მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება ბახმაროს პარკი – რეაბილიტაციის პროექტი 

25.06.2020 • 3555
როგორი იქნება ბახმაროს პარკი – რეაბილიტაციის პროექტი 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში დასასვენებელი პარკი მოეწყობა. არსებული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 373 777 ლარია.

პარკის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში  წინადადებების მიღება კი, 2020 წლის 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

პროექტის მიხედვით:

„სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩის გასწვრივ, ჩოხატაურიდან დაახლოებით 54 კმ. მანძილზე და შედგება ორი სეგმენტისგან, რომლებიც ჯამში მოიცავს დაახლოებით 13 805 კვ.მ-ს. აღნიშნული ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 1871,5 მ-ზე, ხოლო დასავლეთ ნაწილი  – 1858,5 მ-ზე.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას [გარე ღობის დემონტაჟსა და ახალი დეკორატიული ღობის მოწყობას, საგამოფენო სივრცისა და ამფითეატრის მოწყობა, უმოქმედო ლითონის სამი ჯიხურისა და ძველი მოცულობების დემონტაჟს, საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობას, დასასვენებელი ბაქნისა და მასზე მდგომი ფანჩატურის მოწყობას, საფეხმავლო ტროტუარისა და სანიაღვრე არხის მოწყობას, ასევე ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას, ბაქნებზე გრუნტის დამჭერი რ/ბ-ის საყრდენი კედლების მოწყობას].

პროექტი ასევე გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობას – საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას [ელექტროსისტემა და სანიაღვრე სისტემა], საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას, სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე შესაბამისი ფურნიტურის განთავსებას“.

ბახმაროს პარკის არსებული სიტუაცია [ზემოთ] და ახალი პარკის ვიზუალიზაცია [ქვემოთ] / წყარო: პროექტი ტენდერიდან

დაგეგმილია პარკში ხე-მცენარეების დარგვაც.

ბახმაროს პარკის დენდროლოგიურ პროექტში აღნიშნულია, რომ „საწყის ეტაპზე განისაზღვრა და შეფასდა არსებული ტყის მასივის, ასევე დეკორატიული ნარგავების სახეობები. პროექტში წარმოდგენილია საქართველოში გავრცელებული, ასევე ხმელთაშუაზღვის და ევროპული მცენარეების ჯიშები. პროექტში გვხვდება მარადმწვანე ხეები და ბუჩქები, ბალახოვნები, მოყვავილე ბუჩქები და ქვეტყის ფოთლოვანი მცენარეები. ნარგავები შერჩეულია ადგილობრივი სუბალპური კლიმატური პირობების გათვალისწინებით“.

ამავე თემაზე:

რა ღირს დასვენება ბეშუმსა და ბახმაროში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: