მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს, როცა ცნობილი რეჟისორი ამბობს, რომ აშშ-ში ბავშვებს აწამებენ გასაახალგაზრდავებლად

29.07.2020 • 2183
რას ნიშნავს, როცა ცნობილი რეჟისორი ამბობს, რომ აშშ-ში ბავშვებს აწამებენ გასაახალგაზრდავებლად

„რადიო უცნობის“ ეთერში ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა ასეთ რამეს ამბობს: „ახლა რაც ამერიკაში მოხდა, ჩემთვის… მე მეჩვენება, რომ რაღაც ზღაპარი ხომ არ არის-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, იმიტომ, რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს რაღაც სითხეს, იღებენ ამ სითხეს და ცნობილი ვარსკვლავები თუ პიროვნებები ახალგაზრდობას ინარჩუნებენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭამენ კიდევაც ამ ბავშვებს… იქ ისეთი სახელებია ჩამოთვლილი, არ მეგონა, რომ… არც მინდა ვთქვა იმიტომ, რომ შეიძლება ესეც ჭორია“.

ვიდეომასალები, სადაც საუბარია „ბავშვების წამებასა და ამ გზით გამოყოფილ ადრენალინზე“, რომელსაც ვარსკვლავები „სვამენ და ახალგაზრდავდებიან“, უხვად მოიპოვება ინტერნეტში. ვიდეოში ახსენებენ ანჯელინა ჯოლის, მადონას, სტივენ სპილბერგს, შერონ სტოუნს და სხვა ცნობილ ვარსკვლავებს, ვისაც ნაშვილები ჰყავთ ბავშვები განვითარებადი ქვეყნებიდან. მასალები არის რუსულ ენაზე, რუსული მედიაპროდუქტია და ზუსტად იმეორებს იმ შინაარსს, რაზეც ქართველმა რეჟისორმა ისაუბრა რადიოს ეთერში. თუმცა, მან ამ გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

რეჟისორთან ინტერვიუს რადიო „უცნობის“ დამფუძნებელი, მუსიკოსი გიორგი გაჩეჩილაძე უძღვებოდა, რომელსაც საუბრის პროცესში არ გამოუხატავს საპირისპირო პოზიცია ცნობილი რეჟისორის ამ ნათქვამზე.

რამდენად შესაძლებელია რობერტ სტურუას გამოცდილების მქონე ადამიანს სჯეროდეს იმის, რომ ამერიკაში „ბავშვებს ჭამენ კიდეც“? ხომ არ არის ის ყალბი ნიუსების (Fake news) მსხვერპლი, თუ მსგავსი რიტორიკა მიზანმიმართული რუსული პროპაგანდის ნაწილია?

ამ ყველაფერზე თავად რეჟისორისთვის გვინდოდა გვეკითხა და მას ფეისბუქის პირად ანგარიშზე მივწერეთ, თუმცა რობერტ სტურუა არ გამოგვეხმაურა.

„მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარის, სოფო გელავას აზრით, რომელიც დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს, მიიჩნევს, რომ რობერტ სტურუას მხრიდან მსგავს საუბრებში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების განზრახვა უფრო ჩანს, ვიდრე ის, რომ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია.

„უფრო დაგეგმილი კამპანიურობა ჩანს, ვიდრე შეცდომა, რადგან ანტიდასავლური მესიჯები პირველი არ არის რობერტ სტურუასგან, ადრე სოფლის მეურნეობის განადგურებაზე საუბრობდა, რომ თითქოს სვანეთში, მოწამლული კარტოფილი შეაქვთ ამერიკელებს და ა.შ. ასეთი ტიპის გზავნილები გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანი თავისი ღირებულებებით, საგარეო ორიენტაციით, თავისი საქმიანობითაც, ალბათ, მთლიანად რუსულ ორბიტაზეა“, – ამბობს სოფო გელავა.

მისი აზრით, ძნელია ვიფიქროთ, რომ რობერტ სტურუა ინფორმაციულ ვაკუუმშია, რადგან მას არაერთხელ ჰქონია შეხება ევროპულ კულტურასთან, სპექტაკლებიც კი დაუდგამს ევროპულ სცენაზე და მისთვის არ არის უცხო დასავლური კულტურა.

„მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ მას ღირებულებითი კავშირები უფრო მეტად აქვს რუსეთთან, ვიდრე ევროპასთან ან დასავლეთთან. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი განცხადებები ამერიკაზე არ არის უნებლიე შეცდომა. ამხელა ეთერით, ასეთი გამოცდილების ადამიანი უნებლიეთ არ ავრცელებს მსგავს რამეს. დარწმუნებული ვარ, გულწრფელად საუბრობს და ალბათ გულწრფელად სჯერა კიდეც ამის“.

სოფო გელავას თქმით, რობერტ სტურუა გავლენიანი ადამიანია, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეებში რეპუტაციით სარგებლობს, ამიტომ ამ დონის ფიგურების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის ჩვენება, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას კიდევ უფრო აძლიერებს.

„თუ მის რეპუტაციას და გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ვერ ვიტყვით, რომ არადამაჯერებელი იქნება ის, რაზეც საუბრობს. ან ის, რომ ვთქვათ სადღაც წაიკითხა ასეთი ინფორმაცია, მაგრამ არ გადაამოწმა წყარო. ამიტომ მსგავს საუბრებში ცალსახად იკვეთება განზრახვა, რომელიც არის გაგრძელება სინამდვილეში მრავალწლიანი ანტიამერიკული პროპაგანდის, რასაც მეზობელი სახელმწიფო – რუსეთი ეწევა.

ამის მიზანი არის აშშ-ს დემონიზება მოსახლეობის თვალში და ამავე სტრატეგიის ნაწილია იმავე ცდებზე, ვირუსებზე, ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული დეზინფორმაციები, რადგან ეს ინფორმაცია შეეხება ადამიანებს, ემოციურ თემებს. აქაც, ბავშვი, როგორც ემოციის ელემენტია გამოყენებული. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში ადამიანებს და ცხოველებს აჯვარებენ, რომ უნივერსალური ჯარისკაცი გამოიყვანონ და დაუმარცხებელი გახდება ამერიკა და ა.შ. რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს და ამას როგორ დაიჯერებს ადამიანიო ვამბობდეთ,  ამ რიტორიკაში მთავარია ის, რომ ხშირად გაჟღერდეს და ადამიანებში გააჩინოს ეჭვი – „იქნებ მართალია? ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. ანუ მსგავსი ინფორმაციების მოსმენის შემდეგ, ადამიანი ყველაფერს დასაშვებს ხდის. სწორედ ეჭვების დათესვა, უნდობლობა არის საბოლოო ჯამში პრობლემა, რომელიც მწვავე საკითხების დროს ვლინდება“, – ამბობს გელავა.

ამის მაგალითად კი მას მოჰყავს პანდემიის პერიოდში გაჩენილი ეჭვები, რომ თითქოს კორონავირუსი რეალურად არ არსებობს და მოგონილია, რომ რაღაც შეთქმულების თეორიაა ადამიანების ხელოვნურად გასაღარიბებლად. „აი, ამ ეჭვების არსებობაა პრობლემა“, – ამბობს სოფო გელავა.

მისი თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდა ყველაზე იაფი ჯდება, რადგან არ სჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის ჩართვა. „პროპაგანდა კეთდება იაფად და პრიმიტიულად. დაჯდება ვინმე მსგავს ეთერში, გაავრცელებს ბოდვას და ეს გზავნილი შემდეგ სხვადასხვა არხით მიდის ადამიანებამდე, მიუხედავად იმისა, რომ აბსურდული  გზავნილია.

ხშირად ყალბი ინფორმაციების გაზიარებას ის ადამიანებიც კი უწყობენ ხელს, ვინც ახალგაზრდა თაობას ამ ინფორმაციების გადამოწმებაში და ე.წ. Fake ნიუსების გარჩევაში უნდა ეხმარებოდეს. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ არაერთ სკოლის პედაგოგს გაუზიარებია არასანდო ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე.

„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ განათლების, მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, კრიტიკული აზროვნების და უნარების განვითარების პრობლემაზე, რომ უაპელაციოდ არ უნდა მივიღოთ ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენამდე მოდის, მაგრამ აუცილებელია სტრატეგიაც, რას ვუპირისპირებთ რეალურად ცრუ ინფორმაციას.

მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ ასაკობრივ, რეგიონულ ჭრილშიც, სადაც  შესაძლოა ნაკლებია ინტერნეტთან წვდომა, ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, ვინ არიან აქტორები, ვინ ესაუბრება ამ კატეგორიას, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი?

ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, ვის ვუპირისპირებთ, ვთქვათ, რობერტ სტურუას? ვფიქრობ, თავისივე თაობის და გავლენის მქონე ადამიანები უნდა დავუპირისპიროთ, ოღონდ სრულიად სხვა ღირებულებებით, ვისაც კონკრეტულ სოციუმში, კონკრეტულ გარემოში აქვს ნდობა და ავტორიტეტი“, – ამბობს სოფო გელავა.

ხშირად ყალბი ინფორმაციების გამავრცელებელი ადამიანები თვითონვე აპელირებენ იმაზე, რომ სხვები ავრცელებენ ტყუილ ინფორმაციას. იმავეს მცდელობა იყო რადიო „უცნობის“ ეთერში, სადაც რობერტ სტურუა საუბრობს „სხვებზე“, ვინც ამზადებს გლობალურ კატასტროფას. მართალია, ეს „სხვა“ არ დაუკონკრეტებია, მაგრამ შიგადაშიგ ისაუბრეს ამერიკაზე, შეთქმულების თეორიებზე ა.შ.

რობერტ სტურუა და გიორგი გაჩეჩილაძე რადიო „უცნობის“ ეთერში.

მაგალითად, გიორგი გაჩეჩილაძე ამავე ეთერში, სტურუასთან საუბრის დროს ასეთ რამესაც ამბობს:  „არ მესმის რატომ უნდა მოუნდეს მილიარდერს, კომპიუტერების მაგნატს (იგულისხმება ბილ გეიტსი), ფარმაცევტიკაში ჩარევა და რაღაც ვაქცინის გაკეთება (საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე), დამზადება და მერე ამის იძულება ხალხზე. წარმოუდგენელი რამეა“. ამაზე რობერტ სტურუა პასუხობს: „ფულს, როგორც სავარძელს, შეუძლია ადამიანი გაანადგუროს, როგორც პიროვნება…“ და შემდეგ დასძენს – „მე მაინც არ გავიკეთებ ვაქცინას“.

___

მთავარი ფოტო: რობერტ სტურუა, კადრი რადიო „უცნობის“ გადაცემიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: