მთავარი,სიახლეები

საბიუჯეტო ორგანიზაციები 4,3 მილიონი ლარის ხსნარს, ნიღაბსა და თერმომეტრს შეისყიდიან

30.07.2020 • 1368
საბიუჯეტო ორგანიზაციები 4,3 მილიონი ლარის ხსნარს, ნიღაბსა და თერმომეტრს შეისყიდიან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ ხელის სადეზინფექციო საშუალებების, დეზობარიერების, უკონტაქტო თერმომეტრებისა და ნიღბების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. სააგენტოს 4 ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, ჯამში, 4 372 151 ლარია.

აქედან:

[checklist]

  • ხელის სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად, მაქსიმუმ, 3 394 000 ლარი დაიხარჯება;
  • დეზობარიერების შესაძენად – 197 600 ლარი;
  • უკონტაქტო თერმომეტრების შესაძენად – 463 455 ლარი;
  • ნიღბების შესაძენად – 317 096 ლარი.

[/checklist]

ოთხივე ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 3 და 4 აგვისტოს დასრულდება.

ხელის სადეზინფექციო საშუალებების [სამედიცინო ხსნარების] შესასყიდი ჯამური რაოდენობაა 339 400 ლიტრი. ტენდერში გამარჯვებულმა ხსნარი ორგანიზაციებს,  მითითებულ მისამართებზე, ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს.

ორგანიზაციები შეისყიდიან 5 200 ცალ სადეზინფექციო რეზინის ხალიჩას [დეზობარიერს], რომლის ფასი, 1 ცალის, არ უნდა აღემატებოდეს 38 ლარს. მიწოდების ვადა, შესაბამის მისამართებზე, 7 სექტემბრამდე პერიოდია.

კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შეისყიდიან 10 299 ცალ უკონტაქტო თერმომეტრს. მიწოდების ვადა აქაც 7 სექტემბრამდეა.

რაც შეეხება ნიღბებს – შესასყიდია 1 585 480 ერთჯერადი პირბადე. ერთეულის ფასი კი არ უნდა აღემატებოდეს 20 თეთრს.

„ერთჯერადი ნიღაბი (პირბადე), ქარხნულად დამზადებული, არანაკლებ სამშრიანი, ყურზე რეზინის სამაგრებით, ცხვირის არეში რეგულირებადი ფირფიტა-ფიქსატორით ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად, ნიღაბი სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. ნიღაბის შუა ფენა დამზადებული უნდა იყოს ე.წ. “Melt Blown” მასალის ფილტრისაგან, რაც უზრუნველყოფს წვეთოვანი ნაწილაკების მაღალ ფილტრაციასა და ბაქტერიებისგან/ვირუსებისგან ეფექტურ დაცვას“ – აღნიშნულია ტენდერის მოთხოვნაში.

შესყდვების სააგენტოს ადრე 4 680 000 ცალი პირბადის შესაძენად ჰქონდა კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებული, თუმცა ეს ტენდერი 6 ივლისს შეწყვიტა.

„ტენდერის მიმდინარეობისას საჭირო გახდა სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ კონსოლიდირებული ტენდერით სარგებლობს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაცია, ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების მოთხოვნის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის ნიღბების მიწოდებისას გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად, სასურველია სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იყოს რა ძირითადი მასალისგან უნდა დამზადდეს მისაწოდებელი ნიღბები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა შესასყიდი ობიექტის ფუნქციონალურ აღწერასთან ერთად სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებით, მოთხოვნილი უნდა იყოს, რომ ნიღბები დამზადდეს ე.წ. „Melt Blown“ მასალისგან, რაც უზრუნველყოფს წვეთოვანი ნაწილაკების მაღალ ფილტრაციასა და ბაქტერიებისგან/ვირუსებისგან ეფექტურ დაცვას“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისიის 6 ივლისის ოქმში.

შეწყვეტილ ტენდერში ერთეული პირბადის მაქსიმალურ ფასად 25 თეთრი იყო განსაზღვრული.

კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ შესყიდვების სააგენტოს Faceguard-ის პირბადეებს სთავაზობდა, რომელსაც თავად ეს კომპანია აწარმოებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პირბადეების Faceguard-ის საწარმო 2020 წლის აპრილში „საპარტნიორო ფონდისა“ და TBC ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა.

2020 წლის 30 ივლისის დილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, მძღოლი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. ქვეყნის მასშტაბით კი დღეს ჯამში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი მძღოლი დაინფიცირდა – 30 ივლისი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: