სიახლეები

რა ღირს დასვენება ბეშუმსა და ბახმაროში

19.06.2020 • 9339
რა ღირს დასვენება ბეშუმსა და ბახმაროში

ზაფხულის დაწყების მიუხედავად, მთის კურორტებზე დამსვენებლები ჯერ მცირე რაოდენობით არიან. მთაში განთავსებული კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები კი გაქირავებას და პირველ სტუმრებს ელიან.

კურორტ „ბეშუმის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ყველა წესი დაიცვეს, რაც კორონავირუსის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. კოტეჯებიც შესაბამისად აღჭურვეს ყველა საჭირო ინვენტარით.

„იყვნენ მოსულები, შეგვამოწმეს და ველოდებით პასუხს. როგორც კი სტატუსს მოგვანიჭებენ, მაშინვე დავიწყებთ ტურისტების მიღებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ ქედელიძე, კურორტ „ბეშუმის“ ხელმძღვანელი.

კურორტ „ბეშუმის“ საკუთრებაში 30 კოტეჯია. კოტეჯში ღამისთევის ფასი ერთ ადამიანზე 35 ლარია. იმისათვის, რომ კოტეჯი დაიქირაოთ, მინიმუმ სამი ადამიანი მაინც უნდა იყოთ. „კოტეჯი ოჯახებზეა გათვლილი და ერთი ადამიანის დასვენება დღეში 35 ლარი ღირს. 3 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, ხოლო 10 წლამდე ბავშვებისთვის მოქმედებს 25 %-იანი ფასდაკლება. 35 ლარი ეღირება 20 ივლისამდე. 20 ივლისიდან 10 აგვისტომდე 40 ლარამდე გაიზრდება, 10 აგვისტოს შემდეგ კი ისევ 35 ლარი გახდება. კოტეჯის დაქირავების საფასურში შედის დღეში სამჯერადი კვება,“ – გვითხრა თემურ ქედელიძემ.

ბეშუმი ფოტო: თამარ ნერგაძე/ბათუმელები

გარდა ამისა, ბეშუმში არის კერძო კოტეჯებიც. ერთ-ერთი კოტეჯის მფლობელი თამაზ შანთაძე ამბობს, რომ სტუმრებს კეთილმოწყობილ საცხოვრებელს ახვედრებს.

„კეთილმოწყობილი კოტეჯი მაქვს. ექვს ადამიანზე გათვლილი. ერთი ღამის ფასი 100 ლარია. თუმცა ივლისის მეორე ნახევრიდან, როცა ტურისტი მოიმატებს, ფასს, სავარაუდოდ, 150 ლარამდე გავზრდით. ასევე გვაქვს სასტუმრო,  სადაც ერთ ადამიანზე ერთი ღამის ფასი 60 ლარია,“ –  ამბობს თამაზ შანთაძე.

საკმაოდ  მაღალია გურიაში მდებარე კურორტ „ბახმაროში“ დასვენების ფასი. ერთი კოტეჯის დაქირავების ფასი თვეში 400 ლარიდან იწყება და 3000 დოლარამდე ადის.

კურორტ „ბახმაროს“ დირექტორი დავით საჯაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 400 ლარიან კოტეჯში დამსვენებელს მხოლოდ პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები დახვდება – საწოლი, სკამი, მაგიდა.

რაც შეეხება 1000 დოლარი და მეტი თანხის ღირებულების კოტეჯებს, კეთილმოწყობილია, ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილი და ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: