მთავარი,სიახლეები

დახმარება მთავრობისგან, თუ მოსყიდვა „ოცნების“ სასარგებლოდ – ინტერვიუ

16.05.2020 • 1593
დახმარება მთავრობისგან, თუ მოსყიდვა „ოცნების“ სასარგებლოდ – ინტერვიუ

სოციალურად დაუცველებისთვის სასურსათო კალათების დარიგების პროცესი გრძელდება. ამ პროცესში ჩართული არიან თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები და მოხალისეები. ხელისუფლებაში არ მალავენ იმ ამბავსაც, რომ მოხალისეები „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც არიან.

ხელისუფლებამ „ანტიკრიზისული გეგმის“ ფარგლებში სხვა პროგრამებიც აამოქმედა, მათ შორის, ფერმერებისთვის, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის…

როცა საარჩევნო წელია, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს დახმარებას და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას შორის? რა იქნება სამართლიანი, როცა ხალხს პანდემიის დროს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, ამ დროს კი, დახმარება შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად აღიქვან, ან შესაძლოა, დახმარების რეალური მიზანიც ეს იყოს? – „ბათუმელები“ სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტს, ნინო რიჟამაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, პანდემიამ რამდენად შეცვალა ადმინისტრაციული რესურსის და ამომრჩევლის მოსყიდვის მნიშვნელობა? ვგულისხმობ მოცემულობას, როცა ძალიან ბევრი ადამიანის სოციალური მდგომარეობა დამძიმდა. 

ცხადია, რისკები არსებობს, რადგან სრულიად იცვლება სოციალური პაკეტების საჭიროება და ამავდროულად საარჩევნო წელია. პანდემიის დროს ადამიანები მეტად დამოკიდებული ხდებიან სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე. არსებობს რისკი, რომ ეს პროცესი გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით. ჩვენ საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მალე დავაკვირდებით ამ პროცესს: რამდენად აქვს ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვას და ხომ არ ხდება სოციალური დახმარების გაცემა, ან მიზნობრიობის განსაზღვრა რაიმე პოლიტიკური ნიშნის მიხედვით. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ ხდება აკრძალული აგიტაცია ამ პროცესში.

  • „ანტიკრიზისული გეგმა“, რომელიც ამჯერად ფერმერებს შეეხო, რამდენად აჩენს რეალურად ამომრჩევლის მოსყიდვის რისკს? 

ცხადია, ანტიკრიზისულ გეგმას ამომრჩევლის მოსყიდვას ვერ დავარქმევთ, თუმცა ამ პროექტის განხორციელების დროს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მთავარია, რომ ყველა ადამიანმა თანაბრად მიიღოს ეს დახმარება, ვისზეც არის გამიზნული და არ იყოს რაიმე ნიშნით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით, მოქალაქეების დისკრიმინაცია.

ნინო რიჟამაძე

  • არის ამის საშუალება, მაგალითად, აჭარაში, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა, მიწა დარეგისტრირებული დაახლოებით 35 პროცენტს აქვს. 

ანტიკრიზისული გეგმა ცალსახად არ ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად, რადგან არის პანდემია და საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ადამიანების დასახმარებლად. იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკური მიკერძოება, ეს დახმარება მიზნობრივად უნდა მიიღონ მოქალაქეებმა და არა პოლიტიკური ნიშნით, ან პოლიტიკური დისკრიმინაციის ფონზე. რაც შეეხება სხვა დახმარებას, იგივე მიწის რეგისტრაციას – ეს თემა ყოველთვის აქტიურდება არჩევნების დროს. ჩვენ ამას დავაკვირდებით, რა ფორმებს მიიღებს. მიწის რეგისტრაცია სერიოზული პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ მიწის მარტივად რეგისტრაციის საშუალება, მაგრამ მთავარი ამოცანაა, ამას არ ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები, პოლიტიკური ხასიათი და შერჩევითი მიდგომა მოქალაქეების მიმართ. მიწის რეგისტრაციის მასობრივი პროცესი  არ უნდა ემთხვეოდეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს, ვინაიდან ამ დროს ყოველთვის იქნება პოლიტიკური დაინტერესების საკითხი.

  • ინდიკატორი რა შეიძლება იყოს – რა შეიძლება მივიჩნიოთ დახმარებად და რა ამომრჩევლის მოსყიდვად, სად გადის ეს ზღვარი? 

ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის პრინციპის მოქმედება. ის პროგრამები, რასაც აკეთებს სახელმწიფო, მიმართულია მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის და ეს არ უნდა იყოს გაიგივებული კონრეტულ პარტიასთან და ამ შემთხვევაში, მმართველ პარტიასთან. სახელმწიფო და პარტია უნდა იყოს გამიჯნული, მაგალითად, როცა ხდება სასურსათო კალათების დარიგება მოსახლეობისთვის. თანაც, ამაში ჩართული არიან პარტიის აქტივისტები. ეს დახმარება უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც ეს სჭირდება და უნდა არსებობდეს მკაფიო კრიტერიუმები, ვინ მიიღებს ამას. არ უნდა იყოს, ერთის მხრივ, იმ მოქალაქეებისთვის ამის დარიგება, რომლებიც გამოირჩევიან კეთილგანწყობით. ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო მონიტორინგს და ცხადია, ეს იქნება ჩვენი დაკვირვების საგანი.

მეორეს მხრივ, მოქალაქემ, ვინც დახმარებას იღებს, უნდა იცოდეს, რომ ამას მას აძლევს არა კონკრეტული პარტია, არამედ სახელმწიფო. ამ პროცესში არ უნდა ხდებოდეს მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაცია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პარტიის შემთხვევაში.

  • ქართული ოცნების“ აქტივისტების ჩართვას როგორ აფასებთ? პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ თვითმმართველობებს დასჭირდათ დახმარება მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდების პროცესში და აქტივისტები მოხალისეები არიან. 

ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და როცა ხდება მოხალისეთა მობილიზება. საჭიროა სახელმწიფომ და თვითმმართველობის ორგანოებმა მოხალისეთა მობილიზაცია გამოაცხადონ საჯაროდ. პანდემიის პირველ ეტაპზე შესაძლოა ეს გამართლებული ყოფილიყო შეზღუდული დროით, ფორსმაჟორით. ამ შემთხვევაში თვითმმართველობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტიული აქტივისტები არიან ამ პროცესში მოხალისეებად ჩართული, არ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიის აგიტაცია ამ მოხალისეობრივ პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი მიიღებს ეუთოს კოპენჰაგენის დადგენილი პრინციპის დარღვევას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის ვალდებულებას.

  • დაირღვა უკვე თუ არა უკვე ეს პრინციპი, რადგან ძირითადად მოხალისეებად „ქართული ოცნების“ აქტივისტები ეხმარებიან თვითმმართველობებს, ან საჯარო უწყებების თანამშრომლები. ჩვენ ამ პარტიიდან არ მოგვაწოდეს მონაცემები, ჯამში რამდენი აქტივისტია ჩართული და სად. 

ვერ ვიტყვი ამას, რადგან ფორსმაჟორის პირობებში შესაძლებელია სახელმწიფოს დასჭირდეს პარტიის რესურსის გამოყენება, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მისცეს სხვა მოქალაქეებსაც მოხალისედ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია ტრენინგების ხელმისაწვდომობა, რადგან პანდემიის დროს მოხალისეობა მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას. ჩვენ არ გვქონია ამ პროცესის მონიტორინგი და შესაბამისად არ მაქვს ინფორმაცია, იყო თუ არა დარღვეული სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის პრინციპი. სასურსათო კალათის დარიგების პროცესში რომელიმე პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მოიაზრება ასევე პარტიული ნიშნების ქონა მაისურებზე, ან კონკრეტული სხვა სააგიტაციო მასალით მოძრაობა. თუ ეს პრინციპი დარღვეული არ არის, მოხალისეობაში პრობლემას ვერ ვხედავთ. მნიშვნელოვანია, რო სხვა დაინტერესებულ პირებსაც ჰქონდეთ ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა და ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე ერთი პარტიის ექსკლუზიური შესაძლებლობა.

  • ბათუმის მერიც, მაგალითად, აქტიურად ჩართულია სასურსათო კალათების დარიგების პროცესში. ის პოლიტიკური თანამდებობის პირია, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეები სხვა საკითხებზე ზრუნვის ნაცვლად კალათებს არიგებდეს და ამომრჩევლისთვის ამ გზით თავის დამახსოვრებას ცდილობდეს? 

მერის ჩართულობაში მე, პირადად, პრობლემას ვერ ვხედავ და არ ვფიქრობ, რომ ის არღვევს კანონს. ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მისი საჯარო აქტიურობა ამ ფორმებით შეზღუდული არ არის, თუ ის არ შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს. თუ ეს მოცემულობა არ გვაქვს სახეზე, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ამ პროცესში ჩართვაში ვერ ვხედავთ პრობლემას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თავის მოქალაქეებზე იზრუნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მოქალაქე იღებს პენსიას, ან სოციალურ შემწეობას, ეს განცდა შესაძლოა არსებობდეს. როცა მოქალაქეები პანდემიის დროს განსაკუთრებით დამოკიდებული ხდებიან სახელმწიფოს ზრუნვაზე, ამ დროს თვალშისაცემი ხდება, რადგან რაც უფრო ვუახლოვდებით საარჩევნო კალენდარს, მით უფრო ყველაფერს საარჩევნო კონტექსტს აქვს და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მთავარია, თანასწორი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა და ამ დახმარებების გამოყენება არ უნდა მოხდეს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის. გამორიცხული არაა, რომ ეს მოხდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: