მთავარი,სიახლეები

ენმ-ს წევრი, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს, უმრავლესობამ ხელვაჩაურის საკრებულოდან გარიცხა

30.07.2020 • 1995
ენმ-ს წევრი, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს, უმრავლესობამ ხელვაჩაურის საკრებულოდან გარიცხა

დღეს, 30 ივლისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ვაჟა თავდგირიძეს, უმრავლესობამ საკრებულოს წევრის სტატუსი შეუწყვიტა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ნადიმ ვარშანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ოპოზიციონერისთვს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ის არის, რომ ვაჟა თავდგირიძე 6 თვის განმავლობაში საკრებულოში არ გამოცხადებულა. ის აჭარისწყლის მაჟორიტარი იყო.

თავდგირიძის საკრებულოდან გაშვებით, ხელვაჩაურის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციაც დაიშალა. ფრაქციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„თვითმმართველობის შესახებ კანონში წერია, რომ არასაპატიო მიზეზის შემთხვევაში შეუძლია საკრებულოს შეუწყვიტოს წევრის უფლებამოსილება, ვაჟა თავდგირიძეს კი საპატიო მიზეზი ჰქონდა, მას ჯანმრთელობის მძიმე დიაგნოზი აქვს და ამისი ცნობაც აქვს წარდგენილი საკრებულოში“, – გვითხრა მიშა ბოლქვაძემ.

მიშა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ მოაწოდა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ვაჟა თავდგირიძეს მართლაც მძიმე დიაგნოზი აქვს.

ნახეთ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის შემთხვევა – როცა „ქართული ოცნების“ წევრი საკრებულოს დეპუტატი გერმანიაში წავიდა ოჯახის მოსანახულებლად და დაახლოებით 6 თვის განმავლობაში არ დასწრებია სხდომებს. ამის მიუხედავად, მას ხელფასსაც უხდიდნენ, პრემიასაც, საწვავისა და ტელეფონოს ხარჯებსაც უნაზღაურებდნენ. 

მიშა ბოლქვაძის თქმით, სამედიცინო ცნობაში (ფორმა 100) წერია, რომ ვაჟა თავდგირიძე 2019 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდა მწოლიარე მდგომარეობაში და დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეეძლო. „აქედან გამომდინარე, მისთვის უფლებამოსილება არ უნდა შეეწყვიტათ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, გუშინწინ საკრებულოს თავმჯდომარე პირადად შეხვდა ვაჟა თავდგირიძეს და უთხრა, რომ დატოვე მიშა ბოლქვაძის ფრაქცია და უფლებამოსილებას აღარ შეგიწყვეტთო, თუმცა მან უარი უთხრა.

საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მომაძახეს, რომ მათი კრიტიკა არ ვიკმარე, რიჟვაძეს და ივანიშვილს ვახსენებ ლაივებში, აქტიური ვარ. ამასთან, მე საქართველოს პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატადაც მოვიაზრები და ეს იყო პირადად ჩემზე ზეწოლა. თუმცა, ამის გამო გაწირეს ვაჟა თავდგირიძე“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

ვაჟა თავდგირიძე საკრებულოს სხდომას, რომელზეც მას უფლებამოსილება შეუჩერეს, არ დასწრებია. ამ დროისთვის მას მობილური ტელეფონიც გამორთული აქვს. როგორც მისი ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, სხდომაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე კი ამბობს, რომ კანონის შესაბამისად მოიქცა და ეს არ ყოფილა პოლიტიკური ზეწოლა.

„ავად ვიყავი და იმიტომ არ დავდიოდიო გვითხრა. კომისიამ მოსთხოვა წარმოედგინა დოკუმენტაცია და ვერ წარმოადგინა. ჯერ ერთი, თავში უნდა წარმოედგინა. ავად რომ ხდება საჯარო სამსახურში ადამიანი, ბიულეტენზე გადის. არც ბიულეტენი, არც არაფერი, არც მკურნალობის დოკუმენტაცია. შემდეგ მოიტანა „ფორმა 100“, რომ ის ავად იყო ამ დროის განმავლობაში და ეს იყო, რაც კომისიამ მისაღებად არ ჩათვალა“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ვაჟა თავდგირიძე არც წინა წლებში იყო აქტიური წევრი, „არც კომისიებში უმუშავია“, – ამბობს ის.

ნადიმ ვარშანიძე არ ეთანხმება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა საკრებულოს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. „კანონი მეუბნება, რომ 6 თვის გაცდენის შემდეგ, წევრს უფლებამოსილება უწყდება. ეგენი კი (გულისხმობს ენმ-ს) ჭიქაში ქარიშხალს აყენებენ. სასამართლოა აგერ და შეუძლიათ იჩივლონ“, – ამბობს ვარშანიძე.

თვითმმართველობის კოდექსის 43 მუხლის თანახმად, თუ საკრებულოს წევრი „არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში“, მას უფლებამსოილება ვადამდე ადრე შეუწყდება ან შეუჩერდება. შესაბამისად, თუ საკრებულოს წევრი 6 თვის განმავლობაში თუნდაც ერთხელ მიიღებს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, მას უფლებამოსილება არც შეუწყდება და არც შეუჩერდება.

_____

ამავე თემაზე:

საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: