მთავარი,სიახლეები

რა სთხოვა რუსეთმა აშშ-სა და იტალიას დახმარების სანაცვლოდ

07.05.2020 • 2118
რა სთხოვა რუსეთმა აშშ-სა და იტალიას დახმარების სანაცვლოდ

„სიყვარულით რუსეთიდან“ — ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული რუსეთის „ჰუმანიტარული დახმარების“ შესახებ დასავლურ მედიაში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. იტალიური და ამერიკული მედიასაშუალებების თანახმად, იტალიას ჰუმანიტარული ტვირთის სანაცვლოდ სანქციების მოხსნაში დახმარება სთხოვეს, ხოლო აშშ-ს — ფულადი კომპენსაცია.

„სანქციების მოხსნაში დახმარება მადლობის ნიშნად”

პირველ მაისს იტალიურმა გამოცემა Linkiesta-მ გამოაქვეყნა სტატია რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის, ლეონიდ სლუცკის მიერ იტალიელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილზე. ეს ინფორმაცია Linkiesta-ზე დაყრდნობით რუსეთში გაავრცელა Current time-მა, რომელიც „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ ტელეპროდუქტია.

Linkiesta-ს ცნობით, იტალიაში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, სერგეი რაზოვმა, სლუცკის წერილი გადასცა იტალიის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის წევრს, ვიტო პეტროჩელის.

ამ წერილში, რომლის ასლსაც აგრეთვე Linkiesta აქვეყნებს, სლუცკი მოუწოდებს კოლეგას: „დავივიწყოთ სანქციების დესტრუქციული პოლიტიკა… დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც თავს დემოკრატიულებს უწოდებენ, დააწესეს სხვადასხვა ტიპის სანქციები მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედზე და არ აპირებენ მათ შესუსტებას კორონავირუსთან ბრძოლის დროსაც კი… მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, გვერდზე გადავდოთ სანქციების დესტრუქციული პოლიტიკა“.

მან აგრეთვე გამოხატა მწუხარება, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩავარდა რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, რომელიც კორონავირუსის გამო რუსეთისა და სხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. ეს რეზოლუცია მაშინ აშშ-თან, ევროკავშირთან, უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად საქართველომაც ჩააგდო. როგორც ცნობილია, ეკონომიკური სანქციები რუსეთს დაუწესეს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, ყირიმის ანექსიის შემდეგ.

ამასთან ერთად, როგორც Linkiesta წერს, სლუცკი თავის წერილში სთხოვს პეტროჩელის, მისი ნათქვამი სხვა იტალიელ სენატორებამდე მიიტანოს და აღნიშნავს, რომ „რუსეთის მშვიდობის ფონდი“ აღმოუჩენს დახმარებას კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყნებს — Linkiesta მიიჩნევს, რომ სლუცკი ამგვარად აკეთებს აქცენტს რუსეთის მიერ მარტში იტალიაში გაგზავნილ დახმარებაზე  და მადლობის ნიშნად ითხოვს მხარდაჭერას.

საუბარია იმ დახმარებაზე, რომლის შესახებაც სხვა იტალიურმა გამოცემამ — La Stampa-მ 25 მარტს სტატია გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, დახმარების 80% პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მოგვიანებით გამოცემა და გამოძიების ავტორიც რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტის მიზანი გახდა — „ნეტგაზეთი“ ამ შემთხვევების შესახებ დეტალურად წერდა 23 აპრილს.

„ფასიანი დახმარება”

იტალიისთვის დახმარების გაგზავნიდან მალევე, 31 მარტს, რუსულმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ცნობა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაუგზავნიდა დახმარებას.

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ეკიპირება (სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები და ა.შ.) დახმარების სახით გაუგზავნა.

თუმცა უკვე 2 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მორგან ორტაგუსის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ-ს რუსეთისგან საჭირო ეკიპირება დახმარების სახით კი არ მიუღია, არამედ შეიძინა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტვირთის ღირებულება აშშ-მა და რუსეთმა თანაბრად გაანაწილეს.

1-ელ მაისს აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელეარხმა, ABC News-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა აშშ-ს დახმარებისთვის 660 000 დოლარი მოსთხოვა.

გარდა ამისა, ABC News-ის თანახმად, არ იყო ბოლომდე ნათელი, რამდენად გამოადგება ჰოსპიტალურ სისტემას ნიუ-იორკში ჩასული ტვირთი. ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ტელეარხი იუწყება, რომ ხელოვნური სუნთქვის 45 ვენტილატორს ელექტრობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მათი მაშინვე გამოყენება შეუძლებელი იყო. რუსეთიდან გამოგზავნილი ვენტილატორები 220 ვოლტზე მუშაობს, მაშინ როცა აშშ-ში ასეთი აპარატების მუშაობა 110 ვოლტზე ხდება.

ამასთან ერთად, რეპორტაჟის თანახმად, დახმარებაში აგრეთვე შედიოდა ეკიპირება, რომელსაც საავადმყოფოებში, როგორც წესი, არ იყენებენ: საომარ პირობებში გამოსაყენებელი აირწინაღები და სახლის პირობებისთვის შექმნილი საწმენდი ხელთათმანები.

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ მოწოდებული ნიღბები იყო M-95 „სახის სრული დამფარავი ფილტრით“, რომლებსაც საომარ პირობებში იყენებენ ქიმიური და ბიოლოგიური აგენტებისგან დასაცავად. აშშ-ში კი ექიმებსა და კორონავირუსთან ბრძოლის ფრონტზე პირველ ხაზზე მყოფ პირებს N-95 რესპირატორი სჭირდებათ, რომელიც სახეს მთლიანად არ ფარავს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ მოწოდებულ საქონელში აგრეთვე იყო 15 000 რესპირატორი, კანის ანტისეპტიკური საშუალების 80 000 შეფუთვა, 30 000 ქირურგიული ხელთათმანი და დაახლოებით 400 000 ერთეული სამედიცინო ტანსაცმელი.

ABC წერს, რომ ისინი დაუკავშირდნენ ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის ოფიციალურ პირებს, თუმცა მასალის გამოქვეყნების მომენტში მათ არ უპასუხეს, იყენებენ თუ არა რუსეთის მიერ გაგზავნილ ეკიპირებას, თუ საწყობში ინახავენ.

ABC News-ის მასალას გამოეხმაურნენ რუსეთშიც. სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსეი ჩეპას აზრით, „კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ნებისმიერი დახმარება სასარგებლოა“, ხოლო „პრეტენზიები რუსეთის დახმარებისადმი, კერძოდ კი ვენტილატორებისადმი, თითიდანაა გამოწოვილი“.

ჩეპას თქმით, „მშიერს შეიძლება პური მისცე, შეიძლება რესტორანში აჭამო. უკანასკნელი, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ პურიც კარგია“, — ციტირებს მას „რია ნოვოსტი“.

პროპაგანდის ანარეკლი საქართველოში და კრემლის მიზანი

რუსული თვითმფრინავის ნიუ იორკში დაშვების შემდეგ ამერიკულ მედიაში  გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც ავტორები აღნიშნავდნენ, რომ კრემლს შეეძლო ამ მოვლენის სათავისოდ — პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება. შესაბამისი მასალა გამოაქვეყნეს The New York Times-მა და The Washington Post-მა.

„კრემლისთვის ტვირთის [აშშ-ში] ჩატანა პროპაგანდისტული გადატრიალება იყო: ეს იყო პუტინის შანსი, ხალხისთვის და სამყაროსთვის ეჩვენებინა, რომ დრო, როცა რუსეთი მსოფლიო არენაზე რამეს ითხოვდა, დიდი ხნის წინ დასრულდა“, — წერს The New York Times-ი.

იტალიის შემთხვევის მსგავსად, რუსულმა სახელმწიფო მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო აშშ-ში გაგზავნილ დახმარებას როგორც ონლაინ, ისე ტელესივრცეში — შესაბამისი შინაარსის გადაცემები თუ სიუჟეტები გაუშვეს ფედერალურ ტელეარხებზე. თემა განიხილეს საინფორმაციო გამოშვებებში, ვლადიმერ სოლოვიოვის შოუში და სხვა გადაცემებში.

„ვეხმარებით ჩინეთს, იტალიას. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ გავიგეთ სერბების თხოვნა დახმარების შესახებ“, — აცხადებს ფედერალური ტელეარხის, „ტვ-ცენტრის წამყვანი“.

„აგერ, მთელი სამხედრო-სატრანსპორტო [თვითმფრინავი] გავგზავნეთ აშშ-ში აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით. არაა აშშ ახლა იმ მდგომარეობაში, რომ [ვინმეს] კარნახობდეს]“, — აღნიშნავს „რენ ტვ-ს“ წამყვანი.

ნანა რაფავა, საქართველოში რუსული პროპაგანდის მკვლევარი „მითების დეტექტორიდან“ ამბობს, რომ რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამერიკულ და იტალიურ დახმარებაზე კრემლთან დაკავშირებულმა ქართულმა მედიასაშუალებებმა ასლებივით გადმოიტანეს.

