Batumelebi | მელამ ბერლინში 100-ზე მეტი ფეხსაცმელი მოიპარა მელამ ბერლინში 100-ზე მეტი ფეხსაცმელი მოიპარა – Batumelebi
RU | GE  

მელამ ბერლინში 100-ზე მეტი ფეხსაცმელი მოიპარა

ბერლინის ერთ-ერთი სამეზობლოს მცხოვრებლები ფეხსაცმელების მასობრივი გაუჩინარებით ძალიან შეწუხდნენ. ფეხსაცმელების გამტაცებელი მელია აღმოჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მელამ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ცილენდორფის უბნის მცხოვრებთა სახლებიდან დაახლოებით 100 ფეხსაცმელი მოიპარა.

აქ მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ სახლებთან დალაგებული სხვადასხვა ფეხსაცმელი, მათ შორის ჩუსტები, სანდლები და ბოტასები ნელ-ნელა გაუგებარი მიზნით უჩინარდებოდა. „ქურდი“ ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქრისტიან მეიერმა გამოიჭირა.

ბერლინური გამოცემა Tagesspiegel-ი წერს, რომ მეიერმა თავდაპირველად გაუჩინარებული ბოტასების საძიებო განცხადება გამოაქვეყნა შესაბამის პლატფორმაზე Nebenan.de. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეს არ იყო ერთადერთი ფეხსაცმელი, რომელიც ამ არეში გაქრა.

მოგვიანებით მეიერმა ეზოს მიმდებარედ მელა შენიშნა და მისთვის ფოტოს გადაღებაც მოახერხა. მეიერმა ასევე აღმოაჩინა მელიის მიერ მოწყობილი ფერადი ფეხსაცმელების სამალავი.

„სამწუხაროდ, მეიერმა ჯერ ვერ იპოვა თავისი დაკარგული ფეხსაცმელი“ – წერს დოიჩეველე – „მაგრამ სხვა სამი წყვილი ფეხსაცმელი წარმატებით დაუბრუნდა მფლობელებს“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან