მთავარი,სიახლეები

„გამოდით თქვენი მაუწყებლის დასაცავად“ – აჭარის ტელევიზიის წინ ხვალ აქცია გაიმართება

25.06.2020 • 1380
„გამოდით თქვენი მაუწყებლის დასაცავად“ – აჭარის ტელევიზიის წინ ხვალ აქცია გაიმართება

26 ივნისს, პარასკევს, 18 საათზე, აჭარის ტელევიზიის წინ აქცია გაიმართება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დასაცავად. აქციის ორგანიზატორი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანებაა.

„მაუწყებლის თანამშრომლებს დევნიან კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის მავნებლურ პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის ტოლფასია.

მაუწყებელში მიმდინარე პროცესმა ასევე ნათლად აჩვენა მრჩეველთა საბჭოს წევრების რეალური სახე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნაცვლად, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.

თუ ასე გაგრძელდა და დაოკების, გაჩუმების, კითხვების დასმის აკრძალვისა თუ სხვა მავნებლური მცდელობების წინააღმდეგ არ ვიმოქმედეთ, მაუწყებელში გაჩერება სამარცხვინო იქნება. სამარცხვინო იქნება გაჩერება იქ, სადაც პროფესიულ ღირსებას ფასი არ აქვს და მხოლოდ მლიქვნელობა, მედროვეობა და კონფორმიზმი ფასდება.

ჩვენ არ ვართ ასეთები. ღრმად გვწამს, რომ ასეთები უმცირესობაში არიან, როგორც მაუწყებლის შიგნით, ასევე – საზოგადოებაში.

სწორედ ახლაა დრო, შევცვალოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების სამსახურში აყენებს. მაუწყებელი ჩვენი საერთო სივრცეა, შესაბამისად, ჩვენი დასაცავია სახელისუფლებო თუ კომერციული გავლენებისგან. ასეთი მაუწყებელი გვჭირდება ჩვენ, როგორც ჟურნალისტებს და თქვენ – საზოგადოების თითოეულ წევრს.

„გავაერთიანოთ მცდელობები მაუწყებლის გადასარჩენად. გეძახით ყველას, თითოეულ მოქალაქეს, გამოდით თქვენი მაუწყებლის დასაცავად“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზეა გამოქვეყნებული.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ძირითადად პროსახელისუფლებო კადრებითაა დაკომპლექტებული და საბჭო მხარს უჭერს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს, რომელმაც მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლებო ტელევიზიად გადაკეთება.

საქართველოში თითქმის ყველა ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა.

არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს. მათ შორისაა რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.

„ყოველთვის ვიყავი აჭარის ტელევიზიის გულშემატკივარი. პროგრესი გვჭირდება.. ჩვენთვის ეს სერიოზული საკითხია, ისე განვითარდეს აჭარის ტელევიზია, როგორც ვითარდებოდა და ვხედავდით იმდენ საინტერესო ადამიანს. ახლა სად არიან ისინი, არ ვიცი, ვერ ვხედავ” – ამბობს ის ვიდეოჩანაწერში, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულმა პროფკავშირმა გამოაქვეყნა.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე სიტუაციას ეხმიანება ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძეც. იგი ამ პროცესს „ამოქოლვას“ უწოდებს:

„აჭარის ტელევიზია ბოლო კუნძული იყო ქართულ მედიასივრცეში, რომელზეც შეიძლებოდა თქმა, რომ ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია. ბოლო წლების ტენდენციას თუ მივადევნებთ თვალს, ფაქტობრივად მოხდა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ შთანთქმა და გაყლაპვა ყველა მედიასაშუალების. არსებობს კერძო მედიასაშუალებები, რომლებიც ასევე პარტიული შინაარსისაა. ჩვენ აღმოვჩნდით პარტიულ ბრძოლებში მედიასაშუალებების მეშვეობით.

გაათავისუფლეს ძალიან გაუგებარი ბრალდებებით თუ მიზეზებით ყოფილი ხელმძღვანელი [ნათია კაპანაძე] და დანიშნეს ახალი, რომელიც იქცევა, როგორც სადამსჯელო რაზმი, საკუთარი ნებით ხან ვის გააგდებს, ვის მოიყვანს და ასე შემდეგ. ამ ტიპის განუკითხაობა და ფაქტობრივად დევნა თავისუფალი ჟურნალისტების, რაც დღეს მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის ჟურნალისტების და თავისუფალი აზრის დევნა, არანაირი ახსნა და გამართლება ამას არა აქვს. ეს არის ამოქოლვა და განადგურება იმ პრინციპის, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰქვია. აჭარის ტელევიზია ვეღარ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც ახლა ხორციელდება მისი მეთაურის ძალადობრივი მეთოდებით,“ – ამბობს გიორგი მაისურაძე.

აქცია ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ, ხვალ, 26 ივნისს, საღამოს 6 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაზე უზრუნველყოფილი იქნება სოციალური დისტანციისა და სადეზინფექციო პროცედურების დაცვისთვის აუცილებელი ყველა პირობა და, ამასთანავე, ორგანიზატორები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, პირბადეებით მოამარაგონ აქციის მონაწილეები. 

_________________

ფოტოზე: 2019 წლის ბოლოს, აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქცია. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: