მთავარი,სიახლეები

8 ადამიანი ერთ ოთახში – „დღეს ზეთიც კი გაგვითავდა“ 

16.05.2020 • 1981
8 ადამიანი ერთ ოთახში – „დღეს ზეთიც კი გაგვითავდა“ 

„ახლა მოვზილე პური და ზეთი რომ ზეთია, ისიც აღარ მაქვს უკვე სახლში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ პენსიონერი აზა ბერიძე, რომელიც ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე 16 ნომერში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. აზას გარდა ოჯახში კიდევ 7 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

„თუ დამიჯერებთ, არც კი ვიცი რა ვაჭამო ბავშვებს. ორი დღეა თითქმის არაფერი გვაქვს. ნაქირავებში ვცხოვრობთ, 100 ლარს ვიხდიდით, მაგრამ 4 თვის ვალი მაქვს, ვერ გადავიხადე. ჩემი რძალი და შვილი ცალკე ცხოვრობდნენ ნაქირავებში, მაგრამ მეპატრონემ დავალიანების გამო გამოუშვა, ახლა ისინიც ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად“.

ოთახში სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს, ერთი ორსაწოლიანი, პატარა დივანი და კარადა დგას. „სივიწროვის გამო, იატაკზეც კი გვიწევს დაძინება“-ამბობს აზა.

რძალი თურქეთში მუშაობდა. ხან კაფეში, ხან ალაგებდა, პანდემიის გამო ვეღარ მუშაობს და ძალიან გაგვიჭირდა. ახლა მაღალი ქულები დაგვიწერეს და დახმარებაც 30 ლარით შეგვიმცირეს“, – ამბობს აზა ბერიძე.

სახლში, სადაც აზა ბერიძეს 1 ოთახი აქვს ნაქირავები და 7ადამიანთან ერთად ცხოვრობს, მზის შუქი ძნელად აღწევს, იატაკი დამპალია, კედლები დაობებული. საერთო ეზოში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო ჭა, რის გამოც ეზოში მძაფრი სუნი დგას. სახლის საერთო კედლებიც ძველი და ავარიულია.

ოთახში, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს, იატაკი დამპალია, კედლები კი დაობებული.

„აი ამ ანგრეულ-დანგრეულ ერთ ოთახში ვართ ამდენი სული და ამაში მომიტანეს სოციალური ქულა. დახმარებისთვის ხან მერიას მივმართე, ხან სოციალურ სამსახურს, დამპირდა, გამომიშვა და დამთავრდა“, – ამბობს აზა.

აზას მეუღლეს, რომელიც 73 წლისაა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წნევა აწუხებს მასაც. „ჩვენი პენსიით ვიხდიდით ქირას, მაგრამ ახლა ძალიან გაგვიჭირდა. წამლებიც ხომ გვჭირდება. 1-2-ჯერ მოგვიტანეს დახმარება, მაგრამ რა არის ეს დახმარება – ფქვილი, ზეთი, ხახვი და ტომატი. ეს ვაჭამო ბავშვებს? სოციალური სასადილოდან მეორე თვის მარაგი ჯერ არ მოსულა, რაც მოვიდა, ისიც მცირე იყო. ათესლებული კარტოფილი და ზეთი. არც თევზი, არც ხორცი, „გრეჩიხაც“ კი არ იყო. მეუბნებიან, ჯერ ვერ მოვიტანთო, ბავშვმა იცის რომ ჯერ მოტანის დრო არ არის? რა ვაჭამო მათ“.

აზა ამბობს, რომ დღეს მისი ოჯახის საკვები მხოლოდ პურია.

ბერიძეები ბინის პრობლემაზე წუხან. აზა გვიყვება, რომ ადრე მისი ოჯახი სამხედრო ბინებში ცხოვრობდა, თუმცა ბინა არ გადაუფორმეს. „დანაზოგით კერძო პირისგან ბინის ნაწილი ვიყიდე, თუმცა მომატყუეს და ისიც ვეღარ გადმოვიფორმე. 22 წელია ნაქირავებში ვცხოვრობ, მერიას ვთხოვე სოციალურ სახლში იქნებ ერთი ოთახი მოეცათ. რომ მოვკვდე დასასავენებელი ადგილიც კი არ მაქვს, იქნებ დაგვეხმარონ“, – ამბობს აზა.

მისი თქმით, არჩევნები როცა მოდის, ყველა ყველაფერს ჰპირდება, „შემდეგ ჩვენი პრობლემები არავის ახსოვს“, – ამბობს ის.

„ფარნჯარასაც ვერ ვაღებთ – საკანალიზაციო ჭა, რომელიც ოთახის გვერდითაა მოუწესრიგებელია და საშინელი სუნი დგას“, – ამბობს აზა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: