ბათუმი,მთავარი,სიახლეები

უცხოელის საქმიანი ვიზიტით ქვეყანაში შემოსვლაზე თანხმობას აჭარის სამინისტროც გასცემს

31.07.2020 • 2328
უცხოელის საქმიანი ვიზიტით ქვეყანაში შემოსვლაზე თანხმობას აჭარის სამინისტროც გასცემს

უცხოელის საქმიანი ვიზიტით საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან უარს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც გასცემს, ოღონდ საქართველოს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილებას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულ მხარეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს. ანალოგიური უფლება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტსაც.

„იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც დარგობრივი სამინისტროების მიერ განაცხადის მიღების და ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებით, ნებართვის გამცემ უწყებებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც დაემატება. განაცხადის შევსებისას, თუ შევსების შემდეგ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად განმცხადებელი საქართველოს მთავრობის ცხელ ხაზს, 114-ს უნდა დაუკავშირდეს, საიდანაც გადაამისამართებენ შესაბამის უწყებაში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც ბიზნესსაქმიანობისთვის საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, თანხმობის მისაღებად სპეციალური განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსოს. განაცხადი უნდა შეავსოს იმ ორგანიზაციამაც, ვინც უცხოელს საქართველოში იწვევს.

განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის – www.stopcov.ge -ის მეშვეობით.

უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი, ხუთი მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა. ერთობლივ ბრძანებას ხელს საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები აწერენ.

ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირებაზე მუშაობენ ზემოთ აღნიშნული სამინისტროები, თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში შეიტანა.

ამავე წესით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან  ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები.

თუმცა:

[checklist]

  • ის უცხოელი, რომელიც შემოვიდა საქმიანი ვიზიტით, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“ [რაც ნიშნავს, რომ გადატანილი აქვს ინფექცია], იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან;
  • უცხოელ ვიზიტორს კვლევების ჩატარების ვალდებულება არ წარმოექმნება იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარი ხარჯებით განთავსდება კარანტინში;
  • ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

[/checklist]

იზოლაციისა და კარანტინის წესებით განსაზღვრული ტესტირებისა და კვლევების ჩატარების ვალდებულება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.

ასეთი უფლებით ამ ეტაპზე 5 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ: გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის.

ამ თემაზე:

საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: