ავტომანქანების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა გასდის, რა ღირს ნომრის გამოცვლა

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გრძელდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლას განაახლებს დღეიდან, 18 მაისიდან.

სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, 72 ლარი დაუჯდება [ბანკის საკომისიოს ჩათვლით]. თუმცა ეს საფასური არ ეხება ფასიან ნომრებს.

ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვს.

„ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე“, – აღნიშნულია კანონში.

რა ხდება ფასიანი ნომრის შეცვლის შემთხვევაში?

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ხდება ფასიანი ნომრების გადაცვლა, ტარიფის მიხედვით და ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციას არჩევს მოქალაქე თავად.

თუ მოქალაქე იმავეფასიან ნომერში გადაცვლის ნომერს, რაც ადრე ჰქონდა გადახდილი, ჯამში ეს პროცედურა 72 ლარი დაუჯდება [ამაში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა]. ანუ ნომრის საფასურს ხელახლა აღარ იხდის. თუ უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ამ შემთხვევაში სხვაობა რაც იქნება ფასებს შორის, იმ სხვაობას იხდის და ამატებს მხოლოდ ტექპასპორტის შეცვლის 36 ლარს.

„კომბინაციების მიხედვით ფასები განსაზღვრულია, ამიტომ რა ნომერს შეარჩევს – იგივე იქნება, თუ სრულიად განსხვავებული კომბინაცია – ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მოქალაქეზეა დამოკიდებული. ჩვენ მხოლოდ განსაზღვრული ფასების მიხედვით ვადგენთ, რამდენის გადახდა მოუწევს.

მაგალითად, თუ მოქალაქეს ახლა აქვს, პირობითად, 200-ლარიანი ნომერი და, ვთქვათ, ისეთი ნომერი შეარჩია, რომლის ფასიც არის 250 ლარი, ამ შემთხვევაში იხდის იმ 50 ლარს, რაც არის სხვაობა და ამატებს 36 ლარს ტექპასპორტის [ანუ ჯამში მხოლოდ 86 ლარს და ექნება 250-ლარიანი ახალი ნომერი. ასეთ შემთხვევაში, როცა მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ნომრის ბეჭდვის 36 ლარს აღარ იხდის]. თუ ისევ 200-ლარიან ნომერს შეარჩევს, მაშინ გადაიხდის მხოლოდ 72 ლარს“, – გვითხრეს მომსახურების სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეს კონკრეტული ნომრის მოძიება და მისი ფასის შემოწმება პირადი პროფილიდანაც შეუძლია. ამისთვის უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე.

დღეიდან, 18 მაისიდან, შესაძლებელია ასევე მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაც იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა.

ამ თემაზე:

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ოშაბათიდან განახლდება

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ბსუ-ს 650 სტუდენტი სწავლის საფასურის გადავადებას ითხოვს

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სწავლის საფასურის გადავადების მოთხოვნით 650-მა სტუდენტმა მიმართა.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 650 სტუდენტიდან უმრავლესობა ივნისისა და ივლისის სწავლის საფასურის გადავადებას ითხოვს.

„დანარჩენი კი ოქტომბრისთვის ითხოვს ვადის განსაზღვრას. უახლოეს დღეებში გამოიცემა რექტორის ბრძანება, სადაც ყველა სტუდენტის ინტერესი იქნება გათვალისწინებული,“ – გვითხრეს ბსუ-ში.

Covid19-ის პანდემიის გამო ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური, რადგან მუშაობა შეწყვიტა მომსახურების სერვისებმა. მათ შორის, დაიხურა სასტუმროები და კაფე-ბარები, სადაც ხშირად სტუდენტები არიან  დასაქმებული.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს [ფოტო]

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

 

ფოტო: „ბათუმელები“
ავარია
ფოტო: „ბათუმელები“

რა ვადა აქვთ ავტომანქანების მფლობელებს სავალდებულო ტექინსპექტირებისთვის

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერებულია და ამ პერიოდში ანუ 22 მაისის ჩათვლით, მფლობელებს არ აჯარიმებენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 22 მაისის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება. შესაბამისად, ავტომობილების მფლობელები ვალდებული იქნებიან, სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარონ.

კონკრეტულად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი) სავალდებულო იყო 2020 წლის 23 მაისამდე, ეს ინსპექტირება აუცილებლად უნდა ჩატარდეს 2020 წლის 22 ივლისამდე. ანუ, 60 დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან.

„იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი), რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში“, – ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ

„თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან.“

ტექინსპექტირების სერვისები მუშაობენ და მათი ფუნქციონირება აკრძალული არც საგანგებო მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, მძღოლებს მაინც არ აჯარიმებდნენ.

ამ თემაზე:

რას შეუმოწმებენ თქვენს ავტომანქანას ტექდათვალიერების ცენტრში [ვიდეო]

11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის პირი დააკავეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს  ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში ბ.ი.-მ 11 წლის  გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ბ.ი. 2020 წლის 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 11 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 მოქალაქე დააჯარიმა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 98 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 1 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ბათუმში 39 პირის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია – კლინიკაში რჩება 2 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში Covid19-ზე ჩატარებული 39 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ასევე, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 14 პირი და მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

დღეის მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 2 ინფიცირებული პაციენტი. გუშინ ორმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა კლინიკა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 9384 პირს. დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა 71 ადამიანს. გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კარანტინში იმყოფება 1142 პირი.

რაც შეეხება მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 მაისის მდგომარეობით[10:30 სთ] საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 701 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 431 პირი, გარდაიცვალა – 12. 

_____________

ფოტო: NCDC – აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმში კორონავირუსისგან დღეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან დღეს, 17 მაისს, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კლინიკა მედალფაში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პაციენტი ბათუმში დღეს დილით გაწერეს. 29 პაციენტის ანალიზის პასუხები კი, რომლებსაც დღეს საღამოს ელოდებოდნენ, ყველა უარყოფითია.

დილის მონაცემებით, ბათუმში 260 ტესტის პასუხიც კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

17 მაისის 23:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის სულ – 695
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 425
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12
  • კარანტინშია – 3 890
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 357 პაციენტი

 

რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის, რომლებიც 18 მაისს გაიხსნება

ორშაბათიდან, 18 მაისიდან, სილამაზის სალონებს შეუძლიათ განაახლონ მუშაობა, თუმცა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 15 მაისის ბრძანებით დაამტკიცა:

[red_box]ძირითადი რეკომენდაციები:[/red_box]

  • რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებლის მოცდა (წინასწარი ჩაწერით მომსახურება);
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • სამუშაო სივრცეში აკონტროლეთ მომხმარებელთა რაოდენობა – საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 5მ2 ფართობზე 1 მომხმარებლის დაშვების შესაძლებლობა (აღნიშნული ფართობი მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს), ხოლო თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ).
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების (მოძრავი კედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომელიც ექვემდებარება რეცხვა/დეზინფექციას;
  • სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ);
  • შესასვლელებში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით;
  • იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;
  • ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიანიჭეთ ბარათს.

რეკომენდაციები მოიცავს ასევე მომხმარებლის მიმართ გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებს, დამსაქმებლისა და დასაქმებულთა ვალდებულებებს.

[toggle title=”ეს ღონისძიებები და ვალდებულებები ნახეთ აქ:“] მომხმარებლის მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები:

მომხმარებელი გამოცხადდეს მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე (რიგის თავიდან ასაცილებლად);

არ გამოცხადდეს მომსახურების სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;

მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა.

დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა (მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი).

პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

დამსაქმებლის ვალდებულებები:

განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

სალონის შესასვლელში, დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, განათავსოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);

უზრუნველყოს სამუშაო ადგილები ერთჯერადი ხელსახოცებითა და სუფთა პირსახოცებით;

უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება.
იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმელისა და სათვალის გამოყენება.
ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს. ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 4 საათში ერთხელ.

მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოხსნაზე;

უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა.

სამუშაო ადგილებზე განათავსოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (პერსონალის ინფორმირება/ტრენირება).

უზრუნველყოს სამუშაო პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია/სტერილიზაცია „ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილების შესაბამისად.

პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერის გაზრდილი კონცენტრაციით;

უზრუნველყოს დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა, თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად, აღჭურვოს დამცავი ფარით;

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

დამსაქმებელი ვალდებულია ამ რეკომენდაციების შესრულებაზე განახორციელოს კონტროლი.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

დასაქმებულებმა სამუშაო ადგილზე უნდა უზრუნველყონ შემდეგი ღონისძიებების დაცვა:

ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით);

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული კომპლექტის გამოყენება სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;

შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა;

სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგი პრაქტიკა;

თითოეული სამუშაო ადგილის ზედაპირებისა და აღჭურვილობის დასუფთავება, წმენდა, დეზინფექცია ყოველი მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდგომ;

ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებისაგან თავის შეკავება, მუშაობის პერიოდში თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება.[/toggle]

 

18 მაისიდან საქართველოში სილამაზის სალონების გახსნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 მაისს განაცხადა.

 

 

 

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების [ PM10 მკგ/მ3] შემცველობის მაჩვენებელი არის საშუალო ან ცუდი.

აღნიშნული სადგური ჰაერში დამაბინძურებლების შემცველობას 24 საათის განმავლობაში აფიქსირებს.

დღეს, 17 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი  60,2 იყო [ეს მაჩვენებელი  50-ს ზევით არის ცუდი, 100-ს ზევით – ძალიან ცუდი]. გუშინ საღამოს კი, PM10-ის შემცველობა ჰაერში, ბათუმში, 65,5 იყო.

ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი და სხვა.

ამ ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. მაქსიმალური შეზღუდვების პერიოდში ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდებოდა, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს.

ამ თემაზე:

როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა

გადაამოწმეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამა იძლევა შესაძლებლობას მოქალაქემ, რომელიც იყო დასაქმებული და კორონავირუსის პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩა, თავად გადაამოწმოს, არის თუ არა ის კომპენსაციის მიმღებთა სიაში/რეესტრში.

გადასამოწმებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე [თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის მონაცემების ელექტრონულად წარდგენა შემოსავლების სამსახურში 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით შეუძლია].

პირადი ნომრისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით შესაძლებელია გაიგოთ, წარადგინა თუ არა თქვენმა დამსაქმებელმა თქვენ შესახებ მონაცემები, კომპენსაციის გაცემის მიზნით.

„გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად ეს ვადა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.

დეტალურად ამ თემაზე:

როგორ შევავსოთ მონაცემები 200 ლარი კომპენსაციის მისაღებად [ინსტრუქცია]

კომპენსაციების [300 ლარის] მიმღები თვითდასაქმებული პირები კი, უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით 2020 წლის პირველ ივლისამდე გაივლიან რეგისტრაციას. თუმცა, 17 მაისის მდგომარეობით,  ეს პორტალი კვლავ ხარვეზებით მუშაობს და ხშირად გათიშულია.

ამ პორტალზე რეგისტარციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

ბათუმსა და აჭარის მთებში ორშაბათიდან უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15, დღისით 22-27 გრადუსი სითბო
  • მთაში – ღამით 5-10, დღისით 20-25 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი
  • ტალღის სიმაღლე: 7-12დმ(2-3ბალი), დღის მეორე ნახევრიდან 13-18დმ(4ბალი)
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +18 გრადუსი

ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, სამშაბათს და ოთხშაბათს [19 და 20 მაისს], მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის სანაპირო/ 3.05.2020 / ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

 

22 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 17 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 570 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 22 მილიონ 710 ათას ლარს გადააჭარბა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 10 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 775 პირი დააჯარიმა.

აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 656, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო – 67, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 47, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 5 პირი.

ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის აღებული გვაქვს ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 ათასი ლარი.

18 მაისამდე აკრძალულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება და ანალოგიური ღონისძიებები, რაც 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთანაა დაკავშირებული. 18 მაისიდან კი ეს აკრძალვა უქმდება, თუმცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა].

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის -15 000 ლარის ოდენობით.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

ბათუმში კიდევ ერთი ინფიცირებული განიკურნა კორონავირუსისგან

ბათუმში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისის დილის მონაცემებით, ბათუმის კლინიკა მედალფაში კორონავირუსზე სულ 3 პაციენტი მკურნალობს.

ბათუმში, ბოლო 260 ტესტირების პასუხი ყველა უარყოფითია. ცხელების კლინიკებში კი ამ დროისთვის იმყოფება 29 პაციენტი.

ბათუმში 260 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმში 260 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ბოლო 260 ტესტის პასუხი  უარყოფითია.

ბათუმის ცხელების კლინიკებში იმყოფება 29 პაციენტი, რომელთა ტესტირების პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

17 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა და 697-ს მიაღწია.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და სულ გამოჯანმრთელებულია – 425.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 12 ახალი ინფიცირებულიდან 8 არის ბოლნისის რაიონიდან, 6 არის უკვე აღმოჩენილი შემთხვევების კონტაქტები, ხოლო 2 პაციენტი გამოავლინეს საკარანტინო სივრცეებში.

ბოლო მონაცემებით კარანტინში იმყოფება 3 822 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 360. დღევანდელი მონაცემებით, გარდაცვლილია 12 პაციენტი.

ბათუმი-სარფის ახალ ავტომაგისტრალს იტალიური კომპანია დააპროექტებს

ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტირებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტრაქტორი იტალიური კომპანიაა, რომელმაც „პროექტზე მუშაობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ დაიწყო.“

„დეტალური პროექტირება 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა მუშაობა ვერ დაიწყო. პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები როგორც კი გაიხსნება, შეძლებენ ჩამოსვლას და იმ პერიოდით, რაც იყო დაგვიანება, სამუშაოების შესრულების ვადა გაუგრძელდებათ,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმი [მდინარე ჭოროხი]-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირება „ყველაზე კარგ შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეტი გადავადება თუ არ იქნება“.

ბოლო ინფორმაციით, რაც დეპარტამენტმა მიმდინარე წლის იანვარში მოგვაწოდა, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021-2024 წლებში არის დაგეგმილი.

პროექტით გათვალისწინებულია გვირაბის მშენებლობა, ასევე ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას – გზების დეპარტამენტი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მოცემული პროექტისთვის განიხილება აზიის განვითარების ბანკი) პოლიტიკის და სატენდერო პროცედურების მოთხოვნების გათვალისწინებით, პროექტის ღირებულება არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“, – მოგვწერეს 2020 წლის 13 იანვარს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

„სახარჯთაღრიცხვო, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაიწყება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში,“ – მოგვწერეს 4 თვის წინ დეპარტამენტიდან. კონკრეტულად, თუ როდის დაიწყებს იტალიური კომპანია დეტალურ პროექტირებას და როდის დაასრულებს, ამ ეტაპისთვის უცნობია.

სად გაივლის ახალი გზა, კონკრეტული მარშრუტი ცნობილი იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ – ეს „ბათუმელებს“ დეპარტამენტში 2019 წლის აგვისტოში განუცხადეს.

ამავე წლის დასაწყისში კი, გზების დეპარტამენტში არაოფიციალურად გვითხრეს, რომ კონკრეტული მარშრუტი რომც იყოს ცნობილი, თუ სად გაივლის ახალი გზა, ვერ იტყვიან იქედან გამომდინარე, რომ „დაცული იქნას მესაკუთრის უფლება, ანუ მშენებლობის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონება [მიწა] არ გახდეს ვაჭრობის საგანი – შემდგომში მეტი სარგებლის [კომპენსაციის] მიღების მიზნით“.

2019 წლის ივლისში კი, დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის აგვისტოში დაიწყებოდა და ამავე წლის ბოლოს დასრულდებოდა.

ამ თემაზე:

როდის აშენდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი – დეპარტამენტის განმარტება

ბათუმი-სარფის ახალი გზა ბათუმის შემოვლითი გზის [13 კილომეტრიანი მონაკვეთის] გაგრძელება იქნება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბათუმის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები 18 ხიდზე და 4  გვირაბზე მიმდინარეობს.

ამ პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57  წყალგამტარი მილი. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ. პროექტის ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

 

მთავარი ფოტო: კვარიათი-გონიოს ხედი სარფიდან / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

 

მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ბათუმში მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.“ – აცხადებს შსს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

 

მთავარი ფოტო: შსს

როგორ მიიღებენ დაფინანსებას სტუდენტები ქუთაისის ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს.

„ბათუმელები“ უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წელს მხოლოდ სამ საბაკალავრო პროგრამაზე ექნებათ მიღება. ეს პროგრამებია: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი.

უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მიიღებიან, უცხოელები კი იმ სტანდარტით, რომელიც ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს დადგენილი.

რექტორის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რამდენმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი განაცხადი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე. თევზაძის თქმით, ეს პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა უნივერსიტეტი ათასამდე სტუდენტის მოლოდინშია.

უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება, ამიტომ, როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, აბიტურიენტებს ამ ენის ცოდნა მოეთხოვებათ.

აქ სწავლის შემთხვევაში, ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტმა 50 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს ინგლისურ ენაში, მათემატიკაში განსხვავებულია ბარიერია სპეციალობების მიხედვით.

„მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე 46 პროცენტის ქონა მოეთხოვება აბიტურიენტს, კომპიუტერულ მეცნიერებებზე 43 და მენეჯმენტზე 41 პროცენტის“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი 2 250 ლარია. ამას ემატება საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრების ფასი – 250 ლარიც.

რექტორის თქმით, უნივერსიტეტს  აქვს შიდა დაფინანსების ფონდიც.

„დაფინანსება ხდება ორნაირად, ერთია სახელმწიფო გრანტი და მეორე ჩვენი შიდა გრანტი, რომელიც გაიცემა ორ ძირითად კატეგორიაზე – სოციალური და აკადემიური მიღწევების მიხედვით.

სოციალურით ჩვენ დავეხმარებით სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან  და ა.შ.

სწავლის გადასახადს ვაფინანსებთ სახელმწიფო გრანტის ოდენობით, ანუ  2 250 ლარით. ასევე ვუმატებთ იმ სტუდენტებს, ვისაც დააკლდა გრანტი. ამის გარდა, ვუფინანსებთ კამპუსში ცხოვრების გადასახადსაც. გარდა ამისა, გვაქვს აკადემიური მიღწევების ფონდი, რომლითაც წარმატებულ სტუდენტებს ვაფინანსებთ“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მისი თქმით, წელს უნივერსიტეტმა შესაძლოა ვერ მიიღოს საერთაშორისო სტუდენტები პანდემიის გამო, თუმცა რექტორი არ აკონკრეტებს, რამდენია უცხოელი სტუდენტების კვოტა უნივერსიტეტში.

როგორც რექტორი ამბობს, ლექციებს ძირითადად უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ, თუმცა პირველ ეტაპზე, მათ პრაქტიკული სწავლებების პროცესში ქართულენოვანი ასისტენტებიც ეყოლებათ.

გაცვლითი პროგრამები კი, ძირითადად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ექნებათ. მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში.

როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, 2021 წლიდან საბაკალავრო პროგრამებს დაემატება საბუნებისმეტყველო მიმართულებები, 2022 წლიდან საინჟინრო, მომდევნო წელს კი მედიცინის მიმართულებაც.

რექტორის თქმით, უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარი განაცხადა, რადგან მას საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქართუ“ აფინანსებს. როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე თქვა, უნივერსიტეტის ბიუჯეტი ერთი მილიარდი ევროა.

ქართველი პაციენტები 20 მაისიდან თურქულ კლინიკებში გამგზავრებას შეძლებენ

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის ოფიციალური ინფორმაციით, 20 მაისიდან საქართველოს [სხვა ქვეყნებსაც] მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, შეეძლებათ თურქეთში გამგზავრება. დოკუმენტის თანახმად, პაციენტებს გამგზავრება შეეძლებათ, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით.

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის დოკუმენტში წერია, რომ პაციენტებს შეეძლებათ თურქეთის ორ ქალაქში – სტამბოლსა და ანკარაში ჩაფრენა. ასევე გადაადგილებას შეძლებენ სარფის საბაჟოს გავლით.

თურქეთში მკურნალობის საჭიროების მქონე პირმა უნდა მიმართოს სამედიცინო ტურიზმში ჩართულ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც გასამგზავრებლად მოამზადებს ყველა დოკუმენტს. თვითდინებით წასვლა შეუძლებელი იქნება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პაციენტს ისე როგორც მის თანმხლებ პირს, კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

გარდა ამისა, პაციენტს მაქსიმუმ ორი თანხმლები პირი შეიძლება ჰყავდეს.

იმავეს ადასტურებს თურქული კლინიკების ქსელის – Memorial-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც:

“კარგი ამბავი იმ პაციენტებისთვის, ვინც ელოდება სამკურნალოდ თურქეთში ჩამოსვლას. მას შემდეგ, რაც თურქეთი წარმატებით გაუმკლავდა Covid 19-ისგან გამოწვეულ პანდემიას, ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც 20 მაისიდან შევძლებთ მივიღოთ პაციენტები შემდეგი ქვეყნებიდან: ერაყი, ლიბია, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი, ჯიბუტი, ალჟირი, კოსოვო, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, სომალია, ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, ომანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პაკისტანი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.

ამ განცხადების მიხედვით პაციენტები იმკურნალებენ გადაუდებელ ჯანმრთელობის პრობლემებით, ორგანიზებული სპეციალური ფრენებით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.”

კომპანიამ ინფორმაცია ქართულ ენაზე გაავრცელა ფეისბუკის მომხმარებლებისთვის.

MEMORIAL-ის პოსტი ფეისბუკზე

“ბათუმელები” ამ საკითხზე ესაუბრა ბათუმში თურქეთის კონსულის, მაქბულე ქოჩაქის პრესსპიკერსაც. მისი განმარტებით ჯერჯერობით ზუსტად არ შეუძლიათ თქმა, როდის აღდგება მიმოსვლა საქართველოსა და თურქეთს შორის.

თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო სოციალური მომსახურების პალატის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც 15 მაისით არის დათარიღებული, 20 მაისიდან თურქეთში მკურნალობის მიზნით გამგზავრებას შეძლებენ ის პაციენტები, რომლებსაც შემდეგი მიმართულებით ესაჭიროებათ გადაუდებელი მკურნალობა: ორთოპედია და ტრავმატოლოგია, ზოგადი ქირურგია, პედიატრიული ქირურგია, უროლოგია, თვალის დაავადებები, კარდიოლოგია, კარდიოვასკულარული ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, გინეკოლოგ ონკოლოგიური ქირურგია, სამედიცინო ონკოლოგია, რადიაციული ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ჰემატოლოგია, ინტენსიური თერაპია და რეპროდუქციული თერაპია, ორგანოების გადანერგვა და ძვლისა ტვინის ტრანსლაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ამ საკითხზე თურქული მხარისგან ოფიციალურ შეტყობინებას ელოდებიან.

ბათუმის ცენტრში რუსეთის მოქალაქის უკანონო მშენებლობას შლიან

ბათუმში, ლუკა ასათიანის #13 ნომერში, უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაიწყო. პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა უკვე მოშლილია შუშის კედლები და სახურავი.

უკანონო მშენებლობას შპს „გლობალმშენის“ აწარმოებდა.  ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. უკანონო მშენებლობის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია მიმდინარე წლის 9 მაისს გამოაქვეყნა, საგულისხმოა, რომ ეს უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან მხოლოდ ერთი კვარტლით არის დაშორებული.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის  წარმომადგენელმა, ირაკლი მოქიამ განაცხადზ, რომ მფლობელმა თვითონ დაიწყო დაშენებული ფართობის დემონტაჟი.

მოქიას თქმით, შპს „გლობალმშენმა“ მერიასთან შეთანხმებული პროექტი დაარღვია, რის გამოც მას გაფრთხილება მიეცა.

 

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

მეწყერი ისევ განმეორდება – ქედის მერი

ქედაში, მახუნცეთის დასაწყისში, დელტურსა და რესტორან „ჭადრებს“ შორის გზის მონაკვეთზე,  მეწყერი ისევ ჩამოწვა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია. თუმცა, აღნიშნული მონაკვეთი ისევ რჩება რისკის ზონად. რადგან, როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კლდის ფენის ჩამოშლა კვლავ მოსალოდნელია.

„გეოლოგიური დასკვნა უკვე არსებობს რომლის მიხედვით,  მეწყრულ ზონაში ქვების სამი ფენაა განლაგებული. ერთი ნაწილი უკვე ჩამოიშალა და ორი ფენა შესაძლოა კიდევ ჩამოიშალოს, რადგან გამაგრებას არ ექვემდებარება.

ის ნაწილი, რომელიც შეიძლება მალე ჩამოშლილიყო, ხელოვნურად ჩამოვშალეთ, მაგრამ მეწყრული ზონაა და შესაბამისად, ეს სიტუაცია გაგრძელდება“-ამბობს მერი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, გზის ამ მონაკვეთში თუ არის თვალსაჩინოდ განთავსებული აბრა, სადაც მინიშნებულია რომ  მეწყერსაშიში ზონაა, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთში პატრული დგას და მდგომარეობას აკონტროლებს.

„პოლიცია გაფრთხილებულია და  პატრულირებს. მუდმივად ატარებს მონიტორინგს თუ რა ხდება გზაზე. ეს რა თქმა უნდა დღის საათებში, ღამის საათებში კი გადაადგილება ისედაც არ ხდება რადგან კომენდანტის საათია“-ამბობს ქედის მერი.

შეგახსენებთ რომ გზის ამ მონაკვეთში, დიდი მოცულობის ლოდები პირველად 10 მაისს ჩამოწვა. დღეს 16 მაისს კი, მეწყერი ისევ განმეორდა.

დღეს 16 მაისს, მახუნცთში მეწყერი ისევ ჩამოწვა.

 

ამავე თემაზე:

ქედაში საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა ცალმხრივად განახლდა

ხელფასი 6 ათასი, დანამატი 4385 ლარი – საკონსტიტუციოს მოსამართლეების შემოსავლი

თითქმის 100 ათასი ლარი, ზუსტად კი – 94 880 ლარი აიღეს გასამრჯელოს სახით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლემ პანდემიის დროს, აპრილში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პანდემია მხოლოდ კონტრაქტით აყვანილი თანამშრომლებზე აისახა – აპრილში მათ დანამატი არ მისცეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხელფასი კანონითაა განსაზღვრული, ყოველთვიური დანამატები კი მოსამართლეებმა, უფრო კონკრეტულად კი პლენუმმა თავად დაადგინა. ამ დადგენილების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ – ზაზა თავაძემ აპრილში თანამდებობრივი სარგოს და დანამატის სახით ჯამში 11 650 ლარი მიიღო, მოადგილეებმა მერაბ ტურავამ და თეიმურაზ ტუღუშმა ცალ-ცალკე – 10 685 ლარი,  ამდენივეა სასამართლოს მდივნის – მანანა კობახიძის გასამრჯელო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურება კი, დანამატის ჩათვლით, თვეში 10 235 ლარია. სასამართლოში თანამდებობის გარეშე სულ 5 მოსამართლეა, მათ შორის, ყველაზე ახალი ხვიჩა კიკილაშვილია, რომელიც 3 აპრილს დანიშნეს მოსამართლედ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში  7 ათასი ლარია, რასაც ემატება დანამატი – 4650 ლარი, მოადგილის და მდივნის  ხელფასი 6300, დანამატი კი – 4385 ლარი. რიგითი მოსამართლის გასამრჯელო თვეში 6 ათასი ლარია. დანამატის სახით მოსამართლე ასევე იღებს 4235 ლარს.

„ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ კანონის მიხედვით, „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისთვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში“. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პანდემიის პირობებში იგივე წესით აიღეს შრომის ანაზღაურება მოსამართლეებმა, როგორც მანამდე.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატს – მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს ფულადი ჯილდო აპარატის თანამშრომლებს არ აუღიათ. „გაიცა თანამდებობრივი სარგო, სახელფასო და საკლასო დანამატი“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოდან მიღებულ წერილში.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ხელფასი და დანამატები წელს საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო მოხელეებმაც მიიღეს და ხელშეკრულებით აყვანილმა თანამშრომლებმაც. კონტრაქტით აყვანილი პირებისთვის მხოლოდ აპრილში არ მიუციათ დანამატი.

აპრილში, ჯამში, აპარატის თანამშრომლებმა [როგორც საჯარო მოხელეებმა, ასევე ხელშეკრულებით აყვანილმა პირებმა] 131 053 ლარი აიღეს, მარტში – 209 070 [ამ დროს კვარტალური დანამატი გაიცემა], თებერვალში – 155 314, ხოლო იანვარში – 165 692 ლარი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ანუ 21 მარტიდან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში სხდომა თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, 15 მაისს ჩატარდა. მანამდე მოსამართლეები ზეპირი მოსმენის გარეშე მართავდნენ სხდომებს.

პანდემიის პირობებში ორმაგი დანამატები აიღეს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა, უზენაესი სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ კი, მარტში დანამატის სახით 3374 ლარი მიიღო.

8 ადამიანი ერთ ოთახში – „დღეს ზეთიც კი გაგვითავდა“ 

„ახლა მოვზილე პური და ზეთი რომ ზეთია, ისიც აღარ მაქვს უკვე სახლში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ პენსიონერი აზა ბერიძე, რომელიც ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე 16 ნომერში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. აზას გარდა ოჯახში კიდევ 7 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

„თუ დამიჯერებთ, არც კი ვიცი რა ვაჭამო ბავშვებს. ორი დღეა თითქმის არაფერი გვაქვს. ნაქირავებში ვცხოვრობთ, 100 ლარს ვიხდიდით, მაგრამ 4 თვის ვალი მაქვს, ვერ გადავიხადე. ჩემი რძალი და შვილი ცალკე ცხოვრობდნენ ნაქირავებში, მაგრამ მეპატრონემ დავალიანების გამო გამოუშვა, ახლა ისინიც ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად“.

ოთახში სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს, ერთი ორსაწოლიანი, პატარა დივანი და კარადა დგას. „სივიწროვის გამო, იატაკზეც კი გვიწევს დაძინება“-ამბობს აზა.

რძალი თურქეთში მუშაობდა. ხან კაფეში, ხან ალაგებდა, პანდემიის გამო ვეღარ მუშაობს და ძალიან გაგვიჭირდა. ახლა მაღალი ქულები დაგვიწერეს და დახმარებაც 30 ლარით შეგვიმცირეს“, – ამბობს აზა ბერიძე.

სახლში, სადაც აზა ბერიძეს 1 ოთახი აქვს ნაქირავები და 7ადამიანთან ერთად ცხოვრობს, მზის შუქი ძნელად აღწევს, იატაკი დამპალია, კედლები დაობებული. საერთო ეზოში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო ჭა, რის გამოც ეზოში მძაფრი სუნი დგას. სახლის საერთო კედლებიც ძველი და ავარიულია.

ოთახში, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს, იატაკი დამპალია, კედლები კი დაობებული.

„აი ამ ანგრეულ-დანგრეულ ერთ ოთახში ვართ ამდენი სული და ამაში მომიტანეს სოციალური ქულა. დახმარებისთვის ხან მერიას მივმართე, ხან სოციალურ სამსახურს, დამპირდა, გამომიშვა და დამთავრდა“, – ამბობს აზა.

აზას მეუღლეს, რომელიც 73 წლისაა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წნევა აწუხებს მასაც. „ჩვენი პენსიით ვიხდიდით ქირას, მაგრამ ახლა ძალიან გაგვიჭირდა. წამლებიც ხომ გვჭირდება. 1-2-ჯერ მოგვიტანეს დახმარება, მაგრამ რა არის ეს დახმარება – ფქვილი, ზეთი, ხახვი და ტომატი. ეს ვაჭამო ბავშვებს? სოციალური სასადილოდან მეორე თვის მარაგი ჯერ არ მოსულა, რაც მოვიდა, ისიც მცირე იყო. ათესლებული კარტოფილი და ზეთი. არც თევზი, არც ხორცი, „გრეჩიხაც“ კი არ იყო. მეუბნებიან, ჯერ ვერ მოვიტანთო, ბავშვმა იცის რომ ჯერ მოტანის დრო არ არის? რა ვაჭამო მათ“.

აზა ამბობს, რომ დღეს მისი ოჯახის საკვები მხოლოდ პურია.

ბერიძეები ბინის პრობლემაზე წუხან. აზა გვიყვება, რომ ადრე მისი ოჯახი სამხედრო ბინებში ცხოვრობდა, თუმცა ბინა არ გადაუფორმეს. „დანაზოგით კერძო პირისგან ბინის ნაწილი ვიყიდე, თუმცა მომატყუეს და ისიც ვეღარ გადმოვიფორმე. 22 წელია ნაქირავებში ვცხოვრობ, მერიას ვთხოვე სოციალურ სახლში იქნებ ერთი ოთახი მოეცათ. რომ მოვკვდე დასასავენებელი ადგილიც კი არ მაქვს, იქნებ დაგვეხმარონ“, – ამბობს აზა.

მისი თქმით, არჩევნები როცა მოდის, ყველა ყველაფერს ჰპირდება, „შემდეგ ჩვენი პრობლემები არავის ახსოვს“, – ამბობს ის.

„ფარნჯარასაც ვერ ვაღებთ – საკანალიზაციო ჭა, რომელიც ოთახის გვერდითაა მოუწესრიგებელია და საშინელი სუნი დგას“, – ამბობს აზა.

დახმარება მთავრობისგან, თუ მოსყიდვა „ოცნების“ სასარგებლოდ – ინტერვიუ

სოციალურად დაუცველებისთვის სასურსათო კალათების დარიგების პროცესი გრძელდება. ამ პროცესში ჩართული არიან თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები და მოხალისეები. ხელისუფლებაში არ მალავენ იმ ამბავსაც, რომ მოხალისეები „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც არიან.

ხელისუფლებამ „ანტიკრიზისული გეგმის“ ფარგლებში სხვა პროგრამებიც აამოქმედა, მათ შორის, ფერმერებისთვის, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის…

როცა საარჩევნო წელია, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს დახმარებას და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას შორის? რა იქნება სამართლიანი, როცა ხალხს პანდემიის დროს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, ამ დროს კი, დახმარება შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად აღიქვან, ან შესაძლოა, დახმარების რეალური მიზანიც ეს იყოს? – „ბათუმელები“ სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტს, ნინო რიჟამაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, პანდემიამ რამდენად შეცვალა ადმინისტრაციული რესურსის და ამომრჩევლის მოსყიდვის მნიშვნელობა? ვგულისხმობ მოცემულობას, როცა ძალიან ბევრი ადამიანის სოციალური მდგომარეობა დამძიმდა. 

ცხადია, რისკები არსებობს, რადგან სრულიად იცვლება სოციალური პაკეტების საჭიროება და ამავდროულად საარჩევნო წელია. პანდემიის დროს ადამიანები მეტად დამოკიდებული ხდებიან სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე. არსებობს რისკი, რომ ეს პროცესი გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით. ჩვენ საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მალე დავაკვირდებით ამ პროცესს: რამდენად აქვს ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვას და ხომ არ ხდება სოციალური დახმარების გაცემა, ან მიზნობრიობის განსაზღვრა რაიმე პოლიტიკური ნიშნის მიხედვით. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ ხდება აკრძალული აგიტაცია ამ პროცესში.

  • „ანტიკრიზისული გეგმა“, რომელიც ამჯერად ფერმერებს შეეხო, რამდენად აჩენს რეალურად ამომრჩევლის მოსყიდვის რისკს? 

ცხადია, ანტიკრიზისულ გეგმას ამომრჩევლის მოსყიდვას ვერ დავარქმევთ, თუმცა ამ პროექტის განხორციელების დროს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მთავარია, რომ ყველა ადამიანმა თანაბრად მიიღოს ეს დახმარება, ვისზეც არის გამიზნული და არ იყოს რაიმე ნიშნით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით, მოქალაქეების დისკრიმინაცია.

ნინო რიჟამაძე
  • არის ამის საშუალება, მაგალითად, აჭარაში, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა, მიწა დარეგისტრირებული დაახლოებით 35 პროცენტს აქვს. 

ანტიკრიზისული გეგმა ცალსახად არ ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად, რადგან არის პანდემია და საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ადამიანების დასახმარებლად. იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკური მიკერძოება, ეს დახმარება მიზნობრივად უნდა მიიღონ მოქალაქეებმა და არა პოლიტიკური ნიშნით, ან პოლიტიკური დისკრიმინაციის ფონზე. რაც შეეხება სხვა დახმარებას, იგივე მიწის რეგისტრაციას – ეს თემა ყოველთვის აქტიურდება არჩევნების დროს. ჩვენ ამას დავაკვირდებით, რა ფორმებს მიიღებს. მიწის რეგისტრაცია სერიოზული პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ მიწის მარტივად რეგისტრაციის საშუალება, მაგრამ მთავარი ამოცანაა, ამას არ ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები, პოლიტიკური ხასიათი და შერჩევითი მიდგომა მოქალაქეების მიმართ. მიწის რეგისტრაციის მასობრივი პროცესი  არ უნდა ემთხვეოდეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს, ვინაიდან ამ დროს ყოველთვის იქნება პოლიტიკური დაინტერესების საკითხი.

  • ინდიკატორი რა შეიძლება იყოს – რა შეიძლება მივიჩნიოთ დახმარებად და რა ამომრჩევლის მოსყიდვად, სად გადის ეს ზღვარი? 

ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის პრინციპის მოქმედება. ის პროგრამები, რასაც აკეთებს სახელმწიფო, მიმართულია მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის და ეს არ უნდა იყოს გაიგივებული კონრეტულ პარტიასთან და ამ შემთხვევაში, მმართველ პარტიასთან. სახელმწიფო და პარტია უნდა იყოს გამიჯნული, მაგალითად, როცა ხდება სასურსათო კალათების დარიგება მოსახლეობისთვის. თანაც, ამაში ჩართული არიან პარტიის აქტივისტები. ეს დახმარება უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც ეს სჭირდება და უნდა არსებობდეს მკაფიო კრიტერიუმები, ვინ მიიღებს ამას. არ უნდა იყოს, ერთის მხრივ, იმ მოქალაქეებისთვის ამის დარიგება, რომლებიც გამოირჩევიან კეთილგანწყობით. ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო მონიტორინგს და ცხადია, ეს იქნება ჩვენი დაკვირვების საგანი.

მეორეს მხრივ, მოქალაქემ, ვინც დახმარებას იღებს, უნდა იცოდეს, რომ ამას მას აძლევს არა კონკრეტული პარტია, არამედ სახელმწიფო. ამ პროცესში არ უნდა ხდებოდეს მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაცია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პარტიის შემთხვევაში.

  • ქართული ოცნების“ აქტივისტების ჩართვას როგორ აფასებთ? პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ თვითმმართველობებს დასჭირდათ დახმარება მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდების პროცესში და აქტივისტები მოხალისეები არიან. 

ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და როცა ხდება მოხალისეთა მობილიზება. საჭიროა სახელმწიფომ და თვითმმართველობის ორგანოებმა მოხალისეთა მობილიზაცია გამოაცხადონ საჯაროდ. პანდემიის პირველ ეტაპზე შესაძლოა ეს გამართლებული ყოფილიყო შეზღუდული დროით, ფორსმაჟორით. ამ შემთხვევაში თვითმმართველობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტიული აქტივისტები არიან ამ პროცესში მოხალისეებად ჩართული, არ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიის აგიტაცია ამ მოხალისეობრივ პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი მიიღებს ეუთოს კოპენჰაგენის დადგენილი პრინციპის დარღვევას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის ვალდებულებას.

  • დაირღვა უკვე თუ არა უკვე ეს პრინციპი, რადგან ძირითადად მოხალისეებად „ქართული ოცნების“ აქტივისტები ეხმარებიან თვითმმართველობებს, ან საჯარო უწყებების თანამშრომლები. ჩვენ ამ პარტიიდან არ მოგვაწოდეს მონაცემები, ჯამში რამდენი აქტივისტია ჩართული და სად. 

ვერ ვიტყვი ამას, რადგან ფორსმაჟორის პირობებში შესაძლებელია სახელმწიფოს დასჭირდეს პარტიის რესურსის გამოყენება, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მისცეს სხვა მოქალაქეებსაც მოხალისედ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია ტრენინგების ხელმისაწვდომობა, რადგან პანდემიის დროს მოხალისეობა მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას. ჩვენ არ გვქონია ამ პროცესის მონიტორინგი და შესაბამისად არ მაქვს ინფორმაცია, იყო თუ არა დარღვეული სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის პრინციპი. სასურსათო კალათის დარიგების პროცესში რომელიმე პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მოიაზრება ასევე პარტიული ნიშნების ქონა მაისურებზე, ან კონკრეტული სხვა სააგიტაციო მასალით მოძრაობა. თუ ეს პრინციპი დარღვეული არ არის, მოხალისეობაში პრობლემას ვერ ვხედავთ. მნიშვნელოვანია, რო სხვა დაინტერესებულ პირებსაც ჰქონდეთ ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა და ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე ერთი პარტიის ექსკლუზიური შესაძლებლობა.

  • ბათუმის მერიც, მაგალითად, აქტიურად ჩართულია სასურსათო კალათების დარიგების პროცესში. ის პოლიტიკური თანამდებობის პირია, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეები სხვა საკითხებზე ზრუნვის ნაცვლად კალათებს არიგებდეს და ამომრჩევლისთვის ამ გზით თავის დამახსოვრებას ცდილობდეს? 

მერის ჩართულობაში მე, პირადად, პრობლემას ვერ ვხედავ და არ ვფიქრობ, რომ ის არღვევს კანონს. ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მისი საჯარო აქტიურობა ამ ფორმებით შეზღუდული არ არის, თუ ის არ შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს. თუ ეს მოცემულობა არ გვაქვს სახეზე, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ამ პროცესში ჩართვაში ვერ ვხედავთ პრობლემას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თავის მოქალაქეებზე იზრუნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მოქალაქე იღებს პენსიას, ან სოციალურ შემწეობას, ეს განცდა შესაძლოა არსებობდეს. როცა მოქალაქეები პანდემიის დროს განსაკუთრებით დამოკიდებული ხდებიან სახელმწიფოს ზრუნვაზე, ამ დროს თვალშისაცემი ხდება, რადგან რაც უფრო ვუახლოვდებით საარჩევნო კალენდარს, მით უფრო ყველაფერს საარჩევნო კონტექსტს აქვს და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მთავარია, თანასწორი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა და ამ დახმარებების გამოყენება არ უნდა მოხდეს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის. გამორიცხული არაა, რომ ეს მოხდეს.

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ოშაბათიდან განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ამასთანავე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

[crosslist]

  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;
  • ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

[/crosslist]

სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან, ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება კი ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, აცხადებს სააგენტო.

თავისუფალი პროექტების კონკურსი ხელოვნების სფეროში

ხელოვნებისა და კულტურის სფეროში გამოცხადდა ინოვაციური და კრეატიული პროექტების კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ  პირებს. პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 45 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 15 000 ლარისა.

საკონკურსო განცხადებების მიღება 5 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კონკურს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს.  კონკურსის  პირობები და  განაცხადის  ფორმა იხილეთ საინისტროს ვებგვერდზე.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ კიდევ 84 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს 8 პირი.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

———-

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში იხსნება შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ეს შეზღუდვა ძალაში რჩება ავტომობილებთან მიმართებაში.

მიუხედავად ამისა კვლავ აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება. აღნიშნული შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე იმოქმედებს და მისი დარღვევისთვის მოქალაქეები კვლავ 3000 ლარით დაჯარიმდებიან.

ამ თემაზე:

ქორწილები და ქელეხები ისევ აკრძალულია

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში 280 პირის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში 280 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ გამოვლენილა. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 4 ინფიცირებული პაციენტი.

რეგიონში კორონავირუსის პირველი, იმპრორტირებული შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.

კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა „მედალფა“ დატოვა 60-მა პაციენტმა, გადაიცვალა 2 პაციენტი.

15 მაისის მონაცემებით [10:30 სთ] საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 677 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 419 პირი, გარდაიცვალა – 12.

კომპენსაციის მისაღებად დასაქმებულის მონაცემების გადაგზავნა 20 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებულ პირებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო უხელფასოდ დარჩნენ, შეუძლიათ ისარგებლონ კომპენსაციის – 200 ლარის მიღების უფლებით. ამისათვის საჭიროა დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი.

იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით [მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით] შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან [იანვარი, თებერვალი, მარტი] რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ, ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დამქირავებელი, ასევე უფლებამოსილია განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს და წარადგინოს ახალი განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით.

„დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

განაცხადის წარსადგენად დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურის ვებპორტალიდან rs.ge  შედის თავის [გადამხდელის] გვერდზე [გასათვალისწინებელია, რომ თუ დამსაქმებელი მონაცემებს Excel-ის ფაილით აგზავნის და ვერ ახერხებს ამ ფაილის გადაგზავნას, ის გადამხდელის გვერდზე სხვა ბრაუზერით უნდა შევიდეს].

დეტალურად ნახეთ ბმულზე:

როგორ შევავსოთ მონაცემები 200 ლარი კომპენსაციის მისაღებად [ინსტრუქცია]

 

დოკუმენტების გაყალბებისთვის 4 კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი, ყალბი აქტივის ხარჯზე, განაბაჟეს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი, რომელიც 3 მილიონ 500 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

გამოძიების პროცესში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ იქნა ბრალდებულთა უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ხსენებული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

კრიზისი და უმუშევრობა ელის ბათუმის ტურისტულ ბაზარს – კვლევა

უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანიის, Cushman & Wakefield-ის კვლევის თანახმად, 2020 წელი ბათუმის სასტუმროებისა და ტურისტული ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება და უმუშევრობა ემუქრება ტურიზმის სექტორში მომუშავე როგორც მუდმივ, ასევე დროებით დასაქმებულ მოსახლეობასაც.

სასტუმროების სექტორზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, Cushman & Wakefield-მა ბათუმის მასშტაბით სასტუმროების მეპატრონეები და ოპერატორები გამოკითხა. კომპანიის ცნობით, კვლევა ჩატარდა მაისის პირველ კვირაში და მოიცვა როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები.

„ბოლო წლების განმავლობაში ბათუმის სასტუმროები სულ უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებულნი უცხოელ ვიზიტორებზე და ნაკლებად ცდილობდნენ შიდა ტურისტების მოზიდვას.

გამოკითხვიდან ირკვევა, რომ მათ სტუმრებს შორის ქართველების (შიდა ტურისტების) წილი არ აღემატებოდა 9%-ს. საზღვრების გახსნის მიუხედავად, ქვეყნის გარეთ მოგზაურობის შიშიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებს ზაფხულის სეზონის საქართველოში გატარებას. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით შიდა მოგზაურების რიცხვი შესაძლებელია მკვეთრად გაიზარდოს, მეტად სავარაუდოა, რომ ვიზიტორებმა თავი აარიდონ დიდ სასტუმროებსა და თავშეყრის ადგილებს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ უმეტესი მათგანი არჩევანს გააკეთებს ახლობლის/ნათესავის სახლზე ან მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროსა და ინდივიდუალურ აპარტამენტზე.

დამატებით სირთულეს ბათუმის სასტუმროებისთვის შექმნის ტურისტულ ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია. სასტუმროების წარმომადგენელთა განცხადებით, პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისი განაპირობებს ბევრი განთავსების საშუალების დახურვას დროებით ან ხანგრძლივად, ხოლო ის სასტუმროები, რომლებიც შეძლებენ ოპერირებას, სავარაუდოდ ვერ მოახერხებენ სასტუმროს სრულად ამუშავებასა და დატვირთვას. ეს თავის მხრივ მკვეთრად შეამცირებს მომსახურების სექტორში დასაქმებულთა რიცხვს.

უდაოა, რომ მიმდინარე წელი რადიკალურ გავლენას მოახდენს სექტორის სიცოცხლისუნარიანობაზე და ბათუმის სასტუმროების ოპერირების შესაძლებლობებზე. შიდა ტურისტებისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება და შემცირებული საფასე პოლიტიკა, შესაძლებელია, გახდეს ბათუმის განთავსების საშუალებების ერთადერთი გადარჩენის გზა“ – აღნიშნულია კვლევაში.

Cushman & Wakefield-ის კვლევის თანახმად, ბათუმში გამოკითხული სასტუმროების 42.9%-ს ჯავშნები ივლისის თვემდე აქვს გაუქმებული, ხოლო მათი 28.6% სტუმრებს პირველ აგვისტომდე არ ელოდება. ამ სასტუმროების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გაუქმდეს დარჩენილი ჯავშნების დიდი ნაწილიც.

ბათუმში ამჟამად მუშაობს მხოლოდ 18 სასტუმრო, რაც, კვლევის თანახმად, მთლიანი სასტუმრო სექტორის მხოლოდ 8%-ს წარმოადგენს, დანარჩენი სასტუმროები კი დახურულია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბათუმში გამოკითხული სასტუმროების 86%-ს მიაჩნია, რომ საფასე პოლიტიკა გადაიხედება და ოთახის საშუალო ღირებულება დაიკლებს, თუმცა ფასის ცვლილება ძირითადად ბრენდულ სასტუმროებს შეეხება.

ხანდაზმულების ღირსება და სიცოცხლე COVID-19-ის პანდემიის დროს – მოსაზრება

ავტორი: ალანა არმიტაჟი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი

________________

მთელს ევროპაში, ესპანეთიდან სერბეთამდე, ხანდაზმულებზე ზრუნვის დაწესებულებები COVID-19-ის ინფექციის კერებად გადაიქცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში განთავსებულ ადამიანებზე მოდის ევროპაში.

იმ ყველა სამწუხარო სტატისტიკას შორის, რომლებიც მთელს მსოფლიოში ვირუსის მიერ სიცოცხლის განადგურებას აღწერს, ჩემთვის ეს რიცხვი უფრო თვალშისაცემია. ის ნათელს ჰფენს იმ წარმოუდგენელ ტრაგედიას, რაც ზუსტად ჩვენ წინ დატრიალდა – მაგრამ გასაოცრად მცირე ყურადღებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.

ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები ხანდაზმულები საერთო მოსახლეობის მხოლოდ მცირე წილს შეადგენენ – თითქმის 1%-ს, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ის ქვეყანაა ევროპაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე ბევრი საწოლი მოდის ზრუნვის დაწესებულებებში. ეს წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა შემაშფოთებლად მაღალია ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი ხანდაზმულების რაოდენობა ვირუსით გარდაცვალებულთა შორის.

ზოგადად, ხანდაზმულებს პანდემია ძალიან მძიმედ შეეხო. ისინი COVID-19-ით მძიმე ფორმით დაავადების მომეტებული რისკის წინაშე დგანან და ამ დაავადებით გარდაცვლილთა შორის დაახლოებით 95 პროცენტი 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მძვინვარებს პანდემია ასეთი ძალით ევროპაში, სადაც, მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ხანდაზმული ადამიანების პროპორციულად ყველაზე დიდი წილი ცხოვრობს. ხანდაზმულები მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისის წინაშე როდი დგანან: ვირუსის შესაჩერებლად შემოღებული ფიზიკური დისტანცირების (რომელსაც შეცდომით სოციალურ დისტანცირებასაც უწოდებენ) ზომები ასევე არაპროპორციულ ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებასა და საარსებო საშუალებებზე, რამდენადაც ბევრი მათგანისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი მომსახურება, მხარდაჭერა და მზრუნველები, რომლებზეც ისინი დამოკიდებულები იყვნენ.

უგულებელყოფილი და მხედველობის არეალიდან გამქრალი ხანდაზმული პირები, რომლებიც ზრუნვის დაწესებულებებში ცხოვრობენ, ხშირად ყველაზე მოწყვლადები არიან. ჩვენ სულის შემძვრელ ამბებს ვგებულობთ, რომ ადამიანები სიმარტოვეში კვდებიან, მათ გვერდით არ არიან საყვარელი ადამიანები და ზოგჯერ ისინი მხოლოდ მინიმალურ ზრუნვას იღებენ გადატვირთული და არასათანადოდ დაფინანსებული დაწესებულებების მხრიდან.

ზრუნვის დაწესებულებებში ამჟამად განვითარებული ტრაგედიები მხოლოდ ერთი, თუმცა, უკიდურესი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორი წარუმატებლები აღმოვჩნდით დაბერების მიმართ, უფრო ფართო კონტექსტში. პანდემიის შედეგად, ამ მარცხმა აშკარა ცვლილებებს დაუდო სათავე, მაგრამ ეს COVID-19-ით არ დაწყებულა. რამდენადაც ევროპის ქვეყნები სწრაფად ბერდება – ოთხიდან ერთი ადამიანი უკვე 60 წლის ან უფროსი ასაკისაა – საზოგადოებებს უკვე ძალიან უჭირთ, რომ სათანადო პირობები შექმნან ხანდაზმული პირების მზარდი რაოდენობისთვის, რათა მათ შესძლონ აქტიურად იცხოვრონ, კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და მაქსიმალურად ჩაერთონ სათემო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამის ნაცვლად, ბევრი ხანდაზმული უგულებელყოფას, სიღარიბეს, სოციალურ გარიყულობას და იზოლირებას განიცდის, რაც ახლა, პანდემიის გამო, გაცილებით მწვავდება. სავარაუდოდ, კიდევ უარესია ის, თუ როგორ მინიშნებას აკეთებს საზოგადოებრივი მსჯელობა ხანდაზმულების მიმართ, მეტ-ნაკლებად დელიკატურად და უთვალავი მინიშნებების გზით, რომ მათი ასაკის გამო ისინი უკვე ტვირთს წარმოადგენენ, ნაკლებად ღირებულნი არიან და მათ არსებობასაც ფასი აღარ აქვს.

იმედი მაქვს, რომ ეს კრიზისი და საშინელი ზეგავლენა, რასაც ის ბევრ ხანდაზმულ ადამიანზე ახდენს, გადამწყვეტი მომენტი გახდება იმ მხრივ, თუ როგორ ვხედავთ და ვეპყრობით ხანდაზმულ ადამიანებს საზოგადოებაში. გაეროს მოსახლეობის ფონდში დაუღალავად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში არა მარტო იმისთვის, რომ ხანდაზმულებს პანდემიის განმავლობაში დავეხმაროთ, არამედ, ასევე უფრო ფართო მასშტაბით უზრუნველვყოთ, რომ მათი ღირსება და უფლებები დაცული იყოს და რომ ისინი კვლავ ინტეგრირებულნი და ჩართულნი იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ბევრი ქვეყანა ახლა უკვე ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება არსებული კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევა. ქვემოთ მოცემულია ის ოთხი მთავარი ნაბიჯი, რომელიც მთავრობებს შეუძლიათ ამ მიზნის მისაღწევად გადადგან:

  1. ხანდაზმული ადამიანების დაცვისთვის პრიორიტეტის მინიჭება COVID-19-ზე რეაგირების დროს. ამაში შეიძლება შევიდეს ნათელი გზავნილების გავრცელება საზოგადოებაში ხანდაზმულების თანაბარი უფლებების და ღირსების მხარდასაჭერად, ასევე გაბედული ზომების მიღება იმის საჩვენებლად, რომ სახელმწიფოს ვალდებულება სიტყვიერ დაპირებაზე მეტია. სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა, მზრუნველების მხარდაჭერა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება იზოლაციაში მყოფ ადამიანებთან დასაკავშირებლად – ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ კრიზისის ეფექტების შესარბილებლად.
  2. ხანდაზმულთა ხმების გაგონება. ამ კრიზისზე რეაგირებისას, ან სამომავლო პოლიტიკების შემუშავების დროს, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ, თუ რა სათქმელი აქვთ ხანდაზმულებს. თემის წარმომადგენლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რათა თავიდან იქნას აცილებული სუბიექტურობა და შესაძლებელი გახდეს ისეთი გამოსავალის მოძიება, რომელიც აქტუალურ საჭიროებებს უპასუხებს.
  3. ეიჯიზმზე დაპირისპირება საჯარო განხილვებსა და პრაქტიკაში. არანაირი შემწყნარებლობა არ უნდა იქნას გამოჩენილი ასაკის გამო აშკარა დისკრიმინაციის და უარყოფითი სტერეოტიპების მიმართ, რომლებიც ამ კრიზისის დროს კიდევ უფრო მეტად ამოტივტივდა ზედაპირზე. საპირისპირო აზრის წინ წამოწევა, რომელიც ორიენტირებულია თაობათაშორის სოლიდარობაზე, ასევე ხანდაზმული პირების აქტიურობასა და ღირებულ წვლილზე, უმთავრესი მნიშვნელობის იქნება სოციალური ნორმების და მიდგომების შესაცვლელად.
  4. საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოების, ასევე, ბიუჯეტების ხელახალი განხილვა ასაკობრივ ჭრილში. ახლა სწორედ ის დროა, როცა კრიზისის მიღმა უნდა გავიხედოთ და განვიხილოთ, რისი შეცვლაა საჭირო ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და სოციალური დაცვა ისე, რომ ქვეყნებმა უკეთესად შესძლონ სწრაფი დემოგრაფიული ცვლილების ეფექტებთან გამკლავება. ყოველივე ეს კი ისე უნდა მოხდეს, რომ უზრუნველყოფილი იქნას ხანდაზმული მოსახლეობის უფლებების დაცვა და მათთვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ამდენი ხანდაზმული ადამიანის სიკვდილი ამ კრიზისის განმავლობაში გარდაუვალი არ ყოფილა. ეს არის პირდაპირი შედეგი ჩვენი – როგორც საზოგადოებების, ინსტიტუციების და კულტურების – მარცხის, რომ თანაბარი მნიშვნელობა და ღირებულება მიგვენიჭებინა ხანდაზმული თაობის სიცოცხლეებისა და კეთილდღეობისთვის.

ჩვენ წარსულის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და სერიოზულად ვიფიქროთ ისეთი საზოგადოების შექმნაზე ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელშიც ხანდაზმულებს დააფასებენ და მხარს დაუჭერენ, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვან საყრდენს, როგორც მასწავლებლებს და მენტორებს, მზრუნველებს და მოხალისეებს, ადამიანებს, რომლებიც თაობებს გადასცემენ ისტორიას და კულტურას, რასაც ჩვენ ზოგჯერ საჩუქარივით მზამზარეულად ვიღებთ. დაბერების გზაზე მყოფ ევროპაში, ჩვენ უბრალოდ ვერ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოსახლეობის მეოთხედი გავრიყოთ, მთელი თავისი უნარებით, ტალანტებით და სხვა სახის წვლილით. ხანდაზმული ადამიანების უფლებების და ღირსების დაცვის უზრუნველყოფა, ყველა სხვა ასაკის ადამიანის თანასწორად, არა მარტო მორალური იმპერატივია, არამედ ეს არის გამარჯვება ყველა მხარისათვის თანაბრად – როგორც ხანდაზმულთათვის, ასევე ახალგაზრდებისათვის.

_________________

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15  მაისის 21 საათიდან  16  მაისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 8-13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18- 23 გრადუსი 
  • ღამით: 5- 10 გრადუსი

კვირას, 17 მაისს, მოსალოდნელია ძლიერი, ხანმოკლე წვიმა. ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ქარის შკვალური გაძლიერება.

მომდევნო 2 დღეს, 18-19 მაისს, მოსალოდნელია უმეტესად  უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

კორპუსშეზრდილი ორსართულიანი სახლი ბათუმში [ფოტოამბავი]

ორსართულიანი, პატარა სახლი ახალ კორპუსს თითქოს შეეზარდა. ეს ფოტო „ბათუმელებმა“ ბათუმში, ბაგრატიონის #178-ში გადაიღო.

ცხრასართულიანი სახლის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიას 2014 წელს გაუცია. კომპანიამ ბაგრატიონის # 178 -ში არსებული სახლი დაანგრია და მის ნაცვლად მრავალბინიანი კორპუსი ააშენა. რეესტრის მონაცემებით, #178-სა და #180-ში მდებარე სახლებს ერთი სახურავი აერთიანებდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა ბათუმში, როცა მომიჯნავედ დაგეგმილმა და შემდეგ განხორციელებულმა მშენებლობამ არსებულ სახლებში მცხოვრებლების საცხოვრებელი გარემო შეცვალა. მათგან რამდენიმემ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსაც კი მიმართა. ამ შემთხვევაში კი მშენებელი და #180-ში მცხოვრებლები შეთანხმდნენ.

ორი სახლი. ბათუმის თანამედროვე არქიტექტურა

 

რატომ შეწყდა „რემდესივირის“ კლინიკური კვლევა აშშ-ში

აშშ-ში შეაჩერეს ანტივირუსული პრეპარატის, რემდესივირის კლინიკური კვლევა, რომელიც ბოლო დრომდე Covid19-ის ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ სამკურნალო მედიკამენტად მიიჩნეოდა. ამის შესახებ BBC-ი ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტზე (NIAID) დაყრდნობით წერს.

BBC-ი წერს, რომ კვლევა დასრულდა არა მისი წარუმატებლობის გამო – არამედ, პირიქით. ექსპერიმენტი დახურეს საბოლოო შედეგის მიღებამდე, რათა არ დაეშვათ ზედმეტი მსხვერპლი საკონტროლო ჯგუფის წევრ იმ პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რემდესივირის ეფექტურობის ხარისხი კორონავირუსთან ბრძოლაში, ფაქტობრივად, ხელახლა უნდა შემოწმდეს.

ექსპერიმენტის წინასწარი შედეგები გამოცხადდა ორი კვირის წინ, ორ თვეზე მეტხნიანი ტესტირების შემდეგ. შედეგები დამაიმედებელი ჩანდა და ამერიკის ხელისუფლებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა: საავადმყოფოს პირობებში პაციენტის რემდესივირის დანიშვნა აჩქარებს მის გამოჯანმრთელებას თითქმის ერთნახევარჯერ. მალევე კომპანია „გილეადის“ მედიკამენტი „რემდესივირი“ აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ(FDA) COVID19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაწოდა.

საქმე იმაშია, რომ წამლის ეფექტურობის გამოსაცდელად ტარდება ბრმა ორმაგი ტესტირების მეთოდი. ამისათვის, ექსპერიმენტის მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით იყოფა ორ ჯგუფად: ერთში პაციენტები იღებენ ახალ მედიკამენტს, ხოლო მეორეში – პრეპარატის იმიტაციას, პლაცებოს.

„პანდემიის პირობებში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერების მკაცრი მოთხოვნები განსაკუთრებულ შეუთავსებელ კონფლიქტშია სამედიცინო ეთიკასთან,“ – წერს BBC-ი,  „თუ სატესტო მედიკამენტს შეუძლია მინიმალურად მაინც დაეხმაროს პაციენტს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ მძიმე პაციენტებს, რომლებიც ამ მედიკამენტის ნაცვლად პლაცებოს იღებენ (ისე, რომ არც იციან ამის შესახებ), გარდაცვალების რისკი ეზრდებათ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი შემთხვევით მოხვდნენ საკონტროლო ჯგუფში. მაგრამ თუ ექსპერიმენტულ მედიკამენტს ყველა მძიმედ დაავადებულ პაციენტს მისცემენ, გამონაკლისის გარეშე, მაშინ დარღვეულია წამლის შემოწმების პირობები – ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელი ხდება პრეპარატის ეფექტურობის დადგენა”.

როგორც კი გაირკვა, რომ მედიკამენტი შეიძლება იყოს ეფექტური, ექიმებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მისი მიცემა ყველა პაციენტისთვის, გააუქმეს საკონტროლო ჯგუფი და კვლევამ დაკარგა აზრი.

„რამდენი პაციენტის სიცოცხლით შეგვიძლია გავრისკოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ის მონაცემები, რაც გვაკლია? ამაზე ალბათ შეიძლება გვქონდეს გარკვეული დისკუსია (ასეთ სიტუაციაში, ყველა ცდილობს გამოვიდეს ეშმაკის ადვოკატის როლში), მაგრამ ჩვენს ინსტიტუტში არ ყოფილა უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით,” – თქვა NIAID -ის კლინიკურმა დირექტორმა კლიფორდ ლეინმა BBC-სთან საუბარში.

NIAID-ის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის ოპტიმიზმს რემდესივირის შესახებ ყველა არ იზიარებს.

„გლობალური დაბლოკვა და ფიზიკური დისტანცირება იმისთვის არ გამოცხადებულა, რომ ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე დღით უფრო ცოტა დრო გაეტარებინათ საავადმყოფოში,  არამედ იმისთვის, რომ ნაკლები ადამიანი დაიღუპოს. და მანამ, სანამ არ გვეცოდინება, ახდენს თუ არა ეს მედიკამენტი ზეგავლენას სიკვდილიანობაზე, გაჩერება არ შეიძლებოდა,“ – განაცხადა ნიუ იორკის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

„რემდესივირის“ მიღება კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი პაციენტებისთვის კვლევის ფარგლებში იგეგმება. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის ქართულ პროტოკოლში წერია, რომ ძირითადი სამკურნალო მეთოდისა და მედიკამენტების გარდა, ასევე, შესაძლებელია განხილულ იქნეს „რემდესივირის“ გამოყენების საკითხიც.

ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ იქნება მოთავსებული – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატთან და თარიღებთან დაკავშირებით ემ ეტაპზე ცვლილება არ არის, თუმცა, თუკი იქნება მითითება ეპიდემიოლოგებისგან, შესაძლოა თარიღმა აგვისტოში გადაიწიოს.

ჩხენკელის თქმით, ერთადერთი, რაც აუცილებლად შეიცვლება, ის არის, რომ ერთ სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ განთავსდება.

„გამოცდების დროს ზედმიწევნით იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც მოგვაწოდებს ჯანდაცვის სფერო, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არა უმეტეს ათი აბიტურიენტი იქნება მოთავსებული.  იქნება დეტალური ნუსხა პროტოკოლის, რომელსაც ივნისში, როცა თარიღებს გამოვაცხადებთ, იქნება წარმოდგენილი,“- განაცხადა  მიხეილ ჩხენკელმა.

ამის თაობაზე მინისტრმა დღეს, 15 მაისს, მთავრობის სხდომაზე, განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ამავე თემაზე:

როგორ დაიწერება მოსწავლის ნიშანი წელს – ჩხენკელის განმარტება

Exit mobile version