მთავარი,სიახლეები

ტურიზმში დასაქმებულთა 40%-ს შემოსავლის სხვა წყარო არ აქვს – გამოკითხვა

24.06.2020 • 1492
ტურიზმში დასაქმებულთა 40%-ს შემოსავლის სხვა წყარო არ აქვს – გამოკითხვა

აჭარაში 65 პირი გამოკითხეს ტურიზმის სექტორზე პანდემიის გავლენის დასადგენად. გამოკითხულთა შორის იყვნენ სასტუმროებში, რესტორნებში დასაქმებულები, გესტჰაუსების მეპატრონეები, გიდები და ა.შ.

გამოკითხვა განხორციელდა აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) ეგიდით და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ჩართულობით

  • გამოკითხულთა 49,2 %-სთვის ტურიზმი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, 47,7%-ისთვის კი – დამატებით, მაგრამ მნიშვნელოვანი წყარო, ხოლო დანარჩენისთვის ტურიზმი შემოსავლის დამატებითი, თუმცა უმნიშვნელო წყაროა. 

გამოკითხულთა 41,5 %-მა კვლევისას მიუთითა, რომ პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ტურიზმის სექტორზე, ხოლო 21.5%-ზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ზოგი მიიჩნევს, რომ უცხოელი ტურისტების შემცირების პარალელურად გააქტიურდება შიდა ტურიზმი – გამოკითხულთა 33,8 პროცენტი სწორედ ასე ფიქრობს, თუმცა გაცილებით მეტს, 52,3%-ს მიაჩნია, რომ შემცირდება შიდა ტურისტების გადაადგილებაც. 13.8%-ის მოსაზრებით შიდა ტურიზმი შარშანდელ დონეზე დარჩება.

  • გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 50,8% ამბობს, რომ ტურიზმში შეფერხებების შემდეგ დარჩა ყველანაირი შემოსავლის გარეშე და პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა მათ შემოსავლებზე, გამოკითხულთა 41,5 პროცენტი ამბობს, რომ პანდემია ფინანსური კუთხით მათზე ცუდად აისახა და მხოლოდ 7,7 პროცენტზე პანდემიას უმოქმედია ფინანსურად. 

პანდემიის შემდეგ ტურიზმის გარდა ალტერნატიული შემოსავალი გამოკითხულთა მხოლოდ 10,8%-ს აღმოაჩნდა, 40%-ს არ აქვს არანაირი სხვა ალტერნატიული წყარო, 49,2% ამბობს, რომ აქვს მინიმალური ალტერნატიული შემოსავალი.

გამოკითხულთა 67,7%-ს გარკვეული მოსაზრებები აქვს, თუ როგორ გადაეწყონ სხვა საქმიანობაზე 2020 წლის მეორე ნახევრისთვის, თუმცა ეს მოსაზრებები გეგმის სახით არ აქვთ ჩამოყალიბებული; 18,5 პროცენტს ამ საკითხზე არავითარი გეგმა არ აქვს და გამოკითხულთა მხოლოდ 13,8 პროცენტმა განაცხადა, რომ აქვს გეგმა.

როგორია თქვენი პროგნოზი უახლოესი 6 თვის მანძილზე? – ამ კითხვაზე გამოკითხულთა 68,8 პროცენტმა უპასუხა, რომ შემოსავლების საშუალოდ 40-50 პროცენტით შემცირების მოლოდინი აქვთ, 26,6 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ უახლოეს ექვს თვეში საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. გამოკითხულთა მხოლოდ 4.6 % მიიჩნევს, რომ მისი შემოსავლები შარშანდელი შემოსავლების ტოლი იქნება.

გამოკითხულების თითქმის სრული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ჩართულობა [93,8%].

კვლევაში მოცემულია გამოკითხულთა რეკომენდაციებიც, თუ რა ტიპის მხარდაჭერაა საჭირო მათთვის სახელმწიფოს მხრიდან და რა ნაბიჯები იქნებოდა ეფექტური შიდა ტურიზმის გააქტიურებისთვის. მათ შორისაა:

  • რესტორნების / კაფეების / მცირე სასტუმროებისთვის – უსაფრთხოების ზომებისთვის საჭირო მოწყობილობის და სადეზინფექციო მასალების გარკვეული ნაწილის სუბსიდირება (მაგ: 30-40 %);
  • ქვეყნის ეკო/აგრო ტურისტული ადგილების აქტიური რეკლამირება/პრომოუშენი;
  • გიდების დროებითი დასაქმების ხელშეწყობა ალტერნატიულ სექტორში;
  • ფასდაკლებების კვირეული და შესაბამისი ღონისძიებები რეგიონების მიხედვით;
  • ტურისტულ ატრაქციებზე ფასდაკლებების შეთავაზება – მაგ: სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ობიექტებზე – მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და ა.შ.;
  • შეიქმნას კერძო სექტორში დასაქმებულების (ასევე თვითდასაქმებულების) ბაზა, რომ მოხდეს მათი დახმარება, ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში შეთავაზება და ა.შ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: