ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ახალ ავტომაგისტრალს იტალიური კომპანია დააპროექტებს

17.05.2020 • 3746
ბათუმი-სარფის ახალ ავტომაგისტრალს იტალიური კომპანია დააპროექტებს

ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტირებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტრაქტორი იტალიური კომპანიაა, რომელმაც „პროექტზე მუშაობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ დაიწყო.“

„დეტალური პროექტირება 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა მუშაობა ვერ დაიწყო. პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები როგორც კი გაიხსნება, შეძლებენ ჩამოსვლას და იმ პერიოდით, რაც იყო დაგვიანება, სამუშაოების შესრულების ვადა გაუგრძელდებათ,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმი [მდინარე ჭოროხი]-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირება „ყველაზე კარგ შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეტი გადავადება თუ არ იქნება“.

ბოლო ინფორმაციით, რაც დეპარტამენტმა მიმდინარე წლის იანვარში მოგვაწოდა, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021-2024 წლებში არის დაგეგმილი.

პროექტით გათვალისწინებულია გვირაბის მშენებლობა, ასევე ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას – გზების დეპარტამენტი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მოცემული პროექტისთვის განიხილება აზიის განვითარების ბანკი) პოლიტიკის და სატენდერო პროცედურების მოთხოვნების გათვალისწინებით, პროექტის ღირებულება არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“, – მოგვწერეს 2020 წლის 13 იანვარს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

„სახარჯთაღრიცხვო, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაიწყება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში,“ – მოგვწერეს 4 თვის წინ დეპარტამენტიდან. კონკრეტულად, თუ როდის დაიწყებს იტალიური კომპანია დეტალურ პროექტირებას და როდის დაასრულებს, ამ ეტაპისთვის უცნობია.

სად გაივლის ახალი გზა, კონკრეტული მარშრუტი ცნობილი იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ – ეს „ბათუმელებს“ დეპარტამენტში 2019 წლის აგვისტოში განუცხადეს.

ამავე წლის დასაწყისში კი, გზების დეპარტამენტში არაოფიციალურად გვითხრეს, რომ კონკრეტული მარშრუტი რომც იყოს ცნობილი, თუ სად გაივლის ახალი გზა, ვერ იტყვიან იქედან გამომდინარე, რომ „დაცული იქნას მესაკუთრის უფლება, ანუ მშენებლობის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონება [მიწა] არ გახდეს ვაჭრობის საგანი – შემდგომში მეტი სარგებლის [კომპენსაციის] მიღების მიზნით“.

2019 წლის ივლისში კი, დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის აგვისტოში დაიწყებოდა და ამავე წლის ბოლოს დასრულდებოდა.

ამ თემაზე:

როდის აშენდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი – დეპარტამენტის განმარტება

ბათუმი-სარფის ახალი გზა ბათუმის შემოვლითი გზის [13 კილომეტრიანი მონაკვეთის] გაგრძელება იქნება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბათუმის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები 18 ხიდზე და 4  გვირაბზე მიმდინარეობს.

ამ პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57  წყალგამტარი მილი. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ. პროექტის ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

 

მთავარი ფოტო: კვარიათი-გონიოს ხედი სარფიდან / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: