ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის აშენდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი – დეპარტამენტის განმარტება

13.01.2020 • 6041
როდის აშენდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი – დეპარტამენტის განმარტება

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021-2024 წლებში იგეგმება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. ახალი გზა იქნება ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება მდინარე ჭოროხიდან [ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან] სოფელ სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე].

პროექტით გათვალისწინებულია გვირაბის მშენებლობა, ასევე ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას – გზების დეპარტამენტი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მოცემული პროექტისთვის განიხილება აზიის განვითარების ბანკი) პოლიტიკის და სატენდერო პროცედურების მოთხოვნების გათვალისწინებით, პროექტის ღირებულება არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“, – მოგვწერეს დღეს, 13 იანვარს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან წერილობით გამოითხოვა.

დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით:

[checklist]

  • „ამჟამად დასრულების ეტაპზეა საავტომობილო გზის ბათუმი-სარფის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და იწყება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის
    მომზადება.
  • პროექტში გათვალისწინებულია როგორც გვირაბის, ასევე ხიდის მშენებლობა მდინარე ჭოროხზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები და დეტალები დაზუსტდება დეტალური პროექტის დამუშავების შემდეგ.
  • სახარჯთაღრიცხვო, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაიწყება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში“.

[/checklist]

„ასევე გაცნობებთ, რომ ზემოთ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის განხორციელება იგეგმება 2021-2024 წლებში“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

სად გაივლის ახალი გზა, მარშრუტი ცნობილი იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ – ამის შესახებ დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 2019 წლის აგვისტოში განუცხადეს. ამავე წლის დასაწყისში კი, გზების დეპარტამენტში არაოფიციალურად გვითხრეს, რომ კონკრეტული მარშრუტი რომც იყოს ცნობილი, თუ სად გაივლის ახალი გზა, ვერ იტყვიან იქედან გამომდინარე, რომ დაცული იქნას მესაკუთრის უფლება, ანუ მშენებლობის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონება [მიწა] არ გახდეს ვაჭრობის საგანი – შემდგომში მეტი სარგებლის [კომპენსაციის] მიღების მიზნით.

2019 წლის ივლისში კი დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის აგვისტოში დაიწყებოდა და ამავე წლის ბოლოს დასრულდებოდა.

2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარისგან გაჟღერდა, რომ ბათუმი-სარფის გზაზე 8-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

„გვირაბის აშენება ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა დეტალური პროექტირების შემდეგ გვირაბი 8 კილომეტრი იქნება თუ 7,5, ამას დღეს დეპარტამენტში ვერავინ იტყვის. ყველა დეტალი პროექტირების დასრულების დროს დაზუსტდება,“ – გვითხრეს მაშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/222824/

ახალი ავტომაგისტრალი სარფიდან წითელ ხიდამდე [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მთავარი ფოტო: ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: