მთავარი,სიახლეები

გარდაცვლილი ფეხბურთელის დედის თქმით, ის დაზარალებულად 3 წლისთავზეც არ ცნეს

28.07.2020 • 3967
გარდაცვლილი ფეხბურთელის დედის თქმით, ის დაზარალებულად 3 წლისთავზეც არ ცნეს

31 წლის ფეხბურთელის, შოთა მამინაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან სამი წელი ახლოვდება, ოჯახი კი ამ დრომდე არ არის დაზარალებულად ცნობილი და არც საქმის მასალებზე აქვთ წვდომა.

ფეხბურთელი შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთის სტადიონზე დაგეგმილ მატჩამდე, „მოთელვის“ დროს გახდა ცუდად და გარდაიცვალა. შოთა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ თამაშობდა და იმ დღეს მის კლუბს „ვიტ ჯორჯიასთან“ უნდა გაემართა შეხვედრა.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებიდან ერთ წელში საქმე დახურეს, თუმცა ოჯახმა მოახერხა ახალი გარემოებების აღმოჩენა და საქმის გამოძიება ისევ განახლდა.

ბათუმელი შოთა მამინაშვილის დედა, ლოლიტა იაშვილი გვიყვება, რომ მისმა ოჯახმა ადვოკატის დახმარებით, ფაქტობრივად, თავად გამოიძია საქმე და ისინი დარწმუნებული არიან, რომ მისი შვილი უცოდინარობისა და გულგრილობის გამო დაიღუპა, ამის გადასაფარად კი მისი საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ დოკუმენტებს აყალბებს.

„ჩვენ შევისწავლეთ დოკუმენტები და დავადგინეთ, რომ გაყალბებულია დოკუმენტები. პროკურორს მივაწოდეთ შოთას ხელმოწერების ასლები ბანკებიდან. ახლა მათ უნდა გამოითხოვონ დედნები და დანიშნონ ექსპერტიზა, მაგრამ პროკურორი გვეუბნება, რომ გამომძიებელი არ ჰყავს თავისუფალი, რადგან შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზეა ყველა გადართული. ჩვენ რიგში უნდა დავდგეთ, რომ გამომძიებელი გამოგვიყონ? თუ რიგითობაზეა საქმე, ჩემი შვილი სამი წლის წინ დაიღუპა“, – აცხადებს ლოლიტა იაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახისთვის მოწოდებული დოკუმენტი, რის მიხედვითაც დასტურდება, რომ შოთა მამინაშვილი ნამდვილად ირიცხებოდა კლუბ „ზუგდიდში“. დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც ექიმი, ისე კლუბის დირექტორი. ეს ხელწერები ადასტურებს იმას, რომ კლუბის ფეხბურთელებს, მათ შორის შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება აქვთ გავლილი.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, რომელიც გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს მიაწოდეს, შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახისთვის გაცემული დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია და საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ ექიმიც კი არ ჰყავს.

„ეს ფეხბურთელი მე არ მომიყვანია, შუა სეზონი იყო… ყველა გადის ჩვენთან სამედიცინო შემოწმებას“, – გვითხრა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ. მას კონკრეტულად სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის შესახებ ვკითხეთ, სადაც აღნიშნულია, რომ ფეხბურთელს, რომელიც სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა, „სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“.

„მე არ მიმიღია ასეთი დასკვნა და თქვენ სად ნახეთ? არა მგონია, გავლილი არ ჰქონოდა. ეს გამოძიების საქმეა, მე ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზაზა ჯანაშიამ.

ლოლიტა იაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის „საქმის ჩაფარცხვაში“ მონაწილეობენ კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი: „ზაზა ჯანაშია [საფეხბურთო კლუბის მფლობელი] ცდილობდა შეექმნა ისეთი განწყობა, თითქოს ჩემი შვილი წინა დღით ნასვამი იყო. სამხარაულის ექსპერტიზამ კი ის დაადგინა, რომ შოთიკო იყო სუფთა, მაგრამ სამი წლის ხანდაზმულობით რამდენიმე მიკროინფარქტი ჰქონდა გადატანილი. თუ სამედიცინო შემოწმებას ატარებდნენ, რისთვისაც ფულია გამოყოფილი, მაშინ ეს მიკროინფარქტები რატომ ვერ შენიშნეს? ან ადრენალინი რატომ ვერ გაუკეთეს სტადიონზე, როცა ცუდად გახდა. ეს შოთიკოს გადაარჩენდა. ზაზა ჯანაშია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ფლობს ზუგდიდში კლუბს. ეგ, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი საფეხბურთო სამყაროს ერთი თაობაა. ბიუჯეტიდან გამოიყოფა მილიონები ამ კლუბისთვის და რა როგორ იხარჯება არავინ იცის“.

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის სეზონის წინ შოთა მამინაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება.

ლოლიტა იაშვილის თქმით, საფეხბურთო სამყაროში ძალიან კარგად იციან, რომ შეიძლებოდა შოთას გადარჩენა, მაგრამ საჯაროდ ამის აღიარება არ სურთ, რადგან ფიფა და უეფა კლუბს დიდი თანხით დააჯარიმებს:

„საქმეში დევს ფირი, რომელშიც საუბარია, როგორ შეიძლებოდა შოთას გადარჩენა. ჩემი ქმარი შემთხვევით დაესწრო ტრენინგს თბილისის „დინამოში“, როცა ჩემი შვილის გარდაცვალების კადრებზე ასწავლიდნენ, მსგავს შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ და რა შეცდომები დაუშვეს მაშინ სტადიონზე. ჩემი მეუღლე [იური მამინაშვილი] ტრენინგზე წვერებში იყო და ვერ იცნეს. ჩემი მეუღლე ფეხბურთელია. ის 1981 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობის მეკარე იყო, ოთარ გაბელიას ცვლიდა. აი, ეს ფირი დევს საქმეში“.

შოთა მამინაშვილის ოჯახის განცხადებებზე პასუხის მისაღებად დღეს, 29 ივლისს, „ბათუმელები“ დაუკავშირდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და აწ უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან კობიაშვილს. მან მოგვწერა, რომ „ტელეფონზე პასუხის შესაძლებლობა არ აქვს“. ჩვენ მას სმს შეტყობინებით გავუგზავნეთ კითხვები და პასუხის მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

ლოლიტა იაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალება ფეისბუქით შეიტყო და არა ოფიციალურად: „გვითხრეს, რომ მაშინვე, ადგილზე გარდაიცვალა. ამან ეჭვები და კითხვები გამიჩინა და მას შემდეგ, მე, შაოსანი დედა, ვცდილობ გამოვიძიო ჩემი შვილის საქმე, რომ სხვა ახალგაზრდებს არ დაუდგეთ იგივე შედეგი“, – ამბობს ის და დასძენს: „მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთხელ და სამუდამოდ ყოველ ექვს თვეში აუცილებლად ჩაუტარონ სამედიცინო შემოწმება და არა ისე, როგორც ახლა ხდება. გარდა ამისა, თუ გვცნობენ დაზარალებულად შოთას ცოლს ან მშობლებს, მაშინ კლუბი ვალდებული იქნება, შოთას შვილს 18 წლამდე პენსია დაუნიშნოს“.

გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა კიდევ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, „ზუგდიდი/ვით ჯორჯიას“ შეხვედრაზე სტადიონზე არ იმყოფებოდა არც ექიმი და არც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, რაც შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა: „თავდაპირველად გვითხრეს, რომ ჩემი შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ესეც ტყუილი იყო. შოთიკოს ცუდად გახდომიდან  55 წუთში კობიაშვილი ჩავიდა თბილისიდან მცხეთაში, თან სასწრაფოს ორ მანქანა ახლდა. არც ერთ მათგანს არ ჰქონდა საკაცე. ფეხბურთელებმა ხელით შეიყვანეს შოთიკო სასწრაფოში, მაშინ როცა მისი განძრევა არ შეიძლებოდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც ცოცხალი იყო. ჩვენთვის რომ დაერეკათ, ჩვენ გადავარჩენდით. სამაგიეროდ ფეისბუქით გავიგეთ მისი გარდაცვალების შესახებ, რაც ჩვენთვის იყო შოკისმომგვრელი“.

ლოლიტა იაშვილი ლევან კობიაშვილს და ასევე ყოფილ ფეხბურთელსა და მოქმედ პარლამენტარს მიხეილ ყაველაშვილს კითხვით მიმართავს: „თქვენ ხომ ევროპაში თამაშობდით. არ იცით, რომ თუ სტადიონზე არ დგას სასწრაფოს მანქანა და არ არის ექიმი, მატჩის ჩატარება აკრძალულია. თუ სტადიონზე იდგა სასწრაფო, მაშინ რატომ ჩაიყვანა თბილისიდან ლევან კობიაშვილმა სასწრაფოს მანქანა. თუ სტადიონებზე არ იდგა სასწრაფო, მაშინ რა გააკეთა ფეხბურთის ფედერაციამ? ის ხომ ამ ფედერაციის პრეზიდენტია“.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის პრეტენზიაზე, რომ გამოძიება ჭიანურდება, „ბათუმელები“ გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებისგან ამ საკითხზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

ამავე თემაზე:

რას ამბობს ფეხბურთის ფედერაცია გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში არსებულ შესაძლო სიყალბეზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: