მთავარი,სიახლეები

“ემოციებს დაგანახებთ აწი” – წულუკიძე და ანთაძე პატიმრობაში დატოვეს

23.06.2020 • 1640
“ემოციებს დაგანახებთ აწი” – წულუკიძე და ანთაძე პატიმრობაში დატოვეს

ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. დღეს, 23 ივნისს, ხულიგნობის საქმეზე, რის გამოც ბათუმში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება, წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება სჯის, რადგან უარი უთხრეს წინასაარჩევნოდ დახმარებაზე. ბრალდებულების მეუღლეებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ სოციალური დახმარება 2020 წლის მარტში ჩაურიცხეს.

“გვითხრეს, რომ მერიაში დავწერდით განცხადებას და მივიღებდით ფულს. დავწერეთ და მართლაც ჩაგვერიცხა 2-2 ათასი ლარი,” – ამბობს მირანდა ქამადაძე, იგი ბრალდებულის, ელდარ ანთაძის ცოლია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ ამ ოჯახებს ერთჯერადი სოციალური დახმარება მისცეს იმის მიუხედავად, რომ, მაგალითად, ბრალდებულ რეზო წულუკიძის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორივე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია და სადავოდ. არსებითი განხილვა პირველ ივლისს დაიწყება.

ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე, რომელიც ჩხუბს ასახავს.

“იქ ჩანს, რომ ელდარ ანთაძე დაბრუნდა უკან, ხედავს, რომ რეზო წულუკიძეს სცემენ და მას მიეშველა… ის იგერიებდა სამ ადამიანს, ვინც თავს დაესხა. ეს იქნება გამართლების საფუძველი,” – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატმა ისაუბრა ციხეში არსებულ პრობლემებზეც.

“ავბედითი დრო ბრუნდება, ბატონო მოსამართლევ, რასაც ჰქვია პატიმრების წამება,” – დასძინა ადვოკატმა. მისი თქმით, ელდარ ანთაძეს აწუხებს ძლიერი ტკივილი და მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება არ უტარდება.

პენიტენციურ სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ბრალდებულს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება.

“მე გადაწყვეტილებებს ვიღებ იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებები დევს ჩემს მაგიდაზე, საქმეში ახალი არაფერია წარმოდგენილი,” – აღნიშნა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა, როცა ბრალდებულები ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

“მხოლოდ ემოციებით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას,” – დასძინა მოსამართლემ, ვიდრე ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა.

“ემოციებს ნახავთ აწი,” – რეპლიკით გააცილეს მოსამართლე ბრალდებულ რეზო წულუკიძის ოჯახის წევრებმა. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ შემდეგ სასამართლო პროცესზე.

ადვოკატმა გააპროტესტა ბრალდებულების სამარტოო საკნებში დაუსაბუთებლად მოთავსებაც.

ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე ბათუმში 7 მაისს დააკავეს, მათ ხულიგნობას ედავება პროკურატურა აპრილში მომხდარ ჩხუბზე. ამავე საქმეზე კიდევ ოთხ პირს წარუდგინეს ბრალი. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის ახლობლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, რადგან, მათი თქმით, ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დანით დაჭრეს და დაპირისპირებული მხარის ბრალდებულებისგან განსხვავებით, წინასწარ პატიმრობაში ესენი არიან.

ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ერთ-ერთ აქციაზე, 27 მაისს, პოლიციამ აქციის 30 მონაწილე დააკავა ადმინისტრაციული წესით.

რეზო წულუკიძე წინასწარ პატიმრობაში იყო გასულ წელსაც – ამ შემთხვევაში მას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ედავებოდნენ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენას. ამ საქმეზე რეზო წულუკიძესთან გასული წლის 18 სექტემბერს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბის საქმეზეც“ ბრალდებულის ახლობლები აპროტესტებდნენ იმას, რომ ის, ვინც ამ კონფლიქტის დროს შეიარაღებული იყო, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ოთხი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: