განათლება,მთავარი,სიახლეები

კონკურსის 17 წლის გამარჯვებული მოსწავლე გურიიდან

25.06.2020 • 3868
კონკურსის 17 წლის გამარჯვებული მოსწავლე გურიიდან

გამოვლინდნენ კონკურსის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში” გამარჯვებულები. კონკურსი უფროსკლასელებისთვის საქართველოში ავსტრიის საელჩომ, „ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიასთან“ ერთად, ევროპის დღეების ფარგლებში გამოაცხადა.

კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჯიმი თუთისანი გახდა, ის ოზურგეთში, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. მან პირველი ადგილი გალელ თანატოლთან გაიყო. მისი ვინაობა, როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა გვითხრეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდება.

„ბათუმელები“ კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ჯიმი თუთისანს ესაუბრა. ჯიმი ამბობს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა თუნდაც იმიტომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ გაიგო.

„მის შესახებ მანამდე არ ვიცოდი და როცა მოვიძიე ინფორმაცია, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს ქალი ჩემთვის, რომ გადავწყვიტე  ესე დამეწერა. არა იმიტომ, რომ ვთქვათ, პრიზი მომეწონა, ამ ისტორიის გამო და იმისთვის, რომ ეს ცოდნა გამომადგებოდა,“ – გვითხრა ჯიმიმ.

„ძირს იარაღი!“ – ასე ეწოდება ბერტა ფონ ზუტნერის ერთ-ერთ ცნობილ რომანს, თუმცა როგორც ჯიმიმ გვითხრა, ბერტას ისტორიის გაცნობამდე ეს ფრაზა მისთვის ბავშვობასთან ასოცირდებოდა:

„როცა თანატოლები „ომობანას“ ვთამაშობდით ხოლმე, დამარცხებულ გუნდს შევძახებდით, – „ძირს იარაღი!“ თუმცა ყველაფერი გაცილებით რთულადაა, როცა ვიზრდებით და ნამდვილ იარაღს ვიღებთ ხელში, აი, მაშინ ალბათ ბერტა ფონ ზუტნერი უნდა იყო, რომ ასე თამამად, ასე ხმამაღლა ამხილო ომისა და სიძულვილის ყველა საშინელება ორი სიტყვით, – „ძირს იარაღი!“

ჯიმი ამბობს, რომ მისთვის ევროპა ასოცირდება ადამიანის თავისუფლებასთან.

„თავისუფლებაა თუნდაც ის, რომ თავისუფალი ერი ვართ და არა ჩაკეტილი, როგორც ბევრი სხვა, გამოხატვის თავისუფლება გაგვაჩნია, მაშინ როცა დღესაც კი არის ქვეყნები, სადაც ადამიანის სიტყვის თავისუფლება იზღუდება, იჩაგრებიან ქალები, ჩვენთანაც არის, ბუნებრივია, რაღაც სტერეოტიპები ამ მიმართულებით, თუმცა კარგია ის, რომ ნელ-ნელა მაინც იცვლება ეს დამოკიდებულებები. ევროპა ჩემთვის ეს არის ცხოვრება თავისუფალ გარემოში,“ – ამბობს ჯიმი.

ჯიმის აზრით, მისი მშობლებისგან განსხვავებით, მას ბევრად უკეთესი არჩევანი აქვს დღეს:

„შემიძლია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წავიდე, უკეთესი განათლება მივიღო, გაცვლით პროგრამებში მივიღო მონაწილეობა და ჩემი შესაძლებლობები უკეთ წარმოვაჩინო. ძალიან კარგია, რომ თუნდაც ასეთ კონკურსებში მონაწილეობა შეგვიძლია ახალგაზრდებს და ასეთი საინტერესო ისტორიების გაცნობის შესაძლებლობა გვაქვს“.

ჯიმი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როცა ბერტა ფონ ზუტნერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს, ნაკლებად წარმოსადგენი იყო ქალის როლის ასეთი აღიარება:

„ქართველების მხრიდანაც დასაფასებელია ეს ისტორია, რადგან ასეთი ქალი საქართველოში ცხოვრობდა და როგორც მწერალი აქ ჩამოყალიბდა. ბერტას ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ასეთი სამაგალითო ადამიანებისგან ბევრი კარგი რამის სწავლაა შესაძლებელი“.

ჯიმის თქმით, ევროპულ ღირებულებებზე ბავშვების აღზრდა აქტუალურია დღესაც, რადგან გახშირდა ძალადობა ახალგაზრდებს შორის.

„ყოველ დღე ვხედავ უბანში ჩხუბს და გარჩევებს, არ ვიცი რამ გააძლიერა ეს აგრესია ან „ძველბიჭობა“, ზოგადად, განათლების დონე ახდენს ალბათ გავლენას, მაგრამ ალბათ ასაკის ბრალიც არის, უფრო ემოციურები არიან,“ – გვეუბნება ჯიმი.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ სკოლა უფრო მეტად შეძლებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და განათლების მნიშვნელობის ჩვენებას „იმ ბავშვებისთვის, ვინც სკოლაში არ დადის ან გაკვეთილზე ზის, მაგრამ მომავალს ვერ ხედავს.“

  • რა ვიცით ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ

ბერტა ფონ ზუტნერის ფოტო დაცულია დადიანების სასახლის არქივში. ფოტო: საქართველოში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია (დამფუძნებელი).

1999 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ბერტა ფონ ზუტნერის მემუარები – „ქართველებთან და საქართველოში“ დაცულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სწორედ აქედან ვიგებთ ნობელიატი მწერლის ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბებს და მის ურთიერთობებს ქართულ საზოგადოებასთან.

ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წლის 9 ივნისს პრაღაში დაიბადა ავსტრიელი გენერლის, ფრანც-იოზეფ კინსკი შინიკ უნდ ტეტაუს ოჯახში.  როცა მისი ოჯახი გაკოტრდა, ბერტა ზუტნერების ცნობილ ოჯახში აღმზრდელად მოეწყო, სადაც  ზუტნერების ერთ-ერთი შვილი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი შეუყვარდა. ისინი მშობლების თანხმობის გარეშე დაქორწინდნენ.

ამის შემდეგ წყვილი საქართველოში გამოემგზავრა, ეკატერინე დადიანის ოჯახის მოწვევით და თითქმის ათი წელი ცხოვრობდნენ საქართველოში. სამეგრელოს დედოფალი ბერტა ფონ ზუნტერმა ჰომბურგში გაიცნო, სადაც ის თავის სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ბერტას ჩანაწერების მიხედვით, მწერალი ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილის, სალომეს მეჯვარე იყო. ბერტამ იმოგზაურა სამეგრელოში პრინც აჟილთან და სალომესთან ერთად. ბერტას ქმარი, ანტონი, სალომესა და ჟიულისთვის სახლს აშენებდა ზუგდიდში.

ზაფხულობით ისინი ზუგდიდში რჩებოდნენ. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ბერტას ცნობილი რომანები „ჰანა“ და „ცუდი ადამიანი“ . ის დღიურებსაც წერდა, სადაც საუბრობს საქართველოზე.

სანამ ეკატერინე ჭავჭავაძე გარდაიცვლებოდა, ბერტა და მისი მეუღლეც მასთან იმყოფებოდნენ დადიანების საზაფხულო აგარაკზე, სოფელ გორდში.  ბერტა და მისი მეუღლე საქართველოდან 1885 წელს წავიდნენ. წასვლამდე სამი თვით ადრე ისინი სოფელ ცაიშში ვეფხისტყაოსნის თარგმანზე  მუშაობდნენ, იონა მეუნარგიასთან ერთად.

ბერტა ზუტნერი დღეს ცნობილია, როგორც ავსტრიელი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, რომელიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.

პარიზში ცხოვრების დროს ბერტა ალფრედ ნობელს და ერნსტ რენანს შეხვდა.  1889 წელს ბერტამ დაწერა წიგნი „მანქანის ეპოქა“, სადაც  ის ევროპის ქვეყნებში ნაციონალიზმსა და მილიტარიზმის პროპაგანდას აკრიტიკებდა. ამავე წელს გამოვიდა მისი ბესტსელერი „ძირს იარაღი!“ (Die Waffen nieder!), რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, წიგნი პროტესტია ომის წინააღმდეგ. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა ბერტას განსაკუთრებული პოპულარობა, ტოლსტოიმ მისი გავლენა ჰარიეტ ბიჩერ სტოუს წიგნის „ბიძია თომას ქოხის“ გავლენასაც კი შეადარა.

წყაროების მიხედვით, ბერტამ მისწერა ალფრედ ნობელს, დაეფინანსებინა პაციფისტური პროექტები, რომლებიც თავიდან ააცილებდა მსოფლიოს ომებს. 1893 წელს მიწერილ პირად წერილში ნობელმა პირობა მისცა ბერტას, რომ მშვიდობის პრემიას დააარსებდა. სწორედ ეს პრემია გადაეცა ბერტა ზუტნერს 1905 წელს და ის გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.

გასულ წელს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია საქართველოშიც დაფუძნდა, ამ პროექტის ფარგლებში ითარგმნა ქართულ ენაზე ბერტას რომანი „ძირს იარაღი!“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: