სიახლეები

ხელვაჩაურში წყლის სისტემის მოწყობაზე ყალბი აქტების დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს

30.07.2020
ხელვაჩაურში წყლის სისტემის მოწყობაზე ყალბი აქტების დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

აჭარის პროკურატურამ პს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

პროკურატურამ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარეს თ.მ.-ს და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ყოფილ უფროს სპეციალისტს, სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს რ.ვ.-ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორმა ო.ბ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიღების მიზნით, დაამზადა შესრულებული სამუშაოების მიღების ყალბი აქტები, რომელთა სინამდვილეც დადასტურებული იყო სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველის რ.ვ.-ს ხელმოწერით, ექსპერტის ბ.მ.-ს მიერ გაცემული ყალბი ექსპერტიზის დასკვნებით და სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარის თ.მ.-ს მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების ყალბი აქტებით. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. უსაფუძვლოდ, მოტყუებით დაეუფლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 82 439 ლარს.

ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბ.მ.-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.მ.-ს და რ.ვ.-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარედგინათ.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: