მთავარი,სიახლეები

რას ამბობს ფეხბურთის ფედერაცია გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში არსებულ შესაძლო სიყალბეზე

30.07.2020 • 2202
რას ამბობს ფეხბურთის ფედერაცია გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში არსებულ შესაძლო სიყალბეზე

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 31 წლის ფეხბურთელი თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, „მოთელვის“ დროს ცუდად გახდა და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  იმ დღეს დაგეგმილი „ზუგდიდი“ & „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრა ჩაიშალა. ეს ფაქტი სამი წლის წინ, 2017 წლის პირველ ოქტომბერს, მცხეთის სტადიონზე მოხდა. გარდაცვლილი შოთა მამინაშვილის დედა, ლოლიტა იაშვილი დღემდე ელოდება გამოძიების გაჭიანურებულ შედეგებს. ის დარწმუნებულია, რომ საფეხბურთო სტადიონზე ექიმები ან სასწრაფოს სამედიცინო ჯგუფი რომ ყოფილიყო, მისი შვილი გადარჩებოდა.

საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით დადგენილია, რომ ნებისმიერი მატჩის დროს საფეხბურთო სტადიონზე სავალდებულოა იდგეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და ასევე უნდა იყვნენ გუნდის ექიმები. ლოლიტა იაშვილის თქმით, მისი შვილი როცა ცუდად გახდა, სასწრაფოს მანქანა სტადიონზე არ იყო და „55 წუთის დაგვიანებით ლევან კობიაშვილმა თბილისიდან ჩაიყვანა სასწრაფოს ორი ჯგუფი“, რისი ვიდეოკადრებიც მას აქვს. ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია [ცნობილი ფეხბურთელი ახლახან „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა].

ლოლიტა იაშვილს ხელთ აქვს 2017 წელს საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მიერ ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაგზავნილი ფეხბურთელების სია, რომელშიც შოთა მამინაშვილიც ირიცხება. ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურად, შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

ლოლიტა იაშვილს ასევე ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ შოთა მამინაშვილს „სამი წლის ხანდაზმულობის რამდენიმე მიკროინფარქტი აქვს გადატანილი“. შესაბამისად, დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს კანონით სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია, კლუბის მიერ ფედერაციისთვის მიწოდებული დოკუმენტი ფიქტიურია და ეს შემოწმება რომ ჩაეტარებინათ, აუცილებლად აღმოაჩენდნენ გადატანილ მიკროინფარქტებს.

შოთა მამინაშვილი რომ ჯანმრთელობაზე არ შეუმოწმებიათ, გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა მხოლოდ ვარაუდებს არ ეყრდნობა: ოჯახმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან 2019 წლის 28 იანვარს მიიღო დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ კლუბიდან [„ზუგდიდი“] სააგენტოსთვის მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, მამინაშვილს „2017 წელს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“.

მეტიც, „კლუბში ექიმი დასაქმებული არ ყოფილა“.

 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფეხბურთელ შოთა მამინაშვილს 2017 წელს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია.

„ბათუმელებმა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰკითხა, დრამატული მატჩის დღეს მცხეთის სტადიონზე იდგა თუ არა სასწრაფოს მანქანა, თუ მართლა ლევან კობიაშვილმა ჩაიყვანა სასწრაფოს ორი ჯგუფი თბილისიდან? ასევე ვკითხეთ, თუ იცნობენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დოკუმენტს და უშვებენ თუ არა, რომ შესაძლოა „ზუგდიდმა“ ყალბი სამედიცინო შემოწმების ცნობები მიაწოდა თავის დროზე ფედერაციას?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებულ წერილობით კომენტარში ჩვენს კითხვებზე პირდაპირი პასუხი ვერ მივიღეთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოგვწერეს:

„პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა, სფფ-ის ინტერესში შედიოდა საქმის გამოძიება. სწორედ ამიტომ, ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან, მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია და პასუხი გაეცა საქმესთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართული ჩემპიონატები რეგულირდება სფფ-ის საშეჯიბრო დებულებით. ამავე დებულების მიხედვით, რეგულირდება სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე ყოფნა. 2017 წლის საშეჯიბრო დებულების მიხედვით, სასწრაფო დახმარების მანქანა სტადიონზე უნდა გამოცხადდეს მატჩის დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრა არ დაიწყება.

ამას გარდა, დებულების თანახმად, სეზონის დაწყებამდე კლუბი ვალდებულია წარმოადგინოს ფეხბურთელთა განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ორგანიზაციის ბეჭდით ასევე კლუბის დირექტორის ხელმოწერით და ბეჭდით, რაც ადასტურებს, რომ განაცხადში მითითებულ ფეხბურთელს(ებს) გავლილი აქვთ სამედიცინო შემოწმება და უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებაში“.

რა ეტაპზეა გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალებიდან სამი წლისთავზე?

მცხეთის პოლიციამ 2018 წლის 2 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით [სიცოცხლის მოსპობის ფაქტი] დაწყებული შოთა მამინაშვილის საქმის ძიება ერთხელ უკვე შეწყვიტა. მცხეთის პოლიციის დადგენილებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება „სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო“ მიიღო.

მცხეთის პოლიციის დადგენილება შოთა მამინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმის ძიების შეწყვეტის შესახებ

თუმცა ლოლიტა იაშვილმა საკუთარი ძალისხმევით აღმოაჩინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, შეაგროვა დოკუმენტები და ხელახლა მიმართა მცხეთის პროკურატურას. ლოლიტა იაშვილი აცხადებს, რომ მტკიცებულებების შეგროვებას, ბიუროკრატიის გამო, დიდი დრო მოანდომა. „მე შევასრულე გამოძიების გასაკეთებელი სამუშაო. თვეების განმავლობაში ვაგროვებდი ამ დოკუმენტებს, რაც მივაწოდე პროკურატურას. გამომძიებელს ამ დღეებში ველაპარაკე, მაინტერესებდა, თუ გაეცნო საქმის მასალებს. მივხვდი, რომ მას ჩემი შვილის საქმის მასალები წაკითხულიც კი არ აქვს“.

ლოლიტა იაშვილის თქმით, მცხეთის პროკურატურაში მას უთხრეს, რომ „ყველა გამომძიებელი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მუშაობს“.

„ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურის პრესცენტრს ჰკითხა, რატომ ჭიანურდება შოთა მამინაშვილის საქმის გამოძიება. პროკურატურიდან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. მიღების შემთხვევაში პროკურატურის განმარტებას აქვე შემოგთავაზებთ.

____

ამავე თემაზე:

გარდაცვლილი ფეხბურთელის დედის თქმით, ის დაზარალებულად 3 წლისთავზეც არ ცნეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: