშიც უპრობლემოდ და უფასოდ დაუხნავენ მიწას ყველას“, – გვითხრა აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.

მიწის (უფასო) ხვნის პროგრამა 2020 წლის 30 აპრილს დამტკიცდა და ის აჭარის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია.

ამ თემაზე:

578 ათასი ლარი აჭარის ფერმერებისთვის მიწის უსასყიდლოდ დასახნავად

 

მთავარი ფოტო: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფეისბუქგვერდიდან

„მეტრო“: აფთიაქის შენობაზე მხოლოდ რეაბილიტაციას ვგეგმავთ, მასშტაბი არ იცვლება 

„მეტრო  ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, ბათუმში პირველი აფთიაქის შენობის მასშტაბების შეცვლას კომპანია არ გეგმავს, შენარჩუნდება შენობის ძველი იერსახე და მას მხოლოდ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. ამის თაობაზე ნებართვის მიღების მოთხოვნით კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს უკვე მიმართა:

„შეგიძლიათ ახაროთ ბათუმელებს, რომ ისტორიულ ნაწილს არ შევეხებით, არც სიმაღლეში და არც სხვა პარამეტრში, არაფერს შევცვლით“.

რაულ კახაძის ინფორმაციით, არ იცვლება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც, შენობაში სასტუმრო მოეწყობა.

გარდა ამისა, შპს „ჟასმინს“, ყოფილ მფლობელს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით შენობაში სამორინეც უნდა მოეწყო. კომპანიაში აპირებს სამინისტროსთან ამ ვალდებულების შეცვლის საკითხი განიხილოს: „ ვფიქრობთ, სამორინეს ნაცვლად ბრენდული მაღაზია ხომ არ განვათავსოთ“.

რაც შეეხება დავალიანებას, რომელიც ყოფილ მფლობელ კომპანიას, შპს „ჟასმინს“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს სახით დაუგროვდა, კომპანიაში ზუსტად არ იციან, მოუწევს ამ თანხის გადახდა, თუ მიაღწევს შეთანხმებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან პირგასამტეხლოს ჩამოწერის თაობაზე:

„ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აქ ამ მხარეს უნდა შევხედოთ, ჟასმინმა იმიტომ ვერ შეასრულა ვალდებულებები, რომ ვერ მიიღო მშენებლობის ნებართვა“.

ბათუმში ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ახალი მფლობელი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქია. 2019 წლის დეკემბერში მან ამ ქონების მესაკუთრე კომპანიის შპს „ჟასმინის“ ასი პროცენტი შეისყიდა.

ვრცლად ამ თემაზე:

13 მლნ დოლარად გაიყიდა ბათუმში პირველი აფთიაქის შენობა – მყიდველი „მეტროს“ მფლობელია 

 

 

 

1 მილიონად ნაყიდი სახელმწიფო ქონება მესაკუთრემ 13 მილიონად გაყიდა

2011 წელს 1 მილიონ დოლარად ნაყიდი სახელმწიფო ქონება მესაკუთრემ 9 წლის შემდეგ 13 მილიონ დოლარად გაყიდა. საუბარია ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე პირველი აფთიაქის შენობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა, მის მოსავლელად და შესანარჩუნებლადაც ინვესტორს ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს.

შპს „ჟასმინის“ 90 პროცენტს ფლობდა თურქეთში დაფუძნებული კომპანია – „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაი“. შენობის გაყიდვის შემდეგ მას 11 812 500 დოლარი შეხვდა. დარჩენილ ათ პროცენტს თურქეთის მოქალაქე მემეთ ქოჩარსლანი ფლობდა, რომელმაც თავისი წილები თითქმის 2 მილიონ დოლარად გაყიდა.

ქონების ახალი მფლობელი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქია, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში პირველი აფთიაქის შენობა შპს „ჟასმინისგან“ გამოისყიდა.

კომპანიის წილებში  გალიფ ოზთურქმა  42  მილიონი  ლარი [13 მილიონზე მეტი აშშ დოლარი] გადაიხადა. შესაბამისად, ის გახდა ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედანთან არსებული ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მფლობელი. მანვე აიღო ის ვალდებულებები, რაც შპს „ჟასმინს“ აჭარის მთავრობამ 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაუწერა.

მეტრო ჰოლდინგს მოუწევს იმ პირგასამტეხლოს გადახდაც, რაც ამ დრომდე შპს „ჟასმინს“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ერიცხებოდა. ეს თანხა ორ მილიონ ლარს აჭარბებს. 2011 წელს კომპანიამ აფთიაქის შენობაში ამ თანხაზე ბევრად ნაკლები – 1 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, აფთიაქის ყოფილ შენობაში ინვესტორი  სასტუმროს მოწყობას გეგმავდა, სადაც სამი წლის განმავლობაში საქართველოს არანაკლებ 80 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

ხელშეკრულების დადების შემდეგ, შპს ჟასმინმა გამოისყიდა დუმბაძის ქ #16-18/მ.აბაშიძის ქ#34 მდებარე შენობაში არსებული კერძო ფართობი და სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის  პროექტი მოამზადა. ამ პროექტის მიხედვით შენობის უკანა მხარეს 11 სართული უნდა აეშენებინათ. დაახლოებით ისე, როგორც იქვე მდებარე ფოსტის შენობას დააშენეს.

*303# – ახალი კოდი დენის, გაზისა და წყლის გადასახადებზე ინფორმაციის უფასოდ მისაღებად

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით უფასო ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, ახალი მომსახურება დანერგეს.

მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

სემეკის განცხადებით, *303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ სჭირდება სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვა და ინტერნეტთან წვდომა.

მომსახურებით სარგებლობა ამ ეტაპზე შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიების – „თელასის“,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“,  „სოკარ ჯორჯია გაზის“,  „საქორგგაზის“,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „მცხეთის წყალის“, „რუსთავის წყალის“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

*303# მომსახურების პროგრამის ფუნქციონალი შექმნილია საკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ მიერ. მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია „სილქნეტისა“ და „მაგთკომის“ მომხმარებლებისათვის. უახლოეს მომავალში პროგრამით ისარგებლებენ „ბილაინის“ მომხმარებლებიც – აცხადებენ სემეკში.

სემეკში ასევე გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და პროგრამაში შპს „ბათუმის წყალიც“ ჩაერთვება.

ქობულეთის სოფლებში ყველა პირის იზოლაციის პერიოდი დასრულდა – Covid19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში 5 500-ზე მეტი ტესტი ჩატარდა Covid-19-ის გამოსავლენად, მათ შორის გამოკვლეული იქნა 1400-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი.

„1400-ზე მეტი სამედიცინო პირია გამოკვლეული აჭარაში, მათგან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ისინი 14 დღეში ერთხელ დაექვემდებარებიან ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სავალდებულო ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას გადიან საკარანტინო სივრცეში მყოფი ადამიანებიც, კარანტინიდან გასვლამდე 24 საათით ადრე. დღეს, 6 მაისს, 230 პირს აუღებენ ანალიზს აჭარაში კარანტინის დატოვებამდე.

ასევე, ტესტირება ჩაუტარდა საკარანტინო სივრცეში დასაქმებულ 250 პირს და მათი ანალიზის პასუხებიც Covid19-ზე უარყოფითია.

ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ მიზნობრივ ჯგუფებს, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ, შეურთდნენ მებაჟეები და თავშესაფარში მცხოვრები პირები.  ასევე, იგეგმება სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში დასაქმებული პირების ტესტირება.

რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, რომელსაც აჭარაში 36 პირის Covid19-ით ინფიცირება უკავშირდება, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის სამივე სოფელში ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ყველა პირის იზოლაციის პერიოდი დასრულდა და უკვე მიმდინარე კვირის ბოლოს ორი ინკუბაციური პერიოდი მიილევა:

„მაგრამ რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას, აქ უკანასკნელ გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული 16 პირი რჩება იზოლაციის რეჟიმში, შესაბამისად, ეს ტერიტორია მაინც რჩება მაღალი რისკის ზონად.

სავარაუდოდ, ამ სოფლების გახსნაზე საუბარი იქნება საკოორდინიციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

დღეს, 6 მაისს, უკვე მეექვსე დღეა აჭარაში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ჯამში აჭარაში 36 ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან, ისინი რეაბილიტაციას გადიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში.

6 მაისის მონაცემებით [11 სთ], საქართველოში კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევაა,  მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი, გარდაიცვალა – 9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133 პირი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 523. 

__________

ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

13 მლნ დოლარად გაიყიდა ბათუმში პირველი აფთიაქის შენობა – მყიდველი „მეტროს“ მფლობელია 

ბათუმში ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ახალი მფლობელი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქია. 2019 წლის დეკემბერში მან ამ ქონების მესაკუთრე კომპანიის შპს „ჟასმინის“ ასი პროცენტი შეისყიდა.

კომპანიის წილებში  გალიფ ოზთურქმა  ჯამში 42  მილიონი  ლარი [13 მილიონ აშშ დოლარი] გადაიხადა.  შესაბამისად ის გახდა ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედნის მიმდებარედ არსებული ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მფლობელი. მანვე აიღო ის ვალდებულებებიც, რასაც შპს  „ჟასმინს“ აჭარის მთავრობასთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.

„მეტრო ჰოლდინგს“ მოუწევს იმ პირგასამტეხლოს გადახდაც, რაც ამ დრომდე შპს „ჟასმინს“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ერიცხებოდა. ეს თანხა დღეის მდგომარეობით ორ მილიონ ლარს აჭარბებს.

2011 წელს კომპანია „ჟასმინმა“ აფთიაქის შენობის შესაძენად ამ თანხაზე ბევრად ნაკლები, ერთი  მილიონი დოლარი გადაიხადა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად აფთიაქის ყოფილ შენობაში „ჟასმინი“ სასტუმროს მოწყობას გეგმავდა, სადაც სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 80 საქართველოს მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს „ჟასმინმა“ გამოისყიდა დუმბაძის ქ #16-18/მ.აბაშიძის ქ#34 მდებარე შენობაში არსებული კერძო ფართობი და სამინისტროში  სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის  პროექტი წარადგინა, რომელიც შენობის უკანა მხრიდან 11 სართულის დამატებას ითვალისწინებდა. დაახლოებით ისე, როგორც ფოსტის შენობას დააშენეს.

2011 წელს კომპანიამ ყოფილი აფთიაქის შენობაში ერთი  მილიონი დოლარი გადაიხადა.

კომპანიამ მშენებლობა ვერ დაიწყო, რადგან პროექტი კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტოს ძეგლების საბჭომ დაიწუნა. სააგენტომ პროექტი არ განიხილა და კომპანიისგან შენობის რეაბილიტაციის პროექტი მოითხოვა. ასეთი პროექტი შპს „ჟასმინს“ არ მოუმზადებია. მისი აქტივობებიც შენობასთან დაკავშირებით აქ შეწყდა. მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #32/34-ში, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა წლების განმავლობაში იყო ჩაკეტილი.  დაკეტილ შენობაში წვიმდა, რის გამოც ინტერიერი, ასევე ფასადი, მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ახალმა მფლობელმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2020 წლის 10 აპრილს ძეგლის ფასადის რეაბილიტაციის პროექტით მიმართა. პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ ცვლილებას, ახალ მესაკუთრეს ჯერ  მხოლოდ ფასადის რეაბილიტაციის დაწყება სურს და ნებართვას ითხოვს. სააგენტოს ძეგლების საბჭოს ჯერ ამ საკითხზე არ უმსჯელია.

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა მემედ აბაშიძის გამზირზე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. თავიდანვე აქ ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“.

აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ განაშენიანებული და საქმიანი ქუჩა იყო ძველ ბათუმში. XX საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდნენ ქალაქის შეძლებული ოჯახები და ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი.

შენობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო, რამდენიმე წლის წინ მას გუმბათებიანი მანსარდა დააშენეს.

თურქეთის ავიაზახებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა ივნისში განაახლოს

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა წერს, რომ სავარაუდოდ, ივნისის თვის მეორე ნახევრიდან თურქეთის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency-ც ავრცელებს. სააგენტო თურქეთის ავიახაზებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია მსოფლიოს 19 ქვეყანაში ფრენების განახლებას აპირებს, მათ შორისაა საქართველოც.

სააგენტო წერს, რომ Turkish Airlines-მა შეიმუშავა ფრენის გეგმა ივნისში, ივლისსა და აგვისტოში 19 ქვეყნის მიმართულებით. მათ შორისაა: კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, ბელორუსია, ისრაელი, ქუვეითი, საქართველო და ლიბანი და ამ მიმართულებებით ყოველ კვირაში 75 რეისი შესრულდება.

ამავე წყაროს ცნობით, საერთაშორისო მარშრუტებზე  ფრენის სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება.

თურქეთის ავიახაზებს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენების შეჩერება COVID-19 პანდემიის გამო 28 მაისამდე ჰქონდა დაანონსებული. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.

 

მთავარი ფოტო: Turkish Airlines/ვებგვერდიდან

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას ძამას ხეობაში გლეხების ინტერესები – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ძამას ხეობაში მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ სოფლების საძოვრებისა და მიწების მისაკუთრების  საკითხს ეხმიანება.

„ბოლო კვირის განმავლობაში, სატელევიზიო ეთერებით გასულმა სიუჟეტებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ ძამას ხეობაში ადგილობრივი ეპარქიისა და სასულიერო პირების ძალაუფლება იდეოლოგიური გავლენების მიღმა, ეკონომიკურ ინტერესებსაც ატარებს და, როგორც ჩანს, ის ძალადობრივი გზების გამოყენებითაც იწარმოება. დომინაციის ეს პრაქტიკა, მათ შორის, მწვავედ ჩანს სოფლის საძოვრების, გლეხების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების მიტაცებაში სასულიერო პირების მხრიდან. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია წუხს.

ძამას ხეობაში წარსულში ეთნიკურად ოსი ოჯახები მრავლად ცხოვრობდნენ. კონფლიქტის შემდეგ ოსი ოჯახების დიდმა ნაწილმა ხეობა დატოვა. 90-იან წლებში კი ხეობაში აჭარიდან ქართველი მუსლიმი ოჯახების ეტაპობრივი ჩამოსახლება დაიწყო. ეკომიგრანტები კომპაქტურად ცხოვრობენ სოფელ გვერდინეთსა და სამწევრისში.

ამდენად, ამ დროისთვის, ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის მიღმა, ცხოვრობს ეკომიგრანტი ქართველი მუსლიმი თემი და ასევე, მცირე რაოდენობით უკან დაბრუნებული ეთნიკურად ოსი ოჯახები. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ეკომიგრანტ ოჯახებს სოციალური დაცვის საკმარისი გარანტიები არ შეუქმნა. მათ ნაწილს საკუთრებაში ამ დრომდე არ აქვთ გადაცემული საცხოვრებელი სახლები და საჭირო მიწის ნაკვეთები. ისინი ხშირად აწყდებიან პრობლემას უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ხეობის სოფლებში ასევე მწვავედ დგას გზის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების არ ქონის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობის პრობლემა. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია სეზონურ მიგრაციაში. მოსახლეობის უმრავლესობას მხოლოდ შიდა მეურნეობები აქვს გაშენებული, მხოლოდ მათ მცირე ნაწილს აქვს სოფლის მსხვილი მეურნეობები ორგანიზებული, სადაც ხილი მოჰყავთ. ეკომიგრანტების ოჯახების ნაწილი მეცხოველეობას მისდევს, თუმცა ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ საძოვარი რესურსების დაკავების გამო, მათ ამ პროცესში ეშლებათ ხელი. ხეობას აქვს ტურისტული რესურსი, თუმცა ამ პროცესს ასევე არსებითად ადგილობრივი ეპარქია აკონტროლებს,“ – წერია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ძამას ხეობაში 58 ეკლესია-მონასტერი მოქმედებს, სადაც 350 სასულიერო პირი ცხოვრობს.

„ხეობაში ადგილობრივი ეპარქიის დომინაციას აქვს როგორც იდეოლოგიური, ასევე აშკარად ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსი. რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი რამდენიმე წელია ითხოვს ძამას ხეობის მთლიანად საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემას და იქ „ახალი ათონის“ გაშენებას. ცხადია, ამ იდეებს და ხეობაში ეპარქიის დომინაციას გამრიყავი გავლენა აქვს აქ მცხოვრებ არადომინანტურ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებზე. ეს კარგად გამოჩნდა მიტროპოლიტის მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც, რომ შიდა ქართლში ისინი მიწებს იძენენ იმის გამო, რომ თავიდან აირიდონ „უცხოტომელების“ შემოსვლა.

იდეოლოგიური ინტერესების უკან თვალშისაცემია კონკრეტული სასულიერო პირების პირადი ბიზნესინტერესებიც. ადგილობრივი მედია „ქართლის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყინწვისში განზრახ მკვლელობის მცდელობითა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვის ბრალდებით დაკავებულ სქემ-იღუმენ მამა დავითს ყინწვისში ეკუთვნის სამხერხაო და ფერმა, ასევე, ამავე სოფლის სათიბები და ტყის მასივი. მომდევნო სოფელში უფრო მეტი ტერიტორია უკავია მამა სტეფანეს. მისი კერძო მიწის ფართობები 700 000 კვ.მ-ია. რაც შეეხება არქიმანდრიტ საბა ჟღენტს, მის კერძო საკუთრებაშია სოფელ ტყემლოვანას ტერიტორიაზე, შუანოს მთის მონასტერთან, 915 000 კვ.მ მიწის ფართობი (სათიბი, საძოვარი, ტყე). ამ ორ სოფელში მხოლოდ სასულიერო პირები ცხოვრობენ.

აშკარაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკავებს სასულიერო პირების გავლენებს და პირიქით, მათ მიმართ ღია ლოიალობას ავლენს. ამ კუთხით სიმპტომატური იყო რამდენიმე თვის წინ ქარელის ვიცე-მერის ნუგზარ დაბრუნდაშვილის გადადგომის ფაქტი, რომელმაც თანამდებობა ადგილობრივ მედიაში ეპარქიის მიმართ კრიტიკული განცხადების შემდეგ დატოვა.

მიწის რესურსების უსამართლო განაწილება სოფლად მცხოვრებ ოჯახებს მიწის საბაზისო რესურსების გარეშე ტოვებს და აღრმავებს მათ სოციალურ დაუცველობას. აღსანიშნავია, რომ ამ პირობებში ეკომიგრანტი ოჯახების ნაწილს ხეობის დატოვება მოუწია“.

ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წელს EMC-მა ძამას ხეობაში ადგილობრივების საჭიროებები შისწავლა, რამაც აჩვენა, რომ ხეობაში მცხოვრები გლეხების სოციალური ინტერესები უგულებელყოფილია და მათ საძოვრებსა და მიწის ნაკვეთებზე წვდომა ეზღუდებათ, მეტწილად სწორედ სასულიერო პირების მხრიდან მათი დაკავებისა და მისაკუთრების გამო.

„ჩვენს მიმართვებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ძამას ხეობაში მცხოვრები გლეხების, მათ შორის, ეკომიგრანტების სოციალური ინტერესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა:

საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირება;

შეისწავლონ ძამას ხეობაში სასულიერო პირების მიერ მიწების მისაკუთრების პრაქტიკა და ამ პროცესში დანაშაულის (მუქარის, იძულების) შესაძლო ნიშნები;

საქართველოს ხელისუფლებამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ: უზრუნველყოს, რომ ხეობაში არსებული საძოვრების თუ სხვა სახის მიწის ნაკვეთების დაუბრკოლებლად სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს ადგილობრივი სოფლების მოსახლეობას და ასევე, ხელი შეეწყოს გლეხების მხრიდან უძრავი ქონების რეგისტრაციას.

შექმნას სოციალური დაცვის გარანტიები ხეობაში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისთვის,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

_______________

ფოტოზე: მეუფე იობი და გიორგი გახარია. ფოტო: რუის-ურბნისის ეპარქია

როდის გაკეთდება რუსთაველის ქუჩა დელფინარიუმიდან არდაგანის ტბამდე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, დელფინარიუმიდან არდაგანის ტბამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქუჩის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი შედგება და სამუშაოები არსებული გეგმით ჩატარდება.

ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 174 557 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 27 მაისია, სამუშაოები კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.

გზის ამ მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც მოშლილია გზის საფარი [ქვაფენილი], ტროტუარები და ბორდიურები. გზა ცალმხრივად ჩაკეტილია.

რუსთაველის ქუჩაზე დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე [არდაგანის ტბა] გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია არსებული ბუნებრივი ქვაფენილის გამოყენებით უნდა მოხდეს.

ტენდერის პირობის მიხედვით ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია: საფუძვლის მოყვანა პროფილზე, ბეტონის დეკორატიული ფილის (არსებული, ადრე დემონტირებული) მოწყობა, საფარის მოწყობა გრანიტის ქვაფენილით [„ბრუსჩატკა“], ბუნებრივი გრანიტის ფილის მოწყობა; ბაზალტის ანაკრები ბორდიურების მოწყობა, დეკორატიული მოაჯირების მოწყობა.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია – სიტუაციური გეგმა / პროექტიდან

______________________________

მთავარ ფოტოზე: რუსთაველის ქუჩიდან აღებული ქვები, რითაც ისევ ქვაფენილი უნდა მოეწყოს.

 

Exit mobile version