ბათუმში 532 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია – ახალი მონაცემები

26 ივნისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 532 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19 666 პირს.

ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 1018 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი.

სულ საქართველოში Covid 19-ის 919 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 780 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

2 ახალი შემთხვევა, 4 განკურნებული პაციენტი – კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

26 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 780 პაციენტი უკვე განიკურნა, 14 კი – გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

ბათუმის სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულ პირებს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 22 სექტემბერს, ბათუმში თ.ე.-მ, მ.ე.-მ და ა.ხ.-მ მოტყუებით, ჯგუფურად შეაღწიეს ო.ყ.-ს საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხნენ დაზარალებულს,  ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ო.ყ.-ს კუთვნილ თანხას, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულს დიდი ოდენობით, 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა თ.ე. და მ.ე. 2019 წლის 25 სექტემბერს ბათუმში, ხოლო ა.ხ. 2019 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

300 ლარი კომპენსაციის მისაღებად ცნობების გაყალბებისთვის 2 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300- ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 5 მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ეწეოდნენ ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობას. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარის საფასურად,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

„შეიარაღებული ხალხი იქნება, შეგნებაც იქნება“ – „გირჩის“ საარჩევნო შეხვედრა ბათუმში

ბევრი ადამიანი არ შეკრებილა, მაგრამ ბევრი შეკითხვა დაუსვეს დღეს, 25 ივნისს, „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში მოედანზე შეკრებილებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს.

„ჩვენ არ გვეყოლება კოორდინატორები და წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში… რასაც მივიღებთ, ეს იქნება ნატურალური ხმები,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მას ჰკითხეს, რატომ არ გეგმავს „გირჩი“ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას.

„მხარდაჭერა ნაკლები გაქვთ თქვენი შეხედულებების გამო, მაგრამ ასე მგონია, თქვენ ნაკლებად იტყუებით,“ – აღნიშნა შეხვედრაზე მოქალაქემ.

„თუ ამ არჩევნებზე შევალთ პარლამენტში და შევქმნით ფრაქციას, ეს არის ახლა ჩვენი მიზანი, 2024 წლის არჩევნებზე ვიბრძოლებთ უკვე გამარჯვებისთვის და არა მხოლოდ პარლამენტში შესვლისთვის… პოლიტიკა ბიზნესივით არის: ან მიდიხარ ზემოთ და იზრდები, ან კვდები,“ – უპასუხა მოქალაქეს ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერმა შეკრებილებს უთხრა, რომ მოსამართლე, პირველი დონის სასამართლოს ინსტანციებში მაინც, არჩევითი უნდა იყოს და ბრალდებულს თავად უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება – არჩეულმა მოსამართლემ განიხილოს მისი საქმე, თუ დანიშნულმა მოსამართლემ. ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა იმაზეც, რომ განათლების სამინისტრო საერთოდ დასაშლელია და სკოლებმა კონკურენციის რეჟიმში უნდა იმუშაონ.

„თქვენ იარაღის ლეგალიზებასაც ითხოვთ, ხომ?“ – ჰკითხა ზურაბ ჯაფარიძეს შეხვედრის მონაწილემ.

„კი, ვითხოვთ იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას მაქსიმალურად,“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. მას უთხრეს, რომ  მაშინ ალკოჰოლური სასმელების მიღება უნდა აიკრძალოს, რადგან „შეგნება დაბალია“.

„ჩვენ გვჭირს ცუდი რაღაცები, რადგან მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან. არავისზე ნაკლები არ ვართ. შეგნება ისეთი ამბავია, მეუბნებიან კიდეც, რომ ამდენი თავისუფლება არ შეიძლებაო, მაგრამ წყალში თუ არ ჩავარდები, ცურვას ვერ ისწავლი. შესაბამისად, შეიარაღებული ხალხი იქნება, შეგნებაც იქნება. ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა საკუთარი თავი და ოჯახი დაიცვას,“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

„რატომ ფიქრობთ, რომ ასე ნაკლები დანაშაული მოხდება?“ – ჩაეკითხნენ „გირჩის“ ლიდერს.

„შეირაღებული საზოგადოება თავაზიანი საზოგადოებაა,“ – ღიმილით უპასუხა ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერს კითხვა დაუსვეს თვითმმართველობაზეც, მათ შორის, ავტონომიის პირობებში, თუმცა კითხვის დასრულებამდე ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ „ეს ავტონომია ფურცელზე დაწერილი სისულელეა“ და ვიდრე არ იქნება დამოუკიდებელი ფინანსები, რეალური თვითმმართველობა არ იქნება.

„ქვემოდან ზემოთ ყალიბდება თვითმმართველობა, ადგილზე უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება,“ – დასძინა მან.

ზურაბ ჯაფარიძეს ჰკითხეს მედრესეებზეც, სადაც ბავშვებს უფასოდ ასწავლიან და იმ მოსაზრებაზეც, რომ ამ მედრესეებს, შესაძლოა, თურქული სპეცსამსახურები იყენებენ.

„თუ ეს ასეა, ამას უნდა მიხედოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა… პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მშობლებმა იმაზე, თუ სად ისწავლიან შვილები, და არა სახელმწიფომ, ისევე როგორც, თუ კი მშობლები მართლმადიდებლები არიან და უნდათ, რომ შვილები გაზარდონ მართლმადიდებელ სკოლაში, მათ უნდა ჰქონდეთ ამის სრული უფლება,“ – უპასუხა მოქალაქეს ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერს შეხვედრაზე მოუწოდეს ხვალინდელ აქციას დაესწროს, სადაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტებენ. ჯაფარიძის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია მცდარია და იგი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

„ვიცი, რომ „გირჩიდან“ ხალხი აპირებს მისვლას და სრული სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიაში დაიჩაგრნენ, მაგრამ ვერ იქნება სამართლიანი წესები სახელმწიფო ტელევიზიაში,“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორ მუშაობენ რადიკალური ჯგუფები – ერთწლიანი კვლევის შედეგები

„ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში შესამჩნევია ამერიკის დემონიზაციის მცდელობა და ანტილიბერალური გზავნილები“, – აღნიშნულია კვლევის მიგნებებში, რომელიც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა. ეს ორგანიზაცია გასული წლის გაზაფხულიდან სწავლობდა ამ ჯგუფებს. კვლევის ავტორებმა 12 ულტრამემარჯვენე ლიდერისა და 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული 20 235 სტატუსი შეისწავლეს და 9 ონლაინგამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2 317 სტატია გააანალიზეს.

„აქტივიზმი როცა დავიწყე, ნაციონალისტური მიმართულებით, მაშინ დიდი ინფორმაცია არ მქონდა ამ იდეოლოგიაზე, თუმცა ეროვნული მოტივების მოზღვავებას ვგრძნობდი და მსურდა აქტიური ვყოფილიყავი. მქონდა პროტესტის გრძნობა და ეროვნული კუთხით ვხედავდი საფრთხეებს,“ – ამბობს ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. კვლევის ფარგლებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერი და მომხრეები იმის გასაგებად ჩაწერეს, ვინ არიან ეს აქტივისტები, რატომ გაუჩნდათ რადიკალურ ჯგუფებში ჩართვის სურვილი და როგორია მათი როლი.

კვლევის მიხედვით, ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ანტილიბერალური და ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევიან, 2012 წლიდან გააქტიურდნენ. გამოკითხულ რესპონდენტებს ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხი აქვთ, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მათ იციან ამ ტერმინების მნიშვნელობა.

ყველაზე საინტერესო, რასაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივისტები ამბობენ, არის ის, რომ ისინი ავტორიტეტად ეროვნულ და საზოგადო მოღვაწეებს, მათ შორის, ილია ჭავჭავაძეს, დავით აღმაშენებელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ასახელებენ. ამის პარალელურად კი, რესპონდენტები დემოკრატიულ, დასავლურ და ლიბერალურ ღირებულებებს ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

„ბედნიერია ის ერი, რომელსაც შეუძლია ჰყავდეს ისეთი გზამკვლევები მთელი ისტორიის მანძილზე, როგორებიც იყვნენ დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე. მიმაჩნია, რომ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ნაციონალური მსოფლმხედველობის ფუნდამენტი მათ მიერ არის განსაზღვრული,“ – ამბობს ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელი.

რამდენიმე აქტივისტს ინტერვიუს დროს უთქვამს, რომ საკუთარ თავს ულტრამემარჯვენე ჯგუფს არ მიაკუთვნებს და წლების წინ მათი ჩართვა ულტრანაციონალისტურ აქციებში არაინფორმირებულობამ განაპირობა.

„ამ რესპოდენტთა თქმით, უნივერსიტეტში სწავლისა და პოლიტიკურ იდეოლოგიებში გარკვევის შემდეგ, აღარ სურთ „ულტრანაციონალისტის“ იარლიყის ტარება… ასევე, არ სურთ რაიმე საერთო ჰქონდეთ საკუთარ წარსულთან,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

თუმცა, არის სხვა შემთხვევაც, როცა რესპონდენტი ამბობს, რომ ახალგაზრდობის ასაკში ჩართული იყო ლიბერალურ აქტივიზმში, მაგრამ ახლა ლიბერალიზმი მისთვის მიუღებელია.

რესპონდენტებმა კვლევის ავტორებს უთხრეს, რომ კონსერვატიულ გარემოში გაიზარდნენ და გააქტიურების სურვილი თინეიჯერობის ეტაპზე გაუჩნდათ, როცა ჰქონდათ პროტესტი ხელისუფლების თუ სხვა პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. რადიკალური ჯგუფების აქტივობაზე საუბრის დროს ისინი ძირითადად ახსენებენ სიტყვას „ჩვენ“ და არა – „მე“.

ულტრამემარჯვენე ჯგუფის წარმომადგენლები სამშობლოს, ტრადიციას და ეროვნულ ფასეულობებს მიწას უკავშირებენ, რომელიც „წინაპრებმა დაგვიტოვეს“. რესპონდენტები საუბრობენ უცხოელებზე, მაგალითად, ირანელებზე და მათ მიერ გაშენებულ სოფელზე.

„ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მიწა, ფესვები, რასა და სისხლია მნიშვნელოვანი. თუკი სამშობლოსა და შენი ხალხის სიყვარული, წინაპრებისადმი პატივისცემა და ტრადიციისადმი ერთგულება ფაშიზმია, დაე, ვიყო ფაშისტი,“ – თქვა კიდევ ერთმა რესპონდენტმა.

რესპონდენტების ნაწილი ემიჯნება იმ ჯგუფებს, რომლებსაც ღიად გამოხატული პრორუსული შეხედულებები აქვთ. „მიწა“ აქაც მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ამ რესპონდენტების ანტირუსული განწყობების საფუძველია არა საქართველოს მიწის მიტაცება რუსეთის მხრიდან, არამედ ორსაუკუნოვანი მტრული ისტორიული გამოცდილება.

რესპონდენტების ეს ნაწილი აკრიტიკებს „ქართულ მარშსაც“. „ეს ადამიანები ამარგინალებენ ნაციონალიზმის აღქმას და სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება ჩვენი ერთ ფლანგად აფილაცია. „ქართული მარშის“ წევრები არ ცხოვრობენ ეროვნული შეგნებით. მე მათ არც პატრიოტებად ვაღიარებ,“ – ამბობს რესპოდენტი.

რესპონდენტები აკრიტიკებენ ლიბერალურად განწყობილ მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფემინისტებს, უმცირესობების უფლებადამცველებს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რატომ ქმნის საფრთხეს რომელიმე მათგანი. მათი აზრით, „ლიბერალიზმმა დღეს აზრი და მნიშვნელობა დაკარგა“.

ლიბერალიზმის კრიტიკის მიუხედავად, რამდენიმე რესპოდენტი ამბობს, რომ მას ლიბერალურ ჯგუფებთან ერთადაც წარმოუდგენია საერთო ბრძოლა. მაგალითად, ერთ-ერთმა გამოკითხულმა თქვა, რომ ე.წ. „გავრილოვის ღამეს“ თავის თანამოაზრეებთან ერთად რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს ისიც აპროტესტებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, ულტრამემარჯვენე ფლანგის წარმომადგენლისთვის „გავრილოვის ღამის“ ზოგიერთი ლიბერალი ორგანიზატორი და გამომსვლელი პიროვნულად და იდეოლოგიურად მიუღებელი იყო, მე მაინც მათ გვერდით ვიდექი. ამ შემთხვევაში მთავარი იყო ეროვნული თვითშეგნება და ერთიანობა,“ – თქვა მან.

კიდევ ერთი დეტალი – ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა ინტერვიუების დროს გააკრიტიკეს ფეისბუკის ადმინისტრაციაც. მათ თქვეს, რომ ფეისბუქის დახმარებით ავრცელებენ ძირითადად საკუთარ მოსაზრებებს და იდეებს. ფეისბუქგვერდების დაბლოკვა კი „ცენზურაა“.

როგორ მუშაობენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოშირა აჩვენა კვლევამ

კვლევის ავტორებმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებში 5 კატეგორია გამოყვეს: ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ნაციონალისტური დისკურსის მიხედვით.

„შესწავლილი პოსტების ჯამურმა ინტერაქციამ გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგულობით გამოირჩეოდა ნაციონალისტური და ანტილიბერალური შინაარსის მქონე პოსტები,“ – აღნიშნულია კვლევაში.

მონიტორინგის ფარგლებში დასახელებულია კონკრეტული ფეისბუქგვერდები, რომლებიც ულტრამემარჯვენე გზავნილებს ავრცელებენ, მაგალითად, „თურქეთი ოკუპანტია“, „დადუმებული ქართველობა“, „კარდჰუ“, „ანტილიბერალური ლიგა“, „ალტ-კლუბი“, „Geo Pepe“, პოლიტიკანო, ალტ-ინფო, ზნეობა.

„ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ლიდერები  ონლაინ პლატფორმას იყენებენ, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებში ანტილიბერალური განწყობების გასაღვივებლად, ხოლო მეორე მხრივ, „გარყვნილი დასავლეთის“ საპირწონედ რუსეთის წარმოსაჩენად,“ – დასძენენ კვლევის ავტორები.

კვლევის მიხედვით, ულტრამემარჯვენე რიტორიკისთვის საქართველოში დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი: ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაში ირაციონალური შიშების და სიძულვილის დანერგვა.

მონიტორინგის დროს გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს შორის ქსელური კავშირები, ასევე ონლაინ მედიის მხრიდან მკვეთრად პრორუსული გზავნილები. მედიამონიტორინგის დროს გამოჩნდა, რომ აქტიურად ახდენენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დემონიზაციას, ხოლო ჯორჯ სოროსი წარმოდგენილია, როგორც გარყვნილების მთავარი დამკანონებელი.

„ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველაზე ხშირი ობიექტები არიან: ფემინისტები, მიგრანტები, ლგბტქ თემი, მუსლიმები და ლიბერალები… ონლაინ მედიაში რესპონდენტებად ყველაზე ხშირად იმ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს იწვევენ, რომლებიც საქართველოში ულტრამემარჯვენე დღის წესრიგს ქმნიან,“ – წერია კვლევაში.

კვლევის თანახმად „საქართველოში რუსული დეზინფორმაციების და კრემლის პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთ ძირითად პლატფორმა არის – „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“, სპუტნიკ საქართველო“, „News front Georgia”, „კავკაზ პლიუსი“ და „TVMnews“… გამოიკვეთა მათი მხრიდან რუსულენოვან საინფორმაციო-სატირულ სააგენტოებზე დაყრდნობით სხვადასხვა მითების გავრცელება დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით. სატირული ინფორმაციის გარდაქმნა და გავრცელება ნამდვილ ამბად კი პროპაგანდის ის სახეობაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება პრორუსული მედიის მიერ ანტიდასავლური რიტორიკის გასავრცელებლად. სწორედ ამ მეთოდზე დაყრდნობით ცდილობენ საქართველოში ევროპისგან შექმნან მტრის ხატი და ყოველივე „გარყვნილების“ მთავარ მიზეზად წარმოაჩინონ.

„ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმისა და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ – კვლევის სრული ვერსია.

ამ თემაზე:

პრორუსული ჯგუფების აღზევებისთვის დღეს ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგია – უჩა ნანუაშვილი

კონკურსის 17 წლის გამარჯვებული მოსწავლე გურიიდან

გამოვლინდნენ კონკურსის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში” გამარჯვებულები. კონკურსი უფროსკლასელებისთვის საქართველოში ავსტრიის საელჩომ, „ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიასთან“ ერთად, ევროპის დღეების ფარგლებში გამოაცხადა.

კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჯიმი თუთისანი გახდა, ის ოზურგეთში, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. მან პირველი ადგილი გალელ თანატოლთან გაიყო. მისი ვინაობა, როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა გვითხრეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდება.

„ბათუმელები“ კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ჯიმი თუთისანს ესაუბრა. ჯიმი ამბობს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა თუნდაც იმიტომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ გაიგო.

„მის შესახებ მანამდე არ ვიცოდი და როცა მოვიძიე ინფორმაცია, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს ქალი ჩემთვის, რომ გადავწყვიტე  ესე დამეწერა. არა იმიტომ, რომ ვთქვათ, პრიზი მომეწონა, ამ ისტორიის გამო და იმისთვის, რომ ეს ცოდნა გამომადგებოდა,“ – გვითხრა ჯიმიმ.

„ძირს იარაღი!“ – ასე ეწოდება ბერტა ფონ ზუტნერის ერთ-ერთ ცნობილ რომანს, თუმცა როგორც ჯიმიმ გვითხრა, ბერტას ისტორიის გაცნობამდე ეს ფრაზა მისთვის ბავშვობასთან ასოცირდებოდა:

„როცა თანატოლები „ომობანას“ ვთამაშობდით ხოლმე, დამარცხებულ გუნდს შევძახებდით, – „ძირს იარაღი!“ თუმცა ყველაფერი გაცილებით რთულადაა, როცა ვიზრდებით და ნამდვილ იარაღს ვიღებთ ხელში, აი, მაშინ ალბათ ბერტა ფონ ზუტნერი უნდა იყო, რომ ასე თამამად, ასე ხმამაღლა ამხილო ომისა და სიძულვილის ყველა საშინელება ორი სიტყვით, – „ძირს იარაღი!“

ჯიმი ამბობს, რომ მისთვის ევროპა ასოცირდება ადამიანის თავისუფლებასთან.

„თავისუფლებაა თუნდაც ის, რომ თავისუფალი ერი ვართ და არა ჩაკეტილი, როგორც ბევრი სხვა, გამოხატვის თავისუფლება გაგვაჩნია, მაშინ როცა დღესაც კი არის ქვეყნები, სადაც ადამიანის სიტყვის თავისუფლება იზღუდება, იჩაგრებიან ქალები, ჩვენთანაც არის, ბუნებრივია, რაღაც სტერეოტიპები ამ მიმართულებით, თუმცა კარგია ის, რომ ნელ-ნელა მაინც იცვლება ეს დამოკიდებულებები. ევროპა ჩემთვის ეს არის ცხოვრება თავისუფალ გარემოში,“ – ამბობს ჯიმი.

ჯიმის აზრით, მისი მშობლებისგან განსხვავებით, მას ბევრად უკეთესი არჩევანი აქვს დღეს:

„შემიძლია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წავიდე, უკეთესი განათლება მივიღო, გაცვლით პროგრამებში მივიღო მონაწილეობა და ჩემი შესაძლებლობები უკეთ წარმოვაჩინო. ძალიან კარგია, რომ თუნდაც ასეთ კონკურსებში მონაწილეობა შეგვიძლია ახალგაზრდებს და ასეთი საინტერესო ისტორიების გაცნობის შესაძლებლობა გვაქვს“.

ჯიმი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როცა ბერტა ფონ ზუტნერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს, ნაკლებად წარმოსადგენი იყო ქალის როლის ასეთი აღიარება:

„ქართველების მხრიდანაც დასაფასებელია ეს ისტორია, რადგან ასეთი ქალი საქართველოში ცხოვრობდა და როგორც მწერალი აქ ჩამოყალიბდა. ბერტას ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ასეთი სამაგალითო ადამიანებისგან ბევრი კარგი რამის სწავლაა შესაძლებელი“.

ჯიმის თქმით, ევროპულ ღირებულებებზე ბავშვების აღზრდა აქტუალურია დღესაც, რადგან გახშირდა ძალადობა ახალგაზრდებს შორის.

„ყოველ დღე ვხედავ უბანში ჩხუბს და გარჩევებს, არ ვიცი რამ გააძლიერა ეს აგრესია ან „ძველბიჭობა“, ზოგადად, განათლების დონე ახდენს ალბათ გავლენას, მაგრამ ალბათ ასაკის ბრალიც არის, უფრო ემოციურები არიან,“ – გვეუბნება ჯიმი.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ სკოლა უფრო მეტად შეძლებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და განათლების მნიშვნელობის ჩვენებას „იმ ბავშვებისთვის, ვინც სკოლაში არ დადის ან გაკვეთილზე ზის, მაგრამ მომავალს ვერ ხედავს.“

  • რა ვიცით ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ
ბერტა ფონ ზუტნერის ფოტო დაცულია დადიანების სასახლის არქივში. ფოტო: საქართველოში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია (დამფუძნებელი).

1999 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ბერტა ფონ ზუტნერის მემუარები – „ქართველებთან და საქართველოში“ დაცულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სწორედ აქედან ვიგებთ ნობელიატი მწერლის ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბებს და მის ურთიერთობებს ქართულ საზოგადოებასთან.

ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წლის 9 ივნისს პრაღაში დაიბადა ავსტრიელი გენერლის, ფრანც-იოზეფ კინსკი შინიკ უნდ ტეტაუს ოჯახში.  როცა მისი ოჯახი გაკოტრდა, ბერტა ზუტნერების ცნობილ ოჯახში აღმზრდელად მოეწყო, სადაც  ზუტნერების ერთ-ერთი შვილი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი შეუყვარდა. ისინი მშობლების თანხმობის გარეშე დაქორწინდნენ.

ამის შემდეგ წყვილი საქართველოში გამოემგზავრა, ეკატერინე დადიანის ოჯახის მოწვევით და თითქმის ათი წელი ცხოვრობდნენ საქართველოში. სამეგრელოს დედოფალი ბერტა ფონ ზუნტერმა ჰომბურგში გაიცნო, სადაც ის თავის სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ბერტას ჩანაწერების მიხედვით, მწერალი ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილის, სალომეს მეჯვარე იყო. ბერტამ იმოგზაურა სამეგრელოში პრინც აჟილთან და სალომესთან ერთად. ბერტას ქმარი, ანტონი, სალომესა და ჟიულისთვის სახლს აშენებდა ზუგდიდში.

ზაფხულობით ისინი ზუგდიდში რჩებოდნენ. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ბერტას ცნობილი რომანები „ჰანა“ და „ცუდი ადამიანი“ . ის დღიურებსაც წერდა, სადაც საუბრობს საქართველოზე.

სანამ ეკატერინე ჭავჭავაძე გარდაიცვლებოდა, ბერტა და მისი მეუღლეც მასთან იმყოფებოდნენ დადიანების საზაფხულო აგარაკზე, სოფელ გორდში.  ბერტა და მისი მეუღლე საქართველოდან 1885 წელს წავიდნენ. წასვლამდე სამი თვით ადრე ისინი სოფელ ცაიშში ვეფხისტყაოსნის თარგმანზე  მუშაობდნენ, იონა მეუნარგიასთან ერთად.

ბერტა ზუტნერი დღეს ცნობილია, როგორც ავსტრიელი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, რომელიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.

პარიზში ცხოვრების დროს ბერტა ალფრედ ნობელს და ერნსტ რენანს შეხვდა.  1889 წელს ბერტამ დაწერა წიგნი „მანქანის ეპოქა“, სადაც  ის ევროპის ქვეყნებში ნაციონალიზმსა და მილიტარიზმის პროპაგანდას აკრიტიკებდა. ამავე წელს გამოვიდა მისი ბესტსელერი „ძირს იარაღი!“ (Die Waffen nieder!), რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, წიგნი პროტესტია ომის წინააღმდეგ. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა ბერტას განსაკუთრებული პოპულარობა, ტოლსტოიმ მისი გავლენა ჰარიეტ ბიჩერ სტოუს წიგნის „ბიძია თომას ქოხის“ გავლენასაც კი შეადარა.

წყაროების მიხედვით, ბერტამ მისწერა ალფრედ ნობელს, დაეფინანსებინა პაციფისტური პროექტები, რომლებიც თავიდან ააცილებდა მსოფლიოს ომებს. 1893 წელს მიწერილ პირად წერილში ნობელმა პირობა მისცა ბერტას, რომ მშვიდობის პრემიას დააარსებდა. სწორედ ეს პრემია გადაეცა ბერტა ზუტნერს 1905 წელს და ის გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.

გასულ წელს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია საქართველოშიც დაფუძნდა, ამ პროექტის ფარგლებში ითარგმნა ქართულ ენაზე ბერტას რომანი „ძირს იარაღი!“.

მერაბ ტურავას განმარტება სასამართლოში კლანზე [Live]

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ჰკითხეს, არის თუ არა დღეს სასამართლოში კლანი? – ამ კითხვის საპასუხოდ მერაბ ტურავამ თქვა, რომ ის ამაზე ვერ ისაუბრებს.

„მე არა მაქვს უფლება და მე არა ვარ თავისუფალი შეფასებებში იმ ადამიანების მიმართ, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება იყოს და დღესაც არის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის საგანი“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

მერაბ ტურავას „ბათუმელებმა“ ასევე ჰკითხა, რას ფიქრობს ლევან მურუსიძეზე, როგორც კლანის წევრზე, რომელმაც მას 2005 წელს სასამართლო სისტემა დაატოვებინა. „მე რომ გამიშვა სასამართლო სისტემიდან, ეს არ ნიშნავს, რომ… მე როდესაც გამიშვეს, საკმარისად გამოვხატე ჩემი პოზიცია. დღეს ჩემი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მე არა მაქვს უფლება გამოვხატო პოზიციები იმ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ბრძანებთ, იმიტომ, რომ ის სამართლებრვი ნორმები და ის ადამიანები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, შეიძლება ჩვენთან იყვნენ მოსარჩელეები, მოპასუხეები და სამართლებრივი ნორმები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, შეიძლება მათ ეხებოდეთ. ამიტომ დღეს შინაარსობრივად მეტს ნუღარ ჩავუღრმავდებით“.

მერაბ ტურავამ სასამართლოდან გათავისუფლება, თავის დროზე, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა. მან დღეს თქვა, რომ მისი საჩივარი 10 წლის განმავლობაში არ განიხილეს, ამიტომ მას აღარ აინტერესებს ამ საქმეზე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ევროსასამართლო.

 

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. ეს არჩევანი დღეს, 25 ივნისს, მოსამართლეების პლენუმმა დახურულ კენჭისყრაზე გააკეთა.

ინფორმაცია მერაბ ტურავას არჩევის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ლომთაძემ მიაწოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრისმა. კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია თავად მერაბ ტურავას, რადგან ამ დრომდე სხდომა გრძელდება – ასარჩევია თავმჯდომარის მოადგილე.

მერაბ ტურავას პლენუმის 9 წევრიდან ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი ირინე იმერლიშვილი იყო, მან ოთხი ხმა მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან არის თავისუფალი, როცა ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ [მოსამართლეს 10 წლის ვადით].

თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ის პირები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველ დღე გადადიოდნენ საზღვარზე და, ასევე თურქეთში სეზონურად დასაქმებულები, მიიღებენ კომპენსაციას 300 ლარის ოდენობით.

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ საბოლოო, ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, თუმცა მისთვის ცნობილია, საკითხმა ყველა ეტაპი გაიარა:

„საკითხი დაძრულია. როგორც იცით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შევედით ჩვენ ინიციატივით და ისინი შევიდნენ მთავრობაში ინიციატივით. როგორც ვიცი, ყველა ეტაპი გაიარა და დააანონსებს ალბათ პრემიერი. რამდენიმე ეტაპზე ჩვენც ვიყავით ჩართული კრიტერიუმების შემუშავებაში, რადგან ეს მხოლოდ აჭარიდან გადასულებს არ შეეხება, ჩვენ მივაწოდეთ აჭარის ნაწილზე ინფორმაცია.

… ორ ვარიანტზე იყო საუბარი, ერთი ყოველდღიურ დასაქმებულებზე, ვინც ყოველ დღე კვეთდა საზღვარს და მუშაობდა და სეზონურად დასაქმებულები – ვინც გადადიოდა ერთი თვით და მეტი პერიოდით სამუშაოდ. მე როგორც დამიდასტურეს, ორივე ვარიანტი იქნა გათვალისწინებული,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, აჭარაში ასეთი დაახლოებით 30 ათასი ადამიანია.

დღესვე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ბენეფიციართა წრე ფართოვდება და კომპენსაციას მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე.

საქართველო-თურქეთის საზღვარი ოფიციალურად 15 მარტს ჩაიკეტა. საზღვარს პანდემიამდე ასობით ადამიანი კვეთა ყოველდღიურად, ისინი მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებსა და მომსახურების სფეროში მუშაობდნენ, ასევე, სეზონზე ჩაის კრეფდნენ.

კომპენსაციის მოთხოვნით თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა ბათუმში არაერთი აქცია გამართეს.

მიმართვა მერაბ ტურავას – „თქვენ სასამართლო კლანის წარმომადგენლებმა დაგასახელეს“

“მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ… თქვენ სასამართლო კლანის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა დაგასახელეს,” – მეგაფონიდან ამ სიტყვებით მიმართა მერაბ ტურავას ანა ნაცვლიშვილმა. მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. მოსამართლეები ამ წუთებში ფარული კენჭისყრის წესით ირჩევენ თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.

საპროტესტო აქციას კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” მართავს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდება, რომელიც “ქართული ოცნების” გავლენის ქვეშაა და ეს იქნება “ბოლო ლურსმნის ჩაჭედება ქართული მართლმსაჯულების სისტემაზე”.

ანა ნაცვლიშვილმა აქციაზე განმარტა, თუ რატომ შეახსენა მან მერაბ ტურავას “მეგობრები”.

“თქვენ წარგადგინეს ვასილ როინიშვილმა და ხვიჩა კიკილაშვილმა… ეს ორი პირი მოავლინა უზენაესმა სასამართლომ, რომლებიც აშკარად არიან კლანის დასაყრდენები… უზენაესის თავმჯდომარემ სხდომის დაწყებამდე ღიად თქვა, ჩვენ გუშინ შევთანხმდით, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, ანუ თავად აღიარებენ, რომ გადაწყვეტილებები კონსტიტუციურ ფორმატებში კი არა, არამედ დახურულ კარს მიღმა მიიღება.

“ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში და მნიშვნელოვან ადგილზე თავისი ყურმოჭრილი ყმები ჰყავდეს გამაგრებული, რომ მის უსაფრთხოებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე… საკონსტიტუციო სასამართლო არის ბოლო ფორპოსტი, რომელიც ინარჩუნებდა გარკვეული დოზით თავისუფლებას. დღეს ეს ბოლო ბასტიონიც დაეცემა,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

რა ადასტურებს იმას, რომ მერაბ ტურავა პოლიტიკური გავლენის ქვეშაა? – ანა ნაცვლიშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეს იხსენებს.

“ამ საქმემ მისი ავტორიტეტი ძალიან დასცა, რადგან მას პროფესიულ წრეებში ძალიან კარგი ავტორიტეტი ჰქონდა. მე ძალიან ვწუხვარ ამის გამო… ის არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ამ საქმეზე, მან გაატარა ის პოლიტიკური ხაზი, რაც აწყობდა “ქართულ ოცნებას”, – გვიპასუხა ანა ნაცვლიშვილმა.

თავი შეიკავეთ ავიაბილეთების შეძენისგან – საავიაციო სააგენტოს გაფრთხილება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მიმართულებით ბილეთის შეძენისგან მანამ, სანამ ცნობილი არ იქნება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღი. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

„გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით,“ – ვკითხულობთ საქართველოს სააგენტოს განცხადებაში. 

ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ანა ნაცვლიშვილი – „ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეები სამართლით მოვაჭრეებად აქცია

„არ შეიძლება სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს. ჩვენ მათ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთონ ეს.“

დღეს 3 საათზე უნდა გაიმართოს სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აარჩევენ. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ ტურავას მოსამართლეებისგან უკვე აქვს 5 ხმა და ის აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას ბათუმში აქცია მოჰყვა. აქციას „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილიც ესწრება. მისი თქმით, არ შეიძლება, სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს.

„ქართული ოცნება“ გეგმავს, მთლიანად გადაყლაპოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთოს ეს. ყველა მოსამართლემ, ვინც ამ ფორმით დაიკავა მოსამართლის ადგილი, უნდა იცოდნენ, რომ ეს თანამდებობა არის დროებითი. ეს უნდა გაითვალისწინოს ბატონმა ტურავამაც,“-განაცახადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები სამართლით მოვაჭრეებად აქცია. კანონით კი მათ აქვთ უფლება, კონკრეტულ საქმეზე იქონიოს გავლენა.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეებად კი არა, სამართლით მოვაჭრეებად გადააქცია ყველა ის მოსამართლე, რომელიც მათი მმართველობის დროს დანიშნეს. ჩვენ კი ვთვლით, რომ ვაჭრობის პროცესი სასამართლოში უნდა დასრულდეს. ვიცით, როგორ და სად არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბედი გადაწყვეტილი, კანონი მას ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომ შეეძლება საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული საქმის ბედზე იქონიოს გავლენა და ამისთვის მას ბევრი ბერკეტი ექნება,“- განაცადა ანა ნაცვლიშვილმა.

აქციის მსვლელობისას ნაცვლიშვიმა მანანა კობახიძეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„მე მინდა მანანა კობახიძეს მივმართო, რომ მას აქვს შანსი, გამოიჩინოს პრინციპულობა, დადგეს ისტორიის სწორ მხარს და მიუხედავად მასზე განხორციელებული ზეწოლებისა, ვიმედოვნებ, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,“-განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

„არ შეიძლება სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს. ჩვენ მათ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთონ ეს.“

დღეს 3 საათზე უნდა გაიმართოს სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აარჩევენ. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ ტურავას მოსამართლეებისგან უკვე აქვს 5 ხმა და ის აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას ბათუმში აქცია მოჰყვა. აქციას „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილიც ესწრება. მისი თქმით, არ შეიძლება, სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს.

„ქართული ოცნება“ გეგმავს, მთლიანად გადაყლაპოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთოს ეს. ყველა მოსამართლემ, ვინც ამ ფორმით დაიკავა მოსამართლის ადგილი, უნდა იცოდნენ, რომ ეს თანამდებობა არის დროებითი. ეს უნდა გაითვალისწინოს ბატონმა ტურავამაც,“-განაცახადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები სამართლით მოვაჭრეებად აქცია. კანონით კი მათ აქვთ უფლება, კონკრეტულ საქმეზე იქონიოს გავლენა.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეებად კი არა, სამართლით მოვაჭრეებად გადააქცია ყველა ის მოსამართლე, რომელიც მათი მმართველობის დროს დანიშნეს. ჩვენ კი ვთვლით, რომ ვაჭრობის პროცესი სასამართლოში უნდა დასრულდეს. ვიცით, როგორ და სად არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბედი გადაწყვეტილი, კანონი მას ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომ შეეძლება საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული საქმის ბედზე იქონიოს გავლენა და ამისთვის მას ბევრი ბერკეტი ექნება,“- განაცადა ანა ნაცვლიშვილმა.

აქციის მსვლელობისას ნაცვლიშვიმა მანანა კობახიძეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„მე მინდა მანანა კობახიძეს მივმართო, რომ მას აქვს შანსი, გამოიჩინოს პრინციპულობა, დადგეს ისტორიის სწორ მხარს და მიუხედავად მასზე განხორციელებული ზეწოლებისა, ვიმედოვნებ, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,“-განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

18 დეპუტატი პროპორციული წესით და 3 მაჟორიტარი – აჭარის უმაღლესი საბჭოს პროექტი

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, შესაბამისი ცვლილების აჭარის კონსტიტუციაში შეტანის პროექტზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ დღეს, 25 ივნისს, განაცხადა.

საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა შეჯერდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციულ სისტემასთან „მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდეს“.

ამ ცვლილებით უმაღლესი საბჭო გეგმავს ასარჩევი მაჟორიტარების რაოდენობა საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ სამაჟორიტარო ოლქების რაოდენობას დაამთხვიოს:

„საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარაში შეიქმნება სამი სამაჟორიტარო ოლქი. ჩვენც გამოვთქვამთ მზაობას, რომ აჭარაში მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდეს სამ მაჟორიტარამდე“. აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ დრომდე 6 მაჟორიტარს ირჩევდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომიტეტების სხდომებში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო:

„ჩვენ ამ დრომდე რამდენჯერმე გამოვხატეთ მზაობა, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის და დღეს დილითაც გვქონდა ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი რამდენიმე სუბიექტთან“.

რაც შეეხება ბარიერს, ამ საკითხზე უმაღლეს საბჭოში ჯერ არ შეჯერებულან: ბუნებრივი ბარიერი საკმაოდ ახლოს დგას ხელოვნურ ბარიერთან, ამაზე ვიმსჯელებთ ისევე, როგორც შესაძლოა ვიმსჯელოთ ბლოკების დაშვება- არ დაშვებაზე“. გაბაიძის თქმით, ამ თემებზე უახლოეს დღეებში იმსჯელებენ.

ქვეყნის მასშტაბით საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით:

  • პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი ბარიერი
  • რამდენი პარტიაც შედის ბლოკში, იმდენპროცენტიანი ბარიერი უწესდება მას
  • გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული
  • ხმების 40%-ის მიღების შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, ანუ 75 ადგილზე მეტს პარლამენტში. შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და საჭირო იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა.

 

როგორი იქნება ბახმაროს პარკი – რეაბილიტაციის პროექტი 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში დასასვენებელი პარკი მოეწყობა. არსებული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 373 777 ლარია.

პარკის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში  წინადადებების მიღება კი, 2020 წლის 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

პროექტის მიხედვით:

„სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩის გასწვრივ, ჩოხატაურიდან დაახლოებით 54 კმ. მანძილზე და შედგება ორი სეგმენტისგან, რომლებიც ჯამში მოიცავს დაახლოებით 13 805 კვ.მ-ს. აღნიშნული ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 1871,5 მ-ზე, ხოლო დასავლეთ ნაწილი  – 1858,5 მ-ზე.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას [გარე ღობის დემონტაჟსა და ახალი დეკორატიული ღობის მოწყობას, საგამოფენო სივრცისა და ამფითეატრის მოწყობა, უმოქმედო ლითონის სამი ჯიხურისა და ძველი მოცულობების დემონტაჟს, საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობას, დასასვენებელი ბაქნისა და მასზე მდგომი ფანჩატურის მოწყობას, საფეხმავლო ტროტუარისა და სანიაღვრე არხის მოწყობას, ასევე ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას, ბაქნებზე გრუნტის დამჭერი რ/ბ-ის საყრდენი კედლების მოწყობას].

პროექტი ასევე გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობას – საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას [ელექტროსისტემა და სანიაღვრე სისტემა], საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას, სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე შესაბამისი ფურნიტურის განთავსებას“.

ბახმაროს პარკის არსებული სიტუაცია [ზემოთ] და ახალი პარკის ვიზუალიზაცია [ქვემოთ] / წყარო: პროექტი ტენდერიდან
დაგეგმილია პარკში ხე-მცენარეების დარგვაც.

ბახმაროს პარკის დენდროლოგიურ პროექტში აღნიშნულია, რომ „საწყის ეტაპზე განისაზღვრა და შეფასდა არსებული ტყის მასივის, ასევე დეკორატიული ნარგავების სახეობები. პროექტში წარმოდგენილია საქართველოში გავრცელებული, ასევე ხმელთაშუაზღვის და ევროპული მცენარეების ჯიშები. პროექტში გვხვდება მარადმწვანე ხეები და ბუჩქები, ბალახოვნები, მოყვავილე ბუჩქები და ქვეტყის ფოთლოვანი მცენარეები. ნარგავები შერჩეულია ადგილობრივი სუბალპური კლიმატური პირობების გათვალისწინებით“.

ამავე თემაზე:

რა ღირს დასვენება ბეშუმსა და ბახმაროში

რომელ პედაგოგებს აქვთ გამოცდების ივლისში ჩაბარების უფლება – ცვლილება სქემაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე  2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შესვლის მსურველებს უფლება აქვთ საგნობრივი გამოცდა 2020 წლის ზაფხულში ჩააბარონ. ეს გამოცდა 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

ხოლო იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, საშუალება მიეცათ გამოცდები შესაბამის საგანში ან პროფესიულ უნარებში 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ.

საგამოცდო ცენტრები გაიხსნება შემდეგ ქალაქებში:  ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავში.

სამინისტროს ინფორმაციით, ივლისში დაგეგმილ გამოცდებზე 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

ამავე თემაზე:

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში

ბათუმში 331 პირის კვლევის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია – 25 ივნისის მონაცემები

25 ივნისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 331 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19134 პირს.

ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 1048 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი.

სულ საქართველოში Covid 19-ის 917 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 776 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

 

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემოდგომაზე ჩაატარებს.

ცვლილება შეეხო სპეციალურ მასწავლებლებს. დღეიდან სპეციალური მასწავლებლები პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ოფიციალურად ჩაერთნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

სქემაში შესული ცვლილების მიხედვით:

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გადაუვადდათ გამოცდა და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები;
  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია და სტატუსის ასამაღლებლად დარჩენილი აქვთ 1-5 კრედიტქულა, უფლება ექნებათ გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ დარჩენილი 1-5 კრედიტქულა 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით;
  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას.
  • მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შესვლის მსურველებს, ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
  • გამომცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც  შეიმუშავა  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.  ტესტირება  ერთ სესიად  დღის  პირველ ნახევარში ჩატარდება.
  • საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გაიხსნება სამედიცინო პუნქტი, რომლებიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

ამავე თემაზე:

რომელ პედაგოგებს აქვთ გამოცდების ივლისში ჩაბარების უფლება – ცვლილება სქემაში

 

100 000 ლარი ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი გ.ჩ. დააკავა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

„აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა დაუყოვნებლივ მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, სადაც დაიწყო გამოძიება, დაიგეგმა და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენაში მხილებული ზემოხსენებული ადვოკატი.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ლ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადვოკატს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის  პირველი ნაწილით. პროკურატურამ, მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

 

„გამოდით თქვენი მაუწყებლის დასაცავად“ – აჭარის ტელევიზიის წინ ხვალ აქცია გაიმართება

26 ივნისს, პარასკევს, 18 საათზე, აჭარის ტელევიზიის წინ აქცია გაიმართება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დასაცავად. აქციის ორგანიზატორი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანებაა.

„მაუწყებლის თანამშრომლებს დევნიან კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის მავნებლურ პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის ტოლფასია.

მაუწყებელში მიმდინარე პროცესმა ასევე ნათლად აჩვენა მრჩეველთა საბჭოს წევრების რეალური სახე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნაცვლად, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.

თუ ასე გაგრძელდა და დაოკების, გაჩუმების, კითხვების დასმის აკრძალვისა თუ სხვა მავნებლური მცდელობების წინააღმდეგ არ ვიმოქმედეთ, მაუწყებელში გაჩერება სამარცხვინო იქნება. სამარცხვინო იქნება გაჩერება იქ, სადაც პროფესიულ ღირსებას ფასი არ აქვს და მხოლოდ მლიქვნელობა, მედროვეობა და კონფორმიზმი ფასდება.

ჩვენ არ ვართ ასეთები. ღრმად გვწამს, რომ ასეთები უმცირესობაში არიან, როგორც მაუწყებლის შიგნით, ასევე – საზოგადოებაში.

სწორედ ახლაა დრო, შევცვალოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების სამსახურში აყენებს. მაუწყებელი ჩვენი საერთო სივრცეა, შესაბამისად, ჩვენი დასაცავია სახელისუფლებო თუ კომერციული გავლენებისგან. ასეთი მაუწყებელი გვჭირდება ჩვენ, როგორც ჟურნალისტებს და თქვენ – საზოგადოების თითოეულ წევრს.

„გავაერთიანოთ მცდელობები მაუწყებლის გადასარჩენად. გეძახით ყველას, თითოეულ მოქალაქეს, გამოდით თქვენი მაუწყებლის დასაცავად“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზეა გამოქვეყნებული.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ძირითადად პროსახელისუფლებო კადრებითაა დაკომპლექტებული და საბჭო მხარს უჭერს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს, რომელმაც მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლებო ტელევიზიად გადაკეთება.

საქართველოში თითქმის ყველა ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა.

არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს. მათ შორისაა რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.

„ყოველთვის ვიყავი აჭარის ტელევიზიის გულშემატკივარი. პროგრესი გვჭირდება.. ჩვენთვის ეს სერიოზული საკითხია, ისე განვითარდეს აჭარის ტელევიზია, როგორც ვითარდებოდა და ვხედავდით იმდენ საინტერესო ადამიანს. ახლა სად არიან ისინი, არ ვიცი, ვერ ვხედავ” – ამბობს ის ვიდეოჩანაწერში, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულმა პროფკავშირმა გამოაქვეყნა.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე სიტუაციას ეხმიანება ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძეც. იგი ამ პროცესს „ამოქოლვას“ უწოდებს:

„აჭარის ტელევიზია ბოლო კუნძული იყო ქართულ მედიასივრცეში, რომელზეც შეიძლებოდა თქმა, რომ ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია. ბოლო წლების ტენდენციას თუ მივადევნებთ თვალს, ფაქტობრივად მოხდა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ შთანთქმა და გაყლაპვა ყველა მედიასაშუალების. არსებობს კერძო მედიასაშუალებები, რომლებიც ასევე პარტიული შინაარსისაა. ჩვენ აღმოვჩნდით პარტიულ ბრძოლებში მედიასაშუალებების მეშვეობით.

გაათავისუფლეს ძალიან გაუგებარი ბრალდებებით თუ მიზეზებით ყოფილი ხელმძღვანელი [ნათია კაპანაძე] და დანიშნეს ახალი, რომელიც იქცევა, როგორც სადამსჯელო რაზმი, საკუთარი ნებით ხან ვის გააგდებს, ვის მოიყვანს და ასე შემდეგ. ამ ტიპის განუკითხაობა და ფაქტობრივად დევნა თავისუფალი ჟურნალისტების, რაც დღეს მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის ჟურნალისტების და თავისუფალი აზრის დევნა, არანაირი ახსნა და გამართლება ამას არა აქვს. ეს არის ამოქოლვა და განადგურება იმ პრინციპის, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰქვია. აჭარის ტელევიზია ვეღარ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც ახლა ხორციელდება მისი მეთაურის ძალადობრივი მეთოდებით,“ – ამბობს გიორგი მაისურაძე.

აქცია ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ, ხვალ, 26 ივნისს, საღამოს 6 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაზე უზრუნველყოფილი იქნება სოციალური დისტანციისა და სადეზინფექციო პროცედურების დაცვისთვის აუცილებელი ყველა პირობა და, ამასთანავე, ორგანიზატორები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, პირბადეებით მოამარაგონ აქციის მონაწილეები. 

_________________

ფოტოზე: 2019 წლის ბოლოს, აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქცია. 

მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის სახელს არქმევენ

ბათუმის საკრებულო მორიგ სხდომაზე მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილისთვის სახელის გადარქმევის საკითხს განიხილავს. განკარგულების პროექტში აღნიშნულია:

„ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს [ავტოსადგურიდან ბონის კულტურის სახლამდე] მიენიჭოს წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის სახელი“.

ქუჩის დანარჩენ ნაწილს – კულტურის სახლიდან ნადიმ ნიჟარაძის ქუჩამდე [გოროდოკის დასახლება] – შეუნარჩუნდება ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელი.

როგორც პროექტის განკარგულების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის ინიციატორი მაიაკოვსკის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობაა.

წყარო: პროექტის განმარტებითი ბარათი

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტს აქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა 2020 წლის 30 ივნისსაა ჩანიშნული.

ბათუმის მერისა და სარებულოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ ამ განცხადებას ხელს 200 მოქალაქე აწერს / განცხადება საკრებულოში 2019 წლის 8 მაისს დარეგისტრირდა /დოკუმენტი საკრებულოდან მოგვაწოდეს

_________________________________

მთავარი ფოტო: მაიაკოვსკის ქუჩა ბათუმში / ფოტო არქივიდან

იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მთავრობა დღეს, 25 ივნისს, მიიღებს გადაწყვეტილებას დადგენილების სახით.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ სესხს 5 წლის ვადით. რაც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რაც ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა, განახორციელონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე.

გახარიას თქმით, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, „მიმართულია იმ 25 ათასი მოქალაქის კეთილდღეობისკენ, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი და სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი“, – ამბობს გახარია.

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული მსვლელობის გარეშე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს ბათუმის ქუჩებში საზღვაო სასწავლებლების სტუდენტები საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ. თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს დღე საზეიმოდ არ აღინიშნება.

„მეზღვაურები საზღვაო სფეროს მამოძრავებელი ძალაა და მათი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში ძალიან დიდია. პანდემიის გამო შექმნილ უპრეცედენტო ვითარებაში სწორედ მეზღვაურების გამძლეობის, მოთმინებისა და ერთგულების წყალობით მსოფლიო ლოჯისტიკური ჯაჭვი არ შეწყვეტილა. ქვეყნებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები – საკვები  და  მედიკამენტები უწყვეტად მიეწოდებათ. მეზღვაურები – სწორედ ის ძალაა, რომელმაც მსოფლიოს გაჩერების უფლება არ მისცა,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO-ს მიერ 10 წლის წინ გამოცხადდა და საქართველოში ყოველ წელს აღინიშნება.

მთავარი ფოტო: მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ბათუმში 2017 წლის 25 ივნისს

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღნიშვნა გადაიდო, ნახეთ როგორ აღინიშნებოდა წინა წლებში [ფოტო]

 

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა, 5 პაციენტი განიკურნა

25 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი.

სულ საქართველოში Covid 19-ის 917 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 776 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

პრორუსული ჯგუფების აღზევებისთვის დღეს ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგია – უჩა ნანუაშვილი

„წინა წლებში მათი საქმიანობა იყო უფრო ფრაგმენტული, დღეს სიტუაცია შეცვლილია,“ – ამბობს საქართველოში ულტრარადიკალური ჯგუფების მუშაობაზე უჩა ნანუაშვილი. ყოფილი სახალხო დამცველი დღეს „დემოკრატიის კვლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია გასული წლის გაზაფხულიდან ამ დრომდე აკვირდებოდა სოციალურ ჯგუფში ულტრამემარჯვენე 15 ჯგუფის საქმიანობას, ასევე პრორუსული ონლაინგამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიებს. რა შეიცვალა ამ ჯგუფების მუშაობაში – „ბათუმელებმა“ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო უჩა, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ასობით ყალბი გვერდი დაბლოკა? ამ გვერდების ნაწილი მუშაობდა რუსულ პროპაგანდაზე. 

საქართველოში ძალიან ბევრი ულტრამემარჯვენე ჯგუფია. წინა წლებში მათი საქმიანობა უფრო ფრაგმენტული იყო, დღეს კი, სიტუაცია შეცვლილია – ისინი უფრო ორგანიზებული არიან და ღიად წარმოაჩენენ საკუთარ ძალას. ისინი ღიად ემუქრებიან მათთვის მიუღებელ ჯგუფებს. ეს ულტრარადიკალური ჯგუფები დღეს არ არიან ჰომოგენურები, მათ არ აერთიანებთ საერთო მიზანი, თუმცა ხშირად გვხდება ერთი და იგივე სტატიები, პოსტები, ან ერთი და იგივე შინაარსი მეორდება.

შესაძლოა გამოვყოთ ორი მიმდინარეობა: ერთია ღია პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ღიად გამოხატავენ ამას, მაგალითად, „მარში“, „ეროვნული ერთობა“… ისინი უფრო ძლიერები არიან და ბევრი მომხრე ჰყავთ, ხელი მიუწვდებათ ტრადიციულ მედიაზეც და ყველა ინსტრუმენტს იყენებენ. ასეთი ჯგუფების რაოდენობა გაზრდილია. ისინი წარმოადგენენ რუსულ „რბილ ძალას“ საქართველოში. მეორე კატეგორია უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფებია, რომლებიც ოფიციალურად გამორიცხავენ რუსეთთან რაიმე სახის კავშირს, ახასიათებთ ანტირუსული რიტორიკა, მაგრამ რეალურად იმეორებენ იმ შინაარსს, რაც აქვთ რუსულ ულტრამემარჯვენე ძალებს.

სამწუხაროა ის, რომ მსგავსი ჯგუფების არსებობა და გაძლიერება წახალისებულია საქართველოში. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ხელისუფლება ამ ჯგუფებს იყენებს ლიბერალური ან განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფების დასაშინებლად, მათი დემონიზაციისთვის.

  • რა ადასტურებს, რომ ხელისუფლება იყენებს ან ახალისებს ამ ჯგუფებს? 

მაგალითად, კლუბ „ბასიანის“ მოვლენების დროს ან „თბილისი პრაიდის“ დროს არ დასჯილან რეალურად ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ძალადობრივი მოწოდებები. მათ წინააღმდეგ მხოლოდ მსუბუქი ხასიათის ჯარიმები გამოიყენეს მაშინ, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი შემთხვევა შეიცავდა დანაშაულის ნიშნებსაც, მაგალითად, ლევან ვასაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, თუმცა ის დაიკითხა მოწოდებიდან მესამე დღეს… გაცილებით უფრო ოპერატიულები არიან სამართალდამცველები, როცა საქმე ეხება სხვა ჯგუფებს, ანუ სამოქალაქო მოძრაობებს. იგივე „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააჯარიმეს 2 ან 3 ათასი ლარით, გამოიყენეს ადმინისტრაციული პატიმრობებიც. აქედან ჩანს, რომ ხელისუფლება არ ეპყრობა თანაბრად ულტრარადიკალურ ჯგუფებს და სამოქალაქო ჯგუფებს, როცა მსგავსი სამართალდარღვევაა ან მიახლოებით იგივეა.

ხელისუფლება უფრო მკაცრია სამოქალაქო მოძრაობების მიმართ. ულტრარადიკალური ჯგუფების შემთხვევაში, მცირე ოდენობებით სანქციები გამოიყენეს მხოლოდ მაშინ, როცა ფიზიკურად თავს დაესხნენ ვინმეს. იგივე იყო კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული საპროტესტო აქციების დროსაც… ძირითადად ეს ადამიანები არიან ამ ფეისბუქგვერდების უკან, რომლებიც ჩანან საპროტესტო აქციებზეც.

  • რა შეიცვალა ამჯერად ამ ულტრარადიკალური ჯგუფების გზავნილებში? 

უკვე კარგად ჩანს, რომ ხდება რეკრუიტირება [მობილიზება] მომხრეების. ჩვენ ჩავატარეთ ჩაღრმავებული ინტერვიუები ამ ჯგუფების აქტიურ წევრებთანაც, რა იწვევდა მათ გააქტიურებას… შესაძლოა ითქვას, რომ ამ კონკრეტული ჯგუფების აქტიურობას შედეგი მოაქვს. ისინი ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებს იყენებენ იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გაავრცელონ. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები იყენებენ ჩვენს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, რაც გვაქვს რადიკალურ ჯგუფებთან, რადიკალიზაციასთან მიმართებით. სამწუხაროდ, დღეს ნოყიერი ნიადაგი არსებობს მსგავსი ჯგუფების აღზევებისთვის. ამ ყველაფერს ხელისუფლების შემწყნარებლური პოლიტიკა უწყობს ხელს.

  • თქვენი დაკვირვებით, როგორ იყენებენ ისინი სოციალურ ქსელს, მოქმედებენ ცალ-ცალკე, თუ ერთობლივად? 

დღეს არსებული მდგომარეობით ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, რომელიც საპროტესტო აქციებსაც ატარებს, დაპირისპირებულია მცირე ჯგუფებთან, მათ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა და გარკვეული დაპირისპირება არსებობს. ადრე ამ ჯგუფებს ჰქონდათ ერთი მიზანი, მაგრამ დღეს ეს აღარაა ჰომოგენური. არსებობს ზოგიერთი ჯგუფი, რომელიც, მაგალითად, ნაციონალისტურ იდეებს ავრცელებს. არსებობს, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი ჯგუფი… სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფი აქტიურდება. ეს დამოკიდებულია ასევე მოვლენებზე, მაგალითად, მაისში აქტიურდება ჰომოფობიის თემა [17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა]. კონკრეტული მოვლენების შესაბამისად აქტიურდება ქსენოფობია, სხვა ერების სიძულვილი ან დასავლეთის წინააღმდეგ გზავნილები. მიზოგენიაც ამ ჯგუფებისთვის საერთო მახასიათებელია, როცა ფემინისტური მოძრაობა აქტიურდება.

  • რა ფორმით ავრცელებენ ეს ჯგუფები რუსულ პროპაგანდას? 

ეს ჯგუფები უარყოფენ რუსეთთან რამე სახის კავშირს, ლიდერებმაც ეს უარყვეს ინტერვიუების დროს, თუმცა მათი დისკუსია არის ფაქტობრივად იდენტური რუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა. ეს ჯგუფები ხშირად საუბრობენ ანტიამერიკულ განწყობებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სკეპტიციზმზე, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე, რაც სწორედაც არის რუსული პროპაგანდის ნაწილი… რუსული პროპაგანდის სამიზნე საქართველოში ისევ არის ლუგარის ლაბორატორია.

  • ძირითადად ვინ არიან ამ ონლაინგამოცემების რესპონდენტები და თავდასხმის ობიექტები? 

ძირითადად თავდასხმის ობიექტები არიან ლგბტქ თემი, ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, უცხოელები… შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუ რა უწყობს ხელს ამ განწყობების გაჩენას და ამას კარგად იყენებენ: მედიაწიგნიერების დაბალი დონე, სიღარიბე, სოციალური პრობლემები, სეკულარიზმის გაგება.

  • რა გაირკვა ამ ჯგუფების დაფინანსების კუთხით? 

კანონმდებლობაში არის კონკრეტული შეზღუდვები, რაც შეუძლებელს ხდის ამ კუთხით ფინანსების კვლევას, თუ არ იქნება შესაბამისი ნება. ჩვენ გვინდა, ღრმად შევიდეთ ამ საკითხში. ამ მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ ვაკვირდებოდით ონლაინმედიის მუშაობასაც და აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან. როგორც აღვნიშნე, ხშირად იდება იდენტური მასალები… პირდაპირ და ღიად რთულია საუბარი, საიდან ფინანსდებიან ისინი. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ეს ჯგუფები და ისინი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ახერხებენ მუშაობას. როცა ამ ლიდერების მხრიდან ძალადობის მოწოდებებზე არ ხდება რეაგირება, ან ეს რეაგირება დაგვიანებულია, ეს აჩენს ეჭვებს, ხომ არ არსებობს რაიმე სახის კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან ან რუსეთთან.

  • თქვენი დაკვირვებით, როგორია ამ ჯგუფების გავლენა? მაგალითად, რამდენად შეიძლება გაიზარდოს მსგავსი აქტივობებით პრორუსული პოლიტიკური ძალების რეიტინგი საქართველოში? 

ეს ჯგუფები დღითიდღე აქტიურდებიან, რაც ხელს უწყობს მათ მოსვლას პოლიტიკურ სივრცეებშიც. შესაძლოა ითქვას, რომ გავლენები იზრდება და ეს ჩანს უკვე ყოველდღიურად… მხოლოდ ის, რომ ფეისბუქმა გარკვეული გვერდები დაბლოკა, არაა საკმარისი და ეს ჩანს აშკარად. საჭიროა სხვა მეთოდების გამოყენება, მათ შორის, საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება. ბევრ ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი აკრძალულია. საქართველოში სახელმწიფოს არ აქვს ეფექტური პოლიტიკა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

  • სახელმწიფო ამბობს, რომ რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ ის ცდილობს სწორი ინფორმაციის გავრცელებას და მუშაობს სტრატეგიული კომუნიკაციის კომიტეტი. თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება? 

ამ მიმართულებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია არ არსებობს. უნდა არსებობდეს კონკრეტული ადამიანები ყველა სახელმწიფო უწყებაში და მათ შორის კოორდინაცია უნდა არსებობდეს. ასეთი კოორდინაცია დღეს არ არის. ხელისუფლება ამბობს, რომ შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგია, რაც ერთი წლის წინ მიიღეს, მაგრამ რადიკალიზაცია კიდევ სხვა საფრთხეა, რასაც ხელისუფლება  საერთოდ არ პასუხობს, ან პასუხობს დაგვიანებით.

ბულვარში უკანონო მშენებლობა დადასტურდა, რა მოხდება თუ „ამბასადორი“ თვითნებობას გააგრძელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, ბათუმის ბულვარში შეთანხმებულ ოთხსართულიან პროექტზე უნებართვოდ მეხუთე სართულის მშენებლობისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯგუფმა მშენებლობა მას შემდეგ შეამოწმა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება შპს “ამბასადორის” შენობის სართულიანობის ცვლილებას, კერძოდ, ნაცვლად 4 სართულისა, კომპანიას მე-5 სართულის აშენება აქვს დაწყებული.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ კომპანია მეხუთე სართულის დაშენების დაწყებისთვის დააჯარიმა, ამავდროულად წერს იმასაც, რომ „შენობის სიმაღლის საერთო მოცულობა არ გაზრდილა“. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, პროექტის მიხედვით რა სიმაღლის უნდა იყოს შენობა და უკვე აშენებული შენობას რა სიმაღლე აქვს.

კმდს განმარტებით, გადაწყვეტილება შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოშია გადაგზავნილი.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის ოლეგ ბოლქვაძის განმარტებით, კომპანია გააფრთხილეს ასევე, რომ შეაჩეროს მშენებლობა და მუშაობა მხოლოდ პროექტის შესაბამისად გააგრძელოს:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისევ დავაჯარიმებთ კომპანიას გასამმაგებული ჯარიმით და ამჯერადაც გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ჯარიმას კიდევ გავასამმაგებთ და ასე შეიძლება გაგრძელდეს – ამას ითვალისწინებს კანონი. ჩვენი პრაქტიკის მიხედვით სასამართლო ერთი კვირიდან ერთი თვის ვადაში განიხილავს ასეთ საქმეებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ სასამართლოსგან მხოლოდ დაჯარიმებას არ ვითხოვთ, ვითხოვთ მშენებლობის პროექტის შესაბამისობაში მოყვანასაც“.

დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე გავლენიანი კომპანიის, შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

კომპანიას ოთხი სართულის მშენებლობის [პლუს სამი მიწის ქვემოთ] ნებართვა აქვს, თუმცა 15 სართულის აშენება სურს. ცოტა ხნის წინ, კომპანიას, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით და საკრებულოს თანხმობით, მიმდინარე მშენებლობის გვერდით გადასცა მიწის ნაკვეთი იჯარით, 15 წლის ვადით. ამ საკითხის მხარდაჭერა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სხდომის მიმდინარეობისას გაგზავნილი sms – შეტყობინებითაც მოსთხოვა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. 

_____

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, შპს „ამბასადორს“, 2018 წლის 16 იანვარს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის ნებართვა მიანიჭა.

სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვის საფუძველზე, მიმღები კომისია, სამუშაოების შუალედურ მონიტორინგს, დადგენილ ვადებში ახორციელებდა, თუმცა მიმდინარე მშენებლობასა და სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის შესაძლო შეუსაბამობასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო კითხვები.

„2019 წლის 13 ნოემბერს საპროექტო დოკუმენტაციიდან კიდევ ერთი გადახვევის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შპს ,,ამბასადორი’’ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდა.“

უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია, სარეკრეაციო ზონის, კვების თუ დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგება.

 

 

 

ტურიზმში დასაქმებულთა 40%-ს შემოსავლის სხვა წყარო არ აქვს – გამოკითხვა

აჭარაში 65 პირი გამოკითხეს ტურიზმის სექტორზე პანდემიის გავლენის დასადგენად. გამოკითხულთა შორის იყვნენ სასტუმროებში, რესტორნებში დასაქმებულები, გესტჰაუსების მეპატრონეები, გიდები და ა.შ.

გამოკითხვა განხორციელდა აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) ეგიდით და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ჩართულობით

  • გამოკითხულთა 49,2 %-სთვის ტურიზმი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, 47,7%-ისთვის კი – დამატებით, მაგრამ მნიშვნელოვანი წყარო, ხოლო დანარჩენისთვის ტურიზმი შემოსავლის დამატებითი, თუმცა უმნიშვნელო წყაროა. 

გამოკითხულთა 41,5 %-მა კვლევისას მიუთითა, რომ პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ტურიზმის სექტორზე, ხოლო 21.5%-ზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ზოგი მიიჩნევს, რომ უცხოელი ტურისტების შემცირების პარალელურად გააქტიურდება შიდა ტურიზმი – გამოკითხულთა 33,8 პროცენტი სწორედ ასე ფიქრობს, თუმცა გაცილებით მეტს, 52,3%-ს მიაჩნია, რომ შემცირდება შიდა ტურისტების გადაადგილებაც. 13.8%-ის მოსაზრებით შიდა ტურიზმი შარშანდელ დონეზე დარჩება.

  • გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 50,8% ამბობს, რომ ტურიზმში შეფერხებების შემდეგ დარჩა ყველანაირი შემოსავლის გარეშე და პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა მათ შემოსავლებზე, გამოკითხულთა 41,5 პროცენტი ამბობს, რომ პანდემია ფინანსური კუთხით მათზე ცუდად აისახა და მხოლოდ 7,7 პროცენტზე პანდემიას უმოქმედია ფინანსურად. 

პანდემიის შემდეგ ტურიზმის გარდა ალტერნატიული შემოსავალი გამოკითხულთა მხოლოდ 10,8%-ს აღმოაჩნდა, 40%-ს არ აქვს არანაირი სხვა ალტერნატიული წყარო, 49,2% ამბობს, რომ აქვს მინიმალური ალტერნატიული შემოსავალი.

გამოკითხულთა 67,7%-ს გარკვეული მოსაზრებები აქვს, თუ როგორ გადაეწყონ სხვა საქმიანობაზე 2020 წლის მეორე ნახევრისთვის, თუმცა ეს მოსაზრებები გეგმის სახით არ აქვთ ჩამოყალიბებული; 18,5 პროცენტს ამ საკითხზე არავითარი გეგმა არ აქვს და გამოკითხულთა მხოლოდ 13,8 პროცენტმა განაცხადა, რომ აქვს გეგმა.

როგორია თქვენი პროგნოზი უახლოესი 6 თვის მანძილზე? – ამ კითხვაზე გამოკითხულთა 68,8 პროცენტმა უპასუხა, რომ შემოსავლების საშუალოდ 40-50 პროცენტით შემცირების მოლოდინი აქვთ, 26,6 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ უახლოეს ექვს თვეში საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. გამოკითხულთა მხოლოდ 4.6 % მიიჩნევს, რომ მისი შემოსავლები შარშანდელი შემოსავლების ტოლი იქნება.

გამოკითხულების თითქმის სრული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ჩართულობა [93,8%].

კვლევაში მოცემულია გამოკითხულთა რეკომენდაციებიც, თუ რა ტიპის მხარდაჭერაა საჭირო მათთვის სახელმწიფოს მხრიდან და რა ნაბიჯები იქნებოდა ეფექტური შიდა ტურიზმის გააქტიურებისთვის. მათ შორისაა:

  • რესტორნების / კაფეების / მცირე სასტუმროებისთვის – უსაფრთხოების ზომებისთვის საჭირო მოწყობილობის და სადეზინფექციო მასალების გარკვეული ნაწილის სუბსიდირება (მაგ: 30-40 %);
  • ქვეყნის ეკო/აგრო ტურისტული ადგილების აქტიური რეკლამირება/პრომოუშენი;
  • გიდების დროებითი დასაქმების ხელშეწყობა ალტერნატიულ სექტორში;
  • ფასდაკლებების კვირეული და შესაბამისი ღონისძიებები რეგიონების მიხედვით;
  • ტურისტულ ატრაქციებზე ფასდაკლებების შეთავაზება – მაგ: სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ობიექტებზე – მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და ა.შ.;
  • შეიქმნას კერძო სექტორში დასაქმებულების (ასევე თვითდასაქმებულების) ბაზა, რომ მოხდეს მათი დახმარება, ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში შეთავაზება და ა.შ.

თიბისის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

პირველად საქართველოში, აქ და ახლა თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.

კონფერენციის მონაწილეებს შორის იქნებიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები ეფი ვან დენ ბორნე და პიტერ ჯეიკობსი, რომლებიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING -ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე მოგვიყვებიან. ამჟამად ორივე მათგანი ეჯაილ კონსულტანტად აგრძელებს მუშაობას. კონფერენციაზე ასევე მოწვეულია გიორგი მამალაძე, კომპანია Siemens-დან, რომელიც ეჯაილთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებას გაუზიარებს მსმენელებს.

ასევე, მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTC Solutions და სხვა.

თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება.

კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:

[checklist]

  • რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდილეში;
  • კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს;
  • რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;
  • რაში ეხმარება ეჯაილი  ორგანიზაციებს;
  • ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა;
  • რა არის ბიზნეს ეჯაილი;
  • ექსპერიმენტული კულტურა;
  • დევოპსი და ეჯაილი;
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.

[/checklist]

კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს ეჯაილი და ცვლილებები ორგანიზაციაში – სტუდენტები, ტექნოლოგიური კომპანიები, დიდი და პატარა ბიზნესების წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე.

კონფერენცია 2 ივლისს, ონლაინ ზუმის პლატფორმაზე ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობა ყველასთვის უფასოა. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია tkt.ge-ზე. დასწრება თავისუფალია.

გომისმთაზე და კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება

საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ იმ დასახლებების ჩამონათვალი მოგვაწოდა, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. „7 მაღალმთიანი დასახლება, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით შეირჩა“, – მოგვწერეს რეესტრიდან.

დასახლებები, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება:

[checklist]

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები.

[/checklist]

„2016 წელს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო. რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მიმართვიანობა, საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი – სამზე მეტჯერ. რეფორმით გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, 815 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. რეგისტრირებულმა ფართობმა კი  ჯამში 1 021 645 ჰა შეადგინა (24.05.2020 მონაცემებით). შედარებისთვის, დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25 წლის მანძილზე რეგისტრირებული იყო დაახლოებით იგივე ოდენობის მიწის ფართობი“, – მოგვწერეს საჯარო რეესტრიდან.

რაც შეეხება გომისმთას, მას სტატუსი ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით მიენიჭა [ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა]. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“.

გომისმთის მიმდებარედ სახლები წლებია მოქალაქეებს იმ ტერიტორიაზეც აქვთ, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კონკრეტულად კი, ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

იმის შესახებ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მაისში განაცხადა. მთავრობის ინფორმაციით, მომავალი წლის დასაწყისიდან პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. საქართველოს მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.

ამ თემაზე ვრცლად:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

 

მთავარი ფოტო: გომის მთა ივნისში / 2019 წელი / გურამ მურვანიძის ფოტო

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივნისის 21 საათიდან 25 ივნისის 21 საათამდე ბათუმში და აჭარის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ჭექა-ქუხილი და წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 -20 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 23 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 26-27 ივნისს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, ია ფრანგიშვილი

„უნათესავო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ პარლამენტარი არ ვიქნებოდი“ – ანზორ ბოლქვაძე

„არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ არასდროს“ – განაცხადა დღეს, 24 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის საპასუხოდ.

„გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.

„მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესავო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ პარლამენტის წევრი მე ნამდვილად არ ვიქნებოდი. ნათესავიც მყავს, ბიძაშვილიც მყავს, მეგობარიც მყავს, მეზობელიც მყავს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი ვიცი, ყველას მისი ცხოვრება აქვს, ყველა თავისი ცხოვრებით იკაფავს გზას, ამიტომ მე ყველას წარმატება მინდა ვუსურვო.

არსებობს ჩემი დეკლარაცია, დეკლარაციაში ნაჩვენებია ჩემი ქონება, შრომაც და რაც გამაჩნია,“ – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

ვრცლად ამ თემაზე: 

„ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ“ – ანზორ ბოლქვაძე დეკლარაციაში ქონების დამალვაზე

 

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს, თუმცა წელს შეჩერებულია დელფინებთან ცურვის სერვისი – ინფორმაცია დეფლფინარიუმის ადმინისტრაციამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

30 ივნისამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოინახულონ აკვარიუმი. აკვარიუმში შესვლის ფასი 2 ლარია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასოა. ადმინისტრაცია ასევე აფრთხილებს მომხმარებელს, რომ პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია.

რა ღირს კატერით გასეირნება ბათუმში

ბათუმის იახტკლუბში სასეირნო გემით ან კატერით გასეირნება მსურველებს 10 ლარად შეუძლიათ. კორონავირუსის პანდემიამ კვალი ამ სფეროსაც დააჩნია. მიუხედავად იმისა, რა ტევადობისაა თითოეული მცურავი საშუალება, მეპატრონეებს ეკრძალებათ გემზე ან კატერზე 8 ადამიანზე მეტის აყვანა.

“ნახევარი საათით გასეირნება ჩვენს კატერზე ღირს 10 ლარი ერთი ადამიანისთვის. იმისათვის, რომ ზღვაში გავიდეთ, მინიმუმ ექვსი ადამიანი მაინც უნდა შეგროვდეს. ისე გასვლა არ გვიღირს,” – ამბობს რეზო ნაკაშიძე, სასეირნო კატერ “ნეპტუნის” მფლობელი.

მისი თქმით, კატერის დაქირავება მსურველებს საათობრივადაც შეუძლიათ, საათში 150 ლარად. ამ შემთხვევაში მარშრუტს დამქირავებელი ირჩევს.

“შეგვიძლია წავიდეთ მწვანე კონცხის ან „შერატონის“ მიმართულებით. პირველ ორ საათში 150-150 ლარი ღირს დაქირავება. შემდეგ უკვე მოლაპარაკების საგანია,” –  დასძენს რეზო წულუკიძე.

50 ლარი ღირს სწრაფმავალი, პატარა კატერის დაქირავება იახტკლუბში. კატერში 6 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.

იახტკლუბში დასაქმებულები ამბობენ, რომ პანდემიის გამო 90%-ით შემცირდა მათი კლიენტების რაოდენობა.

“გასულ წელს ამ დროს შეკვეთა შეკვეთაზე გვქონდა. საწვავის შევსებას ძლივს ვასწრებდი. ახლა დღე შეიძლება ისე დამთავრდეს,  ტურისტი არ მოვიდეს და ზღვაში ვერ გავიდეთ,” – ამბობენ კატერების მეპატრონეები.

რა გჭირდებათ აგრობარათის ასაღებად – ინსტრუქცია

ბოლო მონაცემებით, აგრობარათების მიმღებთა ბაზაში 226 000 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, თუმცა შესაძლოა ბევრმა მათგანმა ამ ბარათებით [დარიცხული ქულებით] სრულად ვერ ისარგებლოს იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც რეალურად აქვთ საკუთრებაში. საქმე იმაშია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ნაკვეთების დანაწევრებულია მცირე ფართობებად, იმ ნაკვეთებზე კი, რომლებიც 2500 კვ.მ-ზე ნაკლებია, აგრობარათი არ გაიცემა.

აგრობარათების გაცემა მაისის ბოლოდან დაიწყო და შესაძლებელია იმის გადამოწმება, ვის რამდენი ქულა აქვს მინიჭებული.

ამასთან, თითოეულ ნაკვეთს უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს. ბარათის მისაღებად კი „ლიბერთი ბანკში“ ერთდროულად უნდა გამოცხადდეს მიწის ყველა თანამესაკუთრე და წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ თანახმა არიან აგრობარათი ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე გაიცეს.

თუ ბანკში თანამესაკუთრეები ერთდროულად ვერ მიდიან, ვინც ბანკში მიდის, მას თან უნდა ჰქონდეს სხვა თანამესაკუთრეების მინდობილობა, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული. ერთი ასეთი მინდობილობის გაკეთება კი, მინიმუმ 12 ლარი ღირს.

მაგალითად, გურიის სოფელ სუფსაში არის ნაკვეთი, რომლის ფართობია 2 800 კვ.მ და ჰყავს 4 თანამესაკუთრე/თანამფლობელი [მშობლები და ორი შვილი]. „ლიბერთი ბანკის“ გვერდზე გადამოწმებით, ამ ნაკვეთზე გაიცემა აგრობარათი, რომელზეც დაირიცხება 56 ქულა [ერთი ქულა 1 ლარია].

ამ 4 მესაკუთრიდან თუ, მაგალითად, შვილები ცხოვრობენ თბილისში, სადაც ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული, აგრობარათის ასაღებად ამ ოჯახს დასჭირდება, სულ ცოტა 40 ლარის ხარჯი [6 ლარი გზა – მშობლების წასვლა ლანჩხუთში, სადაც ბანკი მდებარეობს და 34 ლარი – 2 ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გაკეთება და გაგზავნა მშობლებთან].

ეს ოჯახი ამბობს, რომ აგრობარათის აღება ასეთ შემთხვევაში არ უღირს, ვინაიდან ბარათზე ფაქტობრივად 16 ქულა რჩება და არა 56.

ამასთან, ეს ოჯახი კიდევ სამ მიწის ნაკვეთს ფლობს, თუმცა, ამ ნაკვეთებზე ქულები არ დაერიცხებათ იმის გამო, რომ თითოეულის ფართობი ნაკლებია 2500 კვ.მ-ზე. ამ ნაკვეთებზეც რომ დარიცხვოდათ ქულები, ოჯახს ბარათზე ჯამში არა 56, არამედ 112 ქულა დაერიცხებოდა.

პროგრამა არ ვრცელდება სათიბებსა და საძოვრებზე.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამას სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

„ყველა თანამესაკუთრის წერილობითი განაცხადია საჭირო, რომ მიიღონ სარგებელი, ვინაიდან პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ზოგი თანამესაკუთრე გამოთქვამდა უკმაყოფილებას – სხვამ რატომ მიიღო თავის კუთვნილ მიწაზე სარგებელი და ა.შ.“ – უთხრა „ბათუმელებს“ აღნიშნული პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ.

შესაძლებელია თუ არა თანამესაკუთრეები მივიდნენ „ლიბერთი ბანკის“ სხვადასხვა ფილიალში და იქ განაცხადონ თანხმობა, რომ ერთ-ერთმა მესაკუთრემ აიღოს აგრობარათი?

„ჩვენ „ლიბერთი ბანკმა“ გვთხოვა, რომ ამ თემაში არ ჩავრეულიყავით იმ მიზეზის გამო, რომ ბანკი მოქმედებს ცალკე ეროვნული ბანკის რეგულაციებით. შესაბამისად, არის რაღაც ფორმალური დოკუმენტაცია საჭირო… ალბათ, შეუძლია ბანკთან შეთანხმებით, რომ მსგავსი რაღაცა გააკეთოს თანამესაკუთრემ, მაგრამ აქ არის ის პრობლემაც, რომ ერთი და იმავე განაცხადის ორჯერ დაბეჭდვის საშუალებას პროგრამა არ აძლევს ბანკს. ამიტომ, საჭირო იქნება ასეთი განცხადებების დასკანერება, გადაგზავნა… ანუ, ბანკი რამდენად აიღებს მაგ რისკს თავის თავზე, ეს არ ვიცით“, – გვითხრა ლევან უროტაძემ.

„ბათუმელები“ „ლიბერთი ბანკსაც“ დაუკავშირდა, საიდანაც მოგვწერეს, რომ სხვადასხვა ფილიალში მისვლას თანამესაკუთრეები ბარათის ასაღებად ვერ შეძლებენ: „ერთად უნდა მოვიდნენ ფილიალში. აღნიშნულ საკითხზე მთავრობა მუშაობს აქტიურად, რომ გაამარტივოს პროცესი“.

„ვიცით, რომ პრობლემურია და ამ საკითხზე ვმუშაობთ, ვცდილობთ, მთავრობამ დადგენილება მიიღოს, რომ თუ ერთ-ერთი თანამესაკუთრე ბანკში მიიტანს წერილობით თანხმობას – არანოტარიულად დამოწმებულს, ეს იყოს საკმარისი. აქაც პატარ-პატარა იურიდიულ პრობლემებს ვაწყდებით, თუმცა ვცდილობთ გადავჭრათ და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალს ვნახავთ“, – ამბობს ლევან უროტაძე.

შეუძლია თუ არა ერთ-ერთ თანამესაკუთრეს ბანკში წარადგინოს მინდობილობის არა დედანი, არამედ მინდობილობის ასლი ელექტრონულად? – ლევან უროტაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე პროგრამის ბენეფიციარმა უშუალოდ ბანკს უნდა მიმართოს: „ბანკს თავისი რეგულაციები აქვს. მაგალითად, ჩვენ ვთხოვეთ და ბანკი წამოვიდა იმ დათმობაზე, რომ ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობა არ არის საჭირო, თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად მივა ბანკში. ამას მივაღწიეთ“.

„ლიბერთი ბანკში“ კი გვითხრეს, რომ ელექტრონულ ასლს არ მიიღებენ. „მინდობილობა უნდა წარმოადგინონ ნოტარიულად დამოწმებული, ან მინდობილობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული“, – მოგვწერეს ბანკიდან.

„ლიბერთი ბანკს“ ისიც ვკითხეთ, როგორ უნდა მოიქცნენ იმ ნაკვეთის თანამესაკუთრეები, რომელთაგანაც ერთ-ერთი იმყოფება საზღვარგარეთ, საქართველოში მყოფ თანამესაკუთრეს კი აქვს სურვილი აიღოს აგრობარათი? „მინდობილობა უნდა გამოაგზავნოს“, – მოგვწერეს ბანკიდან.

რატომ კარგავენ ქულებს თანამესაკუთრეები, რომლებიც რამდენიმე ნაკვეთს ფლობენ, თუმცა თითოეული არ არის 2500 კვ.მ? 

