მთავარი,სიახლეები

კრიზისი და უმუშევრობა ელის ბათუმის ტურისტულ ბაზარს – კვლევა

15.05.2020 • 2205
კრიზისი და უმუშევრობა ელის ბათუმის ტურისტულ ბაზარს – კვლევა

უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანიის, Cushman & Wakefield-ის კვლევის თანახმად, 2020 წელი ბათუმის სასტუმროებისა და ტურისტული ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება და უმუშევრობა ემუქრება ტურიზმის სექტორში მომუშავე როგორც მუდმივ, ასევე დროებით დასაქმებულ მოსახლეობასაც.

სასტუმროების სექტორზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, Cushman & Wakefield-მა ბათუმის მასშტაბით სასტუმროების მეპატრონეები და ოპერატორები გამოკითხა. კომპანიის ცნობით, კვლევა ჩატარდა მაისის პირველ კვირაში და მოიცვა როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები.

„ბოლო წლების განმავლობაში ბათუმის სასტუმროები სულ უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებულნი უცხოელ ვიზიტორებზე და ნაკლებად ცდილობდნენ შიდა ტურისტების მოზიდვას.

გამოკითხვიდან ირკვევა, რომ მათ სტუმრებს შორის ქართველების (შიდა ტურისტების) წილი არ აღემატებოდა 9%-ს. საზღვრების გახსნის მიუხედავად, ქვეყნის გარეთ მოგზაურობის შიშიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებს ზაფხულის სეზონის საქართველოში გატარებას. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით შიდა მოგზაურების რიცხვი შესაძლებელია მკვეთრად გაიზარდოს, მეტად სავარაუდოა, რომ ვიზიტორებმა თავი აარიდონ დიდ სასტუმროებსა და თავშეყრის ადგილებს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ უმეტესი მათგანი არჩევანს გააკეთებს ახლობლის/ნათესავის სახლზე ან მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროსა და ინდივიდუალურ აპარტამენტზე.

დამატებით სირთულეს ბათუმის სასტუმროებისთვის შექმნის ტურისტულ ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია. სასტუმროების წარმომადგენელთა განცხადებით, პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისი განაპირობებს ბევრი განთავსების საშუალების დახურვას დროებით ან ხანგრძლივად, ხოლო ის სასტუმროები, რომლებიც შეძლებენ ოპერირებას, სავარაუდოდ ვერ მოახერხებენ სასტუმროს სრულად ამუშავებასა და დატვირთვას. ეს თავის მხრივ მკვეთრად შეამცირებს მომსახურების სექტორში დასაქმებულთა რიცხვს.

უდაოა, რომ მიმდინარე წელი რადიკალურ გავლენას მოახდენს სექტორის სიცოცხლისუნარიანობაზე და ბათუმის სასტუმროების ოპერირების შესაძლებლობებზე. შიდა ტურისტებისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება და შემცირებული საფასე პოლიტიკა, შესაძლებელია, გახდეს ბათუმის განთავსების საშუალებების ერთადერთი გადარჩენის გზა“ – აღნიშნულია კვლევაში.

Cushman & Wakefield-ის კვლევის თანახმად, ბათუმში გამოკითხული სასტუმროების 42.9%-ს ჯავშნები ივლისის თვემდე აქვს გაუქმებული, ხოლო მათი 28.6% სტუმრებს პირველ აგვისტომდე არ ელოდება. ამ სასტუმროების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გაუქმდეს დარჩენილი ჯავშნების დიდი ნაწილიც.

ბათუმში ამჟამად მუშაობს მხოლოდ 18 სასტუმრო, რაც, კვლევის თანახმად, მთლიანი სასტუმრო სექტორის მხოლოდ 8%-ს წარმოადგენს, დანარჩენი სასტუმროები კი დახურულია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბათუმში გამოკითხული სასტუმროების 86%-ს მიაჩნია, რომ საფასე პოლიტიკა გადაიხედება და ოთახის საშუალო ღირებულება დაიკლებს, თუმცა ფასის ცვლილება ძირითადად ბრენდულ სასტუმროებს შეეხება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: