უკვე ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილი. პლენუმი საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში მიიღებს.
„თეორიული შესაძლებლობა არსებობს უფრო,“ – გვიპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, როცა მას ვკითხეთ, რამდენად შეიძლება მიიღოს მოსამართლეების მხარდაჭერა. ხუთმა მოსამართლემ კანდიდატად მერაბ ტურავა დაასახელა. ეს მოსამართლეები არიან: ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი და თავად მერაბ ტურავა.
ირინე იმერლიშვილი კი კანდიდატად დაასახელეს: თეიმურაზ ტუღუშმა, გიორგი კვერეჩხილაძემ, თამაზ ცაბუტაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან არის თავისუფალი, როცა ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა. გუშინ, 17 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო.
როგორია პოლიტიკური გავლენა, როცა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ეხება? – ვკითხეთ ირინე იმერლიშვილს.
„ამ თემაზე ჩემი კომენტარი უხერხულია, რადგან გარდა იმისა, რომ ვარ კანდიდატი, ვარ მოსამართლე. ამის ანალიზი და კომენტარები აჯობებს გააკეთონ სხვებმა: პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს სფეროში… მოსამართლის პირველი რიგის ვალდებულება არის ის, რომ იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან,“ – აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.
რატომ იყო მნიშვნელოვანი კანდიდატობა, თუკი შანსები მხოლოდ თეორიულია? – მოსამართლე ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია განსხვავებული აზრის დაფიქსირება და „ალტერნატივის შექმნა“.
ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ მისი უპირატესობა მერაბ ტურავასთან მიმართებით ძირითადად საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილებაა.
„ეს ჩვენი სასამართლოსთვის დამახასიათებელია, ეს სწორია და ეს ძალიან იშვიათია სამწუხაროდ საერთო სასამართლოებში,“ – დასძინა ირინე იმერლიშვილმა.