„საკმარისია, რუსულ პირველწყაროში გაიჟღეროს ინფორმაციამ, შემდეგ ჩვენები ექოსავით ამოსძახებენ, ხანდახან სიტყვებიც კი არ იცვლება, უბრალოდ, თარგმანია. როცა კრიტიკა მოჰყვა იტალიელი ჟურნალისტების მხრიდან რუსულ ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას, კრემლმა ამას აგრესიით უპასუხა, რომ ეს ლიბერალური დასავლეთის მოგონილია, რომ ჩვენი დახმარება კარგი იყო, რაც აგრეთვე აირეკლეს ქართულმა, კრემლის პატარა აქტორებმა, რომ ტყუილად სდებენ რუსეთს ბრალს ცუდი დახმარების მიწოდებაში და ა.შ.“, — აღნიშნავს ნანა რაფავა.

როგორც ის აცხადებს, ადგილი აქვს სხვა ნარატივების გავრცელებასაც, მათ შორის იმას, რომ თითქოს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მიხვდება, რომ მათი რეალური პარტნიორი რუსეთია.

“იგივე რუსული დახმარებაც არ იყო მიზნობრივი, ვერ იყენებდნენ ვერაფერში, მიუხედავად ამისა, დღემდე გრძელდება ამ მესიჯების გაჟღერება იგივე ქართულ „სპუტნიკში“, თუ როგორი ქველმოქმედია რუსეთი”.

მისივე თქმით , შემოდის სხვა ნარატივებიც, თუ “როგორ შეიცვლება სამომავლოდ პოლიტიკური კონიუნქტიურა”:

“ესპანეთი და იტალია, ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კორონავირუსისგან, მიხვდებიან, ვინ არის მათი რეალური პარტნიორი. წინა კვირას იყო სტატია, სადაც ეწერა, რომ გერმანიაში შემდეგ არჩევნებზე ის პარტია კი არ გაიმარჯვებს, რომელიც პროდასავლურია, არამედ ის, რომელიც მეტ წინააღმდეგობას გაუწევს ბრიუსელს და ევროკავშირის ცენტრალურ ორგანოებს“.

რაფავას თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაც ამ ყველაფრის ერთ-ერთი ნაწილია:

„[სანქციების მოხსნის თემაც] ამ ყველაფრის ერთ-ერთი განტოტებაა. სანქციების მოხსნის ნარატივი შემოდის, მაგრამ იცით, ალბათ, რომ ეს საკითხი არც განიხილება.

გაეროს სხდომაზეც დააყენეს ეს საკითხი და, ბუნებრივია, ჩავარდა. ამას კიდევ ცალკე კამპანია მოჰყვა, რომ გაეროს, დასავლეთს და მის პარტნიორებს აინტერესებთ პოლიტიკური ქულების დაწერა და არა კორონავირუსის კრიზისის დროს ქვეყნების დახმარება, მათ შორის რუსეთის, რომელიც ზარალდება”, – ამბობს რაფავა.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი ჰუმანიტარული დახმარების თემას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ის მიიჩნევს, რომ  რუსეთის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთში სანქციებთან დაკავშირებით წინააღმდეგობის დათესვა იყო. ასევე რუსეთს სურდა ეჩვენებინა, რომ საკუთარი პრობლემების მიუხედავად, სხვას მაინც ეხმარება:

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს რუსეთი ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და აქ ორი მნიშვნელოვანი მიზანი იყო: სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ევროპაში ერთიანობის შერყევა, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის დათესვა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ რუსეთი არის ძალა, რომელსაც შეუძლია ევროპის ქვეყნების დახმარება მაშინ, როცა საკუთარ ქვეყანას ასეთი პრობლემები ჰქონდა”.

აქუბარდია აგრეთვე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პანდემიის დროს გამოჩენილი „რუსეთის რეალური სახე რეალისტურად იყოს აღქმული“:

„რაც შეეხება ამ მოქმედებების წარმატების შანსს, რუსეთი, როგორც წესი, მოქმედებს ტაქტიკური კუთხით, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ნებისმიერ შანსს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. ამ დრომდე ამ მცდელობებს არ ჰქონია შანსი და დასავლეთი არის ერთიანი ყირიმის ანექსიასთან მიმართებაში და მიუხედავად რუსეთის არაერთი მცდელობისა და სისუსტეების გამოყენების მცდელობისა, დასავლეთი იცავს ერთიანობას ყირიმის პოზიციის ირგვლივ, თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის, რომ  რუსეთის რეალური სახე, რომელიც პანდემიის დროსაც გამოჩნდა, იყოს რეალისტურად აღქმული.

[რუსეთს] წარმატება ამ დრომდე არ ჰქონია ევროპაში სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ გააგრძელებს დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკით დაპირისპირებას და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნების პოლიტიკურ ელიტასა და ლიდერებზე“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: