ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა ოთხ წელში 6 მილიონის ტენდერები მოიგეს –  TI-ის კვლევა

24.06.2020 • 2415
ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა ოთხ წელში 6 მილიონის ტენდერები მოიგეს –  TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.

„ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. სავარაუდოდ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე:

  • მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;
  • 2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;
  • დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონამდე ლარი მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი“, – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

მაგალითად, კვლევის მიხედვით, „გიგა 2015“ ანზორ ქამადაძემ 2015 წელს დაარეგისტრირა, 100%-ის მფლობელი და დირექტორიც თავად იყო. 2016 წლის 3 ივნისს კომპანიის დირექტორად ანზორ ბოლქვაძის ნათესავი, რომან ბოლქვაძე დაინიშნა (საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით დგინდება, რომ რომან ბოლქვაძე და ანზორ ბოლქვაძის დედა, სემიე ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები). 2018 წლის 8 იანვარს ანზორ ქამადაძემ კომპანიის 100% რომან ბოლქვაძეს უსასყიდლოდ გადასცა.

რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ შპს „გიგა 2015” აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს. ანზორ ქამადაძის დირექტორობის დროს კომპანიას თუ ერთი ტენდერიდან და ერთი გამარტივებული შესყიდვიდან სულ 52 542 ლარი ჰქონდა მიღებული, რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, 2016 წლიდან 2020 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით კომპანიის შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 73-ჯერ გაიზარდა და მთლიანობაში 3 847 120 ლარი შეადგინა. აქედან, 1 290 493 ლარი (შემოსავლის 33%) უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან მიღებული თანხაა. „გიგა 2015“-მა სულ 79 შესყიდვაში მოიგო.

ამასთან, კომპანიამ ჯამში მიღებული თანხის 84% – 3 252 372 ლარი აჭარის საგზაო დეპარტამენტის 69 შესყიდვიდან მიიღო – ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან ამ დეპარტამენტში 10 წელია ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე მუშაობს. მეტიც, ის წლების განმავლობაში დეპარტამენტის სატენდერო კომისიის წევრი იყო, მათ შორის იმ შესყიდვების დროს, რომელთა შედეგად ხელშეკრულებები „გიგა 2015”-ს გაუფორმდა. როლანდ ბოლქვაძე დეპარტამენტში მატერიალური რესურსებისა და მექანიზაციის სამსახურის უფროსი იყო, ამჟამად კი ლოჯისტიკის სამსახურს ხელმძღვანელობს.

„გიგა 2015”-მა 29 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, მათგან 27 შემთხვევაში შემსყიდველი საგზაო დეპარტამენტია, რომლისგანც კომპანიას 21 945 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვაც აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ 14 შესყიდვაში კონკურენტები შემსყიდველებს შპს „გიგა 2015”-ზე დაბალ ფასებს სთავაზობდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მათ დისკვალიფიკაცია მისცეს და ამ ტენდერებში შპს „გიგა 2015”-მა გაიმარჯვა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

ორგანიზაციის კვლევა სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით:

„ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. დეპუტატის ეკონომიკური საქმიანობა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის ფონზე, რომ ანზორ ბოლქვაძე არ გამოირჩევა აქტიური კანონშემოქმედებითი საქმიანობით (დეპუტატობის 12 წლის მანძილზე ბოლქვაძემ პარლამენტში განსახილველად სულ 5 ინიციატივა წარადგინა. 5-დან მხოლოდ 2 შემთხვევაში იყო ინიციატივის ავტორი – ერთი დამოუკიდებლად, მეორე კი სხვა დეპუტატებთან ერთად მოამზადა, დანარჩენი 3 წარდგენილი დოკუმენტი აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობის გარემოს დაცვის სამმართველოსა და ბათუმის მერიაში მომზადდა).

ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს, რითაც ათწლეულია სარგებლობს სხვადასხვა მაჟორიტარი – ისინი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობენ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რაც ხშირად სრულდება მათი ახლობლების საჯარო სამსახურებში დასაქმებითა და მათთან დაკავშირებული კომპანიების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით. საბოლოოდ კი საზოგადოება შედეგად იღებს კორუფციის გაზრდილ რისკებსა და ნაკლოვან საჯარო მმართველობას.

კვლევაში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით მოვუწოდებთ:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „აისის”, “ქედესა” და „გიგა 2015”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს, ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.

ამ თემაზე:

„ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ“ – ანზორ ბოლქვაძე დეკლარაციაში ქონების დამალვაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: