Batumelebi | ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკულპტურის, „ფოსტის“ განთავსება სურთ ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკულპტურის, „ფოსტის“ განთავსება სურთ – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკულპტურის, „ფოსტის“ განთავსება სურთ

ხვალ, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულო აპირებს განიხილოს ბათუმის ცენტრალურ პარკში „ფოსტის“ მონუმენტის განთავსების საკითხი. ინიციატივა „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“ ეკუთვნის, რომელმაც ბათუმის მერიას მიმდინარე წლის 20 იანვრს მიმართა წერილით. მონუმენტი სიმაღლეში 2.6 მეტრი იქნება.

დოკუმენტში, რომელიც საკრებულომ უნდა განიხილოს, ნათქვამია, რომ მონუმენტის განთავსების საკითხზე, მერის სათათბირო ორგანომ – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც იმსჯელა [ ეს სათათბირო ორგანო ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა უკვე დაითხოვა].

საფოსტო კავშირი მერიას წერს, რომ „საფოსტო მონუმენტი ასახავს შპს „საქართველოს ფოსტის“ სლოგანს – „გახადე ურთიერთობა ხელშესახები“, რომელიც ინტერაქციულ-ფუნქციონალურ ჭრილში გამოსახავს ადამიანებს და ქვეყნებს შორის სიახლოვეს, კავშირს და ურთიერთობა“.

საფოსტო კავშირის აზრით, ამ მონუმენტის განთავსება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის წვლილს შეიტანს ტურისტულ განვითარებასა და „ამავდროულად, საფოსტო საქმიანობის, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ისტორიული საკომუნიკაციო საშუალების პოპულარიზაციაში“.

დოკუმენტების მიხედვით, ალუმინის მონუმენტი პარკის ცენტრალურ ნაწილში, ე.წ. გულის ფორმის გამწვანების მიმდებარედ, ტბასთან ახლოს უნდა დაიდგას. სკულპტურის ჯამური სიმაღლე 2.60 სმ-ია, სიგანე კი 1 მეტრი.

ბათუმის ცენტრალური პარკი სადაც შესაძლოა „ფოსტა“ განათავსონ

მონუმენტის განთავსების თაობაზე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომაც მიმართა წერილობით 15 ივლისს, სადაც წერს, რომ „ფოსტის“ სკულპტურული დამუშავების თაობაზე, საბჭოს წევრებმა შენიშვნები გამოთქვეს.

„კერძოდ, მოქანდაკის, დავით ტაბატაძის ავტორისეული იდეის – დედამიწაზე მავალი ფოსტალიონი, მეტი მხატვრული საჭიროების დამუშავებისა და სკულპტურის განთავსების არქიტექტურული ნაწილის შესახებ.

ვინაიდან, სკულპტურა უნდა განთავსდეს პარკის გამწვანებულ გაზონზე, საბჭო რეკომენდაციას აძლევს პროექტის ავტორს, რომ სკულპტურასთან მისასვლელი მოპირკეთებული ბილიკი აღარ გაკეთდეს და ძეგლი დაიდგას უშუალოდ ბალახის მოლზე, რაც ხელს შეუწყობს ქანდაკების განთავსებულ სივრცეში ჰარმონიულ თავსებადობას“.

წერილის მიხედვით, საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ  ნებისმიერი ქანდაკების ან სკულპტურული კომპოზიციის შესაქმნელად სასურველია კონკურსი გამოცხადდეს, „რათა გამოვლინდეს ახალი ხედვით, ახალი ხელწერით შექმნილი სკულპტურული ნაწარმოებები, მით უმეტეს, რომ მსგავსი თემატიკის ძეგლების მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი“, – წერს სამინისტრო წერილში.

ესკიზს თან ერთვის მერიის ქალაქგანვითარებისა  და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ნებართვაც, რომელიც 30 ივლისს არის გაცემული.

დავით ტაბატაძის ერთ-ერთი მონუმენტი – „ასპინძის ბრძოლა“, ქალაქ ასპინძაში 2017 წელს გაიდგა. დოკუმენტის თანახმად, მონუმენტის დასადგმელად საჭირო ხარჯებს გაერთიანებული საფოსტო კავშირი გაიღებს.

სკულპტურის ესკიზი

იმ შემთხვევაში თუკი საკრებულო აღნიშნული სკულპტურის ცენტრალურ პარკში განთავსებას მხარს დაუჭერს, სკულპტურის განთავსებას შპს „გაერთიანებული საფოსტო კავშირი“ დააფინანსებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com