მთავარი,სიახლეები

ხელფასი 6 ათასი, დანამატი 4385 ლარი – საკონსტიტუციოს მოსამართლეების შემოსავლი

16.05.2020 • 4230
ხელფასი 6 ათასი, დანამატი 4385 ლარი – საკონსტიტუციოს მოსამართლეების შემოსავლი

თითქმის 100 ათასი ლარი, ზუსტად კი – 94 880 ლარი აიღეს გასამრჯელოს სახით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლემ პანდემიის დროს, აპრილში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პანდემია მხოლოდ კონტრაქტით აყვანილი თანამშრომლებზე აისახა – აპრილში მათ დანამატი არ მისცეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხელფასი კანონითაა განსაზღვრული, ყოველთვიური დანამატები კი მოსამართლეებმა, უფრო კონკრეტულად კი პლენუმმა თავად დაადგინა. ამ დადგენილების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ – ზაზა თავაძემ აპრილში თანამდებობრივი სარგოს და დანამატის სახით ჯამში 11 650 ლარი მიიღო, მოადგილეებმა მერაბ ტურავამ და თეიმურაზ ტუღუშმა ცალ-ცალკე – 10 685 ლარი,  ამდენივეა სასამართლოს მდივნის – მანანა კობახიძის გასამრჯელო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურება კი, დანამატის ჩათვლით, თვეში 10 235 ლარია. სასამართლოში თანამდებობის გარეშე სულ 5 მოსამართლეა, მათ შორის, ყველაზე ახალი ხვიჩა კიკილაშვილია, რომელიც 3 აპრილს დანიშნეს მოსამართლედ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში  7 ათასი ლარია, რასაც ემატება დანამატი – 4650 ლარი, მოადგილის და მდივნის  ხელფასი 6300, დანამატი კი – 4385 ლარი. რიგითი მოსამართლის გასამრჯელო თვეში 6 ათასი ლარია. დანამატის სახით მოსამართლე ასევე იღებს 4235 ლარს.

„ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ კანონის მიხედვით, „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისთვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში“. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პანდემიის პირობებში იგივე წესით აიღეს შრომის ანაზღაურება მოსამართლეებმა, როგორც მანამდე.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატს – მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს ფულადი ჯილდო აპარატის თანამშრომლებს არ აუღიათ. „გაიცა თანამდებობრივი სარგო, სახელფასო და საკლასო დანამატი“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოდან მიღებულ წერილში.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ხელფასი და დანამატები წელს საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო მოხელეებმაც მიიღეს და ხელშეკრულებით აყვანილმა თანამშრომლებმაც. კონტრაქტით აყვანილი პირებისთვის მხოლოდ აპრილში არ მიუციათ დანამატი.

აპრილში, ჯამში, აპარატის თანამშრომლებმა [როგორც საჯარო მოხელეებმა, ასევე ხელშეკრულებით აყვანილმა პირებმა] 131 053 ლარი აიღეს, მარტში – 209 070 [ამ დროს კვარტალური დანამატი გაიცემა], თებერვალში – 155 314, ხოლო იანვარში – 165 692 ლარი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ანუ 21 მარტიდან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში სხდომა თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, 15 მაისს ჩატარდა. მანამდე მოსამართლეები ზეპირი მოსმენის გარეშე მართავდნენ სხდომებს.

პანდემიის პირობებში ორმაგი დანამატები აიღეს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა, უზენაესი სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ კი, მარტში დანამატის სახით 3374 ლარი მიიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: