განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ მიიღებენ დაფინანსებას სტუდენტები ქუთაისის ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

16.05.2020 • 2396
როგორ მიიღებენ დაფინანსებას სტუდენტები ქუთაისის ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს.

„ბათუმელები“ უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წელს მხოლოდ სამ საბაკალავრო პროგრამაზე ექნებათ მიღება. ეს პროგრამებია: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი.

უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მიიღებიან, უცხოელები კი იმ სტანდარტით, რომელიც ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს დადგენილი.

რექტორის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რამდენმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი განაცხადი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე. თევზაძის თქმით, ეს პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა უნივერსიტეტი ათასამდე სტუდენტის მოლოდინშია.

უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება, ამიტომ, როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, აბიტურიენტებს ამ ენის ცოდნა მოეთხოვებათ.

აქ სწავლის შემთხვევაში, ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტმა 50 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს ინგლისურ ენაში, მათემატიკაში განსხვავებულია ბარიერია სპეციალობების მიხედვით.

„მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე 46 პროცენტის ქონა მოეთხოვება აბიტურიენტს, კომპიუტერულ მეცნიერებებზე 43 და მენეჯმენტზე 41 პროცენტის“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი 2 250 ლარია. ამას ემატება საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრების ფასი – 250 ლარიც.

რექტორის თქმით, უნივერსიტეტს  აქვს შიდა დაფინანსების ფონდიც.

„დაფინანსება ხდება ორნაირად, ერთია სახელმწიფო გრანტი და მეორე ჩვენი შიდა გრანტი, რომელიც გაიცემა ორ ძირითად კატეგორიაზე – სოციალური და აკადემიური მიღწევების მიხედვით.

სოციალურით ჩვენ დავეხმარებით სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან  და ა.შ.

სწავლის გადასახადს ვაფინანსებთ სახელმწიფო გრანტის ოდენობით, ანუ  2 250 ლარით. ასევე ვუმატებთ იმ სტუდენტებს, ვისაც დააკლდა გრანტი. ამის გარდა, ვუფინანსებთ კამპუსში ცხოვრების გადასახადსაც. გარდა ამისა, გვაქვს აკადემიური მიღწევების ფონდი, რომლითაც წარმატებულ სტუდენტებს ვაფინანსებთ“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მისი თქმით, წელს უნივერსიტეტმა შესაძლოა ვერ მიიღოს საერთაშორისო სტუდენტები პანდემიის გამო, თუმცა რექტორი არ აკონკრეტებს, რამდენია უცხოელი სტუდენტების კვოტა უნივერსიტეტში.

როგორც რექტორი ამბობს, ლექციებს ძირითადად უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ, თუმცა პირველ ეტაპზე, მათ პრაქტიკული სწავლებების პროცესში ქართულენოვანი ასისტენტებიც ეყოლებათ.

გაცვლითი პროგრამები კი, ძირითადად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ექნებათ. მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში.

როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, 2021 წლიდან საბაკალავრო პროგრამებს დაემატება საბუნებისმეტყველო მიმართულებები, 2022 წლიდან საინჟინრო, მომდევნო წელს კი მედიცინის მიმართულებაც.

რექტორის თქმით, უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარი განაცხადა, რადგან მას საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქართუ“ აფინანსებს. როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე თქვა, უნივერსიტეტის ბიუჯეტი ერთი მილიარდი ევროა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: