მთავარი,სიახლეები

„კლანი იმდენად გაძლიერდა, რომ სხდომებსაც კი არ ატარებს“ – ჯანეზაშვილი

07.05.2020 • 1890
„კლანი იმდენად გაძლიერდა, რომ სხდომებსაც კი არ ატარებს“ – ჯანეზაშვილი

„მოსამართლეების დისციპლინურ სამართალწარმოებაზე საბჭოს ბოლო სხდომა 2019 წლის მარტში ჩატარდა… პირი, რომელსაც აქვს სხდომის მოწვევის უფლებამოსილება, არის იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც წელიწადზე მეტია სხდომას არ იწვევს…“ – წერს ფეისბუქში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. იგი  მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარს ეხმაურება.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და მას დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა უჩივის. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლე სხდომის დროს სოციალური ქსელით ერთობოდა და ექსპერტების დაკითხვას არ მოუსმინა.

ადვოკატის საჩივარი, ისევე როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, მოსამართლის წინააღმდეგ თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უნდა შეისწავლოს. ინსპექტორი დასკვნას იუსტიციის საბჭოს უგზავნის, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყოს თუ არა დისციპლინური დევნა კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრები ხშირად შედის, თუმცა საბჭოს უკვე ერთ წელზე მეტია  – გასული წლის მარტის შემდეგ, არც ერთი მოსამართლის წინააღმდეგ საქმე არ განუხილავს.

„…ეს არის იმის დემონსტრირება, რომ სასამართლო კლანს საერთოდ არ ადარდებს ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძის, რომელიც ამ სხდომას არ ნიშნავს. გამოდის, რომ მოსამართლემ, შეურაცხყოფა რომ მიაყენოს მხარეებს, ან დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენოს, ან საქმის განხილვის ვადები დაარღვის და ასე შემდეგ, არავინ ამაზე რეაგირებას არ ახდენს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უკვე დაიწყო წინასწარი მოკვლევა. ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილია.

„წინა ინსპექტორი იყო ქეთევან ცინცაძე,“ – პარალელს ავლებს ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ აზნაურაშვილიც კლანის წევრია. – „ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და გახდა იმიტომ, რომ ის მოსამართლეების მხრიდან სამოსამართლეო ეთიკის დარღვევებზე თვალს ხუჭავდა, მაგალითად, მე პირადად მივმართე სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ 2018 წელს, როცა ის რეგულარულად არღვევდა ეთიკას…“

რატომ არ ჩატარდა 2019 წლის მარტიდან ამ დრომდე მოსამართლეთა დისციპლინური საქმისწარმოების განხილვის სხდომა? – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში „სამწუხარო“ უწოდეს ამ ფაქტს და განმარტეს, რომ სხვა საქმეებით იყვნენ დატვირთული, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევით.

„სამწუხაროდ, დატვირთულობის გამო ვერ შედგა ეს სხდომა… ვერ გეტყვით, როდის იქნება შემდეგი სხდომა,“ – გვითხრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში.

„როგორც კი ეს კლანი გაძლიერდა და უფრო მეტი გარანტიები მიიღეს, მათი ანგარიშვალდებულების ხარისხი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვიდა. კლანი არის იმდენად თავისუფალი, რომ სხდომების ჩატარების ვალდებულებას არც კი გრძნობს – თვეში ერთი დღის გამონახვა შეიძლებოდა, მაგრამ მათ ხალხის წუხილი არ აინტერესებთ,“ – აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს კანონით განსაზღვრული, რა ვადაში უნდა განიხილოს მოსამართლის წინააღმდეგ საქმე. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში ინსპექტორი დასკვნებს ამზადებს, თუმცა ის ინსპექტორის კომპიუტერშივე რჩება და საქმე დღის სინათლეს ვერ პოულობს – ის საბჭოს წევრებისთვისაც გაუგებარი რჩება.

ნაზი ჯანეზაშვილის დაკვირვებით, ეს ბოლო პერიოდის ტენდენციაა, როცა საბჭო მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრებს საერთოდ აღარ განიხილავს – წლების წინ არაერთ შემთხვევაში „ურჩი მოსამართლეების“ წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაუწყიათ.

ნაზი ჯანეზაშვილი კიდევ ერთ დეტალს შენიშნავს – ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ვის წინააღმდეგაც საჩივრით მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წლების წინ სასამართლო კლანის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურასთან – მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა. ნიკოლოზ მარსაგიშვილი უვადო მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს.

„…გასაუბრების დროს მან დასძინა, რომ 13 წლის წინ ერთად მუშაობდნენ მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. წლების განმავლობაში ის იყო გორის სასამართლოს თავმჯდომარე. ეს ყველაფერი კი, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან შემთხვევით არ ინიშნებიან მოსამართლეები ამ სისტემაში,“ – დასძინა ნაზი ჯანეზაშვილმა „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: