მთავარი,სიახლეები

22 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

17.05.2020
22 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 17 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 570 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 22 მილიონ 710 ათას ლარს გადააჭარბა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 10 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 775 პირი დააჯარიმა.

აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 656, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო – 67, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 47, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 5 პირი.

ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის აღებული გვაქვს ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 ათასი ლარი.

18 მაისამდე აკრძალულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება და ანალოგიური ღონისძიებები, რაც 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთანაა დაკავშირებული. 18 მაისიდან კი ეს აკრძალვა უქმდება, თუმცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა].

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის -15 000 ლარის ოდენობით.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: