Batumelebi | როგორ მუშაობენ რადიკალური ჯგუფები – ერთწლიანი კვლევის შედეგები როგორ მუშაობენ რადიკალური ჯგუფები – ერთწლიანი კვლევის შედეგები – Batumelebi
RU | GE  

როგორ მუშაობენ რადიკალური ჯგუფები – ერთწლიანი კვლევის შედეგები

„ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში შესამჩნევია ამერიკის დემონიზაციის მცდელობა და ანტილიბერალური გზავნილები“, – აღნიშნულია კვლევის მიგნებებში, რომელიც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა. ეს ორგანიზაცია გასული წლის გაზაფხულიდან სწავლობდა ამ ჯგუფებს. კვლევის ავტორებმა 12 ულტრამემარჯვენე ლიდერისა და 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული 20 235 სტატუსი შეისწავლეს და 9 ონლაინგამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2 317 სტატია გააანალიზეს.

„აქტივიზმი როცა დავიწყე, ნაციონალისტური მიმართულებით, მაშინ დიდი ინფორმაცია არ მქონდა ამ იდეოლოგიაზე, თუმცა ეროვნული მოტივების მოზღვავებას ვგრძნობდი და მსურდა აქტიური ვყოფილიყავი. მქონდა პროტესტის გრძნობა და ეროვნული კუთხით ვხედავდი საფრთხეებს,“ – ამბობს ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. კვლევის ფარგლებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერი და მომხრეები იმის გასაგებად ჩაწერეს, ვინ არიან ეს აქტივისტები, რატომ გაუჩნდათ რადიკალურ ჯგუფებში ჩართვის სურვილი და როგორია მათი როლი.

კვლევის მიხედვით, ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ანტილიბერალური და ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევიან, 2012 წლიდან გააქტიურდნენ. გამოკითხულ რესპონდენტებს ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხი აქვთ, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მათ იციან ამ ტერმინების მნიშვნელობა.

ყველაზე საინტერესო, რასაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივისტები ამბობენ, არის ის, რომ ისინი ავტორიტეტად ეროვნულ და საზოგადო მოღვაწეებს, მათ შორის, ილია ჭავჭავაძეს, დავით აღმაშენებელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ასახელებენ. ამის პარალელურად კი, რესპონდენტები დემოკრატიულ, დასავლურ და ლიბერალურ ღირებულებებს ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

„ბედნიერია ის ერი, რომელსაც შეუძლია ჰყავდეს ისეთი გზამკვლევები მთელი ისტორიის მანძილზე, როგორებიც იყვნენ დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე. მიმაჩნია, რომ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ნაციონალური მსოფლმხედველობის ფუნდამენტი მათ მიერ არის განსაზღვრული,“ – ამბობს ულტრამემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელი.

რამდენიმე აქტივისტს ინტერვიუს დროს უთქვამს, რომ საკუთარ თავს ულტრამემარჯვენე ჯგუფს არ მიაკუთვნებს და წლების წინ მათი ჩართვა ულტრანაციონალისტურ აქციებში არაინფორმირებულობამ განაპირობა.

„ამ რესპოდენტთა თქმით, უნივერსიტეტში სწავლისა და პოლიტიკურ იდეოლოგიებში გარკვევის შემდეგ, აღარ სურთ „ულტრანაციონალისტის“ იარლიყის ტარება… ასევე, არ სურთ რაიმე საერთო ჰქონდეთ საკუთარ წარსულთან,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

თუმცა, არის სხვა შემთხვევაც, როცა რესპონდენტი ამბობს, რომ ახალგაზრდობის ასაკში ჩართული იყო ლიბერალურ აქტივიზმში, მაგრამ ახლა ლიბერალიზმი მისთვის მიუღებელია.

რესპონდენტებმა კვლევის ავტორებს უთხრეს, რომ კონსერვატიულ გარემოში გაიზარდნენ და გააქტიურების სურვილი თინეიჯერობის ეტაპზე გაუჩნდათ, როცა ჰქონდათ პროტესტი ხელისუფლების თუ სხვა პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. რადიკალური ჯგუფების აქტივობაზე საუბრის დროს ისინი ძირითადად ახსენებენ სიტყვას „ჩვენ“ და არა – „მე“.

ულტრამემარჯვენე ჯგუფის წარმომადგენლები სამშობლოს, ტრადიციას და ეროვნულ ფასეულობებს მიწას უკავშირებენ, რომელიც „წინაპრებმა დაგვიტოვეს“. რესპონდენტები საუბრობენ უცხოელებზე, მაგალითად, ირანელებზე და მათ მიერ გაშენებულ სოფელზე.

„ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მიწა, ფესვები, რასა და სისხლია მნიშვნელოვანი. თუკი სამშობლოსა და შენი ხალხის სიყვარული, წინაპრებისადმი პატივისცემა და ტრადიციისადმი ერთგულება ფაშიზმია, დაე, ვიყო ფაშისტი,“ – თქვა კიდევ ერთმა რესპონდენტმა.

რესპონდენტების ნაწილი ემიჯნება იმ ჯგუფებს, რომლებსაც ღიად გამოხატული პრორუსული შეხედულებები აქვთ. „მიწა“ აქაც მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ამ რესპონდენტების ანტირუსული განწყობების საფუძველია არა საქართველოს მიწის მიტაცება რუსეთის მხრიდან, არამედ ორსაუკუნოვანი მტრული ისტორიული გამოცდილება.

რესპონდენტების ეს ნაწილი აკრიტიკებს „ქართულ მარშსაც“. „ეს ადამიანები ამარგინალებენ ნაციონალიზმის აღქმას და სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება ჩვენი ერთ ფლანგად აფილაცია. „ქართული მარშის“ წევრები არ ცხოვრობენ ეროვნული შეგნებით. მე მათ არც პატრიოტებად ვაღიარებ,“ – ამბობს რესპოდენტი.

რესპონდენტები აკრიტიკებენ ლიბერალურად განწყობილ მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფემინისტებს, უმცირესობების უფლებადამცველებს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რატომ ქმნის საფრთხეს რომელიმე მათგანი. მათი აზრით, „ლიბერალიზმმა დღეს აზრი და მნიშვნელობა დაკარგა“.

ლიბერალიზმის კრიტიკის მიუხედავად, რამდენიმე რესპოდენტი ამბობს, რომ მას ლიბერალურ ჯგუფებთან ერთადაც წარმოუდგენია საერთო ბრძოლა. მაგალითად, ერთ-ერთმა გამოკითხულმა თქვა, რომ ე.წ. „გავრილოვის ღამეს“ თავის თანამოაზრეებთან ერთად რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს ისიც აპროტესტებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, ულტრამემარჯვენე ფლანგის წარმომადგენლისთვის „გავრილოვის ღამის“ ზოგიერთი ლიბერალი ორგანიზატორი და გამომსვლელი პიროვნულად და იდეოლოგიურად მიუღებელი იყო, მე მაინც მათ გვერდით ვიდექი. ამ შემთხვევაში მთავარი იყო ეროვნული თვითშეგნება და ერთიანობა,“ – თქვა მან.

კიდევ ერთი დეტალი – ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა ინტერვიუების დროს გააკრიტიკეს ფეისბუკის ადმინისტრაციაც. მათ თქვეს, რომ ფეისბუქის დახმარებით ავრცელებენ ძირითადად საკუთარ მოსაზრებებს და იდეებს. ფეისბუქგვერდების დაბლოკვა კი „ცენზურაა“.

როგორ მუშაობენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოშირა აჩვენა კვლევამ

კვლევის ავტორებმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებში 5 კატეგორია გამოყვეს: ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ნაციონალისტური დისკურსის მიხედვით.

„შესწავლილი პოსტების ჯამურმა ინტერაქციამ გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგულობით გამოირჩეოდა ნაციონალისტური და ანტილიბერალური შინაარსის მქონე პოსტები,“ – აღნიშნულია კვლევაში.

მონიტორინგის ფარგლებში დასახელებულია კონკრეტული ფეისბუქგვერდები, რომლებიც ულტრამემარჯვენე გზავნილებს ავრცელებენ, მაგალითად, „თურქეთი ოკუპანტია“, „დადუმებული ქართველობა“, „კარდჰუ“, „ანტილიბერალური ლიგა“, „ალტ-კლუბი“, „Geo Pepe“, პოლიტიკანო, ალტ-ინფო, ზნეობა.

„ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ლიდერები  ონლაინ პლატფორმას იყენებენ, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებში ანტილიბერალური განწყობების გასაღვივებლად, ხოლო მეორე მხრივ, „გარყვნილი დასავლეთის“ საპირწონედ რუსეთის წარმოსაჩენად,“ – დასძენენ კვლევის ავტორები.

კვლევის მიხედვით, ულტრამემარჯვენე რიტორიკისთვის საქართველოში დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი: ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაში ირაციონალური შიშების და სიძულვილის დანერგვა.

მონიტორინგის დროს გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს შორის ქსელური კავშირები, ასევე ონლაინ მედიის მხრიდან მკვეთრად პრორუსული გზავნილები. მედიამონიტორინგის დროს გამოჩნდა, რომ აქტიურად ახდენენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დემონიზაციას, ხოლო ჯორჯ სოროსი წარმოდგენილია, როგორც გარყვნილების მთავარი დამკანონებელი.

„ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველაზე ხშირი ობიექტები არიან: ფემინისტები, მიგრანტები, ლგბტქ თემი, მუსლიმები და ლიბერალები… ონლაინ მედიაში რესპონდენტებად ყველაზე ხშირად იმ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს იწვევენ, რომლებიც საქართველოში ულტრამემარჯვენე დღის წესრიგს ქმნიან,“ – წერია კვლევაში.

კვლევის თანახმად „საქართველოში რუსული დეზინფორმაციების და კრემლის პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთ ძირითად პლატფორმა არის – „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“, სპუტნიკ საქართველო“, „News front Georgia”, „კავკაზ პლიუსი“ და „TVMnews“… გამოიკვეთა მათი მხრიდან რუსულენოვან საინფორმაციო-სატირულ სააგენტოებზე დაყრდნობით სხვადასხვა მითების გავრცელება დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით. სატირული ინფორმაციის გარდაქმნა და გავრცელება ნამდვილ ამბად კი პროპაგანდის ის სახეობაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება პრორუსული მედიის მიერ ანტიდასავლური რიტორიკის გასავრცელებლად. სწორედ ამ მეთოდზე დაყრდნობით ცდილობენ საქართველოში ევროპისგან შექმნან მტრის ხატი და ყოველივე „გარყვნილების“ მთავარ მიზეზად წარმოაჩინონ.

„ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმისა და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ – კვლევის სრული ვერსია.

ამ თემაზე:

პრორუსული ჯგუფების აღზევებისთვის დღეს ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგია – უჩა ნანუაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი