სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 1 პირი – პროკურატურა

პროკურატურამ სახელმწიფო მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა და ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ლ.პ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს, რომელთაგან ერთი – 2014 წელს, ხოლო მეორე – 2017 წელს წარადგინა საჯარო რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად.

„2014 წელს ლ.პ-მ ბოლომდე ვერ მიიყვანა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოააშკარავეს მისი განზრახვა, რაც შეეხება 2017 წელს, ლ.პ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მოახერხა დაეუფლებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 40139,9 ლარის ოდენობის ზიანი“ – წერს პროკურატურა.

ლ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ლ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

1 აგვისტოდან McDonald’s და Glovo ექსკლუზიური პარტნიორები არიან

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo და ყველასთვის ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s ექსკლუზიური პარტნიორები გახდენენ. 

პარტნიორობის ფარგლებში, McDonald’s-ის საყვარელი ბურგერების გამოძახება Glovo-ს დაფარვის ზონის ხუთივე ქალაქშია შესაძლებელი. ამიერიდან მეგობარი კომპანიები საერთო აქციებით განებივრებას ჰპირდებიან მომხმარებლებს.

თანაც, გაითვალისწინეთ, რომ თბილისსა და ბათუმში, 24/7-ზეა შესაძლებელი საყვარელი ბურგერებისა თუ მენიუების გამოძახება. მაგრამ ზაფხულის სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ McDonald’s-ის ნებისმიერი პროდუქტი, ძალიან სწრაფად აღმოჩნდება ზღვის სანაპიროზე. მზის ჩასვლა არასოდეს ყოფილა ასეთი გემრიელი.

შეგახსენებთ, რომ Glovo უკვე 2 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. მისი მეშვეობით 24 საათის მანძილზე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკვების, ისე ფარმაცევტული პროდუქციის, პარფიუმერიის, ტექნიკისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკვეთის მომსახურებით.

Glovo-თი სარგებლობა ამჟამად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი.

AJARATV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე EMC სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის დათხოვნის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კიდევ ერთი მაგალითია.

30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. მათი გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გახდა პირველ ივლისს აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ინცინდენტი, რომლის ამსახველი კადრებიც აჭარის ტელევიზიამ თანამშრომლების გათავისუფლების დღეს გაავრცელა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აპირებს გათავისუფლებულთა ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  1 ივლისს მაუწყებელში მომხდარ შემთხვევაზე ტელევიზიის მენეჯმენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რის საფუძველზეც მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის ფაქტზე, თუმცა თუმცა, საქმეზე ამ დრომდე არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და რომელიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა:

„შესაბამისად, მურვანიძისა და გურაბანიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას სამართლებრივად არარელავანტურია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირის დამნაშავეობის საკითხს სასამართლო წყვეტს და დამსაქმებელი მოკლებულია შესაძლებლობას, დისციპლინური წარმოების შედეგად დაადგინოს დასაქმებულის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. გარდა ამისა, რამდენადაც დაუშვებელია ერთსა და იმავე ქმედებას მიეცეს სისხლის სამართლისა და დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია, მაუწყებლის ადმინისტრაცია იყო ვალდებული, დალოდებოდა გამოძიების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლის დირექტორის მტკიცება, რომ გიორგი მურვანიძემ და შოთა გურაბანიძემ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“ – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც საგამოძიებო მოქმედებებით დასტურდება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე კონფლიქტის დაწყებას ესწრებოდა, თუმცა, „ტელევიზიის დირექტორმა უმოქმედოდ, სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა ადგილი და ამით ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას“.

„შემაშფოთებელია აჭარის მაუწყებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების შემდგომ პერსონალური მონაცემების ამსახველი ვიდეო-მასალის ტელევიზიით გავრცელების ფაქტი, რომელსაც თან ერთვოდა მაუწყებლის განცხადება – „მაუწყებლის ადმინისტრაციისთვის ძალადობა მიუღებელია“, რაც აჩენს დასაბუთებულ ეჭვს მაუწყებლის მხრიდან გათავისუფლებული პირების მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მათი მოძალადედ იდენტიფიცირების მიზნის არსებობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა საკვანძო პოზიციების მქონე თანამშრომლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, ან სხვა სამსახურში თვითნებურად გადაიყვანა. ბოლო გათავისუფლებებიც მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნის საფუძვლიან ეჭვს ერთიორად ამყარებს.

EMC გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“ – წერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

________________

ფოტოზე: აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 31 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ბათუმში წვიმიანი ამინდი სამ დღეს შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს 21 საათიდან  2 აგვისტოს 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა,ზოგან – ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 4-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 აგვისტოს ღამით და დილით შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

__________________

ფოტო: „ბათუმელები“

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – ბოლო 24 საათის მონაცემები

პირველი აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით სამივე შემთხვევეაში ვირუსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს დაუდასტურდათ.

დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 949 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

____________

ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში აგრძელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და  ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 1001 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

პირველი აგვისტოს მონაცემებით რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში 17  პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე.

დღეისათვის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 41 131 პირს. პირველი აგვისტოს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2 623 პირი.

აბრეშუმის გზა – ბესო ხვედელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ანონსი]

ორშაბათს, 3 აგვისტოს, K2 Cafe-ში თანამედროვე ქართველი ავტორის, ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის – „აბრეშუმის გზა“ – პრეზენტაცია გაიმართება.

„რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.

პრეზენტაციის მოდერატორი და მუსიკალური გამფორმებელი ირაკლი ფაღავა იქნება.

წიგნის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების  ორგანიზატორები სტუმრებს სთხოვენ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები.  პრეზენტაციაზე მისულებმა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

წიგნის პრეზენტაცია საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

ბესო ხვედელიძე (დ. 1972) მრავალი ლექსის, მოთხრობისა და რომანის ავტორია. მისი ნაწარმოებები 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდოები: „საბა“, წინანდლის პრემია, „წერო“. ბესო ხვედელიძე სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურული ჟურნალებისა და ალმანახ „ახალი თარგმანების“ რედაქტორი. 2013 წელს მწერალი ნეპალში გადასახლდა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს იქ ატარებს.

ცემის შედეგად ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ აბაშიძე დღეს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვიდან ორმა სხვადასხვა პირმა დაუდასტურა. თამაზ აბაშიძის ნათესავების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, „გუშინდელი ცემის შედეგად ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამაზ აბაშიძეს გუშინ სცემეს ხულოში, დღეს დილიდან ვრცელდება. ამ ინფორმაციის თანახმად, კამათი ხულოს საჯარო მოხელეებსა და თამაზ აბაშიძეს შორის „ალპური ბაღის“ გახსნის ცერემონიალის შემდეგ, სუფრაზე დაიწყო და ხულოში დაბრუნებისას, გზაში გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირებით. როგორც თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვამ გვითხრა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რამდენიმე პირმა, ხულოს მერიის საჯარო მოხელეებმა იმიტომ სცემეს, რომ მისთვის მიუღებელია ისევ ანზორ ბოლქვაძის დასახელება მაჟორიტარ კანდიდატად.

თავად თამაზ აბაშიძემ დღეს „ბათუმელებთან“ უარყო, რომ რაიმე სახის დაპირისპირება აქვს ანზორ ბოლქვაძესთან, პარლამენტის მოქმედ წევრთან და მის გარემოცვასთან [ანზორ ბოლქვაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატია]. გარდა ამისა, თამაზ აბაშიძემ დღეს, დილის საათებში, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბეშუმში მიდის მოსახლეობისთვის ბაირამის დღესასწაულის მისალოცად.

„ბათუმელები“ თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვასთან მთელი დღის განმავლობაში ამოწმებდა ინფორმაციას, შესაძლო ცემასთან დაკავშირებით. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ახლო გარემოცვა, სხვადასხვა პირი, გვიდასტურებს, რომ თამაზ აბაშიძე დღეს ბათუმში, ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში იმყოფებოდა და ახლა ბრუნდება სახლში. „აღარ დარჩა კლინიკაში, ახლა გზაშია და სახლში მოდის“, – გვითხრეს ხულოს სოფელ დუაძეებში. თამაზ აბაშიძე ამ სოფლიდანაა.

იგივე პირების თქმით, თამაზ აბაშიძე შეუძლოდ გრძნობს თავს. „ვიცით, რომ მას ტვინის შერყევაც აქვს მიღებული. თუმცა, მაინც სახლში დაბრუნება არჩია. რას აპირებს, სოფელში როცა დაბრუნდება, მაშინ გვეცოდინება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ თამაზ აბაშიძის გარემოცვიდან.

თავად თამაზ აბაშიძე სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

სამი საათის წინ, ხულოს საკრებულოს ფეისბუქგვერდზე ამ შინაარსის ინფორმაცია განათავსეს: „საკრებულო სრული პასუხისმგებლობით ადასტურებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ აბაშიძესა და მაღალმთიანეთის მაჟორიტარ კანდიდატ საქართველოს პარლამენტში ბატონ ანზორ ბოლქვაძეს შორის დაპირისპირებისა არის სრული დეზინფორმაცია და ჭორი, მით უმეტეს, რომ ბატონ ანზორ ბოლქვაძე გუშინ არ იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“.

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე გუშინ ნამდვილად არ იმყოფებოდა ხულოში. „ბათუმელების“ დეპუტატმა დღეს უთხრა, რომ ის კაჭრეთში ტრენინგს ესწრებოდა. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაციაც გადაამოწმა – ანზორ ბოლქვაძე გუშინ ნამდვილად ტრენინგზე იყო.

___

ამავე თემაზე, რა თქვა თამაზ აბაშიძემ:

„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

ამავე თემაზე, რა თქვა ანზორ ბოლქვაძემ:

ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე – ანზორ ბოლქვაძის ვერსია გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

 

„ტელესკოლის“ დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო 3.8 მლნ ლარს ითხოვს

განათლების სამინისტრო პროექტ – „ტელესკოლას“ გაგრძელებისთვის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარს ითხოვს 2020 წლის ბოლომდე. 2020-2023 წლისთვის კი 3.8 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტელესკოლაზე 404 ათასი ლარი დაიხარჯა.

გარდა იმისა, სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან ერთად პარლამენტს ცვლილება შეატანინა „მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში“, რის საფუძველზეც სამინისტროს უფლება აქვს მაუწყებლის ეთერში განათავსოს მის მიერვე დაფინანსებული გადაცემები, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდა. თუმცა ამ ცვლილებამდე სამინისტროს მიერ დაფინანსებული გადაცემები მაინც გადიოდა ეთერში. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დროს, სამინისტრომ წინსწრებით, – 2020-2023 წლებისთვის ბიუჯეტიდან 3.8 მილიონი ლარიც მოითხოვა ტელესკოლის საორიენტაციო ხარჯისთვის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი წერია, რომ ტელესკოლის ბიუჯეტის 404 ათასი ლარიდან (3 თვის შემთხვევაში), 253 155 ლარი მასწავლებლების ხელფასებზეა გათვალისწინებული, 150 ათასი ლარი კი ტელეგაკვეთილების და საინფორმაციო ტიხრების გადაღებისთვის.

სამი თვის განმავლობაში სამინისტროს ტელესკოლისთვის დაქირავებული ჰყავდა 65 ადამიანი. მათ შორის: კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი და სურდოპედაგოგი. ასევე, ექსპერტები. 15-წუთიან სატელევიზიო გაკვეთილში სამინისტრო პედაგოგს 125 ლარს უხდის.

„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა, მაუწყებლის პროგრამების მომზადების და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა.

ამ კანონის შესაბამისად, არც განათლების სამინისტროს ჰქონდა უფლება მის მიერვე დაფინანსებული გადაცემები განეთავსებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. კანონის ცვლილება სამინისტრომ გადაცემების ეთერში განთავსების შემდეგ მოითხოვა.

ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს დაამტკიცა, განათლების სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს მაუწყებლის ეთერში განათავსოს საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, რომელიც მისი ჩართულობითა და ხელშეწყობით იქნება დამზადებული. საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

17 ივლისს, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა დგებუაძემ მაშინვე დასძინა, რომ ეს არ გულისხმობს სასწავლო პროცესის ტრადიციული ფორმით განახლებას და შენარჩუნდება დისტანციური ფორმით სწავლების ფორმატიც. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან, რის გამოც ისინი ვერ ახერხებდნენ ონლაინგაკვეთილებში მონაწილეობას. სამინისტროში აცხადებენ, რომ სწორედ ამ კონტინგენტისთვის გაკეთდა ტელესკოლა, სოციალურად დაუცველი ბავშვები მთლიანად რომ არ ჩამოშორებოდნენ სასწავლო პროცესს.

რადგან განათლების სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.8 მილიონი ლარის გამოყოფა მოითხოვა, ეს ნიშნავს, რომ სამინისტრო საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის სრული დატვირთვით განახლებას, სავარაუდოდ, არც მომდევნო წელს აპირებს. თუმცა, სამინისტროს ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც ხედვა და არც რაიმე კონცეფცია, თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოს სახელმწიფომ ინტერნეტის მიწოდება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ან უზრუნველყოს ისინი ტექნიკით მაინც.

კარვები მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით – პროტესტის მე-16 დღე

16 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ, სკვერში კარვებია გაშლილი. მოქალაქე დავით ანანიძე აჭარის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

დავით ანანიძე ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელია. ის ამბობს, რომ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ამ ბაზრობის წილები და მის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს.

დავით ანანიძემ და მისმა ახლობლებმა საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით ბათუმში მასშტაბური აქცია 16 დღის წინ, 15 ივლისს გამართეს.

„პირველ დღეს შევხვდი მთავრობის აპარატს, ისინი შემპირდნენ, რომ გაარკვევდნენ ყველაფერს, პროკურატურაშია საქმე. მერე შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. ავუხსენი ყველაფერი, კარგად მომისმინა, ჩაინიშნა ყველაფერი და მითხრა: „მართალია მე, პირადად, არ მეხება ეს საკითხი, მაგრამ დავინტერესდები, მოვიკითხავ და შევისწავლიო. ვფიქრობ, მას შეუძლია დახმარება. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელმაც ასე უბრალოდ უნდა ჩაიაროს,“ – ამბობს დავით ანანიძე „ბათუმელებთან“.

დავით ანანიძე ამბობს, რომ არ აპირებს კარვების დაშლას, სანამ მისი საკითხი „ერთხელ და სამუდამოდ არ გადაწყდება“.

„შინაგანი რწმენა მაქვს, რომ დამეხმარებიან. მაგრამ თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები აღარ ვართ და უნდა ვიფიქროთ სხვა რამეზე. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი საკუთრების დაბრუნებას, რომელიც წაგვართვეს,“ – ამბობს დავით ანანიძე.

ე.წ. ხოფის ბაზრობის 50 პროცენტი ილია ანანიძეს ეკუთვნოდა, 28,5 – ასლან აბაშიძის დას, ნარგიზ აბაშიძეს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს – 20 პროცენტი, ხოლო 1,5 პროცენტი ჯონი ზოიძის საკუთრება იყო. 2008 წელს ქონების სახელმწიფოსთვის გადაფორმებამდე დავით ანანიძე და ჯონი ზოიძე დააკავეს.

„ხოფის“ ბაზრობა დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.

აქცია მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის წილების დაბრუნების მოთხოვნით

ამავე თემაზე 2008 წელს „ბათუმელების“ სტატია:

ბიზნესმენების დაკავება

რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის პირველ მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე წარადგინა.

რამაზ ჯინჭარაძე აქამდეც მინისტრის მოადგილე იყო დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებით. იგი 2009 წლიდან მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, მანამდე კი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  დევნილთა და  განსახლების დეპარტამენტის უფროსი იყო.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს  ოთხი მოადგილე ჰყავს. მას შემდეც, რაც რამაზ ჯინჭარაძე პირველ მოადგილედ დაინიშნა, მინისტრის ერთი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოსტს ტოვებს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ნინო ნიჟარაძე დაიკავებს.

ამავე თემაზე: 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, ზაალ მიქელაძე გადადგა

უცხოელის საქმიანი ვიზიტით ქვეყანაში შემოსვლაზე თანხმობას აჭარის სამინისტროც გასცემს

უცხოელის საქმიანი ვიზიტით საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან უარს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც გასცემს, ოღონდ საქართველოს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილებას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულ მხარეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს. ანალოგიური უფლება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტსაც.

„იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც დარგობრივი სამინისტროების მიერ განაცხადის მიღების და ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებით, ნებართვის გამცემ უწყებებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც დაემატება. განაცხადის შევსებისას, თუ შევსების შემდეგ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად განმცხადებელი საქართველოს მთავრობის ცხელ ხაზს, 114-ს უნდა დაუკავშირდეს, საიდანაც გადაამისამართებენ შესაბამის უწყებაში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც ბიზნესსაქმიანობისთვის საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, თანხმობის მისაღებად სპეციალური განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსოს. განაცხადი უნდა შეავსოს იმ ორგანიზაციამაც, ვინც უცხოელს საქართველოში იწვევს.

განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის – www.stopcov.ge -ის მეშვეობით.

უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი, ხუთი მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა. ერთობლივ ბრძანებას ხელს საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები აწერენ.

ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირებაზე მუშაობენ ზემოთ აღნიშნული სამინისტროები, თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში შეიტანა.

ამავე წესით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან  ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები.

თუმცა:

[checklist]

  • ის უცხოელი, რომელიც შემოვიდა საქმიანი ვიზიტით, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“ [რაც ნიშნავს, რომ გადატანილი აქვს ინფექცია], იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან;
  • უცხოელ ვიზიტორს კვლევების ჩატარების ვალდებულება არ წარმოექმნება იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარი ხარჯებით განთავსდება კარანტინში;
  • ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

[/checklist]

იზოლაციისა და კარანტინის წესებით განსაზღვრული ტესტირებისა და კვლევების ჩატარების ვალდებულება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.

ასეთი უფლებით ამ ეტაპზე 5 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ: გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის.

ამ თემაზე:

საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

2 მიუსაფარი ძაღლი ბათუმიდან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიჰყავთ

ბათუმში მცხოვრები ორი მიუსაფარი ძაღლი, სეტერი – ჯორჯი და დალმატინელი სააკი საზღვარგარეთ გააჩუქეს. ძაღლები სავარაუდოდ პატრონებმა გამოაგდეს სახლებიდან პანდემიის დროს. ძაღლების საზღვარგარეთ გაჩუქება ფეისბუქით მოხერხდა: „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“ ბათუმელმა თეონა ყურშუბაძემ შექმნა და ეს ჯგუფი არაერთ მიუსაფარ ცხოველს ეხმარება.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯგუფში დაიდო პოსტი ერთ სეტერზე, რომელიც იმყოფებოდა მახოს ხიდთან, ავტობუსის გაჩერებაზე. ერთი თვის განმავლობაში იყო ეს ძაღლი იმ ადგილას. როგორც ჩანს, იქ გადმოსვეს და იქედან არსად მიდიოდა.

პოსტი კი დავდე, მაგრამ ვდარდობდი. ძალიან დიდი ძაღლი იყო და ამას ვინ წაიყვანს-მეთქი. გაზრდილი ძაღლის გაჩუქება ძალიან რთულია, მაგრამ სეტერი რომ იყო, უფრო გულზე მომედო, სეტერის და პოინტერის ჯიშის ძაღლები კარგად ნადირობენ და ვიფიქრე, რომ რაღაც შეიძლება გამოვიდეს. ეს პოსტი რომ დავდე, შემეხმიანა ერთი ქალი ამერიკიდან, ოლგა ბიდიხი, რომელიც არის ძველი ბათუმელი და აქაურობის ყველაფერი იცის. მან მითხრა, რომ ჩემი პოსტი წაიღო, მეგობრებს გაუზიარა და დაინტერესდა ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ მუშაობს სეტერების გადარჩენაზე. ამ ორგანიზაციას სურს ეს სეტერი წაიყვანოს დიდ ბრიტანეთში. ეს რომ მომწერა, ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა ამ სიხარულის მიღმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო – როგორ? რანაირად? დიდ ბრიტანეთში მახოდან როგორ გავაგზავნოთ ძაღლი, რომელიც უკვე დაახლოებით 5-6 წლისაა?

მაშინვე დავურეკე ჩემს მეგობარს ირინა ოვჩარენკოს. ის უფრო გათვიცნობიერებულია საბუთების მოწესრიგებაში. პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მოვძებნეთ დროებითი შემფარებელი, რომელთანაც სეტერი იქნება ბრიტანეთში გამგზავრებამდე. ორგანიზაცია ამ ადამიანს უხდის ძაღლის კვების და მოვლის ფულს. ძაღლი გადის ყველანაირ შემოწმებას. დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე მზად გვაქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავუმზადოთ და თურქეთში გადავიდეს ძაღლი. იქ დახვდება სხვა ჯგუფი ცხოველთმოყვარულების და თურქეთიდან გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.

ჩვენ, ქართველებმა, რაც ვერ დავაფასეთ და გამოვაგდეთ გარეთ, სექტემბერში ეს ძაღლი აღმოჩნდება დიდ ბრიტანეთში, იპოვის ოჯახს და ცხოვრების ბოლომდე იქნება მათთან,“ –  ამბობს თეონა.

კიდევ ერთი ძაღლი, რომელიც საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადება, ჩხოროწყუში ნაპოვნი დალმატინელია. ძაღლი ბათუმში ჩამოიყვანეს, გარკვეული პერიოდი თავშესაფარში ცხოვრობდა. თეონამ დალმატინელის შესახებ პოსტი მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფში დადო. თეონას პოსტს ისევ ოლგა ბიდიხი გამოეხმაურა. მისი დახმარებით, მიუსაფარი დალმატინელით აშშ-ში, ფლორიდის შტატის დალმატინელების გადარჩენის ორგანიზაცია  დაინტერესდა.

დალმატინელი ამჟამად დროებით შემფარებელთანაა. თეონამ და მისმა მეგობარმა კი საბუთების შეგროვება დაიწყეს იმისათვის, რომ ძაღლი შტატებში თვითმფრინავით გაამგზავრონ.

„კარათი“, თინეიჯერების ბიზნესი და ახალი საქმე საპენსიო ასაკში – 3 საოჯახო სასტუმრო ხულოში

აჭარის მაღალმთიან სოფელ ქედლებში რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ ადგილით გერმანიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან თუ საფრანგეთიდან დაინტერესდებოდნენ ტურისტები. მაღალმთიანი აჭარის ეს სოფელი ხულოშია, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. მეზობლის სახლი რომ დაინახო, გორიდან გორაზე უნდა გადახვიდე. სოფლის სიმყუდროვე, სუფთა ჰაერი, ტყეები და ადგილზევე მოყვანილი პროდუქტი ქედლების და ზოგადად, აჭარის სოფლების ტურისტული მიმართულების მთავარი სიკეთეებია.

ბაბუის სახლის ახალი სიცოცხლე

იამზე მელაძე მეუღლის ბაბუისეულ სახლში რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ზაფხულობით მიდიოდა ოჯახთან ერთად, მერე საცხოვრებლადაც აქ გადმოვიდნენ. თავიდან საკუთარი სახსრებით, შემდეგ კი ევროკავშირის პროგრამით საოჯახო სასტუმროც მოაწყვეს მეორე სართულზე, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ.

იამზე მელაძის „კარათი“ რამდენიმე წლის წინ პირველი საოჯახო სასტუმრო იყო სოფელ ქედლებში. როგორც მან გვითხრა, მაშინ არავის სჯეროდა, რომ მთებში ჩამალულ პატარა სოფელში ტურისტები უცხოეთიდან ჩამოვიდოდნენ. იამზეს წარმატებული საოჯახო სასტუმროს ამოქმედების შემდეგ ახლა ქედლებში 15 საოჯახო სასტუმროა.

იამზე მელაძის საოჯახო სასტუმრო „კარათი”. ხულო, სოფელი ქედლები.

„ვფიქრობ, ჩემი მისია ეს იყო, მეჩვენებინა თანასოფლელებისთვის, რომ აქაც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო საქმის კეთება ისე, რომ კარგად იცხოვრო. მინდოდა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ შეგვიძლია აქაურობის საინტერესო მხარეების ჩვენება, ამის პოტენციალი გვაქვს“, – ამბობს სასტუმროს მეპატრონე.

იამზეს შეუძლია ერთდროულად მიიღოს 7 სტუმარი სასტუმროს სამ ნომერში. ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში რბილი ავეჯი და ტექნიკა შეიძინა, ეზო კეთილმოაწყო.

ოჯახს დიდ ნაკვეთზე მოჰყავს ყველა სახის სეზონური ბოსტნეული, ხეხილი, ჰყავთ ქათმები. როცა ტურისტები აქ მოდიან დასასვენებლად, იამზე მათ უგემრიელეს ადგილობრივ კერძებს სთავაზობს, თუმცა გვეუბნება, რომ ძალიან ხშირად სტუმრებს ურჩევნიათ ბოსტანში თავად მოიძიონ რაც სურთ და დაამზადონ, ეს მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ – ბევრს უბრალოდ არასდროს დაუკრეფია კიტრი და პომიდორი საკუთარი ხელით.

საოჯახო სასტუმრო „კარათის” მეპატრონე, იამზე მელაძე შვილთან ერთად.

იამზეს თანასოფლელებიც დასაქმებული ჰყავს საოჯახო სასტუმროში. დიდი ბოსტნის მოვლა-პატრონობაში დამხმარეები ჰყავს, მას კი საოჯახო საქმეებთან ერთად სასტუმროს მენეჯმენტი აბარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ დროსაც მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ იამზეს სასტუმრო 7 ადამიანზეა გათვლილი.

იამზეს სასტუმრო „კარათმა“ შარშან 100-მდე სტუმარს უმასპინძლა. წელს პანდემიის გამო ტურისტები არ ჰყავთ, მაგრამ მომავალი წლის იმედი აქვთ.  

საოჯახო სასტუმრო „კარათის” ბაღჩა და ბოსტანი.          
სოფლის ხის სახლი, კოცონი ეზოში და გიტარის ხმა

რამდენიმე წლის წინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სკოლის მოსწავლეების, ბესო და მარი თავართქილაძეების სახლში, სოფელ ძირკვაძეებში, გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა ამერიკელი მასწავლებელი ჯონ ბეინრეიდი. ჩამოვიდა და 9 თვე დარჩა. ჯონი ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა, მათთან ერთად თხრიდა კარტოფილს, მარგლიდა ლობიოს და თავადაც აკეთებდა ყველაფერს, რასაც მასპინძელ ოჯახში აკეთებდნენ ყოველდღიურად.

საქმე კი ბევრი იყო: ბაღჩა და ბოსტანი, ძროხები და ქათმები, სადილ-ვახშმების კეთება და ალაგება-დალაგება. სწორედ ჯონის დამსახურებაა, რომ 16 წლის მარი და 18 წლის ბესო ინგლისურად შესანიშნავად საუბრობენ. ჯონს სოფელ ძირკვაძეებში პერიოდულად მეგობრები ჰყავდა  სტუმრად ევროპის ქვეყნებიდან. მარი იხსენებს, რომ ამ დღეებმა წარუშლელი კვალი დატოვა მის მეხსიერებაში და დაავიწყა სიტყვა „უცხო“. იხსენებს, როგორ მღეროდნენ ერთად საღამოობით, კოცონთან, გიტარის ხმაზე, როგორ დადიოდნენ ერთად ლაშქრობებში და რამდენ რამეს სწავლობდნენ სრულიად უცხო ადამიანებისგან.

და-ძმა მიხვდა, რომ კომუნიკაბელურობა და ენის ცოდნა მათ საოჯახო სასტუმროს ამოქმედებაში დაეხმარებოდა. თუ აქამდე უბრალოდ მასპინძლობდნენ ჯონის სტუმრებს, ახლა ჰობი საქმედ აქციეს.

ტრადიციულ, აჭარულ ხის სახლში ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემოა. საოჯახო სასტუმროს „ბაბანური“ ჰქვია.

საოჯახო სასტუმრო „ბაბანური”. ხულო, სოფელი ძირკვაძეები.

„გვინდოდა მეტ ადამიანს სცოდნოდა ხულოს სოფლების მაგიური ბუნების, ამ კუთხის ისტორიის შესახებ, თან თუ ამ ყველაფერს დედაჩვენის კერძების საოცარი გემო და სურნელი ემატება. მთავარია, გულწრფელად გინდოდეს, რომ შენთან შორიდან ჩამოსული ადამიანი ყოველი წუთით დატკბეს. ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ დაიძინებ, ისაუზმებ და წახვალ: ჩვენ ტურისტები დაგვყავს  ლაშქრობებში, გიდებიც ვართ: საქართველოს, ამ კუთხის ისტორიაზე ვუამბობთ, ერთად ვსადილობთ და ა.შ.“- ამბობს 16 წლის მარი.

18 წლის ბესო ამბობს, რომ მათთან თითქმის 1 წლით მცხოვრები ჯონის ევროპელი მეგობრების სტუმრობამ მათ დიდი გამოცდილება შესძინა:

„კომუნიკაბელურები გავხდით, ადრე ასე არ იყო. თითქოს ადამიანებს უფრო მარტივად ვუმეგობრდებით უკვე. ბუნებრივად გამოგვიმუშავდა უნარები, როგორ უნდა მიუდგე თუნდაც სრულიად უცხო ადამიანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ცხოვრებაში“.

საოჯახო სასტუმრო „ბაბანურის” მეპატრონეები, მარი და ბესო თავართქილაძეები.

ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში და-ძმამ საოჯახო სასტუმროსთვის ავეჯი, საჭირო ტექნიკა და სამზარეულო შეიძინა. ოჯახს ხილის, ბოსტნეულის, ხორცის და რძის ნაწარმის ყიდვა არ უწევს, ტურისტების სადილ-ვახშმის პასუხისმგებლობა ძირითადად მარის და ბესოს დედას აკისრია, თუმცა შვილები მას ეხმარებიან.

საოჯახო სასტუმრო „ბაბანურის“ სტუმრებს შეუძლიათ ბეშუმში დასვენებაც იმავე ფასად, როგორც „ბაბანურში“: მარის და ბესოს სახლი ბეშუმშიც აქვთ და თუ, დავუშვათ, ხუთი დღით დარჩებით სოფელ ძირკვაძეებში, 5 დღით შეგიძლიათ ბეშუმში წახვიდეთ.

საოჯახო სასტუმრო „ბაბანური“ წელს გაიხსნა და პანდემიის პირობებში აქ ახლა ადგილობრივ ტურისტებს ელოდებიან.

ყავა და საოჯახო სასტუმრო „ბაბანურის” ეზოში დაკრეფილი ხილი.

ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე სოფელ ძირკვაძეებში სულ 80 ოჯახი ცხოვრობს და როგორც და-ძმა ამბობს, ევროკავშირის პროგრამები, მსგავს ადგილებში ადამიანების დასაბრუნებლად და ადგილზე დასასაქმებლად უმნიშვნელოვანესია.

საოჯახო სასტუმრო „ქარავანი“ – ახალი საქმე საპენსიო ასაკში

ეთერ მელაძემ ხულოდან უამრავი ტრენინგი და სემინარი გაიარა ამ პროგრამის ფარგლებში, ფინანსები, ტურისტების მოზიდვა და საოჯახო სასტუმროს მენეჯმენტი რომ ესწავლა.

მისი საოჯახო სასტუმრო სახლი ხულოს ცენტრთან ახლოსაა და „ქარავანი“ ჰქვია.

სასტუმროდან არგინეთის მთის ულამაზესი ხედები იშლება, დიასახლისი გვეუბნება, რომ ამ ხედების გამო ტურისტები მათთან ხშირად დაბრუნებულან. 2015 წელს ოჯახმა 5000-ლარიანი გრანტი მიიღო პროგრამით – „აწარმოე საქართველოში“. ევროკავშირის პროგრამით კი სახლის მეორე სართული გაარემონტეს, მოაჯირები მოაწყვეს, ავეჯიც შეიძინეს და ტურისტებს ელიან.

საოჯახო სასტუმრო „ქარავანის“ მისაღები, ხულო.

ყაისაფა, სინორი, ბორანო, დოშორვა, ფხალლობიო, კაიმაღი და დაწნული ყველი – ეთერ მელაძე სტუმრებს საკუთარი პროდუქტებით უმასპინძლდება, შეკვეთის შემთხვევაში შეუძლია დაამზადოს განსხვავებული კერძებიც.

ზამთრობით, როცა ტურისტები ნაკლებად არიან ხულოში, ეთერ მელაძე ჭრელ წინდებს ქსოვს და ზაფხულში ჩამოსულ სტუმრებს ჩუქნის.

კანადა, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია – ევროპის ბევრი ქვეყნიდან ჰყოლიათ „ქარავანში“ ტურისტები. ეთერის შვილიშვილებმა  ინგლისური ენა იციან, თავად რუსული ესმის და ასე აგებინებენ ერთმანეთს.

„რა მაქვს სახლში? ყველაფერი! კარტოფილი, ქათმები მყავს, კვერცხს დებენ, ხილს და ბოსტნეულს არ ვყიდულობთ. ყველა სეზონის ხილი გვაქვს: მარწყვი მოილია, მერე ჟოლო მოვიდა, ჟოლო მოილია – ახლა ქლიავი შემოვა, მერე ვაშლი და მსხალი, ასე თანმიმდევრობით გვაქვს ყველაფერი ამ მცირემიწიანობის პირობებში“, – ამბობს ეთერ მელაძე.

პენსიის ასაკში საოჯახო სასტუმრო მისთვის სასიამოვნო საქმედ იქცა და უამრავი ფუნქცია შეითავსა. როგორც ეთერი გვეუბნება, რომ არა ევროკავშირის გრანტი, სახლს ვერ გაარემონტებდა, ახლა კი, როცა კომფორტი და სისუფთავე გარანტირებულია, სამომავლოდ გაცილებით მეტ ტურისტს ელოდება.

აუზი, პარკინგი – საოჯახო სასტუმროს განვითარების კიდევ უამრავი გეგმა აქვს ეთერ მელაძეს.

ევროკავშირმა, სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ხულოსთვის 2 მილიონი ევრო გამოყო

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის [ENPARD], ხულოს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მოქმედებს. პროგრამას ადგილობრივ დონეზე ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელი (HMMR) და PMC კვლევითი ცენტრი. პროექტის ფინანსური კონტრიბუტორები არიან ევროკავშირი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 2 მლნ ევროს, საიდანაც ერთი მლნ ევრო მიეკუთვნება საგრანტო კომპონენტს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა საოჯახო სასტუმროების: „ბაბანურის”, „კარათისა” და „ქარავანის” კეთილმოწყობა, ავეჯით აღჭურვა და რემონტი.

ბოლო მონაცემებით, არასასოფლო სამეურნეო მეწარმეობის, კერძოდ, სოფლად ტურიზმის განსავითარებლად გრანტის სახით 276 692 ევრო გაიცა, ხოლო ბენეფიციარების თანამონაწილეობამ 175 335 ევრო შეადგინა. საერთო ჯამში, 452 ათას ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. თითოეული ბიზნეს იდეის ავტორს ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში 2-დან 60 ათას ევრომდე მოცულობის პროექტის დაწერა შეეძლო. აუცილებელი პირობა იყო ბიზესსაქმიანობა ეწარმოებინათ ხულოს მუნიციპალიტეტში და დარეგისტრირებული ყოფილიყვნენ იურიდიულ პირად. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით 71 პროექტი დაფინანსდა.


„ტრანსპორტი“ – გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ანონსი]

ხვალ, პირველ აგვისტოს, 18 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა გაიხსნება.

„ტრანსპორტი“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელზეც 14-მა არტისტმა იმუშავა.

პროექტი წარმოადგენს გემისა და მატარებლის ფორმის ერთიან ინსტალაციას, ობიექტის კორპუსში კი განთავსებულია ბათუმთან დაკავშირებული სხვადასხვა მიკროინსტალაციები.

პროექტის მონაწილეები არიან: ილია მახარაძე, გოჩა ჟღენტი, ალექსი სოსელია, ზურა ცოფურაშვილი, მართა თაბუკაშვილი, ედიშერ ბერაძე, ივეტა ჩხიკვაძე, სოფო კობიძე, ელენე გაბრიჩიძე, სანდრო სულაბერიძე, ნინუცა შატბერაშვილი, არიალი, ვატო წერეთელი და გალაქტიონ ერისთავი.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ბათუმი, ზვიად გამსახურდიას 1/5

„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

დღეს, 31 ივლისს, მედია დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა და ამჟამად მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ თავისი შტაბის წევრებთან ერთად, სცემა თამაზ აბაშიძეს, რომელიც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ერთ-ერთი ვერსიით, ხულოს მერის კაბინეტში „შესარიგებელი“ შეკრება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა და თამაზ აბაშიძე თავის დაზიანებით კლინიკაში აღმოჩნდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს თამაზ აბაშიძესთან, რომელსაც შესაძლო ჩხუბთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • ბატონო თამაზ, მინდა გკითხოთ თქვენსა და გარკვეულ ჯგუფს შორის ხულოს მერის კაბინეტში ფიზიკურ დაპირისპირებაზე. იცით ალბათ, რომ ეს ინფორმაცია დილიდან ვრცელდება. 

გუშინ დილის საათებში შევიკრიბეთ და წავედით ბეშუმში, მე  და საკრებულოს თავმჯდომარე. ბეშუმში კულტურული ღონისძიება იყო, ბოტანიკური ბაღის გახსნა. მერე გვიან ჩამოვედი და მაგიტომაც შეხვედრას არ ჰქონია ადგილი.

  • მე დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ გუშინ იყავით საავადმყოფოში თვალის დაზიანებით. ამას ადასტურებთ?

კანი გაკაწრული მქონდა. საღამოს მივედი და დავაწამლიე. სხვა არაფერი არ იყო.

  • ეს ინფორმაცია ჩხუბის შესახებ ასე უსაფუძვლოდ გავრცელდა?

საფუძველი ის იყო, რომ მე მივედი [საავადმყოფოში]. პირველი საათი იქნებოდა ღამის, ვიღაცები შემხვდნენ და ალბათ იფიქრეს, იჩხუბესო… მოამატეს. მე გაკაწრული ხომ არ დამიმალია, მივედი ექიმთან და დავაწამლიე.

  • ასე გვიან რატომ მიხედვით?

მთაში სახლი მაქვს. ღონისძიების მერე სახლში მივედი და გვიან წამოვედი ხულოში.

  • სად გაგეკაწრათ თვალი?

ბოტანიკურ ბაღში ვიყავი და იქ გამეკაწრა. რომ ჩამოვედი, აღარ გადავდე და საღამოს გავიარე კლინიკაში.

  • თქვენ ანზორ ბოლქვაძეს უჭერთ მხარს ამ კამპანიაში? მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კამპანიას ვგულისხმობ.

ჯერჯერობით, საარჩევნო სისტემა… კი ბატონო, დასახელდა, მაგრამ ჯერჯერობით… კამპანია როგორ ახლა. მე ამომრჩეველიც ვარ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა რა გითხრათ. დანარჩენი გვიჩვენებს დრო, რა იქნება და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ერთგული კაცი ვარ და ხელისუფლების არჩევანს მივყვები.

  • ანუ ანზორ ბოლქვაძეს უჭერთ მხარს თქვენ, როგორც ერთი ადამიანი?

არჩევნებში ხელისუფლების მომხრე ვარ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ყოველთვის მხარს ვუჭერ.

  • ბოლოს როდის გქონდათ ანზორ ბოლქვაძესთან კომუნიკაცია?

მე მაგასთან კომუნიკაცია… მე არ მინახია მაგი 10 დღეა, თბილისშია. გუშინაც არ იყო ხულოში, ღონისძიებას არ ესწრებოდა.

  • კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით. ითქვა, რომ თქვენ ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარი კანდიდატობის წინააღმდეგი ხართ, მერს კი უნდოდა, რომ შეერიგებინეთ მხარეები და კაბინეტშიც ამიტომ შეგკრიბათ…

შესარიგებელი არაფერიც არ არის. მე გაბუტულიც არავისთან არ ვარ. მე კომუნიკაცია ყველასთან მაქვს. რა შუაშია ეგ – მაგისთანა შეხვედრა არ ყოფილა.

  • თქვენ თითქოს თავზეც გქონდათ ჭრილობა და სისხლიც დაკარგეთ რაღაც დოზით.

არა, არა…

  • ფიზიკურად სად იმყოფებით ახლა?

ბეშუმში ვარ ახლა, ბაირამის მისალოცად წავედი და ასევე, პარალელურად საკლავის დასაკლავად.

  • შეგიძლიათ დღეს გადაღებული თქვენი ფოტო მოგვაწოდოთ? ასე უფრო დამაჯერებელი იქნება, ის რასაც გვეუბნებით.

ვნახოთ, ვეცდები.

სოლიდარობა გათავისუფლებულ თანამშრომლებს – აჭარის ტელევიზიის წინ დღეს აქცია გაიმართება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება აქციის გამართვას გეგმავს მოთხოვნით – დაუყოვნებლივ აღადგინონ სამსახურში გუშინ გათავისუფლებული თანამშრომლები: გიორგი მურვანიძე, შოთა (ბაჩო) გურაბანიძე და გურამ ქადიძე.

აქცია დღეს, 31 ივლისს, 19 საათზე გაიმართება აჭარის ტელევიზიასთან.

„გათავისუფლებელი თანამშრომლები წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. დღეს მაუწყებლის ბადეში არსებული გადაცემის დიდი ნაწილი სწორედ ამ ადამიანების შრომის პროდუქტია.

ნაცვლად იმისა, რომ მენეჯმენტი ფიქრობდეს მაუწყებლის განვითარებაზე, არსებული პრობლემის მოგვარებაზე, მათი მთავარი ფუნქცია და დანიშნულება აქ დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გაყრა, დაშინება და შანტაჟია. მაუწყებლის დირექტორის შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ თანამშრომლების მიმართ პერმანენტული სახე მიიღო. მათი ამოსავალი წერტილი არა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, არამედ პარტიული დავალებების შესრულებაა“, – აღნიშნული აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ფეისბუქგვერდზე.

___________

ფოტოზე: აქცია აჭარის ტელევიზიასთან. ედო მჟავანაძის ფოტო

ამავე თემაზე: 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება – ქარტიის განცხადება

 

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 31 ივლისს, იწურება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული. მათგან 160 161-მა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის – 90 131 პირს; მაისის თვის – 135 670 პირს; ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს.

დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა კი დღეს, 31 ივლისს, დღის ბოლოს იწურება.

დღის ბოლომდე უკვე რეგისტრირებულ პირებსაც აქვთ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

„დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება“, – აცხადებს დასაქმების სააგენტო.

—–

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა, უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი – ამის შესახებ 27 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. თუმცა, ამ დრომდე არ არის მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი დადგენილება, სადაც დეტალები იქნება გაწერილი.

ამავე თემაზე:

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

4 აგვისტომდე დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან პირველი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 29 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ბათუმში 842 ბავშვი წელს საბავშვო ბაღის გარეშე რჩება – 31 ივლისის მონაცემები

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, 31 ივლისის [11:30 საათის] მდგომარეობით, 842 ბავშვია რიგში, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში ვერ ჩაირიცხნენ. რიგი ნიშნავს, რომ სასურველ ჯგუფში, სადაც მშობელი ბავშვს არეგისტრირებს, შევსებულია. რეგისტრაციის პროცესი კი, გრძელდება.

ბათუმში 33 მუნიციპალური საბავშვო ბაღია. ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიმიტი სულ არის 8080 [ყველა ჯგუფში, როგორც ადრე, ისე ახალჩარიცხულების რაოდენობა ჯამში]. მიმდინარე წელს კი, ჩასარიცხი იყო 3 015 ბავშვი.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩარიცხულია 2 885 ბავშვი და 130 ადგილი არის თავისუფალი. ეს თავისუფალი ადგილები, ძირითადად, ბათუმის გარეუბნებშია [ ბარცხანის დასახლებაში – მე-20 და 30-ე ბაღებში, თამარის დასახლებაში – 22-ე ბაღში, ადლიაში – 28-ე ბაღში და მახინჯაურში – 26-ე ბაღში].

საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია განუწყვეტლივ, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. რიგში მდგომ აღსაზრდელებს კი ელექტრონული პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში.

„ადგილი გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გადაიფიქრებს ამა თუ იმ ბაღში ბავშვის მიყვანას და გააუქმებს რეგისტრაციას, ან რეგისტრაციის დროს იყო, ვთქვათ, რაიმე უზუსტობა. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან“, – გვითხრა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების პროგრამის სპეციალისტმა გივი გოგოლაძემ.

რა ხდება იმ დროს, თუ რიგში არის შშმ ბავშვი ან ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან? – გივი გოგოლაძის თქმით, თუ ასეთი ბავშვები არიან რიგში, მათი ჩარიცხვა ჩვეულებრივად, დადგენილი წესის მიხედვით მოხდება და მათ რაიმე უპირატესობა ვეღარ მიენიჭებათ.

„შშმ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ბაღების გაერთიანება, როგორც წესი, პირველი ივნისიდან აცხადებს ათდღიან პერიოდს, როცა ამ კატეგორიის ბავშვების ჩარიცხვა ხდება პირველ რიგში. მიმდინარე წელს კი, პანდემიის გამო, თითქმის თვე-ნახევრამდე გავზარდეთ ეს დრო – რეგისტრაცია 1 მაისიდან დავიწყეთ და შშმ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჰქონდათ უპირატესობა და ჩაირიცხნენ. თუ ვინმემ მაინც ვერ მოახერხა, დღეს უკვე რიგში ვეღარ მივანიჭებთ უპირატესობას, რათა სხვისი უფლებაც იყოს დაცული“, – გვითხრა გივი გოგოლაძემ.

სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ბათუმის საბავშვო ბაღებში 15 სექტემბეს დაიწყება. „ჩვენ ვემზადებით, რომ პროცესი ამ დროისთვის განახლდეს. ჯერჯერობით სხვა რაიმე რეკომენდაცია ან დირექტივა არ მიგვიღია“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა.

„თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად მინიმალური დოკუმენტაცია იქნება საჭირო“ – ჯაბა ფუტკარაძე

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობაში გამართული სხდომის შემდეგ აჭარის ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თურქეთში სეზონური დასაქმების შემთხვევაში რა დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ მოქალაქეებს.

მინისტრმა ზუსტად ვერ დაასახელა კონკრეტულად რა საბუთები დასჭირდებათ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმებისთვის, იგი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა:

„როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ჩართული არიან ჩვენგან როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან სპეციალისტები და ჩვენ შევძლებთ უკვე უახლოეს დღეებში მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ მობილიზება ჩვენი თანამოქალაქეების. ვფიქრობ, რომ როგორც კი სეზონი შევა ძალაში, მათ შესაძლებლობა მიეცემათ… აქაც უნდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად მინიმალური დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე მათ მიეცემათ მეზობელ ქვეყანაში დასაქმების საშუალება“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი – ამის შესახებ 27 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ამის შემდეგ თურქეთში გადასვლის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ განახლებულა და, ასევე, არ დაკონკრეტებულა, სად და რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთაც 3 თვით სურთ თურქეთში სამუშაოდ წასვლა.

„ბათუმელები“ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასაც დაუკავშირდა. მთავრობის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ დამსაქმებელი თურქეთში საქართველოს საკონსულოში უნდა მივიდეს და იქედან გამოაგზავნის მოწვევას. მეტი დეტალების გასარკვევად მთავრობამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვები წერილობით გადავუგზავნეთ, თუმცა, მოგვიანებით გვითხრეს, რომ დეტალების დასაზუსტებლად აჭარის მთავრობისთვის მიგვემართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში სამთვიანი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება კი იქნა მიღებული, თუმცა „საჭირო გახდა ბევრი დეტალის დაზუსტება. უახლოეს დღეებში ველოდებით მთავრობის შესაბამის დადგენილებას, სადაც ყველა დეტალი იქნება გაწერილი“.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველო-თურქეთის საზღვარი 16 მარტის შემდეგ ჩაკეტილია. თურქეთში საქართველოს მოქალაქეები არამარტო სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, ასევე, სამომხმარებლო სექტორში მუშაობდნენ.

ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე – ანზორ ბოლქვაძის ვერსია გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

დღეს დილიდან მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ  ხულოს მერის კაბინეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს სცემა. ინფორმაციას მედია ხულოს საკრებულოს ენმ-ის წევრის, ირაკლი ჯორბენაძის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თამაზ აბაშიძე გუშინ ხულოს საავადმყოფოში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ვერ დავადგინეთ ჰქონდა თუ არა დაზიანება ან რა სახის. თამაზ აბაშიძე ტელეფონს ჯერჯერობით არ პასუხობს. რაც შეეხება დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ეს სიცრუეა, რადგან გუშინ ის ხულოში ფიზიკურად არ ყოფილა და ამის მტკიცებულებებიც არსებობს.

  • ბატონო ანზორ, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ და თქვენმა მომხრეებმა სცემეთ ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს?

არ მჩვევია ეგა და ასეთი სისულელე საიდან მომიგონეს არ ვიცი. ირაკლი ჯორბენაძეს უნდა ჰკითხოთ ეგა, ეს ხომ პირველი არ არის მაგისგან ტყუილები.

გუშინ კაჭრეთში ვიყავ. ღამის სამ საათზე მოვედი ხულოში, სახლში. თბილისიდან ხულომდე 250 ვიდეოთვალი იქნება. შეგიძლიათ ჩემი მანქანა ამოიღოთ და… დღეს დილას, როდესაც ავედი მუსლიმ მრევლთან ღორჯომში, მივულოცე ბაირამი, გამოვდივარ გარეთ და ბიჭები მეუბნებიან, გიჩხუბიაო… ვერ გავიგე ჯერ რას მეუბნებოდნენ. მერე შევეკითხე და ფეისბუქში იყო…

არ ყოფილა არაფერი და რა გითხრათ ახლა…

  • თქვენს მომხრეებთან გადაამოწმეთ ეგ ინფორმაცია, ისინი ხომ არ გაუსწორდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ფიზიკურად? 

გამორიცხული თემა არი ეგ. მომხრე? – თამაზაი ჩემი მომხრეა, აბა ვინ არი. მე დილას მაგასაც დავურეკე, ბაირამი მივულოცე. მთაში მივდივარ თუ სადღაც, საკლავი უნდა დავკლაო. მე მასაც ახლოს ვიცნობ. წინა დღეს ჰქონდა რაღაცა თხოვნა, მესიჯი მომწერა. ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა. განსხვავება უმრავლესობაშიც არის, ოჯახშიც, მაგრამ ის თემა, რომ ვიღაცამ ვიღაცა მოკლას, ეგ გამორიცხულია. აბსოლუტური ტყუილია.

ცხოვრებაში ჩემგან და ჩემი ოჯახიდან მასეთი თემები არ არსებობს. მე მაგას პასუხს მოვთხოვ, ირაკლი ჯორბენაძეს კი არ ვერიდები რამეში… თქვენ ხართ მე-15 ჟურნალისტი, რომელიც მირეკავს. ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე.

  • ირაკლი ჯორბენაძისთვის ხომ არ გიკითხავთ, საიდან მიიღო ეს ინფორმაცია?

არა, მე მაგასთან კომუნიკაციაში არც შევალ. ადამიანი ამას რომ დაწერს, მასთან საუბარი არ ღირს, იმიტომ, რომ რაღაცას მოგიწყობს და სხვა რამეს დაწერს. კაცი თუ გზაქვეშ გადავიდა, იმას არაფერი აღარ შველის.

ერთი თვეა თამაზი საერთოდ არ მინახავს. გამგებლის კაბინეტში მოხდაო [ჩხუბი], 20 დღეა გამგებლის კაბინეტში არ შევსულვარ, იმიტომ, რომ თბილისში ვიყავი.

  • კაჭრეთში რა ტრენინგს ესწრებოდით, ფოტომასალა გაქვთ, რითაც დაადასტურებთ, რომ გუშინ კაჭრეთში იყავით?

ტრენინგზე ვიყავი, ხომ პურის საჭმელად არ ვიყავი, ფოტოების მეტი რა გადაიღეს. არასამთავრობოები ატარებდნენ ტრენინგს. NDI-ი იყო ძირითადად. იქ ჩემს გარდა 30 კანდიდატი იყო. იქ ვიჯექი, სასტუმროში გაფორმებული ვარ. გამოვედი 4 საათზე. ჩამოვედი, ეზოში ვიდეოთვალიც არის, სადღაც ღამის 3 საათზე შევედი სახლში. გუშინ ვერ დავესწარი ბოტანიკურის გახსნაზე, არ გამომიშვეს იქედან – თქვენი დასწრება აუცილებელიაო. აქ რომ ვყოფილიყავი, რას დამაბრალებდნენ ვინ იცის.

6 შვილიშვილი მყავს, იმათ გეფიცები, კაცზე ხელი გავიქნიო, ცხოვრებაში არ მიფიქრია. ეს სისულელე რამ დააწერინა ამ კაცს. მამას ვიცნობდი, ჩემი მეგობარი იყო, მართლა კაცი იყო. ეს ვინ ყოფილა ესა… გადაყვეს უნდა მიშას. ჩემზე დიდი თანამდებობა ხომ არ ჰქონია, რაც იყვნენ, მე ვიცნობ მაგათ ყველას.

სარფში 175 ათასი ლარის ღირებულების ოქროს მალულად შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტ სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, ზაალ მიქელაძე გადადგა

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პოსტს ტოვებს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ნინო ნიჟარაძე დაიკავებს, მინისტრის მოადგილე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კორონავირუსთან ბრძოლაში.

ნინო ნიჟარაძე პროფესიით ექიმია. 2012 წლიდან მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჯერ დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი ცენტრის დირექტორად. 2018 წლიდან იგი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა.

 

 

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პაციენტიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე დატოვეს საქართველო და გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში.

კიდევ ერთი ინფიცირებული, სრულწლოვანი მამაკაცი იმყოფებოდა კარანტინში, მას ბანგლადეშში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ასევე, ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ერთ არასრულწლოვანს, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. იგი თბილისში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

 

დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა – 31 ივლისის მონაცემები

31 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი.

დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 940 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულება 2020 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა. მას ხელს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი აწერს.

ბრძანებულებაში აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის დროშა თანდართული სახით“.

კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით: „თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას“.

[red_box]საქართველოს პრეზიდენტის დროშა[/red_box]

„საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ბრძანებულების დანართში.

ყურბან-ბაირამის ლოცვა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს

დღეს, 31 ივლისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა.  ორთა ჯამეში მუსლიმები ისევ ქუჩაში ლოცულობდნენ, რადგან ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. მლოცველებით იყო სავსე  ბათუმის ახალი მეჩეთის ასაშენებელ ადგილას მდგარი დროებითი ხის კონსტრუქციაც.  ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლებას მუსლიმები წლებია ითხოვენ.

ბათუმის ორთაჯამეში ლოცვის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან, მთავრობის აპარატის წევრებთან, ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მივიდა. სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა ორთა ჯამეს რეაბილიტაციაში დახმარებისათვის.

“ბათუმელები” შეეცადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვა დაესვა, თუმცა მთავრობის თავმჯდომარე მეჩეთის საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას გაექცა.

“მოგვიანებით, მოგვიანებით, გავაკეთებ მერე კომენტარს,” – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

“ბათუმელებმა”  სრულიად საქართველოს მუფთს ადამ შანთაძესაც ჰკითხა, მაშინ როცა მადლობა გადაუხადა ძველი მეჩეთის რეაბილიტაციაში დახმარებისათვის, ხომ არ ჰქონია საუბარი ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც.

“ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები როგორც მრევლთან, ისე მთავრობასთან, როგორც ამ მეჩეთის რეაბილიტაციაზე, ასევე ახალ მეჩეთთან. მოგეხსენებათ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ, რომ ყველაფერი დასრულდეს მლოცველთა სასიკეთოდ. იმ მლოცველებს, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება  შეესრულებინათ მეჩეთის შიგნით ლოცვა, ვლოცულობთ იმისათვის, რომ მომავალში ეს პრობლემა დასრულდეს დად ყველამ ერთად შევძლოთ კომფორტულად და მშვიდობით ლოცვა,” – თქვა ადამ შანთაძემ.

მუსლიმები ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას წლებია ითხოვენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ორთა ჯამეში სრულიად საქართველოს მუფთთან ადამ შანთაძესთან ერთად

 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას. ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია.

„დღეს, 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე.

ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე ალტერნატიული პროფკავშირების აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას მათ აქტივობებს უკავშირებენ.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს.

ქარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
_____________
ფოტოზე: აქცია აჭარის ტელევიზიასთან, 30 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

რა გახდა სანაპიროზე ჭარბი წყალმცენარეების გამომწვევი მიზეზები – სააგენტოს კვლევა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სანაპიროზე დაფიქსირებული წყალმცენარეები, ძირითადად, გვხვდება მომლაშო წყლებსა და საზღვაო აკვატორიაში. აღნიშნულ მცენარეებს მასიური გამრავლება ახასიათებს გაზაფხულსა და ზაფხულში. ზღვის სანაპირო ზოლზე კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული წყალმცენარეების ეს სახეობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ  20-21 ივლისს, განმეორებით შეფასდა ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის სანაპირო ზოლი და განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აღნიშნულ აკვატორიაში, წყლის ზედაპირსა და სანაპირო ზოლზე მწვანე წყალმცენარეები აღარ ფიქსირდება.

„24 ივლისს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ განხორციელდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე (ფოთი-გრიგოლეთი-ყვავილნარი-ურეკი), მდ. კაპარჭინასა და მდ. სუფსაზე წყლის ხარისხის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. შედეგების მიხედვით,ზღვის წყლის სინჯებში მიკრობიოლოგიური კომპონენტების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

სავარაუდოა, რომ ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმცენარეების გამრავლება გამოიწვია კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების თანხვედრამ, რასაც დაემატა მდინარე კაპარჭინას დაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოთავისუფლდა ბიოგენური ელემენტების დიდი რაოდენობა და ჩამოიტანა ზღვაში“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიციას“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება დღეს, 30 ივლისს გამოქვეყნდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს, ბრძანებაში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

სააგენტოს იურიდიულმა სამსახურმა კი, ერთი თვის ვადაში, ძეგლის მონაცემების განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.

__________

ფოტოზე: მაწონი ნიგვზით და თაფლით. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„სიცოცხლე მინდა, დამეხმარეთ“ – 45 წლის კაცი გულის გადანერგვისთვის ფულს აგროვებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში 45 წლის როლანდ ნოღაიდელი უკვე ყოველ დღე სიცოცხლისთვის იბრძვის. მას გულის გადანერგვა სჭირდება, ამისთვის კი 100 ათასი დოლარია საჭირო.

ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ როლანდის და მისი დედის, 74 წლის ნანული თურმანიძის პენსიაა, ოპერაციისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ აქვს. როლანდი ამბობს, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილს, 80 ათას ლარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაჰპირდა, თუმცა საჭიროა კიდევ მინიმუმ 220 ათასი ლარი.

როლანდის დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია.

„2018 წელს გადავიტანე ინფარქტი, მაშინ დამიდგინეს დიაგნოზი. გულის გადანერგვის გარეშე არაფერი გამოვა. კეთილ ხალხს მინდა მივმართო, სიცოცხლე მინდა, დახმარებას ვითხოვ.

ექიმი იყო ბელორუსიდან ჩამოსული, მნახა თბილისში რომ ვიწექი, მე უნდა ჩავსულიყავი და თვითონ ჩამოვიდა, ასეთი მძიმე ავადმყოფი არ უნდა ჩამოვიდეს, მე ჩავალო. თქვა – ეს ადამიანი გადასარჩენია, გულის გარდა ყველა ორგანო ჯანმრთელიაო, მაგრამ ძალიან დიდი თანხაა საჭირო და ვერ ვწვდები ვერანაირად. 600-700 ლარის მედიკამენტი მჭირდება თვეში, რას გავწვდები?!

საავადმყოფოებში ვარ ხშირად, რეანომობილს მივყავარ. ჟანგბადის ბალონზე ვარ დამოკიდებული, ვწვალობ“, – ამბობს როლანდი.

ოთახში ორი ჟანგბადის ბალონია, ამის გარეშე როლანდის აღარ შეუძლია ცხოვრება. მთელი დღეები საწოლშია, ფანჯრიდან ხედავს სოფლის მთებს და ფიქრობს.

„ყველას მივმართე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც დამეხმარა, 80 ათასი ლარის გამოყოფას დამპირდნენ. მაგრამ გულის გადანერგვისთვის დიდი თანხაა საჭირო. 300 000 ლარზეა საუბარი. თანხა რომ მქონდეს, წავიდოდი, დონორიც გვყავს, მაგრამ ფული არ არის.

ძალიან ძნელია, როცა იცი, რომ შეგიძლია გადარჩე, მაგრამ ფული არ გაქვს… იცი, რომ გადარჩები, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებ, რომ სიცოცხლე შეინარჩუნო.

არ ვიცი, რატომ დამემართა ეს დაავადება. ექიმებიც მეუბნებიან, ვერ ვხდებით, რატომ არის შენი გული ასე დაზიანებულიო“.

როლანდის პენსიონერი დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. როლანდის მეუღლე, ხათუნა, გვიყვება, რომ 17 წლის სოფო ფეისბუქზე ყველა ფონდს, ყველა ჯგუფს სწერს, რომ მამა გადაარჩინოს:

„ჩემს შვილებს სხვა სათხოვარი აღარ აქვთ. ერთადერთი გზა დაგვრჩა, რომ როლანდმა გული გადაინერგოს და იცოცხლოს, სხვა რამეზე ფიქრი არ შეგვიძლია.

გულის დონორი უკვე არის, მაგრამ უფულობის გამო ვერ მივდივართ. ყველას ვთხოვ, მოქალაქეებს, კომპანიებს, ემიგრანტებს, თუნდაც ერთი ლარი ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია“, – ამბობს ხათუნა.

როლანდის გულში სპეციალური აპარატი, დეფიბრილატორი აქვს ჩადგმული. როლანდის დედა, 74 ნანული თურმანიძე ამბობს, რომ როცა მათ ეზოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შემოდის, რცხვენია, რადგან დახმარება მას კი არა, მის შვილს სჭირდება:

„ყველაზე მეტად ალბათ ის დედები გამიგებენ, რომლებიც ჩემს დღეში არიან. ძალიან ძნელია, როცა შვილს უყურებ ასეთ მდგომარეობაში. შვილს, რომელსაც სიცოცხლე უნდა, მხოლოდ თანხაა პრობლემა და ვერ ეხმარები.

სამი წელია არ დამიძინია, შვილს რომ სუნთქვა უჭირს, როგორ დაიძინებ“.

როლანდი გვიყვება, რომ ამჟამად მისი გულის განდევნის ფრაქცია 12-ია, ეს კი დაბალი მაჩვენებელია.

„ძალიან ვშიშობ, ქვემოთ არ წამოვიდეს განდევნის ფრაქცია. რა ხდება თუ ქვემოთ წამოვა?! მაშინ ადამიანი უკვე თავისუფალია, მორჩება ყველაფერი“, – გვეუბნება როლანდი და ცრემლის შეკავებას ცდილობს.

_____________________________

როლანდ ნოღაიდელის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

TBC ბანკი – GE46TB7951745061100097 – მიმღები ხათუნა ნოღაიდელი 

ლიბერთი ბანკი – GE65LB0711196925985000 – მიმღები ხათუნა ნოღაიდელი 

საქართველოს ბანკი – GE72BG0000000162394877 – მიმღები ხათუნა ნოღაიდელი 

მაგთისა და ბილაინის აბენენტებისთვის – 0901 701 543

მერია ბათუმის ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლებას 4 მილიონად ყიდის

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ უფლების გადაცემა 30 წლით იგეგმება, რისთვისაც საწყისი ფასი აუქციონზე 4 მილიონი ლარი იქნება. აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხას კი გამარჯვებული „ავტოტრანსპორტს“ ერთბაშად გადაუხდის.

„საკრებულოში აუქციონის პირობებთან ერთად გადაგზავნილია სამხარაულის დასკვნაც. ყველაფერი არის დაზუსტებული, დათვლილი და ეს პირობები „ავტოტრანსპორტისთვის“ საკმაოდ მომგებიანია. შემოსული თანხით ძირითადად ავტოპარკის განახლებას – ავტობუსების შეძენას ვგეგმავთ“, – გვითხრა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა, ბადრი ფარტენაძემ.

საკითხი ბათუმის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს. საკრებულომ ცვლილება უნდა შეიტანოს 2019 წლის 28 ნოემბრის განკარგულებაში, რომლითაც ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლების სააუქციონო პირობები ერთხელ უკვე მოიწონა.

ადრინდელი პირობით, მუნიციპალურ ტრანსპორტში რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 20 წლით მოიპოვებდა ის პირი, რომელიც აუქციონზე დაფიქსირებულ თანხასაც გადაიხდიდა და ამასთან, შეიძენდა და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ საკუთრებაში გადასცემდა 10 ავტობუსს.

მაშინდელი პროექტის მიხედვით, აუქციონის [რეკლამის განთავსების უფლების მიღების] საწყისი საფასური 2,5 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.

„ის მაინც სამუშაო ვარიანტად განიხილებოდა. ახლანდელი პირობები კი უფრო დაზუსტებული და გაცილებით მომგებიანია“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“

ამ თემაზე:

ავტობუსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლების მიმღები მერიას 10 ავტობუსს უყიდის

ბათუმის მერია ჭავჭავაძე/26 მაისის ქუჩების მიჯნაზე მიწას და შენობას უპირობოდ გაყიდის

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N60-ში [ჭავჭავაძის ქუჩის გზაჯვარედინზე] მდებარე 58 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 41,6 კვ/მ ფართობის შენობას მერია აუქციონზე გაყიდის. მერიის გადაწყვეტილებით, ქონებას აუქციონზე პირობების გარეშე გაიტანენ და გასაყიდი საწყისი ფასი 60 ათასი ლარი იქნება.

საკითხი ბათუმის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს და ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალში შეიტანოს. ამის შემდეგ ექნება მერიას ქონების გაყიდვის უფლება.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქონების აუქციონზე გაყიდვა დადებითად აისახება ქალაქის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე – მყიდველი ბიუჯეტში საპრივატიზებო საფასურს გადაიხდის.

—–

პანდემიის გამო შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვნად დაზარალდა ბათუმის ბიუჯეტი – სულ მცირე 35 მილიონი ლარით. შემოსავლების შემცირების გამო კი, ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო.

ქალაქის მერიას ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა ამ დრომდე არ დაუსრულებია. შესაბამისად, დღეს, დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენი მილიონით შემცირდება ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი, ძნელია.

ამ თემაზე:

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

 

 

 

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი

ბათუმელმა მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

დღეს, 30 ივლისს, თბილისში დასრულდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ნინო ბაციაშვილმა 9 შესაძლო ქულიდან 7 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.

ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი რაპიდში [სწრაფ ჭადრაკში] და საფრანგეთის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული ბლიცებში.

ასევე, წელს ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა რაპიდში.

 

აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაუშვეს – ჟურნალისტები საპროტესტო აქციას აანონსებენ [LIVE]

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს. შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამშრომლებს მაუწყებლის დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 30 ივლისს ჩააბარეს.

„2007 წლიდან ვარ ამ ტელევიზიაში და აი, ამით დააფასა ჩემი გაღებული დრო, ენერგია, ჯანმრთელობა… ყველას და ყველაფერს დავაკელი  აქ რომ ყოფილიყო კარგად ყველაფერი. დღეს მომცეს გათავისუფლების ფურცელი. ამით დამიფასა მაუწყებელმა აქ მუშაობა, ამ ხნის განმავლობაში. ერთი საყვედურიც არ მიმიღია. ათობით პროექტის ავტორი ვარ ამ ტელევიზიაში,“ –  ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი მურვანიძე.

უსამართლოდ გათავისუფლებულად მიიჩნევს თავს ბაჩო გურაბანიძეც.

„ჩემი გათავისუფლების საფუძველი გახდა ერთი თვის წინ მომხდარი უმნიშვნელო ინციდენტი, რომელიც მოხდა აივანზე ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის. ინციდენტი დასრულდა მშვიდობიანად. შიდა წარმოება დაიწყო. ორწუთიანი ინციდენტი იყო, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე. არასასურველია, რა თქმა უნდა, როცა მაუწყებლის შენობაში ხდება მსგავსი რაღაც, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ, ვთქვათ, ასეთი მკაცრი დასჯის ობიექტები გავმხდარიყავით. ჩვენს გათავისუფლებას სხვა ქვეტექსტები აქვს და ამაზე ვისაუბრებთ ძალიან მალე. იურისტებთან გავივლით კონსულტაციებს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ აუცილებლად.

ეს გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ ინციდენტის გამო მიღებული. გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ამ ინციდენტში ფიგურირებს იმ აქციის თემა, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ აჭარის მაუწყებლის წინ, 26 ივნისს. შესაბამისად, მე, პირადად, ვფიქრობ და მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მოტივი ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლების. ამისთვის გამოინახა შესაბამისი მიზეზი და დაგვითხოვეს სამსახურიდან,“ – ამბობს ბაჩო გურაბანიძე „ბათუმელებთან“.

აჭარის მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგში“ კოლეგების გათავისუფლების შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. გიორგი არობელიძემ ეთერში თქვა, რომ გათავისუფლებულები ალტერნატიული პროფკავშირების დამფუძნებლები არიან, რომელიც „ახალი მენეჯმენტის პარტიულ დღის წესრიგს არ ეგუება“.

გადაცემა „ჰეშთეგმა“ ეთერი პროტესტის ნიშნად შეწყვიტა. მანამდე კი თქვეს, რომ პროტესტი იქნება რადიკალური და ამ გადაწყვეტილებასთან შეგუებას არავინ აპირებს. „საქმე გვაქვს ფაქტთან, რომელმაც შეძრა ტელევიზიაში დასაქმებული თითოეული ადამიანი. ძალიან ბევრი თანამშრომელი დადგება აქ და გაჩნდება სოლიდარობის დიდი კერა, რომელიც რადიკალურ პროტესტში გადაიზრდება, თუ, რა თქმა უნდა, არ შეცვალეს გადაწყვეტილება“.

Exit mobile version