„ეს პროგრამა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, აგროვადებიდან გამომდინარე ცოტა კი დავაგვიანეთ, მაგრამ მაინც გვინდოდა მაქსიმალურად სწრაფი ტემპით დაგვეწყო. შესაბამისად, არის რაღაც პრობლემები, სუფთა ტექნიკური, რაც ჯერჯერობით ვერ მოვაგვარეთ. ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომ თანამესაკუთრეთა ნაკვეთების კვადრატულობა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი. საჯარო რეესტრს მოუწევდა თითოეული ამონაწერის გახსნა და ნახვა – თუ ვის რამდენი აქვს წილი, ამა თუ იმ ფართობის ნაკვეთში. საჯარო რეესტრი ვერ გვაწვდის ასე იდენტიფიცირებულად მესაკუთრეების მიხედვით მონაცემებს – გვაწვდის მხოლოდ იმ ნაკვეთებს, რომლებიც 2500 კვ.მ-ს აღემატება. ამიტომ, ნაკლები ფართობის ნაკვეთები პროგრამაში ვერ ხვდება. ამასთან, ერთი მიწის მესაკუთრე შესაძლოა მე და შენ ვიყოთ, მაგრამ მეორე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე – მე და კიდევ სხვა ვინმე. ამიტომ, ჩემი პირადი ნომრით სხვადასხვა სარგებელი გამოდის და ამის დიფერენცირება ჯერ ვერ ხდება.

ძალიან რთულია ამ მიმართულებით ტექნიკური მხარდაჭერა – უნდა გაკეთდეს პროგრამული უზრუნველყოფა. ჯერჯერობით ვერ მივაგენით იმ გასაღებს, რომ მოხდეს მსგავსი მიწების იდენტიფიცირება თანამესაკუთრეების ჭრილში, მათი საკუთრებების მიხედვით. ჩვენაც გვესმის და ძალიან ლოგიკური უკმაყოფილებაა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამ კუთხითაც ვმუშაობთ და გვინდა გამოვასწოროთ. არსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გრძელდება, რამდენად მოესწრება ეს, არ ვიცით, მაგრამ, პირობითად, თუ გაგრძელდა ეს პროექტი მომავალში, მაგ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული დეტალები დავხვეწოთ“, – გვითხრა ლევან უროტაძემ.

მისივე თქმით, თუ რამდენიმე ნაკვეთს მხოლოდ ერთი მესაკუთრე ჰყავს, ამ შემთხვევაში მარტივად ჯამდება ყველა ნაკვეთის ფართობი, მიუხედავად იმისა, ის მეტია თუ ნაკლებია 2500 კვ.მ-ზე და დახმარება გაიცემა ყველა ნაკვეთზე.

ლევან უროტაძის თქმით, თუ ნაკვეთი არის 2500 კვ.მ-ზე მეტი ფართობის და მას ჰყავს რამდენიმე მესაკუთრე, აგრობარათი ამ ნაკვეთზე გაიცემა: „ის, რომ თითქოს ერთი ნაკვეთის თითოეულ თანამესაკუთრეს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში 2500 კვ.მ, არ არის სწორი. თუ ნაკვეთი მინიმუმ 2500 კვ.მ-ია, აგრობარათი მაინც გაიცემა, თუნდაც 15 თანამესაკუთრე ჰყავდეს ამ ნაკვეთს“.

„მაგრამ არის ბევრი უზუსტობები ნაკვეთის რეგისტრაციისას, მაგალითად, სახელი ჩაწერა შეცდომით ოპერატორმა თავის დროზე, არის რაღაც სხვა ხარვეზები – არ დგინდება თანამესაკუთრეები და სხვა. ასეთ ბენეფიციარებს ვაძლევთ საშუალებას ხარვეზები გაასწორონ საჯარო რეესტრში. ჩვენ თვეში ერთხელ ვანახლებთ ბაზას და განახლების შემდეგ ეს ნაკვეთიც მოხვდება ბაზაში. ამ ეტაპზე, პირველადი ბაზის მიხედვით, 226 000 ფიზიკური [თანამესაკუთრეები] და 5000-მდე იურიდიული პირია ამ ბაზაში“, – ამბობს ლევან უროტაძე.

რა ხდება ისეთ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2500 კვ.მ-ზე მეტია, არ არის პროგრამაში? – ლევან უროტაძის თქმით, „ასეთი რამ არ არის ჯერ პრაქტიკაში, თუმცა, თუ ასეთი ნაკვეთი გამორჩა, მესაკუთრემ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს, რეესტრი გადმოაგზავნის მონაცემებს, რომელსაც მივაწვდით ბანკს“.

რაც შეეხება ძველ აგრობარათებს, ლევან უროტაძე ამბობს, რომ „ბანკი არიგებს ან ახალ ბარათებს, ან მოქმედ ბარათებზე ურიცხავს ქულებს. ფერმერი მიდის ბანკში და ბანკთან შეთანხმებით გვარდება ეს საკითხი, თუმცა, ძირითადად, ახალ ბარათებს ურიგებს, იქედან გამომდინარე, რომ აღრიცხვიანობა მოახდინოს – ის, ვინც აიღებს აგრობარათს, ფერმერთა რეესტრშიც რეგისტრირდება“.

ამავე თემაზე:

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 200 ლარს – მთავრობის გეგმა 

„კანონიერი ქურდები“ – ხონსკი და კუსა შს სამინისტრომ ძებნილებად გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარგარეთ მყოფ 2 ქართველ, ე.წ. კანონიერ ქურდს, 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ხონსკის“, 1963 წელს დაბადებულ თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“ და „ქურდული სამყაროს“ წევრს – 1983 წელს დაბადებულ რ.პ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით, ტარდება შესაბამისი პროცედურები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯეირან კინწურაშვილსა და თამაზ ქარცივაძეს ბრალი ედებათ „კანონიერ ქურდობაში“, რ.პ.-ს კი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში.
დანაშაული 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამაზ ქარცივაძე ბათუმელია. იგი მრავალგზის ნასამართლევია. ამჯერად უცნობია, რომელ ქვეყანაში იმყოფება, თუმცა ბოლოს იგი 2018 წელს, მინდია ლავასოღლისთან და ჯეირან კინწურაშვილთან ერთად ე.წ. გარჩევაზე იმყოფებოდა თურქეთში, ხოფაში. მაშინ ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა და ითქვა ისიც, რომ არსებობდა დაპირისპირება ლავასოღლისა და კინწურაშვილს შორის.
2018 წლის სექტემბრეში კინწურაშვილის სახელი გაჟღერდა შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, როცა ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით, თბილისში, ქუთაისსა და წალკაში 6 პირი დააკავა. მაშინ შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯეირან კინწურაშვილმა და მინდია ლავასოღლიმ ერთ-ერთ პირს [ბრალდებულს], ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების ორგანიზება დაავალეს.

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

„კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა ერთჯერადი სოციალური დახმარება 2 ათასი ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აჭარის მთავრობამ დღეს, 24 ივნისს, გაავრცელა. საუბარია წინასწარ პატიმრობაში მყოფი ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის მეუღლეებისთვის მარტში ფულის ჩარიცხვაზე. პატიმრების ოჯახების წევრები ახლა ამბობენ, რომ ფული მათ სოციალური დახმარების გამო კი არ ჩაურიცხეს, არამედ იმიტომ, რომ მთავრობას წინასაარჩევნოდ დახმარებოდნენ, საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა და ამიტომაც დააკავეს წულუკიძე და ანთაძე.

გუშინ, 23 ივნისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე. მათ ხულიგნობის ჩადენას ედავება გამოძიება. ისინი 7 მაისს დააკავეს. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის ახლობლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, რადგან, მათი თქმით, ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დანით დაჭრეს და დაპირისპირებული მხარის ბრალდებულებისგან განსხვავებით, წინასწარ პატიმრობაში ესენი არიან.

15 ივნისს, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართა, ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა. “თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, პოლიციის განყოფილებაში შეგვხვდა და არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ… უარი ვუთხარით და სამაგიერო ასე გადაგვიხადეს,” – ამბობდა ფირუზ წულუკიძე, ის მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობისგან ფულის ჩარიცხვის ქვითარი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 19 და 24 მარტს ბრალდებულების – რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მეუღლეებს ერთჯერადი სოციალური დახმარება – თითოეულს 2 ათასი ლარი ჩაერიცხა. ორივე წერილი, რომლითაც მოქალაქეებმა სოციალური დახმარება მოითხოვეს, 16 მარტსაა დაწერილი. ორივე წერილში მოქალაქეები კონკრეტულად 2 ათას ლარს ითხოვენ. ეს წერილებიც გაასაჯაროვა დღეს აჭარის მთავრობამ.

„მოქალაქეთა წერილები გადაეგზავნა უფლებამოსილ უწყებებს და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა აღნიშნული ერთჯერადი სოციალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით (2020 წლის 19 მარტს და 2020 წლის 24 მარტს)“, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მომადლიერება უნდოდათ ჩვენი,“ – უთხრა გუშინ, 23 ივნისს, სასამართლო პროცესის შემდეგ ფირუზ წულუკიძემ ჟურნალისტებს. – „ეს ყველაფერი იყო კორონავირუსის გამო სამოძრაოდ, ბენზინისა და ჭამის ფული, რომ ვყოფილიყავით კომფორტულად მთავრობის ხარჯზე… არჩევნებამდე დიდი თანხის დახარჯვა არ უნდოდათ, რადგან მერე უფრო დიდი თანხის დახარჯვა მოუწევდათ,“ – თქვა ფირუზ წულუკიძემ. მისი თქმით, საბოლოოდ „გარიგება“ თორნიკე რიჟვაძის მამასთან და კოტე ანანიაშვილთან არ შედგა და ამიტომაც დააკავეს ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე. მისივე თქმით, მათ კონკრეტული დავალებები ჯერ მიღებული არ ჰქონდათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ხელისუფლების სასარგებლოდ.

„არც ის იყო ცნობილი, რა თანხას გადაგვიხდიდნენ… ეს ფული ჩაგვირიცხეს წასახალისებლად… სხვანაირად რა გამოდის, სოციალურად დაუცველი ჩემი ოჯახი არ არის და მთავრობა ისე კეთილია, რომ ასე, ოჯახის შეუმოწმებლად რიცხავს 2 ათას ლარს?“ – კითხულობს ფირუზ წულუკიძე. მან ჟურნალისტებს უთხრა ისიც, რომ პერიოდულად სხვა ფაქტებსაც გაასაჯაროვებს, თუკი ელდარ ანთაძეს და რეზო წულუკიძეს წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე კი, ბრალდებულების მეუღლეებმა თქვეს, რომ მათ რეალურად მოითხოვეს დახმარება, თუმცა იცოდნენ, რომ თანხის – 2 ათასი ლარის ჩარიცხვა დავით რიჟვაძესთან იყო შეთანხმებული. ბრალდებულ ელდარ ანთაძის ცოლმა, მირანდა ქამადაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი ოჯახი მართლაც  სოციალურად დაუცველია, შვილს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ასევე დედამთილს.

„რეალურადაც მჭირდებოდა ეს ფული… დავწერე თუ არა განცხადება, რამდენიმე დღეში მომივიდა შეტყობინება, რომ ფული ჩამერიცხა. ჩვენ არავის შევუმოწმებივართ,“ – გვითხრა მირანდა ქამადაძემ.

ბრალდებულ რეზო წულუკიძის ცოლი, ნარი ფუტკარაძე კი ამბობს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის, მაგრამ „დედამთილს ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება“.

აჭარის მთავრობაში არ უარყოფენ, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარება სარეზერვო ფონდიდან კონკრეტულად ამ მოქალაქეებისთვის მართლაც გაიცა.

„აჭარის მთავრობის აპარატში 2020 წლის მარტის თვეში შემოვიდა მოქალაქეების მ.ქ-ს და ნ.ფ-ს წერილები, სადაც აღწერილი იყო განმცხადებლების ოჯახების სიდუხჭირე, მედიკამენტების საჭიროება და ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო სოციალურად დაუცველობით (სოციალური ქულა 63 080) ოჯახის წევრების უმუშევრობით. განმცხადებლები მთავრობისგან მოითხოვდნენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას…“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯამში 600-ზე მეტ მოქალაქეს დაუფინანსეს მედიკამენტები და ქირურგიული ოპერაციები, ასევე გაიცა კომპენსაციები სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ.

რამდენ სოციალურად დაუცველ პირს დაეხმარა აჭარის მთავრობა? – ვკითხეთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს. ინფორმაციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

Exit mobile version