როცა ბათუმში ძალიან ცხელა, ხანდახან ზღვაც ვერ აგრილებს. წყალი ძალიან თბება და ამოსვლისთანავე გცხელა, თითქოს არც გიბანავია. ასეთ დღეებში ტოვებენ ქალაქს და მთაში ეძებენ შვებას, სიგრილესა და სიმშვიდეში, კაკლის ხეების ჩრდილქვეშ. საით წავიდეთ თუ ქალაქის სიცხე აუტანელია? ჩანჩქერებისკენ გირჩევდით, რის ნაკლებობასაც წყალუხვი აჭარა ნამდვილად არ უჩივის. მტირალას და მახუნცეთის ჩანჩქერებზე არაფერს ვიტყვით, ისეც გეცოდინებათ. ბათუმთან ახლოს კიდევ არაერთი ნაკლებად ცნობილი ჩანჩქერია, სადაც ბანაობაც შეგიძლიათ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებაც და, რაც მთავარია, გრილი დღის უტყუარი გარანტიაც გექნებათ. ჯოჭოს ჩანჩქერით დავიწყოთ.
სოფელი ჯოჭო ბათუმიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული, ხელვაჩაურში, ერგეს ცენტრიდან ზედა ჯოჭოს ჩანჩქერამდე 4 კილომეტრია, სანამ ჩანჩქერს მიადგებით, გზად შეგხვდებათ მდინარეზე დაგუბებული აუზი, რაც ასევე მშვენიერი შესაძლებლობაა გრილ წყალში საბანაოდ.
ჩანჩქერამდე მისასვლელად ტყეში 20 წუთიანი სავალი გზაა, ბილიკი მოპირკეთებული არ არის, მაგრამ მიხვდებით, რომ ბილიკია. გზად წყავის დახუნძლული ხეები და თხილის ბუჩქები შეგვხვდა, ორივე მწიფდა, კარგ დროს მოვედით.
ჩანჩქერის ირგვლივ გაუკაფავი ადგილებია, კარგი იქნება თუ თან დანას მაინც იქონიებთ, რომ ჩამოსასხდომი ადგილი მოასუფთავოთ. ჯოჭოს ჩანჩქერი ხეებითაა დაბურული და საკმაოდ გრილა.
ძენწმანის ჩანჩქერამდე მისასვლელად ქედის ცენტრიდან უნდა გადაუხვიოთ სოფლისკენ, სადაც მოასფალტებული გზა მიდის, ჩანჩქერის ბილიკს მარტივად მიადგებით სამანქანე გზით. ხეობაში ჩასასვლელ ბილიკზე მოაჯირებია მოწყობილი, რაც ძალიან გაგიადვილებთ დაღმართზე გზას, რომლის ბოლოშიც შავი, ქვაბული კლდიდან გადმომდინარი ძენწმანის ჩანჩქერი დაგხვდებათ. ზუსტად ჩანჩქერამდე მისასვლელად ციცაბო ბილიკზე უნდა ჩაიაროთ ფრთხილად ან ხიდიდან დატკბეთ სანახაობით და სიგრილით.
ჩანჩქერიდან მობრუნებულებმა აუცილებლად უნდა ნახოთ სოფლის ძველი ხის მეჩეთი, რომელიც ადგილობრივების თქმით 150 წელზე მეტისაა.
ბათუმიდან სულ რაღაც 27 კილომეტრით დაშორებულ მირვეთში ველოტურითაცაა შესაძლებელი ასვლა, სოფელში ჯომარდობისთვისაც ადიან ტურისტები. სოფლის მთავარ გზაზე აბრებით ადვილად მიაგნებთ ჩანჩქერს, სანამდეც კოლხური ბზის ტყის გავლით მიხვალთ. დაგუბებულ წყალში ხშირად ბანაობენ. მირვეთში, ჩანჩქერთან ახლოს თამარისდროინდელი თაღოვანი ხიდი და კეთიმოწყობილი საპიკნიკეა მოწყობილი იდეალურ ადგილას.
მერისი სოფელია ქედაში, ჩანჩქერსაც ასე ჰქვია. იქამდე კეთილმოწყობილი სამანქანე გზა მიდის, მოწყობილია კიბეები და მოაჯირები, ქვიდან ქვაზე ხტომა არ მოგიწევთ, თუმცა სრიალა ლოდებთან მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. ჩანჩქერის საუკეთესო ხედების გადასაღებად შეგიძლიათ სახელდახელოდ გაჭიმულ საბაგიროში ჩასხდეთ.
მერისის ჩანჩქერზე, როგორც აქაურებმა გვითხრეს, ყოველთვის ხალხმრავლობაა: ჩანჩქერის გუბურაში ბავშვები ბანაობენ, იქვეა ხის მოსასვენებელი ქოხები, სადაც პიკნიკის მოწყობა შეიძლება. წელს, ცხელ დღეებში, როცა ტურისტები ქვეყანაში აღარ არიან, მერისელები ამოდიან აქ, სადილობენ, ღვინოს შეექცევიან და დღეს გრილი ჩანჩქერის სიახლოვეს ატარებენ.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეძიბნას ჩანჩქერი აჭარის ნიაგარაა. ზღვის დონიდან 640 მეტრზე მდებარე სოფელში სულ სამოცამდე ოჯახი ცხოვრობს. ქედის ცენტრიდან სოფლამდე 7, 8 კილომეტრია. კაკლებით დაჩრდილულ მეძიბნაში, ჩანჩქერთან მისვლამდე შეგილიათ სოფლის ხედებით დატკბეთ და ჩრდილში დაისვენოთ, სადაც აუცილებლად შეგნიშნავთ ვინმე და შემოგთავაზებთ სოფლის ცენტრის საამაყო ჭიდან წყალს, ქაფქაფა ყავას, გამოგკითხავენ ხომ არ ხართ მშივრები და მოსვენება ხომ არ გჭირდებათ, თვალების გაფართოებამდე და გულის აჩუყებამდე სასიამოვნოა ეს ყურადღება სრულიად უცნობებისგან – მარტივად რომ ვთქვათ, ტურიზმი აქ ჯერჯერობით განვითარებული არ არის და სოფლის სტუმარს ტურისტად, შემოსავლის წყაროდ არ აღიქვამენ.
ოთხი ჩანჩქერის შემდეგ მეძიბნა მეხუთე, ბოლო ჩანჩქერი იყო, რომელიც ერთ დღეს ვნახეთ, უზომოდ დაღლილებს, არაფრის დანახვა აღარ გვინდოდა სახლის გარდა, მაგრამ ჩანჩქერის გამოჩენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მეძიბნა გვალვაშიც კი წყალუხვია, ტყის ბილიკის გავლის შემდეგ, არ ელი, ისე სწრაფად და მოულოდნელად ჩნდება მისი ულამაზესი და შთამბეჭდავი ხედი. უზარმაზარი, ცადაწვდილი მთებიდან მოედინება, ვარდნის სიძლიერე ისეთია, რომ ჩანჩქერის ბუნებრივ აუზში ბანაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მიუხედავად დაღლისა ყველამ ერთხმად შესძახა, რომ ეს ამად ღირდა, რომ მეძიბნა საუკეთესო ჩანჩქერია აჭარაში რაც კი გვინახავს და ამ სოფელს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს.