ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N60-ში [ჭავჭავაძის ქუჩის გზაჯვარედინზე] მდებარე 58 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 41,6 კვ/მ ფართობის შენობას მერია აუქციონზე გაყიდის. მერიის გადაწყვეტილებით, ქონებას აუქციონზე პირობების გარეშე გაიტანენ და გასაყიდი საწყისი ფასი 60 ათასი ლარი იქნება.
საკითხი ბათუმის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს და ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალში შეიტანოს. ამის შემდეგ ექნება მერიას ქონების გაყიდვის უფლება.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქონების აუქციონზე გაყიდვა დადებითად აისახება ქალაქის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე – მყიდველი ბიუჯეტში საპრივატიზებო საფასურს გადაიხდის.
—–
პანდემიის გამო შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვნად დაზარალდა ბათუმის ბიუჯეტი – სულ მცირე 35 მილიონი ლარით. შემოსავლების შემცირების გამო კი, ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო.
ქალაქის მერიას ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა ამ დრომდე არ დაუსრულებია. შესაბამისად, დღეს, დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენი მილიონით შემცირდება ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი, ძნელია.
ბათუმელმა მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
დღეს, 30 ივლისს, თბილისში დასრულდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ნინო ბაციაშვილმა 9 შესაძლო ქულიდან 7 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.
ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი რაპიდში [სწრაფ ჭადრაკში] და საფრანგეთის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული ბლიცებში.
ასევე, წელს ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა რაპიდში.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს. შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამშრომლებს მაუწყებლის დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 30 ივლისს ჩააბარეს.
„2007 წლიდან ვარ ამ ტელევიზიაში და აი, ამით დააფასა ჩემი გაღებული დრო, ენერგია, ჯანმრთელობა… ყველას და ყველაფერს დავაკელი აქ რომ ყოფილიყო კარგად ყველაფერი. დღეს მომცეს გათავისუფლების ფურცელი. ამით დამიფასა მაუწყებელმა აქ მუშაობა, ამ ხნის განმავლობაში. ერთი საყვედურიც არ მიმიღია. ათობით პროექტის ავტორი ვარ ამ ტელევიზიაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი მურვანიძე.
უსამართლოდ გათავისუფლებულად მიიჩნევს თავს ბაჩო გურაბანიძეც.
„ჩემი გათავისუფლების საფუძველი გახდა ერთი თვის წინ მომხდარი უმნიშვნელო ინციდენტი, რომელიც მოხდა აივანზე ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის. ინციდენტი დასრულდა მშვიდობიანად. შიდა წარმოება დაიწყო. ორწუთიანი ინციდენტი იყო, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე. არასასურველია, რა თქმა უნდა, როცა მაუწყებლის შენობაში ხდება მსგავსი რაღაც, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ, ვთქვათ, ასეთი მკაცრი დასჯის ობიექტები გავმხდარიყავით. ჩვენს გათავისუფლებას სხვა ქვეტექსტები აქვს და ამაზე ვისაუბრებთ ძალიან მალე. იურისტებთან გავივლით კონსულტაციებს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ აუცილებლად.
ეს გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ ინციდენტის გამო მიღებული. გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ამ ინციდენტში ფიგურირებს იმ აქციის თემა, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ აჭარის მაუწყებლის წინ, 26 ივნისს. შესაბამისად, მე, პირადად, ვფიქრობ და მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მოტივი ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლების. ამისთვის გამოინახა შესაბამისი მიზეზი და დაგვითხოვეს სამსახურიდან,“ – ამბობს ბაჩო გურაბანიძე „ბათუმელებთან“.
აჭარის მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგში“ კოლეგების გათავისუფლების შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. გიორგი არობელიძემ ეთერში თქვა, რომ გათავისუფლებულები ალტერნატიული პროფკავშირების დამფუძნებლები არიან, რომელიც „ახალი მენეჯმენტის პარტიულ დღის წესრიგს არ ეგუება“.
გადაცემა „ჰეშთეგმა“ ეთერი პროტესტის ნიშნად შეწყვიტა. მანამდე კი თქვეს, რომ პროტესტი იქნება რადიკალური და ამ გადაწყვეტილებასთან შეგუებას არავინ აპირებს. „საქმე გვაქვს ფაქტთან, რომელმაც შეძრა ტელევიზიაში დასაქმებული თითოეული ადამიანი. ძალიან ბევრი თანამშრომელი დადგება აქ და გაჩნდება სოლიდარობის დიდი კერა, რომელიც რადიკალურ პროტესტში გადაიზრდება, თუ, რა თქმა უნდა, არ შეცვალეს გადაწყვეტილება“.
ხვალ, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულო აპირებს განიხილოს ბათუმის ცენტრალურ პარკში „ფოსტის“ მონუმენტის განთავსების საკითხი. ინიციატივა „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“ ეკუთვნის, რომელმაც ბათუმის მერიას მიმდინარე წლის 20 იანვრს მიმართა წერილით. მონუმენტი სიმაღლეში 2.6 მეტრი იქნება.
დოკუმენტში, რომელიც საკრებულომ უნდა განიხილოს, ნათქვამია, რომ მონუმენტის განთავსების საკითხზე, მერის სათათბირო ორგანომ – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც იმსჯელა [ ეს სათათბირო ორგანო ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა უკვე დაითხოვა].
საფოსტო კავშირი მერიას წერს, რომ „საფოსტო მონუმენტი ასახავს შპს „საქართველოს ფოსტის“ სლოგანს – „გახადე ურთიერთობა ხელშესახები“, რომელიც ინტერაქციულ-ფუნქციონალურ ჭრილში გამოსახავს ადამიანებს და ქვეყნებს შორის სიახლოვეს, კავშირს და ურთიერთობა“.
საფოსტო კავშირის აზრით, ამ მონუმენტის განთავსება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის წვლილს შეიტანს ტურისტულ განვითარებასა და „ამავდროულად, საფოსტო საქმიანობის, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ისტორიული საკომუნიკაციო საშუალების პოპულარიზაციაში“.
დოკუმენტების მიხედვით, ალუმინის მონუმენტი პარკის ცენტრალურ ნაწილში, ე.წ. გულის ფორმის გამწვანების მიმდებარედ, ტბასთან ახლოს უნდა დაიდგას. სკულპტურის ჯამური სიმაღლე 2.60 სმ-ია, სიგანე კი 1 მეტრი.
ბათუმის ცენტრალური პარკი სადაც შესაძლოა „ფოსტა“ განათავსონ
მონუმენტის განთავსების თაობაზე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომაც მიმართა წერილობით 15 ივლისს, სადაც წერს, რომ „ფოსტის“ სკულპტურული დამუშავების თაობაზე, საბჭოს წევრებმა შენიშვნები გამოთქვეს.
„კერძოდ, მოქანდაკის, დავით ტაბატაძის ავტორისეული იდეის – დედამიწაზე მავალი ფოსტალიონი, მეტი მხატვრული საჭიროების დამუშავებისა და სკულპტურის განთავსების არქიტექტურული ნაწილის შესახებ.
ვინაიდან, სკულპტურა უნდა განთავსდეს პარკის გამწვანებულ გაზონზე, საბჭო რეკომენდაციას აძლევს პროექტის ავტორს, რომ სკულპტურასთან მისასვლელი მოპირკეთებული ბილიკი აღარ გაკეთდეს და ძეგლი დაიდგას უშუალოდ ბალახის მოლზე, რაც ხელს შეუწყობს ქანდაკების განთავსებულ სივრცეში ჰარმონიულ თავსებადობას“.
წერილის მიხედვით, საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქანდაკების ან სკულპტურული კომპოზიციის შესაქმნელად სასურველია კონკურსი გამოცხადდეს, „რათა გამოვლინდეს ახალი ხედვით, ახალი ხელწერით შექმნილი სკულპტურული ნაწარმოებები, მით უმეტეს, რომ მსგავსი თემატიკის ძეგლების მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი“, – წერს სამინისტრო წერილში.
ესკიზს თან ერთვის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ნებართვაც, რომელიც 30 ივლისს არის გაცემული.
დავით ტაბატაძის ერთ-ერთი მონუმენტი – „ასპინძის ბრძოლა“, ქალაქ ასპინძაში 2017 წელს გაიდგა. დოკუმენტის თანახმად, მონუმენტის დასადგმელად საჭირო ხარჯებს გაერთიანებული საფოსტო კავშირი გაიღებს.
სკულპტურის ესკიზი
იმ შემთხვევაში თუკი საკრებულო აღნიშნული სკულპტურის ცენტრალურ პარკში განთავსებას მხარს დაუჭერს, სკულპტურის განთავსებას შპს „გაერთიანებული საფოსტო კავშირი“ დააფინანსებს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში მიმდინარეობს სასცენო სამოსის შესყიდვა კულტურის ცენტრებთან არსებული ანსამბლებისთვის.
7 ანსამბლი, 108 შემსრულებელი. კერძოდ:
[checklist]
ქობულეთის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ქობულეთი”;
ქობულეთის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ქობულეთი”;
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლი ,,კოლხეთი”;
ქედის კულტურის ცენტრის სიმღერის ანსამბლი ,,ელესა”;
შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ზე-კართან”;
ხულოს კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,არგინეთი”;
ხულოს კულტურის ცენტრის ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი.
დღეს, 30 ივლისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ვაჟა თავდგირიძეს, უმრავლესობამ საკრებულოს წევრის სტატუსი შეუწყვიტა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ნადიმ ვარშანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ოპოზიციონერისთვს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ის არის, რომ ვაჟა თავდგირიძე 6 თვის განმავლობაში საკრებულოში არ გამოცხადებულა. ის აჭარისწყლის მაჟორიტარი იყო.
თავდგირიძის საკრებულოდან გაშვებით, ხელვაჩაურის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციაც დაიშალა. ფრაქციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„თვითმმართველობის შესახებ კანონში წერია, რომ არასაპატიო მიზეზის შემთხვევაში შეუძლია საკრებულოს შეუწყვიტოს წევრის უფლებამოსილება, ვაჟა თავდგირიძეს კი საპატიო მიზეზი ჰქონდა, მას ჯანმრთელობის მძიმე დიაგნოზი აქვს და ამისი ცნობაც აქვს წარდგენილი საკრებულოში“, – გვითხრა მიშა ბოლქვაძემ.
მიშა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ მოაწოდა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ვაჟა თავდგირიძეს მართლაც მძიმე დიაგნოზი აქვს.
მიშა ბოლქვაძის თქმით, სამედიცინო ცნობაში (ფორმა 100) წერია, რომ ვაჟა თავდგირიძე 2019 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდა მწოლიარე მდგომარეობაში და დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეეძლო. „აქედან გამომდინარე, მისთვის უფლებამოსილება არ უნდა შეეწყვიტათ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, გუშინწინ საკრებულოს თავმჯდომარე პირადად შეხვდა ვაჟა თავდგირიძეს და უთხრა, რომ დატოვე მიშა ბოლქვაძის ფრაქცია და უფლებამოსილებას აღარ შეგიწყვეტთო, თუმცა მან უარი უთხრა.
საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მომაძახეს, რომ მათი კრიტიკა არ ვიკმარე, რიჟვაძეს და ივანიშვილს ვახსენებ ლაივებში, აქტიური ვარ. ამასთან, მე საქართველოს პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატადაც მოვიაზრები და ეს იყო პირადად ჩემზე ზეწოლა. თუმცა, ამის გამო გაწირეს ვაჟა თავდგირიძე“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
ვაჟა თავდგირიძე საკრებულოს სხდომას, რომელზეც მას უფლებამოსილება შეუჩერეს, არ დასწრებია. ამ დროისთვის მას მობილური ტელეფონიც გამორთული აქვს. როგორც მისი ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, სხდომაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე კი ამბობს, რომ კანონის შესაბამისად მოიქცა და ეს არ ყოფილა პოლიტიკური ზეწოლა.
„ავად ვიყავი და იმიტომ არ დავდიოდიო გვითხრა. კომისიამ მოსთხოვა წარმოედგინა დოკუმენტაცია და ვერ წარმოადგინა. ჯერ ერთი, თავში უნდა წარმოედგინა. ავად რომ ხდება საჯარო სამსახურში ადამიანი, ბიულეტენზე გადის. არც ბიულეტენი, არც არაფერი, არც მკურნალობის დოკუმენტაცია. შემდეგ მოიტანა „ფორმა 100“, რომ ის ავად იყო ამ დროის განმავლობაში და ეს იყო, რაც კომისიამ მისაღებად არ ჩათვალა“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ვაჟა თავდგირიძე არც წინა წლებში იყო აქტიური წევრი, „არც კომისიებში უმუშავია“, – ამბობს ის.
ნადიმ ვარშანიძე არ ეთანხმება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა საკრებულოს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. „კანონი მეუბნება, რომ 6 თვის გაცდენის შემდეგ, წევრს უფლებამოსილება უწყდება. ეგენი კი (გულისხმობს ენმ-ს) ჭიქაში ქარიშხალს აყენებენ. სასამართლოა აგერ და შეუძლიათ იჩივლონ“, – ამბობს ვარშანიძე.
თვითმმართველობის კოდექსის 43 მუხლის თანახმად, თუ საკრებულოს წევრი „არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში“, მას უფლებამსოილება ვადამდე ადრე შეუწყდება ან შეუჩერდება. შესაბამისად, თუ საკრებულოს წევრი 6 თვის განმავლობაში თუნდაც ერთხელ მიიღებს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, მას უფლებამოსილება არც შეუწყდება და არც შეუჩერდება.
ჯანმოს ევროპის ოფისი იუწყება, რომ შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ ევროპაში გამოიწვია არა მხოლოდ ინფიცირების ახალი კერების გაჩენა, არამედ შეცვალა ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილი.
ცნობილია, რომ Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. მაგრამ მეცნიერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი სამიზნე ჯგუფი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა, ზაფხულის არდადეგებზე ისვენებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიზეზი ახალგაზრდების ქცევის მოდელია, კერძოდ ის, რომ შეკრებებისა და დისტანცირების შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალგაზრდები სათანადოდ აღარ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს.
„ეს ჯერ მეცნიერულად გადამოწმებული არ არის, მაგრამ ეროვნული და სუბ-ეროვნული დონის ანგარიშების თანახმად, ახლა შემთხვევების სწრაფ ზრდას, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, ადგილი აქვს 20-39 წლის ასაკობრივ კატეგორიებში“, – ამბობსჰანს კლუგე, ჯანმოს რეგიონალური დირექტორი ევროპაში. მისი თქმით, მთავარი ფაქტორი სარისკო ქცევაა.
„ახალი შემთხვევების მატება უკავშირდება ადამიანების ქცევის შეცვლას. მე თვითონ ორი შვილი მყავს, რომელთაც ასევე არ სურთ ზაფხულის გამოტოვება, მაგრამ ვირუსი კვლავ აქ არის. ამიტომ ჩვენ მკაცრად უნდა განვახორციელოთ და დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები და ცოტა უფრო ფრთხილად შევარჩიოთ მოსახლეობის კონკრეტული სამიზნე ჯგუფები.
ახლა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ამას ჯერ არ მოჰყოლია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება. როგორც წესი, ასეთ დროს არის 2-3-კვირიანი ინტერვალი, ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან ახალგაზრდებს უფრო ახლო კონტაქტები ჰყავთ, მათ შორის, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ტრადიციულად შედის ვირუსის რისკჯგუფში. ამიტომ ბრძოლა უნდა დავიწყოთ ყველა ფრონტზე“, – განაცხადა მან.
როგორც ჰანს კლუგემ განმარტა, იგი საჭიროდ მიიჩნევს ახალგაზრდებს უფრო ეფექტურად და გასაგებად მიეწვდინოს ხმა საფრთხეების შესახებ, „თუმცა ეს უნდა მოხდეს მათი დადანაშაულების გარეშე, პოზიტიური მესიჯით. მათ დადანაშაულებაზე უარესს ვერაფერს გავაკეთებთ“.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 31 წლის ფეხბურთელი თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, „მოთელვის“ დროს ცუდად გახდა და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იმ დღეს დაგეგმილი „ზუგდიდი“ & „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრა ჩაიშალა. ეს ფაქტი სამი წლის წინ, 2017 წლის პირველ ოქტომბერს, მცხეთის სტადიონზე მოხდა. გარდაცვლილი შოთა მამინაშვილის დედა, ლოლიტა იაშვილი დღემდე ელოდება გამოძიების გაჭიანურებულ შედეგებს. ის დარწმუნებულია, რომ საფეხბურთო სტადიონზე ექიმები ან სასწრაფოს სამედიცინო ჯგუფი რომ ყოფილიყო, მისი შვილი გადარჩებოდა.
საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით დადგენილია, რომ ნებისმიერი მატჩის დროს საფეხბურთო სტადიონზე სავალდებულოა იდგეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და ასევე უნდა იყვნენ გუნდის ექიმები. ლოლიტა იაშვილის თქმით, მისი შვილი როცა ცუდად გახდა, სასწრაფოს მანქანა სტადიონზე არ იყო და „55 წუთის დაგვიანებით ლევან კობიაშვილმა თბილისიდან ჩაიყვანა სასწრაფოს ორი ჯგუფი“, რისი ვიდეოკადრებიც მას აქვს. ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია [ცნობილი ფეხბურთელი ახლახან „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა].
ლოლიტა იაშვილს ხელთ აქვს 2017 წელს საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მიერ ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაგზავნილი ფეხბურთელების სია, რომელშიც შოთა მამინაშვილიც ირიცხება. ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურად, შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
ლოლიტა იაშვილს ასევე ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ შოთა მამინაშვილს „სამი წლის ხანდაზმულობის რამდენიმე მიკროინფარქტი აქვს გადატანილი“. შესაბამისად, დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს კანონით სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია, კლუბის მიერ ფედერაციისთვის მიწოდებული დოკუმენტი ფიქტიურია და ეს შემოწმება რომ ჩაეტარებინათ, აუცილებლად აღმოაჩენდნენ გადატანილ მიკროინფარქტებს.
შოთა მამინაშვილი რომ ჯანმრთელობაზე არ შეუმოწმებიათ, გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა მხოლოდ ვარაუდებს არ ეყრდნობა: ოჯახმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან 2019 წლის 28 იანვარს მიიღო დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ კლუბიდან [„ზუგდიდი“] სააგენტოსთვის მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, მამინაშვილს „2017 წელს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“.
მეტიც, „კლუბში ექიმი დასაქმებული არ ყოფილა“.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფეხბურთელ შოთა მამინაშვილს 2017 წელს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია.
„ბათუმელებმა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰკითხა, დრამატული მატჩის დღეს მცხეთის სტადიონზე იდგა თუ არა სასწრაფოს მანქანა, თუ მართლა ლევან კობიაშვილმა ჩაიყვანა სასწრაფოს ორი ჯგუფი თბილისიდან? ასევე ვკითხეთ, თუ იცნობენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დოკუმენტს და უშვებენ თუ არა, რომ შესაძლოა „ზუგდიდმა“ ყალბი სამედიცინო შემოწმების ცნობები მიაწოდა თავის დროზე ფედერაციას?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებულ წერილობით კომენტარში ჩვენს კითხვებზე პირდაპირი პასუხი ვერ მივიღეთ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოგვწერეს:
„პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა, სფფ-ის ინტერესში შედიოდა საქმის გამოძიება. სწორედ ამიტომ, ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან, მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია და პასუხი გაეცა საქმესთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართული ჩემპიონატები რეგულირდება სფფ-ის საშეჯიბრო დებულებით. ამავე დებულების მიხედვით, რეგულირდება სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე ყოფნა. 2017 წლის საშეჯიბრო დებულების მიხედვით, სასწრაფო დახმარების მანქანა სტადიონზე უნდა გამოცხადდეს მატჩის დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრა არ დაიწყება.
ამას გარდა, დებულების თანახმად, სეზონის დაწყებამდე კლუბი ვალდებულია წარმოადგინოს ფეხბურთელთა განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ორგანიზაციის ბეჭდით ასევე კლუბის დირექტორის ხელმოწერით და ბეჭდით, რაც ადასტურებს, რომ განაცხადში მითითებულ ფეხბურთელს(ებს) გავლილი აქვთ სამედიცინო შემოწმება და უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებაში“.
რა ეტაპზეა გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალებიდან სამი წლისთავზე?
მცხეთის პოლიციამ 2018 წლის 2 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით [სიცოცხლის მოსპობის ფაქტი] დაწყებული შოთა მამინაშვილის საქმის ძიება ერთხელ უკვე შეწყვიტა. მცხეთის პოლიციის დადგენილებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება „სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო“ მიიღო.
მცხეთის პოლიციის დადგენილება შოთა მამინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმის ძიების შეწყვეტის შესახებ
თუმცა ლოლიტა იაშვილმა საკუთარი ძალისხმევით აღმოაჩინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, შეაგროვა დოკუმენტები და ხელახლა მიმართა მცხეთის პროკურატურას. ლოლიტა იაშვილი აცხადებს, რომ მტკიცებულებების შეგროვებას, ბიუროკრატიის გამო, დიდი დრო მოანდომა. „მე შევასრულე გამოძიების გასაკეთებელი სამუშაო. თვეების განმავლობაში ვაგროვებდი ამ დოკუმენტებს, რაც მივაწოდე პროკურატურას. გამომძიებელს ამ დღეებში ველაპარაკე, მაინტერესებდა, თუ გაეცნო საქმის მასალებს. მივხვდი, რომ მას ჩემი შვილის საქმის მასალები წაკითხულიც კი არ აქვს“.
ლოლიტა იაშვილის თქმით, მცხეთის პროკურატურაში მას უთხრეს, რომ „ყველა გამომძიებელი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მუშაობს“.
„ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურის პრესცენტრს ჰკითხა, რატომ ჭიანურდება შოთა მამინაშვილის საქმის გამოძიება. პროკურატურიდან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. მიღების შემთხვევაში პროკურატურის განმარტებას აქვე შემოგთავაზებთ.
ბერლინის ერთ-ერთი სამეზობლოს მცხოვრებლები ფეხსაცმელების მასობრივი გაუჩინარებით ძალიან შეწუხდნენ. ფეხსაცმელების გამტაცებელი მელია აღმოჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მელამ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ცილენდორფის უბნის მცხოვრებთა სახლებიდან დაახლოებით 100 ფეხსაცმელი მოიპარა.
აქ მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ სახლებთან დალაგებული სხვადასხვა ფეხსაცმელი, მათ შორის ჩუსტები, სანდლები და ბოტასები ნელ-ნელა გაუგებარი მიზნით უჩინარდებოდა. „ქურდი“ ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქრისტიან მეიერმა გამოიჭირა.
ბერლინური გამოცემა Tagesspiegel-ი წერს, რომ მეიერმა თავდაპირველად გაუჩინარებული ბოტასების საძიებო განცხადება გამოაქვეყნა შესაბამის პლატფორმაზე Nebenan.de. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეს არ იყო ერთადერთი ფეხსაცმელი, რომელიც ამ არეში გაქრა.
მოგვიანებით მეიერმა ეზოს მიმდებარედ მელა შენიშნა და მისთვის ფოტოს გადაღებაც მოახერხა. მეიერმა ასევე აღმოაჩინა მელიის მიერ მოწყობილი ფერადი ფეხსაცმელების სამალავი.
„სამწუხაროდ, მეიერმა ჯერ ვერ იპოვა თავისი დაკარგული ფეხსაცმელი“ – წერს დოიჩეველე – „მაგრამ სხვა სამი წყვილი ფეხსაცმელი წარმატებით დაუბრუნდა მფლობელებს“.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა „შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს [სადგური, პლატფორმა, სამართავი პუნქტი], რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს.
შინდისის ბრძოლის მემორიალური შენობები / წყარო: მინისტრის ბრძანების დანართი
შენიშვნა:თავდაპირველად ინფორმაცია გამოქვეყნდა სათაურით: „შინდისის გმირების მემორიალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, ვინაიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 22 ივლისს ბრძანებაში, მითითებული იყო, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს.
2020 წლის 6 აგვისტოს, გენერალური დირექტორის 22 ივლისის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა არა უშუალოდ მემორიალს, არამედ „შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს (სადგური, პლატფორმა, სამართავი პუნქტი)“.
შინდისის მემორიალი / ფოტო სააგენტოს გენერალური დირექტორის 22 ივლისის ბრძანების თავდაპირველი ვერსიიდან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მემორიალის იდეის ავტორია ედმონდ მინაშვილი, მოქანდაკე კი – ნუგზარ ჭავჭავაძე: „2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა“.
უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი არ შეიცვლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დღეს, 30 ივლისს, მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ „არ დაკმაყოფილდეს 1559-ე და 1491-ე კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს სახალხო დამცველის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება უნდა ჰქონდეს და მისი გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის შებოჭილი კანდიდატის შეფასების ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს,“ – წერდა სახალხო დამცველი სარჩელის დასაბუთებაში, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ლომთაძე განმარტავს: „არსებულ კონსტიტუციურ სამართლებრივ მოდელში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო. კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუცია, ითვალისწინებს მისი დამოუკიდებლობის გარანტიებს და ის ერთიანი პროცესი, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად – თითოეულ ეტაპზე ინდივიდუალურად, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების შეფასება – იძლევა იმის საშუალებას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
არსებული საკანონმდებლო წესით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევებში არ ექვემდებარება დასაბუთებას, არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, რადგან ერთიანად აღებული ეს პროცედურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ემსახურება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევას და, საერთო ჯამში, იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს ყველაზე კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობებზე ასარჩევად“.
ლომთაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელში ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ფარულია, „ეს გარემოება ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირების დამოუკიდებლობის გარანტია და არ მოხდეს გარე ზეგავლენის გავრცელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე“.
სასამართლოს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გადახედვას და გასაჩივრებას.
ავსტრალიაში, 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის თებერვლამდე, ტყის ხანძრის შედეგად დაახლოებით 3 მილიარდი ცხოველი დაიღუპა ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო – ამის შესახებ ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი WWF იუწყება. ეს თითქმის სამჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა.
Scientists have determined that Australia’s 2019-20 bushfire crisis was significantly worse on wildlife than previously estimated https://t.co/i5LRbsxLTw
მეცნიერების შეფასებით, გაქრა 143 მილიონი ძუძუმწოვარი, 180 მილიონი ფრინველი, 51 მილიონი ბაყაყი და 2.46 მილიონი რეპტილია.
იანვარში WWF-თან მომუშავე ექსპერტებმა ზარალის დაახლოებითი შეფასება მოამზადეს და თქვეს, რომ 1.25 მილიარდი ცხოველი დაშავდა. თუმცა, ეს გათვლა ფოკუსირებული იყო მხოლოდ ორ შტატზე. ამჯერად მეცნიერთა ჯგუფმა ხანძრის მიერ მიყენებული ზიანი 11,46 მილიონ ჰექტარზე გამოიკვლიეს – წერს WWF.
სპეციალისტების შეფასებით, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად ყველა ცხოველი არ დაღუპულა, მაგრამ გადარჩენის შანსები ცეცხლისგან გაქცეულ ცხოველებს, შიმშილის, უწყლობისა და მტაცებელი ცხოველების გამო მცირე აქვთ.
ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა, ასევე ერთი მესამედი იმ ტერიტორიისა, სადაც ველური ცხოველები ბინადრობდნენ.
„ევრონიუსი“ წერს, რომ ავსტრალიელი მეცნიერები ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ამბობდნენ, რომ სითბური გაზების კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში საბოლოოდ გახდებოდა მიზეზი კონტინენტზე სწორედ ასეთი მასშტაბური ხანძრებისა. მიუხედავად ამისა, გარემოსდაცვითი პროგრამების დაფინანსება ავსტრალიაში ბოლო წლებში მესამედით შემცირდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 30 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 17 033 048 შემთხვევა.
ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.
იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 667 084 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 150 713 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 90 134 – ბრაზილიაში და 46 046 – დიდ ბრიტანეთში.
კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 4 426 982 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 552 265 ინფიცირებული და ინდოეთი – 1 581 963 ინფიცირებული.
ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კვლავ მზარდია კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ლათინური ამერიკის ქვეყნებში: მექსიკაში, პერუსა და ჩილეში.
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 9 964 678 ადამიანი.
____________
ფოტოზე: გრაფიტი მოსკოვში, საავადმყოფოს წინ მდებარე მრავალსართულიანი სახლის კედელზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEI ILNITSKY
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ ხელის სადეზინფექციო საშუალებების, დეზობარიერების, უკონტაქტო თერმომეტრებისა და ნიღბების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. სააგენტოს 4 ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, ჯამში, 4 372 151 ლარია.
აქედან:
[checklist]
ხელის სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად, მაქსიმუმ, 3 394 000 ლარი დაიხარჯება;
დეზობარიერების შესაძენად – 197 600 ლარი;
უკონტაქტო თერმომეტრების შესაძენად – 463 455 ლარი;
ნიღბების შესაძენად – 317 096 ლარი.
[/checklist]
ოთხივე ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 3 და 4 აგვისტოს დასრულდება.
ხელის სადეზინფექციო საშუალებების [სამედიცინო ხსნარების] შესასყიდი ჯამური რაოდენობაა 339 400 ლიტრი. ტენდერში გამარჯვებულმა ხსნარი ორგანიზაციებს, მითითებულ მისამართებზე, ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს.
ორგანიზაციები შეისყიდიან 5 200 ცალ სადეზინფექციო რეზინის ხალიჩას [დეზობარიერს], რომლის ფასი, 1 ცალის, არ უნდა აღემატებოდეს 38 ლარს. მიწოდების ვადა, შესაბამის მისამართებზე, 7 სექტემბრამდე პერიოდია.
კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შეისყიდიან 10 299 ცალ უკონტაქტო თერმომეტრს. მიწოდების ვადა აქაც 7 სექტემბრამდეა.
რაც შეეხება ნიღბებს – შესასყიდია 1 585 480 ერთჯერადი პირბადე. ერთეულის ფასი კი არ უნდა აღემატებოდეს 20 თეთრს.
„ერთჯერადი ნიღაბი (პირბადე), ქარხნულად დამზადებული, არანაკლებ სამშრიანი, ყურზე რეზინის სამაგრებით, ცხვირის არეში რეგულირებადი ფირფიტა-ფიქსატორით ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად, ნიღაბი სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. ნიღაბის შუა ფენა დამზადებული უნდა იყოს ე.წ. “Melt Blown” მასალის ფილტრისაგან, რაც უზრუნველყოფს წვეთოვანი ნაწილაკების მაღალ ფილტრაციასა და ბაქტერიებისგან/ვირუსებისგან ეფექტურ დაცვას“ – აღნიშნულია ტენდერის მოთხოვნაში.
შესყდვების სააგენტოს ადრე 4 680 000 ცალი პირბადის შესაძენად ჰქონდა კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებული, თუმცა ეს ტენდერი 6 ივლისს შეწყვიტა.
„ტენდერის მიმდინარეობისას საჭირო გახდა სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ კონსოლიდირებული ტენდერით სარგებლობს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაცია, ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების მოთხოვნის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის ნიღბების მიწოდებისას გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად, სასურველია სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იყოს რა ძირითადი მასალისგან უნდა დამზადდეს მისაწოდებელი ნიღბები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა შესასყიდი ობიექტის ფუნქციონალურ აღწერასთან ერთად სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებით, მოთხოვნილი უნდა იყოს, რომ ნიღბები დამზადდეს ე.წ. „Melt Blown“ მასალისგან, რაც უზრუნველყოფს წვეთოვანი ნაწილაკების მაღალ ფილტრაციასა და ბაქტერიებისგან/ვირუსებისგან ეფექტურ დაცვას“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისიის 6 ივლისის ოქმში.
შეწყვეტილ ტენდერში ერთეული პირბადის მაქსიმალურ ფასად 25 თეთრი იყო განსაზღვრული.
კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ შესყიდვების სააგენტოს Faceguard-ის პირბადეებს სთავაზობდა, რომელსაც თავად ეს კომპანია აწარმოებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პირბადეების Faceguard-ის საწარმო 2020 წლის აპრილში „საპარტნიორო ფონდისა“ და TBC ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა.
2020 წლის 30 ივლისის დილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, მძღოლი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. ქვეყნის მასშტაბით კი დღეს ჯამში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.
აჭარის პროკურატურამშპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
პროკურატურამ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარეს თ.მ.-ს და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ყოფილ უფროს სპეციალისტს, სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს რ.ვ.-ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორმა ო.ბ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიღების მიზნით, დაამზადა შესრულებული სამუშაოების მიღების ყალბი აქტები, რომელთა სინამდვილეც დადასტურებული იყო სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველის რ.ვ.-ს ხელმოწერით, ექსპერტის ბ.მ.-ს მიერ გაცემული ყალბი ექსპერტიზის დასკვნებით და სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარის თ.მ.-ს მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების ყალბი აქტებით. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. უსაფუძვლოდ, მოტყუებით დაეუფლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 82 439 ლარს.
ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბ.მ.-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.მ.-ს და რ.ვ.-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარედგინათ.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ინფიცირებულია მძღოლი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა.
მძღოლი საქართველოს მოქალაქეა.
ამ დროისთვის ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 15 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ კლინიკამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია.
ქვეყნის მასშტაბით დღეს 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 პირი.
__________________________________________
ბოლო ოფიციალური მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1160
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 935
გარდაცვლილი – 17
კარანტინის რეჟიმში – 6489
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
ბათუმში ტროტუარზე, ველობილიკებზე, ზებრა გადასასვლელებსა თუ ავტობუსების გაჩერებებზე პარკირებული ავტომანქანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ქალაქის ყოველი ქუჩის ტროტუარზე არასწორად პარკირებულ ერთ ავტომანქანას მაინც შეხვდებით.
დღეს “ბათუმელებმა” ტროტუარზე პარკირებული სულ ცოტა 50 ავტომანქანა დააფიქსირა, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, დღეს ტროტუარზე დგომისთვის ბათუმში მხოლოდ 9 მძღოლი დააჯარიმეს. ასე გამოიყურება პარკირების წესების დარღვევის დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკა:
პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 327;
ნიშანში დგომა – 2;
ტროტუარზე დგომა – 9;
დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 2;
შშმ პირის ტრანსპორტისათვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირება – 1;
„დასრულდებააღმოსავლეთ-დასავლეთისავტობანისმშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით კი, უცნობია, როდის დასრულდება მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანის [ჩქაროსნული ავტომაგისტრალის] გარკვეული მონაკვეთები 2022 წელში უნდა დასრულდეს, ზოგ მონაკვეთზე დაწყებულია სატენდერო პროცედურები, ზოგ მონაკვეთზე კი, ჯერ მშენებლობის დასაწყებად ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაციაც არ არის მზად.
ამასთან, ავტობანის მშენებლობის დაუსრულებლობაში ანუ ოცნების 2016 წლის საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიას ხელი არ შეუშლია.
მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდებოდა, თუმცა მოგვიანებით საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მშენებლობის ტემპი ზოგან შეფერხდა: „მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა“.
რატომ ვერ დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა 2020 წელს
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი [ავტობანი] ძირითადად წითელი ხიდი-სარფის მონაკვეთია, სადაც სამუშაოები გარკვეულ ადგილებში ეტაპობრივად დასრულდა, ნაწილზე მიმდინარეობს, ხოლო ზოგი მონაკვეთის მშენებლობა ჯერ კიდევ გეგმაშია.
დავიწყოთ სარფიდან. ჭოროხი-სარფის გზის პროექტირება 2017 წლის მაისამდე უნდა დასრულებულიყო და 2020 წლის გაზაფხულზე მშენებლობის დასრულებაც იგეგმებოდა. ბოლო ინფორმაციით კი, რაც დეპარტამენტმა 2019 წლის იანვარში მოგვაწოდა, ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] ახალი გზის მშენებლობა 2021-2024 წლებში არის დაგეგმილი.
ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადაც გადაიწევს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი ვერ დაუსახელეს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება კი, დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წელს არის დაგეგმილი.
18 ივლისს აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის 14 კმ-იანი გზა გაიხსნა. რაც შეეხება ამ გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, დეპარტამენტის ინფორმაციით, „აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხოლო მე-3 მონაკვეთზე, ჯერ მხოლოდ სატენდერო პროცედურებია დაწყებული.
[მე-3 მონაკვეთზე დეპარტამენტმა ხელშეკრულება კომპანია „ტოდინთან“ შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე კი, „ტოდინი“ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოავლინა დეპარტამენტმა გამარჯვებულად და ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ხელშეკრულებაც შეწყვიტა.]
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები კი 2020 წლის 1-ელ აპრილს გაიხსნა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4-ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. სამუშაოების ვადად 27 თვეა განსაზღვრული [ანუ 2023 წლამდე პერიოდი].
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავა რიკოთის გვირაბთან. 2020 წელს მხოლოდ ამ გზის შემადგენელი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გახსნა იგეგმება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელია ასევე თბილისის შემოვლითი გზა [55 კმ], რომელიც ნატახტარის კვანძიდან დაიწყება და შეუერთდება რუსთავის ავტობანს. რუსთავი-წითელი ხიდის 31 კმ-იანი გზა კი აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის. ამ გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულება კი, სავარაუდოდ 2022 წელს იგეგმება.
მთავარი ფოტო: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი წითელი ხიდიდან სარფამდე / წყარო: გზების დეპარტამენტი
საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ეს არის ამონაწერი/ინფორმაცია მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმიდან და ეს ინფორმაცია მიღებული იქნა ცნობად“.
სხვადასხვა დაავადების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნების გარკვეული ტერიტორიებიდან იზღუდება ან იკრძალება მეცხოველეობისა თუ მეფრინველეობის პროდუქტების იმპორტი.
მთავრობის განცხადებით, „ამ ნუსხაში მოხვედრილია ქვეყნები, სადაც დაფიქსირებული იყო დაავადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში:
20 დღე – ჯილეხი, ცხენის გრიპი;
3 თვე – ფუტკრის ამერიკული სიდამპლე, ფუტკრის ევროპული სიდამპლე, ვაროატოზი;
6 თვე – ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ცხვრისა და თხის ყვავილი, ფრინველის ინფექციური ბრონქიტი, ნიუკასლის დაავადება, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ჰემორაგიული დაავადება, ნოდურალური დერმატიტი;
12 თვე – თურქული, აუესკის დაავადება, ღორის კლასიკური ჭირი, ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი;
2 წელი – კონტაგიოზური პლევროპნევმონია, ცხვრის კატარალური ცხელება (ბლუთანგი), ცხენების ინფექციური ანემია;
3 წელი – წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ღორის აფრიკული ცხელება;
4 წელი – რიფტისველის ცხელება;
5 წელი – ღრუბლისებური ენცეფალოპათია, ცხვრის სკრეპი“.
[red_box]საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა[/red_box]
მთავრობის ინფორმაციით:
[crosslist]
ღრუბლისებური ენცეფალოპათიის, ცხვრის სკრეპის, ცხვრის კატარული ცხელების (ბლუთანგი), რიფტისველის ცხელების, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება იმპორტის ნებართვის გაცემაზე, პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის და მათ პროდუქციაზე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველებისა და მათი სეს ესნ 02 ჯგუფის მეცხოველეობის პროდუქტის იმპორტზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
ღორის აფრიკული ცხელების და თურქულის შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემის შეზღუდვა წესდება ამ ნუსხით განსაზღვრული სეს ესნ 01 ჯგუფიდან ყველა პოტენციურად ამთვისებელი ცხოველის და სე სესნ 02, 0407, 0408 და 41 ჯგუფის შესაბამის მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
აუესკის, ცხვრისა და თხის ყვავილის, ნოდურალური დერმატიტის, ღორის კლასიკური ჭირის, ამერიკული და ევროპული სიდამპლის შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემა იზღუდება სეს ესნ 01 ჯგუფიდან პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის და სეს ესნ 02 ჯგუფის შესაბამისი მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტზე, მხოლოდ იმ ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, სადაც დაფიქსირდა დაავადება.
ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის, ნიუკასლის დაავადების შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემის შეზღუდვა წესდება პოტენციურად ამთვისებელ ფრინველზე და სეს ესნ 02 და 0407, 0408, 0505 ჯგუფის შესაბამისი მეფრინველეობის პროდუქციაზე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
ჯილეხის, ცოფის, ბრუცელოზის (Br. Melitensis, Br. Abortus) ტუბერკულოზის, ცხენის ინფექციური ანემიის, ცხენის გრიპის, ფრინველის ინფექციური ბრონქიტის, ფრინველის ქლამიდიოზის, ბოცვრის ჰემორაგიული დაავადების, ფუტკრის ვაროატოზის დაფიქსირების შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემა იზღუდება მხოლოდ პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის იმპორტზე იმ მეურნეობის ტერიტორიიდან, სადაც დაფიქსირდა დაავადება.
აჭარა ჯგუფის აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კულინარიული ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას შეისწავლიან: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი. შემოსული აპლიკაციებიდან პროგრამისთვის 30 სტუდენტი შეირჩევა.
პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ლექციებს ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები და დარგის სხვა სპეციალისტები წაიკითხავენ, რომლებმაც, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის პრაქტიკული სწავლება თბილისში, ყაზბეგში და ბაკურიანში, აჭარა ჯგუფის სხვადასხვა ობიექტების რეალურ სამზარეულოში გაგრძელდება. როტაციის პრინციპით, პროგრამის მონაწილეები სამზარეულოს ყველა სექციაში მოხვდებიან, სადაც მათ ინდივიდუალურ მენტორობას აჭარა ჯგუფის მზარეულები გაუწევენ. რეგიონებში გადანაწილებისას სტუდენტები საცხოვრებლად განთავსდებიან სასტუმროებში – Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.
„აკადემია“ აჭარა ჯგუფის საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და ამჟამად ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს – სწავლებისა და განვითარების ცენტრსა და კულინარიის სკოლას.
„ხარისხიანი განათლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებული დამწყები პროფესიონალებისთვის კარიერული და პიროვნული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა დავისახეთ მიზნად. მოხარულები ვართ, რომ თიბისიც ჩაერთო ჩვენს საგანმანათლებლო პროექტში. ამ მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას ვგეგმავთ ერთად“, – ვალერი ჩეხერია, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.
ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.
„თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წამყვან კომპანიასთან – „აჭარა ჯგუფთან“ თანამშრომლობა და ისეთ ეროვნულ პროექტში ჩართულობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ადამიანებისათვის შესაძლებლობის მიცემას – მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო სფეროში – ამ შემთხვევაში კულინარიაში. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ თიბისი აღნიშნულ სექტორს არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: academy.adjaragroup.com
„რადიო უცნობის“ ეთერში ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა ასეთ რამეს ამბობს: „ახლა რაც ამერიკაში მოხდა, ჩემთვის… მე მეჩვენება, რომ რაღაც ზღაპარი ხომ არ არის-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, იმიტომ, რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს რაღაც სითხეს, იღებენ ამ სითხეს და ცნობილი ვარსკვლავები თუ პიროვნებები ახალგაზრდობას ინარჩუნებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭამენ კიდევაც ამ ბავშვებს… იქ ისეთი სახელებია ჩამოთვლილი, არ მეგონა, რომ… არც მინდა ვთქვა იმიტომ, რომ შეიძლება ესეც ჭორია“.
ვიდეომასალები, სადაც საუბარია „ბავშვების წამებასა და ამ გზით გამოყოფილ ადრენალინზე“, რომელსაც ვარსკვლავები „სვამენ და ახალგაზრდავდებიან“, უხვად მოიპოვება ინტერნეტში. ვიდეოში ახსენებენ ანჯელინა ჯოლის, მადონას, სტივენ სპილბერგს, შერონ სტოუნს და სხვა ცნობილ ვარსკვლავებს, ვისაც ნაშვილები ჰყავთ ბავშვები განვითარებადი ქვეყნებიდან. მასალები არის რუსულ ენაზე, რუსული მედიაპროდუქტია და ზუსტად იმეორებს იმ შინაარსს, რაზეც ქართველმა რეჟისორმა ისაუბრა რადიოს ეთერში. თუმცა, მან ამ გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.
რეჟისორთან ინტერვიუს რადიო „უცნობის“ დამფუძნებელი, მუსიკოსი გიორგი გაჩეჩილაძე უძღვებოდა, რომელსაც საუბრის პროცესში არ გამოუხატავს საპირისპირო პოზიცია ცნობილი რეჟისორის ამ ნათქვამზე.
რამდენად შესაძლებელია რობერტ სტურუას გამოცდილების მქონე ადამიანს სჯეროდეს იმის, რომ ამერიკაში „ბავშვებს ჭამენ კიდეც“? ხომ არ არის ის ყალბი ნიუსების (Fake news) მსხვერპლი, თუ მსგავსი რიტორიკა მიზანმიმართული რუსული პროპაგანდის ნაწილია?
ამ ყველაფერზე თავად რეჟისორისთვის გვინდოდა გვეკითხა და მას ფეისბუქის პირად ანგარიშზე მივწერეთ, თუმცა რობერტ სტურუა არ გამოგვეხმაურა.
„მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარის, სოფო გელავას აზრით, რომელიც დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს, მიიჩნევს, რომ რობერტ სტურუას მხრიდან მსგავს საუბრებში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების განზრახვა უფრო ჩანს, ვიდრე ის, რომ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია.
„უფრო დაგეგმილი კამპანიურობა ჩანს, ვიდრე შეცდომა, რადგან ანტიდასავლური მესიჯები პირველი არ არის რობერტ სტურუასგან, ადრე სოფლის მეურნეობის განადგურებაზე საუბრობდა, რომ თითქოს სვანეთში, მოწამლული კარტოფილი შეაქვთ ამერიკელებს და ა.შ. ასეთი ტიპის გზავნილები გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანი თავისი ღირებულებებით, საგარეო ორიენტაციით, თავისი საქმიანობითაც, ალბათ, მთლიანად რუსულ ორბიტაზეა“, – ამბობს სოფო გელავა.
მისი აზრით, ძნელია ვიფიქროთ, რომ რობერტ სტურუა ინფორმაციულ ვაკუუმშია, რადგან მას არაერთხელ ჰქონია შეხება ევროპულ კულტურასთან, სპექტაკლებიც კი დაუდგამს ევროპულ სცენაზე და მისთვის არ არის უცხო დასავლური კულტურა.
„მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ მას ღირებულებითი კავშირები უფრო მეტად აქვს რუსეთთან, ვიდრე ევროპასთან ან დასავლეთთან. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი განცხადებები ამერიკაზე არ არის უნებლიე შეცდომა. ამხელა ეთერით, ასეთი გამოცდილების ადამიანი უნებლიეთ არ ავრცელებს მსგავს რამეს. დარწმუნებული ვარ, გულწრფელად საუბრობს და ალბათ გულწრფელად სჯერა კიდეც ამის“.
სოფო გელავას თქმით, რობერტ სტურუა გავლენიანი ადამიანია, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეებში რეპუტაციით სარგებლობს, ამიტომ ამ დონის ფიგურების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის ჩვენება, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას კიდევ უფრო აძლიერებს.
„თუ მის რეპუტაციას და გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ვერ ვიტყვით, რომ არადამაჯერებელი იქნება ის, რაზეც საუბრობს. ან ის, რომ ვთქვათ სადღაც წაიკითხა ასეთი ინფორმაცია, მაგრამ არ გადაამოწმა წყარო. ამიტომ მსგავს საუბრებში ცალსახად იკვეთება განზრახვა, რომელიც არის გაგრძელება სინამდვილეში მრავალწლიანი ანტიამერიკული პროპაგანდის, რასაც მეზობელი სახელმწიფო – რუსეთი ეწევა.
ამის მიზანი არის აშშ-ს დემონიზება მოსახლეობის თვალში და ამავე სტრატეგიის ნაწილია იმავე ცდებზე, ვირუსებზე, ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული დეზინფორმაციები, რადგან ეს ინფორმაცია შეეხება ადამიანებს, ემოციურ თემებს. აქაც, ბავშვი, როგორც ემოციის ელემენტია გამოყენებული. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში ადამიანებს და ცხოველებს აჯვარებენ, რომ უნივერსალური ჯარისკაცი გამოიყვანონ და დაუმარცხებელი გახდება ამერიკა და ა.შ. რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს და ამას როგორ დაიჯერებს ადამიანიო ვამბობდეთ, ამ რიტორიკაში მთავარია ის, რომ ხშირად გაჟღერდეს და ადამიანებში გააჩინოს ეჭვი – „იქნებ მართალია? ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. ანუ მსგავსი ინფორმაციების მოსმენის შემდეგ, ადამიანი ყველაფერს დასაშვებს ხდის. სწორედ ეჭვების დათესვა, უნდობლობა არის საბოლოო ჯამში პრობლემა, რომელიც მწვავე საკითხების დროს ვლინდება“, – ამბობს გელავა.
ამის მაგალითად კი მას მოჰყავს პანდემიის პერიოდში გაჩენილი ეჭვები, რომ თითქოს კორონავირუსი რეალურად არ არსებობს და მოგონილია, რომ რაღაც შეთქმულების თეორიაა ადამიანების ხელოვნურად გასაღარიბებლად. „აი, ამ ეჭვების არსებობაა პრობლემა“, – ამბობს სოფო გელავა.
მისი თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდა ყველაზე იაფი ჯდება, რადგან არ სჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის ჩართვა. „პროპაგანდა კეთდება იაფად და პრიმიტიულად. დაჯდება ვინმე მსგავს ეთერში, გაავრცელებს ბოდვას და ეს გზავნილი შემდეგ სხვადასხვა არხით მიდის ადამიანებამდე, მიუხედავად იმისა, რომ აბსურდული გზავნილია.
ხშირად ყალბი ინფორმაციების გაზიარებას ის ადამიანებიც კი უწყობენ ხელს, ვინც ახალგაზრდა თაობას ამ ინფორმაციების გადამოწმებაში და ე.წ. Fake ნიუსების გარჩევაში უნდა ეხმარებოდეს. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ არაერთ სკოლის პედაგოგს გაუზიარებია არასანდო ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე.
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ განათლების, მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, კრიტიკული აზროვნების და უნარების განვითარების პრობლემაზე, რომ უაპელაციოდ არ უნდა მივიღოთ ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენამდე მოდის, მაგრამ აუცილებელია სტრატეგიაც, რას ვუპირისპირებთ რეალურად ცრუ ინფორმაციას.
მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ ასაკობრივ, რეგიონულ ჭრილშიც, სადაც შესაძლოა ნაკლებია ინტერნეტთან წვდომა, ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, ვინ არიან აქტორები, ვინ ესაუბრება ამ კატეგორიას, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი?
ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, ვის ვუპირისპირებთ, ვთქვათ, რობერტ სტურუას? ვფიქრობ, თავისივე თაობის და გავლენის მქონე ადამიანები უნდა დავუპირისპიროთ, ოღონდ სრულიად სხვა ღირებულებებით, ვისაც კონკრეტულ სოციუმში, კონკრეტულ გარემოში აქვს ნდობა და ავტორიტეტი“, – ამბობს სოფო გელავა.
ხშირად ყალბი ინფორმაციების გამავრცელებელი ადამიანები თვითონვე აპელირებენ იმაზე, რომ სხვები ავრცელებენ ტყუილ ინფორმაციას. იმავეს მცდელობა იყო რადიო „უცნობის“ ეთერში, სადაც რობერტ სტურუა საუბრობს „სხვებზე“, ვინც ამზადებს გლობალურ კატასტროფას. მართალია, ეს „სხვა“ არ დაუკონკრეტებია, მაგრამ შიგადაშიგ ისაუბრეს ამერიკაზე, შეთქმულების თეორიებზე ა.შ.
რობერტ სტურუა და გიორგი გაჩეჩილაძე რადიო „უცნობის“ ეთერში.
მაგალითად, გიორგი გაჩეჩილაძე ამავე ეთერში, სტურუასთან საუბრის დროს ასეთ რამესაც ამბობს: „არ მესმის რატომ უნდა მოუნდეს მილიარდერს, კომპიუტერების მაგნატს (იგულისხმება ბილ გეიტსი), ფარმაცევტიკაში ჩარევა და რაღაც ვაქცინის გაკეთება (საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე), დამზადება და მერე ამის იძულება ხალხზე. წარმოუდგენელი რამეა“. ამაზე რობერტ სტურუა პასუხობს: „ფულს, როგორც სავარძელს, შეუძლია ადამიანი გაანადგუროს, როგორც პიროვნება…“ და შემდეგ დასძენს – „მე მაინც არ გავიკეთებ ვაქცინას“.
___
მთავარი ფოტო: რობერტ სტურუა, კადრი რადიო „უცნობის“ გადაცემიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, „ქორწინების მოტივით“, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.
დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმის ინდუსტიის დანაკარგი მსოფლიოს მასშტაბით 320 მილიარდი აშშ დოლარია 2020 წლის იავრიდან მაისის ჩათვლით – წერს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია [UNWTO].
ორგანიზაციის ცნობით, ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს 300 მილიონით შემცირდა და ეს დანაკარგი ტურიზმის ინდუსტრიაში სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო.
ტურიზმის ექსპერტები საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას ვარაუდობენ 2021 წლის მეორე ნახევრიდან.
რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია ვარაუდობს, რომ ავიაბაზარი ძველ მაჩვენებლებს მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება.
საწვრთნელი კურსების პროგრამები აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენოტს მიერ. კურსების თეორიული ნაწილის სწავლება ხორციელდება დისტანციურად ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით, ხოლო პრაქტიკული ნაწილის – სასწავლებელში, კურსის მსმენელთა უშუალო ჩართულობით.
კურსებზე რეგისტრაცია ხორციელდება ონალინ, ელექტრონული განაცხადის შევსებით ან ადგილზე ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის რეგისტრატურაში.
1 აგვისტოდან, რადიო თბილისი FM93.5 და ბათუმში მაუწყებელი რადიო ციტრუსი FM 97.3 ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ქართველი არტისტების როგორც დიჯეი, ასევე ლაივ სეტებს მთელი ღამის განმავლობაში 12-დან დილის 6 საათამდე.
პროექტი რადიო სეტები მთლიანად ქართული ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას დაეთმობა.
ჩვენთან მოუსმენთ პიონერ არტისტებს, ასევე დამწყებ და ნიჭიერ მუსიკოსებს.
გიო ჯაყელი, “რადიოსეტების”ავტორი და პროდიუსერი
პროექტის ავტორის პროდიუსერის გიო ჯაყელის თქმით, პროექტის მიზანია ქართული ელექტრონული მუსიკის მხარდაჭერა და მისი განვითარება.
მუსიკოსებს საშუალება მიეცემათ ამ მძიმე და რთული პანდემიის პერიოდში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ვინაიდან მოგეხსენებათ რომ ყველა მოქმედი კლუბი თუ ბარი დაკეტილია და შესაბამისად მსმენელს არ აქვს საშუალება ისევ მოისმინოს საყვარელი შემსრულებლები.
პროექტი გაგაცნობთ და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ საყვარელ არტისტებს, ასევე გადაცემების და რუბრიკების სახით მოგიყვებით როგორ დაიბადა საქართველოში ელექტრონული მუსიკა, ვინ და როგორ დანერგა ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა, რა პრობლემებს გადააწყდნენ და რა სამომავლო გეგმები აქვთ.
პროექტის ფარგლებში თანამოაზრეებთან და მოკავშირეებთან ერთად დაიგეგმება მრავალი საინტერესო მუსიკალური ღონისძიება.
პროექტის ავტორების განცხადებით, ის თავიდან ბოლომდე მიუკერძოებელია.
“თავისუფლება ეს ის იდეაა რასაც ჩვენ პირდაპირ მუსიკაში ვხედავთ ამიტომ ჩვენ არც 1 კონკრეტულ სტილს არ გამოვყოფთ და ელექტრონული მუსიკის ყველა განხრის მუსიკოსს მიეცემა საშუალება მიიღოს მონაწილეობა. არსებულ რეალობაში ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენას ამა თუ იმ მიზეზის გამო. რადიო თბილისი და რადიო ციტრუსი ყველა ნიჭიერ ადამიანს დაეხმარება მათ სააშკარაოზე გამოსვლაში”.
ვინ დაუკრავენ?
Boyd Schidt
ლეონ ლოლიშვილი ანუ Boyd Schidt ქართველი ელექტრონული პროდიუსერი და დიჯეია, უკეთ ცნობილი როგორც დიდი ისტორიის მქონე ტექნო დუეტის – Greenbeam & Leon-ის წევრი. როგორც სოლო არტისტი, Boyd Schidt 2010 წლიდან გამოჩნდა, როდესაც რელიზები ქონდა Front Record, Mo’s Ferry და Emote Music-ზე. 2015 წელს მან გამოუშვა “Morning Utopia”, როგორც Studio R°-ის
“Various 003”-ის ნაწილი Mike Parker, Brendon Moeller, Zadig, Exercise One-თან ერთად, ამას მოყვა “Structure EP” Waveform-ზე. დღესდღეობით, საქართველოს ტექნო პიონერი კვლავ აქტიურადაა ჩართული მუსიკის წერის პროცესში და ასევე მსოფლიოს გარშემო დიჯეინგში, აქედან გამომდინარე მას წვლილი შეაქვს საქარტველოში ელექტრონული მუსიკის სცენის დაწინაურებაში.
Vulkanski
Vulkanski არის ახალი პროექტი “თბილისის ბეტონის კატაკომბებიდან”, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ტექნო სცენის პიონერს, პროდიუსერს, ლაივ შემსრულებელს და კლუბ „ხიდის“ რეზიდენტ დიჯეის. მძაფრი, ენერგიული, ტექნო და მკვეთრი ინდუსტრიული ხმები ამ მუსიკის სათანადო აღწერას წარმოადგენს.
Ndrx
Ndrx ქართული ელექტრონული მუსიკის აქტივისტი და კლუბ „ბასიანის“ რეზიდენტი დიჯეია. ის უკვე 10 წელია ამ სცენის განუყოფელი ნაწილია. ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში მანდ მონაწილეობა მიიღო და დაუკრა ისეთ ფესტივალებზე და კლუბებში, როგორიცაა Exit Festival სერბეთში, CTM გერმანიაში, რობერ ჯონსონი ფრანკფურტში, ბერჰაინი, Basement ნიუ იორკში, Queer space Kremwerk სიეტლში, ODD ბრაზილიში, Fastforward კოპენჰაგენში, Spielraum და Herrrensauna-ს ქვიარ ღამეში ამსტერდამსა და ბერლინში.
Kancheli
გიორგი ყანჩელი ქართველი პროდიუსერი და კლუბ „ბასიანის“ რეზიდენტი დიჯეია. ის უკვე 15 წელია აქტიური დიჯეია. მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი ბასიანი რეკორდზე 2020 წლის 15 მაისს გამოვიდა. ყანჩელი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ქართველ ტექნო დიჯეიდ ითვლება. მისი წინამორბედი გამოსვლები ჩატარდა ისეთ კლუბებში როგორცაა ბერჰაინი, Spielraum და Shelter ამსტერდამში, რობერტ ჯონსონი ფრანკფურტში, CTM ფესტივალი გერმანიაში, Dimensions ფესტივალი და ბევრი სხვა.
Zurkin
ვოდკასტ რექორდსის სულის ჩამდგმელი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი სელექციით.
Nina Supsa
Nina Supsa ქართველი დიჯეის ნინა ბოჭორიშვილის სასცენო სახელია. ის კლუბ „ბასიანის“ რეზიდენტი და ონლაინ რადიო სადგურ „მუტანტის“ თანადამაარსებელია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა. NINASUPSA-სთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული.
Othr
Othr ქართველი პროდიუსერის ლადუკა ნინუას ახალი ტექნო პროექტია. ის კლუბ „ხიდის“ რეზიდენტი არტისტია.
Yanamaste
Yanamaste ირაკლი დანელიას მეტსახელია. ის თბილისში, საქართველოში დაფუძნებული დიჯეი და პროდიუსერია.
Modular Synth Affection
Modular Synth Affection – ახალი ქართული დუო, პროექტის წევრები – ირაკლი ბერიაშვილი და დავით ლომთათიძე (Germain), რომელიც კონცენტრირებულია მუსიკის შექმნაზე და ლაივ სეტის/დიჯეი სეტის სახით დაკვრაძე. ის ჩამოყალიბდა მაისში, ძირითადად ეფუძნება მინიმალ ტექ ჰაუსს/დისკო ჰაუსს. ის განსხვავდება ნებისმიერი სხვა პროექტისგან იმით რომ ახალ მოდულარულ სისტემურ ელემენტებს და ნიუ ვეივს აერთიანებს ჰაუს მუსიკაში.
Datia Zet
Daria Zet ოულდ სქულის დაუმუშავებელ საუნდს და აღმოსავლეთ ევროპული ანდერგრაუნდ ტექნოს და დიფ ჰაუს მუსიკის სინთეზს წარმოგვიდგენს.
Reshio
Reshio თბილისში დაფუძნებული დიჯეი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია.
ROMA J
Roma J (რომა ჯინჭარაძე) ქართველი დიჯეია რომელიც სხვადასხვა კლუბებში 2015 წლიდან უკრავს. მის სეტებში შეგიძლიათ იპოვოთ ნამდვილი ენერგია და კარგი ვიბრაციები, ის უკრავს დიფ ჰაუსს და დაუნტემპოს. ამჯერად ის კლუბ „ტივის“ პროდიუსერია.
Jorjick
Jorjick ქართველი არტისტი, მუსიკოსი და დიჯეია.
Hatsvali
Hatsvali თბილისში დაფუძნებული ქართველი არტისტია, რომლის სადებიუტო EP გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ KAT Records-ზე, 12-იანი ფორმატის ვინილზე გამოვიდა.
Kvanchi
თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.
Zitto
Zitto თბილისში დაფუძნებული დიჯეი და პროდიუსერია.
Gabunia
არტისტი, რომელიც მუსიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იმპროვიზაციის და ექსპერიმენტების სიყვარულის გამო არასოდეს ირჩევს კონკრეტულ ჟანრს და მხოლოდ განწყობას მიყვება. მისი სეტები მუსიკაზე მეტად ისტორიაა, რომელიც ძირითადად პოზიტივზეა ორიენტირებული.
Rati
RATI (რატი რამიშვილი) ქართველი დიჯეია, რომელიც კლუბებში 2014 წლიდან უკრავს. მის სეტებში შეგიძლიათ იპოვოთ ელექტრონული მუსიკის თითქმის ყველა ჟანრი და ასევე სხვადასხვა ჰარმონიები არა ელექტრონული მუსიკიდან. ის არის „მზესუმზირას“ თანადამფუძნებელი.
Sikha
Sikha (გიორგი) საქართველოდანაა, ის ადრეული ასაკიდანვე ჩაძირული იყო კლასიკურ ჯაზში, როკში და პოპში. მოგვიანებით მან აღმოაჩინა ალტერნატიული როკი, ფუჟენი და ელექტრონიკა როგორც ინსპირაციის მთავარი წყაროები.
Gio Jakeli
Gio Jakeli დიჯეინგით 2009 წელს დაინტერესდა, დამწყები პროდიუსერი და CES-ის კურსდამთავრებულია. ამჟამად მუშაობს როგორც ხმის ინჟინერი ლოკალურ რადიოში და ასევე ბენდში.
ლოკალური და ასევე დამწყები პროდიუსერები, დიჯეები: acidwawe, ako von unten, ash, bacho, bero, digital groove affair, dj, sendnudes, frequency shifter, gio shengelia, jdj, stimmhalt, tade, tomma, trotsky, yasamani, Tokay, mocongo, ucha, gio dolidze
დაელოდეთ რადიოსეტებს 1 აგვისტოდან ღამის 12 საათიდან, რადიოსადგურების თბილისისა და ბათუმში ციტრუსის პირდაპირ ეთერში.
„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა“, – ეს ფრაზა მმართველ პარტიას 2016 წლის პარლამენტის საარჩევნო პროგრამაში უწერია. პროგრამით გაწერილი ზოგიერთი გეგმა და მნიშვნელოვანი დაპირება „ოცნებამ“ ვერ განახორციელა. ერთ-ერთი შეუსრულებელი დაპირება სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაა.
„ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით“, – წერია „ოცნების“ 2016 წლის პროგრამაში.
საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ არა თუ დამატებით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, არამედ პირიქით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2016 წელთან შედარებით, 2019 წელს 27 ათასით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად იკლებს.
დასაქმება წლების მიხედვით [საქსტატის მონაცემები]:
2016 წელი – 1 717 300 ადამიანი
2017 წელი – 1 706 600 ადამიანი
2018 წელი – 1 694 200 ადამიანი
2019 წელი – 1 690 200 ადამიანი
2020 წლის მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ჯერჯერობით არ აქვს გამოქვეყნებული.
ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ იკლო უმუშევართა რაოდენობამ, შესაბამისად – უმუშევრობის დონემ. ისინი ამ შემთხვევაშიც საქსტატის მონაცემებს იშველიებენ.
უმუშევართა რაოდენობა წლების მიხედვით [საქსტატის მონაცემები]:
2016 წელს 278 900 ადამიანი იყო უმუშევარი
2017 წელს 276 400 ადამიანი იყო უმუშევარი
2018 წელს 245 700 ადამიანი იყო უმუშევარი
2019 წელს 221 000 ადამიანი იყო უმუშევარი
2020 წლის მონაცემები უმუშევართა რაოდენობის შესახებ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერჯერობით არ აქვს გამოქვეყნებული.
ბოლო, ანუ 2019 წლის მონაცემების მიხედვით, უმუშევართა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით მართლაც შემცირდა 57 900 ადამიანით. თუმცა, ეს მოხდა არა იმის გამო, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და მოქალაქეები დასაქმდნენ, არამედ იმიტომ, რომ 2016 წელთან შედარებით 2019 წლისთვის 85 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა [საქსტატის მონაცემები]. შესაბამისად, თუ ეს სამუშაო ძალა ქვეყანაში დარჩებოდა, ბუნებრივია, უმუშევართა რაოდენობაც გაცილებით მეტი იქნებოდა.
ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები უმუშევრობის პრობლემაზე საუბრის დროს ირწმუნებიან, რომ მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მაქსიმუმი გააკეთეს და ეს მონაცემები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ დროს ასახელებს არა ციფრებს დასაქმებულთა შესახებ, არამედ პროცენტებს: მაგალითად, ამბობენ, რომ 2016 წელს უმუშევარი იყო ქვეყნის მოსახლეობის 14% და ეს მაჩვენებელი 2019 წელს 11,6%-მდე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, უმუშევრობის კლება პროცენტებში სამუშაო ძალის შემცირებამ/გადინებამ გამოიწვია და არა იმან, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.
დასაქმებულთა რაოდენობა წლების მიხედვით
როგორ გეგმავდა „ქართული ოცნება“ 4 წელში 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას
„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში გაწერილი აქვთ, როგორ აპირებს მმართველი პარტია 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას.
ამონაწერი პროგრამიდან:
[checklist]
„მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი;
ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი;
ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი;
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი;
ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი“.
[/checklist]
როგორც საარჩევნო პროგრამიდან ჩანს, „ქართული ოცნება“, მაგალითად, 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავდა „საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად“.
ქვეყანაში დაგროვებით საპენსიო სისტემის შესახებ კანონი მართლაც ამოქმედდა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კრიტიკულად აფასებდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ რეფორმას – ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გაასაჩივრეს.
საპენსიო რეფორმამ შეუწყო თუ არა ხელი 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას, როგორც ამას „ქართული ოცნება“ 2016 წელს ამომრჩეველს ჰპირდებოდა? – დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ – არა. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ასეთი ინვესტიცია არ განხორციელებულა და, სავარაუდოდ, არც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.
„პირველი 5 წელი ინვესტიცია მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელს გულისხმობს, მაგრამ ამონაგები საკმაოდ მაღალია. 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, ათ კომერციულ ბანკში მიმდინარე პროცენტიან ანგარიშებზე განთავსებულია 219.4 მილიონი ლარი, რომელიც მოიცავს ასევე დარიცხულ სარგებელს. 2020 წლის პირველ ნახევარში, საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელდა ინვესტიციები სადეპოზიტო სერტიფიკატებში 615 მილიონი ლარის ოდენობით და ვადიან დეპოზიტზე 15 მილიონი ლარი. ინვესტიციებს მიმდინარე წელს დაერიცხა დაახლოებით 34 მილიონ ლარამდე სარგებელი. ამ ეტაპზე საინვესტიციო სამსახურის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკში არ გვაქვს განთავსებული თანხები“, – მოგვწერეს სააგენტოდან.
სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო სქემაში 2019 წლის პირველი იანვრიდან რეგისტრირებულია 1 041 033 დასაქმებული, საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულება კი, 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, 885 მილიონი ლარია.
შესაბამისად, „რეფორმების შედეგად“ სამ წელში არათუ 200 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, არამედ პირიქით, 27 ათასით შემცირდა. მეოთხე, 2020 წელს კი, პანდემია რომც არ ყოფილიყო, ქვეყანაში ერთბაშად, დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი არ შეიქმნებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისის 21 საათიდან 30 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 28 – 33 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 26 – 31 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 29 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 31 ივლისს – პირველ აგვისტოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ახალი ხიდების მშენებლობას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზის ორკილომეტრიან მონაკვეთზე დასასრულს უახლოვდება ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ხოლო ერთი ახალი ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
ასევე დასრულებულია რკინა-ბეტონის მილების და ლითონის მილების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხებისა და საფუძვლის მომზადება ასფალტობეტონის საფარის დასაგებად. პროექტის საერთო ღირებულება 741 000 ლარს შეადგენს.
ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელში ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მტირალას ეროვნულ პარკამდე გრუნტოვანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის საავტომობილო გზის 665 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა აშენდა. არსებული გზის რეაბილიტაციით ბათუმიდან მტირალას ეროვნულ პარკს ვიზიტორები უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან.
ქედის მუნიციპალიტეტში, ცხემნა-სოფელი ცხემნას მიმართულებით საავტომობილო გზის 875 მეტრ მონაკვეთზე ხელოვნური ნაგებობების სამუშაოები სრულდება. უახლოეს დღეებში დაიწყება ასფალტის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 875 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, 7 მონაკვეთზე ბეტონის კედელი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და 8 ადგილას მილები. პროექტის ჯამური ღირებულება 675 829 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის 3.200 მეტრ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია და დაწყებულია ასფალტის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 395 000 ლარს აღემატება.
აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე ბეტონის საფარის მოწყობასაც აქტიურად ახორციელებს. ბეტონის საფარის დაგება ამ ეტაპზე ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
როცა ბათუმში ძალიან ცხელა, ხანდახან ზღვაც ვერ აგრილებს. წყალი ძალიან თბება და ამოსვლისთანავე გცხელა, თითქოს არც გიბანავია. ასეთ დღეებში ტოვებენ ქალაქს და მთაში ეძებენ შვებას, სიგრილესა და სიმშვიდეში, კაკლის ხეების ჩრდილქვეშ. საით წავიდეთ თუ ქალაქის სიცხე აუტანელია? ჩანჩქერებისკენ გირჩევდით, რის ნაკლებობასაც წყალუხვი აჭარა ნამდვილად არ უჩივის. მტირალას და მახუნცეთის ჩანჩქერებზე არაფერს ვიტყვით, ისეც გეცოდინებათ. ბათუმთან ახლოს კიდევ არაერთი ნაკლებად ცნობილი ჩანჩქერია, სადაც ბანაობაც შეგიძლიათ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებაც და, რაც მთავარია, გრილი დღის უტყუარი გარანტიაც გექნებათ. ჯოჭოს ჩანჩქერით დავიწყოთ.
ჯოჭოს ჩანჩქერი
სოფელი ჯოჭო ბათუმიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული, ხელვაჩაურში, ერგეს ცენტრიდან ზედა ჯოჭოს ჩანჩქერამდე 4 კილომეტრია, სანამ ჩანჩქერს მიადგებით, გზად შეგხვდებათ მდინარეზე დაგუბებული აუზი, რაც ასევე მშვენიერი შესაძლებლობაა გრილ წყალში საბანაოდ.
ზემო ჯოჭოს ჩანჩქერამდე მისასვლელ გზაზე ბუნებრივი აუზი შეგხვდებათ, სადაც მუდამ ხალხმრავლობაა
ჩანჩქერამდე მისასვლელად ტყეში 20 წუთიანი სავალი გზაა, ბილიკი მოპირკეთებული არ არის, მაგრამ მიხვდებით, რომ ბილიკია. გზად წყავის დახუნძლული ხეები და თხილის ბუჩქები შეგვხვდა, ორივე მწიფდა, კარგ დროს მოვედით.
ჩანჩქერის ირგვლივ გაუკაფავი ადგილებია, კარგი იქნება თუ თან დანას მაინც იქონიებთ, რომ ჩამოსასხდომი ადგილი მოასუფთავოთ. ჯოჭოს ჩანჩქერი ხეებითაა დაბურული და საკმაოდ გრილა.
ჯოჭოს ჩანჩქერი
ძენწმანის ჩანჩქერი
ძენწმანის ჩანჩქერამდე მისასვლელად ქედის ცენტრიდან უნდა გადაუხვიოთ სოფლისკენ, სადაც მოასფალტებული გზა მიდის, ჩანჩქერის ბილიკს მარტივად მიადგებით სამანქანე გზით. ხეობაში ჩასასვლელ ბილიკზე მოაჯირებია მოწყობილი, რაც ძალიან გაგიადვილებთ დაღმართზე გზას, რომლის ბოლოშიც შავი, ქვაბული კლდიდან გადმომდინარი ძენწმანის ჩანჩქერი დაგხვდებათ. ზუსტად ჩანჩქერამდე მისასვლელად ციცაბო ბილიკზე უნდა ჩაიაროთ ფრთხილად ან ხიდიდან დატკბეთ სანახაობით და სიგრილით.
ძენწმანის ჩანჩქერი
ჩანჩქერიდან მობრუნებულებმა აუცილებლად უნდა ნახოთ სოფლის ძველი ხის მეჩეთი, რომელიც ადგილობრივების თქმით 150 წელზე მეტისაა.
ხის მეჩეთი სოფელ ძენწმანში
მირვეთი
ბათუმიდან სულ რაღაც 27 კილომეტრით დაშორებულ მირვეთში ველოტურითაცაა შესაძლებელი ასვლა, სოფელში ჯომარდობისთვისაც ადიან ტურისტები. სოფლის მთავარ გზაზე აბრებით ადვილად მიაგნებთ ჩანჩქერს, სანამდეც კოლხური ბზის ტყის გავლით მიხვალთ. დაგუბებულ წყალში ხშირად ბანაობენ. მირვეთში, ჩანჩქერთან ახლოს თამარისდროინდელი თაღოვანი ხიდი და კეთიმოწყობილი საპიკნიკეა მოწყობილი იდეალურ ადგილას.
მირვეთის ჩანჩქერი
მერისი
მერისი სოფელია ქედაში, ჩანჩქერსაც ასე ჰქვია. იქამდე კეთილმოწყობილი სამანქანე გზა მიდის, მოწყობილია კიბეები და მოაჯირები, ქვიდან ქვაზე ხტომა არ მოგიწევთ, თუმცა სრიალა ლოდებთან მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. ჩანჩქერის საუკეთესო ხედების გადასაღებად შეგიძლიათ სახელდახელოდ გაჭიმულ საბაგიროში ჩასხდეთ.
მერისის ჩანჩქერი
მერისის ჩანჩქერზე, როგორც აქაურებმა გვითხრეს, ყოველთვის ხალხმრავლობაა: ჩანჩქერის გუბურაში ბავშვები ბანაობენ, იქვეა ხის მოსასვენებელი ქოხები, სადაც პიკნიკის მოწყობა შეიძლება. წელს, ცხელ დღეებში, როცა ტურისტები ქვეყანაში აღარ არიან, მერისელები ამოდიან აქ, სადილობენ, ღვინოს შეექცევიან და დღეს გრილი ჩანჩქერის სიახლოვეს ატარებენ.
მერისის ჩანჩქერთა ბავშვები ბანაობენ
მეძიბნა
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეძიბნას ჩანჩქერი აჭარის ნიაგარაა. ზღვის დონიდან 640 მეტრზე მდებარე სოფელში სულ სამოცამდე ოჯახი ცხოვრობს. ქედის ცენტრიდან სოფლამდე 7, 8 კილომეტრია. კაკლებით დაჩრდილულ მეძიბნაში, ჩანჩქერთან მისვლამდე შეგილიათ სოფლის ხედებით დატკბეთ და ჩრდილში დაისვენოთ, სადაც აუცილებლად შეგნიშნავთ ვინმე და შემოგთავაზებთ სოფლის ცენტრის საამაყო ჭიდან წყალს, ქაფქაფა ყავას, გამოგკითხავენ ხომ არ ხართ მშივრები და მოსვენება ხომ არ გჭირდებათ, თვალების გაფართოებამდე და გულის აჩუყებამდე სასიამოვნოა ეს ყურადღება სრულიად უცნობებისგან – მარტივად რომ ვთქვათ, ტურიზმი აქ ჯერჯერობით განვითარებული არ არის და სოფლის სტუმარს ტურისტად, შემოსავლის წყაროდ არ აღიქვამენ.
სოფელი მეძიბნა – ხის მეჩეთი და ჭა სოფლის ცენტრში
ოთხი ჩანჩქერის შემდეგ მეძიბნა მეხუთე, ბოლო ჩანჩქერი იყო, რომელიც ერთ დღეს ვნახეთ, უზომოდ დაღლილებს, არაფრის დანახვა აღარ გვინდოდა სახლის გარდა, მაგრამ ჩანჩქერის გამოჩენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მეძიბნას ჩანჩქერი
მეძიბნა გვალვაშიც კი წყალუხვია, ტყის ბილიკის გავლის შემდეგ, არ ელი, ისე სწრაფად და მოულოდნელად ჩნდება მისი ულამაზესი და შთამბეჭდავი ხედი. უზარმაზარი, ცადაწვდილი მთებიდან მოედინება, ვარდნის სიძლიერე ისეთია, რომ ჩანჩქერის ბუნებრივ აუზში ბანაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მიუხედავად დაღლისა ყველამ ერთხმად შესძახა, რომ ეს ამად ღირდა, რომ მეძიბნა საუკეთესო ჩანჩქერია აჭარაში რაც კი გვინახავს და ამ სოფელს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
„5 შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ დღეს, 29 ივლისს.
დღევანდელი მონაცემებით 248 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში.
29 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.
2020 წლის იანვრიდან ბათუმში მუშაობა დაიწყო ტაქსის ახალმა კომპანიამ, „დაგიმ“, რომელმაც მომხმარებელს თავი უკვე დაამახსოვრა სისწრაფით, კომფორტულობითა და დაბალი ფასით.
დღეისათვის კომპანია 70 ავტომობილითაა წარმოდგენილი. ყველა მათგანში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები: მძღოლები პირბადეებს იყენებენ, ავტომობილებში დაგხვდებათ სადეზინფეციო ხსნარი.
1 კილომეტრის გავლის ფასი 50 თეთრია და ათვლა ნულიდან იწყება. კომპანია მუდმივად აკონტროლებს ავტომობილების გამართულობასა და სისუფთავეს.
იურიდიულ პირებს “დაგი” სთვაზობს ბიზნეს კლასის ავტომობილებით მომსახურებას, როგორც ქალაქისა და ქვეყნის ფარგლებში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ, იქნება ეს სტუმრების დახვედრა თუ აეროპორტამდე ტრანსფერი.
„დაგი“ გთავაზობთ:
[checklist]
ავტომობილით მომსახურებას
ფხიზელი მძღოლით მომსახურება
აეროპორტიდან/აეროპორტამდე ტრანსფერს
[/checklist]
„ბათუმში მძღოლები გამოძახებაზე აგვიანებენ და მცირე მანძილებზე არ მიდიან ხოლმე. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ, რომ ყველა გამოძახება შესრულდეს დროულად და ხარისხიანად,” – აცხადებენ კომპანიაში.
„დაგი“ იმითაცაა გამორჩეული, რომ კომპანიამ პანდემიის დროს მძღოლები საკომისიო გადასახადისგან გაათავისუფლა.
ტაქსი ბათუმში
ავტომობილის გამოსაძახებლად მომხმარებლებმა უნდა დარეკონ ნომერზე – 0422225353, რის შემდეგაც ოპერატორი მარშრუტის ფასს გაგაცნობთ და თქვენს მოთხოვნას სპეციალურ აპლიკაციაში შეიყვანს.
„ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სწრაფ, კომფორტულ და უსაფრთხო მომსახურებას. მე პირადად 30 წელია ავტომობილს ვატარებ. მძღოლები პირბადეს ვატარებთ. ჩვენი მიზანია მგზავრები იყვნენ კმაყოფილი,“ – ამბობს რეზო შაქარაძე.
რეზო შაქარაძე
ამჟამად კომპანია სპეციალურ, ბრენდირებულ აპლიკაციაზე მუშაობს, რომლის გაშვების შემდეგ, გარდა ტაქსით მომსახურებისა, კომპანია საკურიერო მომსახურებასაც დაამატებს სერვისში და მომხმარებლს სასურველი პროდუქტის სახლში მიტანის სერვისით სარგებლობაც შეეძლება.
30 ივლისს გოდერძის ალპური ბაღი გაიხსნება, რომელიც ხულოში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.
ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძიზე და ბეშუმში დამსვენებლებისთვის.
ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და ჰაბიტატების მრავალფეროვნება.
გოდერძის ალპური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკოგანათლების პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის განვითარება. ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნობით, ასევე, საპიკნიკე და საკემპინგე ზონები.
გოდერძის ალპური ბაღის მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს საბაზრო სისტემის განვითარებაზე სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის, რომელთა ძირითად შემოსავალს მესაქონლეობა და მეფუტკრეობა წარმოადგენს. პროექტის მხარდამჭერები არიან: „აჭარისწყალი ჯორჯია“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ალპურ ბაღს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.
_____________
ფოტოზე: ხულო, გოდერძი, ალპური ბოტანიკური ბაღი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტებს აღარ სჭირდებათ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა ლიეტუვაში ჩასვლისას.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ მიიღო ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ასევე ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელია.
საელჩოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2020 წლის 25 ივლისიდან.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსული გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს. ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში ექვემდებარებიან იზოლაციას/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობა უფიქსირდებათ აღნიშნული 5 ქვეყნის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში; ასევე, თუ ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსი.
__________
ფოტოზე: ბანერით – „ახლოს, ვიდრე ოდესმე“ ვილნიუსის მერმა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება 2017 წელს მიულოცა.