მთავარი,სიახლეები

„შეიარაღებული ხალხი იქნება, შეგნებაც იქნება“ – „გირჩის“ საარჩევნო შეხვედრა ბათუმში

25.06.2020 • 1320
„შეიარაღებული ხალხი იქნება, შეგნებაც იქნება“ – „გირჩის“ საარჩევნო შეხვედრა ბათუმში

ბევრი ადამიანი არ შეკრებილა, მაგრამ ბევრი შეკითხვა დაუსვეს დღეს, 25 ივნისს, „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში მოედანზე შეკრებილებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს.

„ჩვენ არ გვეყოლება კოორდინატორები და წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში… რასაც მივიღებთ, ეს იქნება ნატურალური ხმები,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მას ჰკითხეს, რატომ არ გეგმავს „გირჩი“ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას.

„მხარდაჭერა ნაკლები გაქვთ თქვენი შეხედულებების გამო, მაგრამ ასე მგონია, თქვენ ნაკლებად იტყუებით,“ – აღნიშნა შეხვედრაზე მოქალაქემ.

„თუ ამ არჩევნებზე შევალთ პარლამენტში და შევქმნით ფრაქციას, ეს არის ახლა ჩვენი მიზანი, 2024 წლის არჩევნებზე ვიბრძოლებთ უკვე გამარჯვებისთვის და არა მხოლოდ პარლამენტში შესვლისთვის… პოლიტიკა ბიზნესივით არის: ან მიდიხარ ზემოთ და იზრდები, ან კვდები,“ – უპასუხა მოქალაქეს ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერმა შეკრებილებს უთხრა, რომ მოსამართლე, პირველი დონის სასამართლოს ინსტანციებში მაინც, არჩევითი უნდა იყოს და ბრალდებულს თავად უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება – არჩეულმა მოსამართლემ განიხილოს მისი საქმე, თუ დანიშნულმა მოსამართლემ. ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა იმაზეც, რომ განათლების სამინისტრო საერთოდ დასაშლელია და სკოლებმა კონკურენციის რეჟიმში უნდა იმუშაონ.

„თქვენ იარაღის ლეგალიზებასაც ითხოვთ, ხომ?“ – ჰკითხა ზურაბ ჯაფარიძეს შეხვედრის მონაწილემ.

„კი, ვითხოვთ იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას მაქსიმალურად,“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. მას უთხრეს, რომ  მაშინ ალკოჰოლური სასმელების მიღება უნდა აიკრძალოს, რადგან „შეგნება დაბალია“.

„ჩვენ გვჭირს ცუდი რაღაცები, რადგან მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან. არავისზე ნაკლები არ ვართ. შეგნება ისეთი ამბავია, მეუბნებიან კიდეც, რომ ამდენი თავისუფლება არ შეიძლებაო, მაგრამ წყალში თუ არ ჩავარდები, ცურვას ვერ ისწავლი. შესაბამისად, შეიარაღებული ხალხი იქნება, შეგნებაც იქნება. ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა საკუთარი თავი და ოჯახი დაიცვას,“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

„რატომ ფიქრობთ, რომ ასე ნაკლები დანაშაული მოხდება?“ – ჩაეკითხნენ „გირჩის“ ლიდერს.

„შეირაღებული საზოგადოება თავაზიანი საზოგადოებაა,“ – ღიმილით უპასუხა ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერს კითხვა დაუსვეს თვითმმართველობაზეც, მათ შორის, ავტონომიის პირობებში, თუმცა კითხვის დასრულებამდე ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ „ეს ავტონომია ფურცელზე დაწერილი სისულელეა“ და ვიდრე არ იქნება დამოუკიდებელი ფინანსები, რეალური თვითმმართველობა არ იქნება.

„ქვემოდან ზემოთ ყალიბდება თვითმმართველობა, ადგილზე უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება,“ – დასძინა მან.

ზურაბ ჯაფარიძეს ჰკითხეს მედრესეებზეც, სადაც ბავშვებს უფასოდ ასწავლიან და იმ მოსაზრებაზეც, რომ ამ მედრესეებს, შესაძლოა, თურქული სპეცსამსახურები იყენებენ.

„თუ ეს ასეა, ამას უნდა მიხედოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა… პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მშობლებმა იმაზე, თუ სად ისწავლიან შვილები, და არა სახელმწიფომ, ისევე როგორც, თუ კი მშობლები მართლმადიდებლები არიან და უნდათ, რომ შვილები გაზარდონ მართლმადიდებელ სკოლაში, მათ უნდა ჰქონდეთ ამის სრული უფლება,“ – უპასუხა მოქალაქეს ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერს შეხვედრაზე მოუწოდეს ხვალინდელ აქციას დაესწროს, სადაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტებენ. ჯაფარიძის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია მცდარია და იგი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

„ვიცი, რომ „გირჩიდან“ ხალხი აპირებს მისვლას და სრული სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიაში დაიჩაგრნენ, მაგრამ ვერ იქნება სამართლიანი წესები სახელმწიფო ტელევიზიაში,“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: